არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შობის კუნძულზე სტუმრობის მიზეზი

შობის კუნძულზე სტუმრობის მიზეზი

შობის კუნძულზე სტუმრობის მიზეზი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ფიჯიდან

წყნარი ოკეანის 33 კუნძულს შორის, რომლებიც კირიბატის * სახელმწიფოს შეადგენს, შობის კუნძული ყველაზე დიდია. კუნძულის ფართობი 388 კვადრატული კილომეტრია და კირიბატის დანარჩენი 32 კუნძულის ფართობის ტოლია. ამ კუნძულზე დაახლოებით 5 000 მოსახლეა, კირიბატის კუნძულების მთლიანი მოსახლეობა კი 92 000-ს შეადგენს.

ერთი კუნძულის გარდა, კირიბატის ყველა კუნძული მარჯნისაა. შობის კუნძული ყველაზე დიდი მარჯნის კუნძულია არა მხოლოდ კირიბატის კუნძულებს, არამედ მთელი მსოფლიოს მარჯნის კუნძულებს შორის.

შობის კუნძული იმითაც არის ცნობილი, რომ თარიღის ცვლის ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. კუნძულის მოსახლეობა პირველი ხვდება ახალ კალენდარულ დღეს, ახალ წელსა და სხვა ყოველწლიურ დღესასწაულებს, მაგალითად იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს *.

ტროპიკებში ეს შორეული მარჯნის კუნძული ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია ზღვის ფრინველების გასამრავლებლად. როგორც ამბობენ, ბუდობისთვის კუნძულს 25 მილიონამდე მურა თევზიყლაპია სტუმრობს ხოლმე.

ფრინველთა საიდუმლო გამჟღავნებულია

1777 წელს მკვლევარი ჯეიმზ კუკი ამ კუნძულს შობის წინა დღეს მიადგა. კუნძული უკაცრიელი იყო, მაგრამ სავსე იყო ფრინველებით. კუკმა მას შობის კუნძული უწოდა *. მისი არსებობის შესახებ, როგორც ჩანს, ფრინველების გარდა არავინ იცოდა.

ერთ-ერთი ჩვენი სტუმრობის დროს ველური ბუნების დაცვის ცენტრის თანამშრომელმა საინტერესო ექსკურსია ჩაგვიტარა. როდესაც მან ოკეანის სანაპიროზე გაგვიყვანა, გრაციოზული და ცნობისმოყვარე თეთრი თევზიყლაპიები მოფრინდნენ, რომ მოგვსალმებოდნენ. ისინი ჩვენ გამოსაჯავრებლად თავს დაგვტრიალებდნენ და ჩვენს თითოეულ მოქმედებას აკვირდებოდნენ.

სანაპიროდან მოშორებით მურა თევზიყლაპიების დიდი გუნდი დავინახეთ. ასობით ათასი თევზიყლაპია გასამრავლებლად შობის კუნძულზე მოფრინავს. კვირების განმავლობაში ისინი დღე და ღამე დასტრიალებენ იმ ადგილს, სადაც უნდა დაიბუდონ, და თან ჟღურტულებენ. ისინი დანარჩენების მოფრენამდე არ იბუდებენ.

მურა თევზიყლაპიების ბარტყები ოკეანეზე მოგზაურობას დაახლოებით სამი თვის ასაკიდან იწყებენ. ისინი ხმელეთზე მხოლოდ ხუთი-შვიდი წლის შემდეგ ბრუნდებიან, როცა მზად არიან გასამრავლებლად. მანამდე კი უმეტესწილად ჰაერში არიან, რადგან უცხიმო ბუმბულის გამო წყალზე ვერ ჩერდებიან.

