არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შესაძლებელია ღვთის თაყვანისცემამ სიხარული მოგვიტანოს?

შესაძლებელია ღვთის თაყვანისცემამ სიხარული მოგვიტანოს?

ბიბლიის თვალსაზრისი

შესაძლებელია ღვთის თაყვანისცემამ სიხარული მოგვიტანოს?

„ღმერთი მწამს და მიყვარს, მაგრამ ეკლესიაში სიარული მომბეზრდა“, — წერდა ერთი ქალი. თქვენც გიფიქრიათ მსგავსად? მოწყენილობის, უკმაყოფილებისა და იმედგაცრუების გამო ზოგმა გადაწყვიტა, ღვთისთვის ისე ეცა თაყვანი, როგორც თავად სურდა.

ერთმა გაზეთმა თაყვანისცემის ასეთ ფორმას „საკუთარი რელიგია“ უწოდა. მაგრამ ეს ალტერნატივა ვერ დააკმაყოფილებს მათ, ვისაც უნდა ღმერთს სიხარულით ემსახუროს. რატომ? შეიძლება მათ ისევ დაეუფლოთ გულგატეხილობის გრძნობა, რის გამოც ერთ დროს ეკლესია დატოვეს.

მაგრამ იბადება კითხვა: მოსაწყენია და სიხარულს გვართმევს ბიბლიის ნორმებით ცხოვრება? სრულიადაც არა. გავიხსენოთ ბიბლიიდან ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „მოდით, სიხარულით შევძახოთ იეჰოვას! . . შემოდით, თაყვანი ვცეთ მას და ქედი მოვიხაროთ მის წინაშე მუხლი მოვიყაროთ იეჰოვას, ჩვენი შემოქმედის წინაშე (ფსალმუნი 95:1, 6).

კიდევ ერთმა ფსალმუნმომღერალმა მადლიერებით მიმართა იეჰოვას: „მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ ბიბლიაში იეჰოვას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება, ამიტომ მისი თაყვანისმცემლები ყოველთვის განიცდიდნენ სიხარულს — ძველ დროშიც და ახლაც (ფსალმუნი 83:18; 1 ტიმოთე 1:11).

სიხარულის საფუძველი

თაყვანისმცემლობამ სიხარული რომ მოგვანიჭოს, უნდა ვიცოდეთ, რა მოიმოქმედა იეჰოვამ ჩვენთვის სიყვარულით. რა გააკეთა მან? „ღმერთმა ქვეყნიერება [ადამიანები] ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე [იესო ქრისტე] მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის ნებაა, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:3, 4). ეს არ ნიშნავს მხოლოდ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის ცოდნას; ჩვენ უნდა ჩავწვდეთ წაკითხულს. ეს კი გულმოდგინე კვლევას მოითხოვს (მათე 15:10). შედეგად, ‘შევიძენთ ცოდნას ღვთის შესახებ’, რაც სიხარულს მოგვიტანს (იგავები 2:1—5).

პირველ საუკუნეში მაკედონიის ქალაქ ბერეაში მცხოვრებნი ასეთ სიხარულს განიცდიდნენ. მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულმა ღვთის სიტყვა ასწავლა, მათ „გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“. ბიბლიის კვლევა მოსაწყენი რომ ყოფილიყო, ბერეელები ასეთი გულმოდგინეები არ იქნებოდნენ (საქმეები 17:11).

იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან“ (მათე 5:6). როგორც მშიერი ადამიანი განიცდის კმაყოფილებას საკვების მიღების დროს, ისე ბევრმა განიცადა კმაყოფილება სულიერი საზრდოს მიღებისას. ამიტომ, ბერეელების მსგავსად, „მათგან მრავალმა ირწმუნა“ (საქმეები 17:12).

