არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბაპტისტერიუმები დაკარგული ტრადიციის უტყვი მოწმეები

ბაპტისტერიუმები დაკარგული ტრადიციის უტყვი მოწმეები

ბაპტისტერიუმები დაკარგული ტრადიციის უტყვი მოწმეები

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის საფრანგეთიდან

„წყლით დაიფარა და მოინათლა საკათედრო ტაძარში“, — ასეთი სათაურით დაიბეჭდა სტატია 2001 წელს საფრანგეთში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში; თუმცა თანდართულ სურათზე აღბეჭდილი იყო კათოლიციზმზე ახალმოქცეული ადამიანი, რომელიც დიდ ემბაზში მუხლებამდე წყალში იდგა და რომელსაც კათოლიკე ეპისკოპოსი თავზე წყალს ასხამდა. ასეთი სცენის ნახვა მსოფლიოს მრავალ კუთხეში შეიძლება, რაშიც აშკარად ჩანს ვატიკანის მეორე საეკლესიო კრების შემდეგ კათოლიკური ეკლესიის მიერ აღებული კურსი, რომ ახალმოქცეულები წყალში ნაწილობრივი დაფარვით მოენათლათ. იბადება კითხვა: როცა კათოლიკეთა უმრავლესობას ჩვილობისას წყლის რამდენიმე წვეთის მიპკურებით ნათლავენ, როგორი ნათლობა შეესაბამება იოანე ნათლისმცემლისა და იესოს მოციქულების მიერ დატოვებული ნათლობის მაგალითს? როგორ უნდა ინათლებოდნენ დღეს ქრისტიანები? ამ კითხვებზე პასუხს ბაპტისტერიუმების ისტორია გაგვცემს *.

თავიდან როგორ ხდებოდა ნათლობა და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას

თავიდან ქრისტიანების მონათვლა წყალში სრული დაფარვით ხდებოდა. ამის გაგებაში ფილიპეს მიერ ეთიოპი საჭურისის მონათვლის შესახებ ბიბლიური ცნობა გვეხმარება. მას შემდეგ, რაც საჭურისმა მოისმინა ქრისტეს შესახებ ცნობა და გაიგო, ვინ იყო ის, წყლის დანახვისას, თქვა: „რა მიშლის ხელს, რომ დამფაროს წყალმა?“ (საქმეები 8:26—39; „ემფეტიკ დიაგლოტი“). „წყალში დაფარვად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის ფუძე არის „ბაპტიზო“, რაც „ჩაყვინთვას“, „ჩაძირვას“ ნიშნავს. ეს სიტყვა წყლით სრულ დაფარვაზე მიუთითებს. ამას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ ნათლობა დამარხვასთან არის დაკავშირებული (რომაელები 6:4; კოლოსელები 2:12). საინტერესოა, რომ ბიბლიის რამდენიმე ფრანგი მთარგმნელი (მაგალითად, ანდრე შურაკი; ჰიუბერტ პერნოტი) იოანე ნათლისმცემელს „იოანე ჩამძირავს“ უწოდებს.

პირველ საუკუნეებში, ქრისტიანობის დასაწყისში, ხალხს წყალში სრული დაფარვით ნათლავდნენ ყველგან, სადაც კი ამისათვის საკმარისი წყალი იყო — მდინარეებში, ზღვაში ან აბაზანებში. მაგრამ, რაც უფრო იზრდებოდა ახალმოქცეულთა რიცხვი, მით უფრო მეტ ბაპტისტერიუმებს აშენებდნენ რომის იმპერიაში — დალმატიიდან პალესტინამდე და საბერძნეთიდან ეგვიპტემდე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ერთ-ერთი უძველესი ბაპტისტერიუმი ნაპოვნია სირიაში, მდინარე ევფრატის სანაპიროზე; ეს ბაპტისტერიუმი დაახლოებით ახ. წ. 230 წლით თარიღდება.

ახ. წ. IV საუკუნეში „ქრისტიანობა“ რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგია გახდა და მილიონობით ადამიანი „გაქრისტიანდა“. საჭირო იყო მათი მონათვლა; ამისათვის ბაპტისტერიუმები ყველგან აშენდა. VI საუკუნისთვის მარტო რომის იმპერიაში დაახლოებით 25 ბაპტისტერიუმი არსებობდა; ერთ-ერთი მათგანი წმინდა იოანე ლატერანის ბაზილიკაში იყო. გალიაში თითოეულ ეპარქიას, როგორც ჩანს, საკუთარი ბაპტისტერიუმი ჰქონდა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მაშინ დაახლოებით 150 ბაპტისტერიუმი აშენდა. გარდა ამისა, ასობით ბაპტისტერიუმი ქალაქებიდან მოშორებული პატარა ტაძრების, სამარხებისა თუ მონასტრების მახლობლადაც იყო.