დავინახეთ მცირე შტერი თევზიყლაპიებიც, რომლებიც ბუდეში ბარტყებსა და გამოსაჩეკ კვერცხებზე ისხდნენ. მათგან განსხვავებით თეთრი თევზიყლაპიები ბუდეებს არ აკეთებენ; ისინი კვერცხებს პირდაპირ ხის ტოტებზე დებენ. საბედნიეროდ, ახლადგამოჩეკილ ბარტყებს კარგად განვითარებული ფეხები და კლანჭები აქვთ და ტოტებს მაგრად ეჭიდებიან. ხის ტოტებს ჩაჭიდებულმა ფუმფულა ბარტყებმა მაშინვე დაიმსახურეს ჩვენი სიმპათია. ამ სახეობის თევზიყლაპიები პატარა საუცხოო თეთრი ჩიტები არიან შავი ნისკარტით.

გზაში დავინახეთ ქარიშხალა, რომელიც მოფარებულ ადგილას კვერცხებზე იჯდა და გაფაციცებით გვიყურებდა. მსოფლიოში ამ ქარიშხალების ყველაზე დიდ გუნდს სწორედ შობის კუნძულზე ვხვდებით. შობის კუნძული ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილიდან, სადაც პოლინეზიური თეთრყელა ქარიშხალა და თეთრი მეგრიგლია მოფრინავენ გასამრავლებლად. იმ მრავალ ფრინველს შორის, რომლებიც შობის კუნძულზე ბუდობს, არის წითელკუდა ფაეტონი, ნიღბიანი რეგვენა, ქერცლიანი რეგვენა, წითელფეხება რეგვენა, შტერი ყავისფერი თევზიყლაპია და ფრეგატი.

ფრეგატები თავისუფლად ლივლივებენ, საუცხოოდ მანევრირებენ, ჰაერში სხვა ფრინველებს პირიდან სტაცებენ თევზებს და მეთევზეების გადაყრილი საკვების ნარჩენებისთვის ეცილებიან ერთმანეთს. ფრეგატები წყალზე ვერ ჩერდებიან, ამიტომ გამოუმუშავდათ ჰაერში მანევრირების საოცარი უნარი. მურა თევზიყლაპიების მსგავსად მათაც უსველდებათ ბუმბული. ამასთანავე, ფრთების სიგრძე, რომელიც 180 სანტიმეტრია, ხელს უშლის აფრენაში.

მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის პატარა ყავისფერი ჩიტი, რომელიც მანამდე ვნახეთ, წყნარი ოკეანის მეჭვავია ყოფილა. ბევრი მიმომფრენი ფრინველის მსგავსად მეჭვავიაც იმიტომ მოფრინავს შობის კუნძულზე, რომ მოძლიერდეს და გამოიზამთროს. ჩრდილოეთის პოლარული წრიდან, თავისი ბუდობის ადგილიდან, აქამდე მოსასვლელად მან ათასობით კილომეტრი უნდა იფრინოს. ნავიგაციის შესანიშნავი უნარის წყალობით ეს მიმომფრენი ჩიტები ჰონოლულუდან (ჰავაი) სამხრეთით დაახლოებით 2 100 კილომეტრს ფარავენ.

ჩვენი სტუმრობის მთავარი მიზეზი

შობის კუნძულზე მხოლოდ ფრინველების სანახავად არ ჩავდიოდით; ჩვენ ვინახულებდით იეჰოვას მოწმეებს, ვესწრებოდით კრების შეხვედრებს და ვმონაწილეობდით სამქადაგებლო საქმიანობაში. კუნძულის მდებარეობა ჩვენს ძვირფას თანამორწმუნეებს სერიოზულ სირთულეებს უქმნის. მაგალითად, როცა წლების წინ ერთი მოწმე მოულოდნელად დაიღუპა, დაქვრივებულმა ცოლმა გამბედაობა მოიკრიბა და წარმოთქვა დაკრძალვის მოხსენება, რადგან ამის გამკეთებელი სხვა არავინ იყო. მას უნდოდა, რომ ხალხს ბიბლიიდან გაეგო, რა მომავალი ელით გარდაცვლილებს (იოანე 11:25; საქმეები 24:15).