ცხოვრების გზა

პირველ საუკუნეში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები „უფლის გზას“ დაადგნენ. საქმეების 9:2-ში მოხსენიებული „უფლის გზა“ მიუთითებს ცხოვრების ახალ წესზე, რომელიც პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ. დღესაც, ვისაც სურს ღვთის თაყვანისცემამ სიხარული მოუტანოს, იგივე უნდა გააკეთოს. ბიბლიიდან მიღებულმა ცოდნამ გავლენა უნდა მოახდინოს მათ აზროვნებასა და ქცევებზე.

პავლე მოციქული მოუწოდებდა ეფესოელ ქრისტიანებს: ‘მოიშორეთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია’. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. პავლემ დასძინა: ‘განიახლეთ გონების აღმძვრელი ძალა და შეიმოსეთ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით’ (ეფესოელები 4:22—24) *.

თუ ამ რჩევას გავითვალისწინებთ და ღვთის ნების შესაბამისად შევიცვლებით, დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას ვიგრძნობთ. როგორ? პავლე მოციქულმა კოლოსელ ქრისტიანებს მისწერა, რომ ცვლილებები უნდა მოეხდინათ, ‘რათა იეჰოვას ღირსად ევლოთ იმ მიზნით, რომ ყველაფერში ესიამოვნებინათ მისთვის’ (კოლოსელები 1:10). სიხარულს გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა კმაყოფილია ჩვენი ცხოვრების წესით. გარდა ამისა, ღმერთი საშუალებას გვაძლევს, რომ „ყველაფერში“ ვასიამოვნოთ მას. როგორ? ცოდვების პატიებით.

ყველანი ვცოდავთ და ყველას გვჭირდება ღვთისგან პატიება. 1 ტიმოთეს 1:15-ში პავლე წერს, რომ „ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა“. იესოს სიცოცხლის შეწირვით შესაძლებელი გახდა, რომ ღმერთს ჩვენთვის ცოდვები ეპატიებინა. აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები შვებას გრძნობენ, რადგან უზარმაზარი ტვირთი მოიშორეს. ისინი ხარობენ, რომ სუფთა სინდისი აქვთ და დარწმუნებულები არიან, რომ ღვთის ნებას გულმოდგინედ თუ ასრულებენ, ღმერთი აპატიებთ ცოდვებს.

სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი

ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი მარტო არ სცემს მას თაყვანს. ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „გავიხარე, როცა მითხრეს, იეჰოვას სახლში წავიდეთო“ (ფსალმუნი 122:1). ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებთან რეგულარულად შეკრება დიდ სიხარულს გვანიჭებს.

ერთმა მამაკაცმა, რომელიც იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრას დაესწრო, თქვა: „ჩვენ თბილად შეგვხვდნენ და დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, რაც მათ ერთიანობაზე მეტყველებს. მშობლები უნდა ამაყობდნენ, რომ ასეთი მშვიდი და თავდაჭერილი შვილები ჰყავთ. მადლიერი ვარ, რომ ასეთ შესანიშნავ შეხვედრაზე დამპატიჟეს“.

თქვენც შეგიძლიათ დიდი სიხარული განიცადოთ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობაში და გაიხაროთ დავითის მსგავსად, რომელმაც თქვა: „სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას. მხიარული ყიჟინით მიდით მის წინაშე“ (ფსალმუნი 100:2). ყველას, ვინც ღმერთს სწორი მოტივით ემსახურება, ღვთის თაყვანისცემა სიხარულს მოუტანს.

გიფიქრიათ?

▪ რა არის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის საფუძველი? (1 ტიმოთე 2:3—6).

▪ როგორ მოაქვს ქრისტეს გამოსასყიდს ჩვენთვის სიხარული? (1 ტიმოთე 1:15).

▪ როგორ შეუძლია ქრისტიანულ შეხვედრებს სიხარული შეგვმატოს? (ფსალმუნი 100:1—5).

[სქოლიო]

^ აბზ. 14 ეფესოელების მე-4 თავიდან და კოლოსელების მე-3 თავიდან გაიგებთ, რა იგულისხმება ახალ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

[სურათი 10 გვერდზე]

სხვებთან ერთად ბიბლიის შესწავლა სიხარულს მოგიტანთ.