არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შექმენით თბილი ატმოსფერო

შექმენით თბილი ატმოსფერო

რჩევა 2

შექმენით თბილი ატმოსფერო

რატომ არის მნიშვნელოვანი? ბავშვებს ძალიან სჭირდებათ სიყვარული. 1950 წელს ანთროპოლოგი ეშლი მონტეგიუ წერდა: „სრულფასოვანი განვითარებისთვის ადამიანს ყველაზე მეტად სიყვარული სჭირდება; მისი [ფიზიკური და ემოციური] ჯანმრთელობა სიყვარულზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით პირველი ექვსი წლის მანძილზე“. მკვლევარები დღესაც იზიარებენ მონტეგიუს დასკვნას, რომ „სიყვარულის ნაკლებობამ ბავშვებზე შეიძლება სერიოზული კვალი დატოვოს“.

პრობლემა: უსიყვარულო, ეგოიზმით გაჟღენთილი ქვეყნიერების გავლენა ასუსტებს ოჯახურ კვანძებს (2 ტიმოთე 3:1—5). ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი შეიძლება გახდეს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული ფინანსური და ემოციური საზრუნავი. მაგალითად, თუ ცოლ-ქმარს განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ შვილების დასჯასა და კარგი საქციელისთვის მათ წახალისებაზე, მათ შორის უკვე არსებული პრობლემები შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს.

გამოსავალი: დაგეგმეთ, რომ მთელმა ოჯახმა ერთად გაატაროთ დრო. ცოლ-ქმარმაც უნდა გამოუყოთ ერთმანეთს დრო (ამოსი 3:3). გონივრულად გამოიყენეთ ის პერიოდი, როცა ბავშვებს სძინავთ. ნუ შესწირავთ ამ ძვირფას წუთებს ტელევიზორის ყურებას. არ დაუშვათ, რომ სიყვარული გაგინელდეთ; ყოველთვის გამოავლინეთ ის სიტყვითა თუ საქმით (იგავები 25:11; ქებათა ქება 4:7—10). მუდმივად ‘ბრალის დადების’ ნაცვლად, ეძებეთ შესაძლებლობები, რომ ყოველდღე შეაქოთ მეუღლე (ფსალმუნი 103:9, 10; იგავები 31:28).

დაარწმუნეთ შვილები თქვენს სიყვარულში. ამ მხრივ მაგალითი მშობლებს იეჰოვამ მისცა, როცა სახალხოდ გამოხატა თბილი გრძნობები თავისი ძის, იესოს მიმართ (მათე 3:17; 17:5). ფლეკი, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს, ამბობს: „ბავშვები ყვავილებივით არიან. როგორც პატარა მცენარე იხრება მზისკენ სინათლისა და სითბოს მისაღებად, ისე ბავშვები ილტვიან მშობლებისკენ სიყვარულის მისაღებად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი მათთვის ძვირფასნი არიან“.

მიუხედავად იმისა, მეუღლე გყავთ თუ მარტოხელა მშობელი ხართ, თქვენი ოჯახური ცხოვრება გაუმჯობესდება, თუ დაეხმარებით ოჯახის წევრებს, რომ უყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი.

მაგრამ, რას ამბობს ღვთის სიტყვა მშობლების უფლებამოსილებაზე?

[ჩანართი 4 გვერდზე]

„სიყვარული . . . გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).