შობის კუნძულზე ბიბლიის სამი შესანიშნავი თარგმანის გარდა ბიბლიაზე დაფუძნებული მხოლოდ რამდენიმე პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი. თუმცა იეჰოვას მოწმეები გილბერტულ ენაზე ყოველთვე გამოსცემენ ფერად ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ სხვა ბიბლიურ ლიტერატურასთან ერთად. ეს ბევრს აოცებს, რადგან მსოფლიოში ამ ენაზე სულ 100 000-მდე ადამიანი ლაპარაკობს. ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა შესაძლებლობას აძლევს იეჰოვას მოწმეთა ამ ჯგუფს, რომ რეგულარულად შეიკრიბონ თაყვანისცემისთვის, შეასრულონ იესოს დავალება და იქადაგონ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 24:14; ებრაელები 10:24, 25).

შობის კუნძულზე ჩამოსულთათვის მგზავრობა ადვილი არ არის. თუმცა ლონდონიდან ტენესის გავლით პოლონეთში ჩასვლა მანქანით სულ რაღაც სამ საათში შეგიძლიათ. ეს როგორ?! ბანანა, ლონდონი, პარიზი, პოლონეთი, ტენესი და ტაბვაკეა სოფლების სახელებია. ისინი მიუთითებს იმ ადამიანთა წარმომავლობაზე, რომლებმაც ერთ დროს მოინახულეს ეს კუნძული.

ერთ-ერთი სტუმრობის დროს ერთმა კეთილმა ექიმმა შემოგვთავაზა, რომ მასთან ერთად წავსულიყავით პოლონეთში, სადაც პირველად ვიქადაგეთ. იქ ორ საათზე მეტხანს ვერ დავრჩებოდით, ამიტომ პირდაპირი გაგებით გადავრბოდით ერთი სახლიდან მეორეში, რომ ყველასთვის გვექადაგა. ისინი ყურადღებით ისმენდნენ ბიბლიის სასიხარულო ცნობას. ძალიან უკვირდათ, როდესაც თავიანთ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას ვთავაზობდით.

დღემდე თბილი მოგონებები გვაკავშირებს შობის კუნძულის მოსახლეობასთან. ჩვენს გულებში საოცარმა ფრთოსნებმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს. დიდი ხნის წინ კაპიტან კუკს შეიძლება ეგონა, რომ შობის კუნძული მხოლოდ ჩიტების საკუთრება იქნებოდა, მაგრამ დღეს იქ ხალხიც ცხოვრობს. ჩიტების მსგავსად, ეს მათთვისაც მშობლიური კუნძულია.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 კირიბატის ძველად გილბერტის კუნძულები ეწოდებოდა. დღესდღეობით კირიბატის ეკუთვნის არა მარტო გილბერტის 16 კუნძული, არამედ ფინიქსისა და ლაინის კუნძულები, აგრეთვე ოუშენის კუნძული.

^ აბზ. 5 იეჰოვას მოწმეები ქრისტეს მითითებისამებრ წელიწადში ერთხელ აღნიშნავენ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს სწორედ იმ დღეს, რა დღესაც მოკვდა (ლუკ. 22:19).

^ აბზ. 8 კიდევ ერთი შობის კუნძული ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს.

[რუკები 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

შობის კუნძული

ბანანა

ტაბვაკეა

ლონდონი

პარიზი

პოლონეთი

თარიღის ცვლის ხაზი

[სურათი 16 გვერდზე]

ფრეგატები

[საავტორო უფლება]

GaryKramer.net

[სურათი 17 გვერდზე]

თეთრი თევზიყლაპია

[საავტორო უფლება]

© Doug Perrine/ SeaPics.com

[სურათი 17 გვერდზე]

ქერცლიანი რეგვენა

[საავტორო უფლება]

Valerie & Ron Taylor/ ardea.com

[სურათი 18 გვერდზე]

ვიქადაგეთ ადგილობრივ მოწმეებთან ერთად.

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

GaryKramer.net