არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„შეერთებულ შტატებში თითქმის ყოველ ოჯახში ტელევიზორების რაოდენობა ოჯახის წევრთა რაოდენობას აღემატება. ამერიკელების ნახევარს ოჯახში სამი ან სამზე მეტი ტელევიზორი აქვს“ („ასოშიეიტიდ პრესსი“, აშშ).

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყოველდღე ასამართლებენ 82 ბავშვს, რომელთაც ბრალად ედებათ „გაუპატიურება და სხვა ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფა“. ზოგიერთი წყაროს თანახმად, დამნაშავეთა უმეტესობა აცხადებდა, რომ „მათ საქციელზე ტელევიზორში ნანახმა იმოქმედა“ („სტარი“, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

ძილის ნაკლებობა აქვეითებს შრომისუნარიანობას

ძილის ნაკლებობა ზოგიერთი ესპანელის შრომისუნარიანობას აქვეითებს. ძილის დარღვევის დიაგნოსტიკური და სამკურნალო ცენტრის (ბარსელონა) ხელმძღვანელი დ-რ ედვარ ესტივილი აღნიშნავს, რომ სხვა ევროპელებისგან განსხვავებით ესპანელები ადრე დგებიან, მეტს მუშაობენ, გვიან ვახშმობენ და 40 წუთით ნაკლები სძინავთ. ძილის ნაკლებობა კი იწვევს გაღიზიანებას, მეხსიერების დაქვეითებას, წუხილს და დეპრესიას. აქედან გამომდინარე, „ვინც გონებრივ სამუშაოს ან ისეთ საქმეს ასრულებს, რაც კონცენტრირებას მოითხოვს, დღე-ღამეში 7-8 საათი უნდა ეძინოს“, — გვირჩევს დოქტორი ესტივილი.

ხორბლით გათბობა?!

რამდენად გამართლებულია გათბობის მიზნით ხორბლის საწვავად გამოყენება? ერთ გერმანულ გაზეთში აღნიშნულია, რომ ხორბალზე ფასის დაცემისა და საწვავზე ფასის ზრდის გამო, ფერმერს ურჩევნია, გაყიდვის ნაცვლად ხორბალი საწვავად გამოიყენოს („Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung“). 2,5 კილოგრამი ხორბლის მოყვანა 20 ცენტი (34 თეთრი) ჯდება, რომლის დაწვის შედეგადაც იმდენივე სითბო გამოიყოფა, რამდენიც 1 ლიტრი საწვავის შედეგად; საწვავი კი 60 ცენტი (1,02 ლარი) ღირს. მაგრამ გაზეთში დასმულია კითხვა: „გამართლებულია მარცვლეულის დაწვა, მაშინ როცა სხვები შიმშილობენ?“

პაპის ვიზიტი კარგი ბიზნესია

2006 წელს გერმანიაში პაპის სტუმრობას მეწარმეები, მაღაზიის მეპატრონეები და ტურისტული სააგენტოები მომზადებულები შეხვდნენ, რათა კარგი მოგება ენახათ. კათოლიკურმა ეკლესიამაც თავის ბიზნეს-პარტნიორს სხვადასხვა ნივთის გაყიდვის ექსკლუზიური უფლება მისცა. ეს ნივთები იყო: კრიალოსნები, სანთლები, ნაკურთხი წყალი, ყავის ფინჯნები, ქუდები, მაისურები, ბრელოკები და ვატიკანის დროშები. გერმანულ გაზეთ „შპიგელში“ ნათქვამი იყო: „კათოლიკური ეკლესია ბიზნესიდან თავის წილს იღებს, თითქოს იესო ქრისტეს  . . . არასოდეს გამოეყაროს ვაჭრები ტაძრიდან“.

კომპიუტერული თამაშები ძალადობაზე გულს უქვავებს ადამიანებს

„კომპიუტერულ თამაშებს ძალადობაზე შეუძლია ადამიანი უგრძნობი გახადოს“, — აცხადებენ აიოვას შტატის (შეერთებული შტატები) უნივერსიტეტის ფსიქოლოგები. ადრინდელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ვინც ასეთი თამაშებით ერთობა, „მტრულად განწყობილი ხდება, ადვილად რისხდება, გულისცემა და სუნთქვა უჩქარდება და აგრესიულად იქცევა“. ამ გამოკვლევის დროს ზოგი მონაწილე თამაშობდა ძალადობის შემცველი თამაშებით, ზოგი კი — უწყინარი თამაშებით. ამ თამაშების დამთავრებისთანავე მათ აჩვენეს სინამდვილეში მომხდარი ძალადობის კადრები და შეუმოწმეს გულისცემის სიხშირე და ემოციური მდგომარეობა. გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ისინი, ვინც ძალადობის ამსახველი კომპიუტერული თამაშებით ერთობიან, ძალადობის მიმართ მგრძნობელობას კარგავენ, რადგან მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა ხდება“.