არქიტექტურა და წყალმომარაგება

ხშირად ბაპტისტერიუმები მრგვალი ან მრავალკუთხოვანი ფორმის იყო, და მათ ცალკე შენობად დგამდნენ ან უკვე არსებულ ტაძარში აშენებდნენ. არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ ეს ნაგებობები ზომით პატარა იყო (ჩვეულებრივ, 200 კვადრატულ მეტრზე ნაკლები), მაგრამ ლამაზი; მარმარილოთი მოპირკეთებულ ბაპტისტერიუმებს კოლონადები, მოზაიკა და ზოგჯერ ბიბლიური სიუჟეტების ამსახველი ფრესკები ამშვენებდა. ზოგ ბაპტისტერიუმს, მაგალითად, მარიანას (კორსიკა) ბაპტისტერიუმის ემბაზს ბალდახინიც კი ადგას. ბაპტისტერიუმი ეწოდებოდა მხოლოდ ემბაზსაც, რომელიც შეიძლება კვადრატული, მრგვალი, ექვსკუთხა, წაგრძელებული, ჯვრის ფორმის ან რვაკუთხა ყოფილიყო. ადრინდელი ბაპტისტერიუმების სიგანე და სიღრმე ცხადყოფს, რომ მათში ზრდასრულ ადამიანებს ნათლავდნენ. მათში, ჩვეულებრივ, სულ მცირე, ორი ადამიანი ეტეოდა. მაგალითად ლიონში, საფრანგეთის ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთით, ერთი ემბაზის სიგანე 3,25 მეტრი იყო. მრავალ ემბაზს, ჩვეულებრივ, შვიდი საფეხური ჰქონდა, რომლებიც ემბაზში ეშვებოდა.

ბაპტისტერიუმების წყლით მომარაგება მრავალი არქიტექტორის მთავარი საზრუნავი იყო. ბევრი მათგანი ბუნებრივი წყალსატევების ან თერმული აბანოების ნანგრევებზე შენდებოდა; ამის მაგალითია ნიცას (სამხრეთი საფრანგეთი) ბაპტისტერიუმი. წყალი ბაპტისტერიუმებს ხშირად წყალსატევებიდან მილების საშუალებით მიეწოდებოდა, ზოგჯერ კი მათ ასავსებად წვიმის წყალი ვედროებით მიჰქონდათ ცისტერნებიდან.

პუატიეში (დასავლეთი საფრანგეთი) დაახლოებით ახ. წ. 350 წელს აშენებული წმინდა იოანეს ბაპტისტერიუმი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორი იყო IV საუკუნეში „ქრისტიანული“ ბაპტისტერიუმები. რამდენიმე ნავით გამოყოფილი მართკუთხა ოთახის შიგნით დიდი რვაკუთხა ემბაზი იყო, რომელშიც სამი საფეხური ეშვებოდა. ემბაზის სიღრმე 1,41 მეტრი, ხოლო სიგანე ყველაზე განიერ ადგილას 2,15 მეტრი იყო. ამ ემბაზს წყალი მიეწოდებოდა ქალაქის წყალგაყვანილობის მილით, რომელიც ახლომდებარე წყალსატევს უკავშირდებოდა.

სრული თუ ნაწილობრივი დაფარვა წყლით?

ასეთ ბაპტისტერიუმებში ნათლობისას მთელი სხეული იფარებოდა წყლით? ზოგი კათოლიკე ისტორიკოსი უარყოფს ამას; ისინი ამბობენ, რომ კათოლიკების უძველესი ისტორიის თანახმად, ნათლობა წყლის პკურებით (ან წყლის თავზე დასხმით) ხდებოდა. ისინი იმასაც ამბობენ, რომ მრავალი ემბაზის სიღრმე 1 მეტრზე მეტი არ იყო; ასეთი სიღრმის ემბაზში კი შეუძლებელი იყო ზრდასრული ადამიანის მთელი სხეულის დაფარვა წყლით. კათოლიკურ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ „ემბაზის მესამე საფეხურზე ჩასულ მღვდელს ფეხიც კი არ უსველდებოდა“.

მაგრამ ხელოვანთა უფრო გვიანდელ ნამუშევრებში მოსანათლ ადამიანს წყალი მკერდამდე ან კისრამდე სწვდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნათლობისას მთელი სხეული იფარებოდა წყლით (იხილეთ ზემოთ მოცემული სურათი). შესაძლებელი იყო მთელი სხეულის დაფარვა, თუ წყალი საშუალო სიმაღლის ზრდასრულ ადამიანს მხოლოდ წელამდე მისწვდებოდა? ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ წყალი შეიძლება დროებით გადაეკეტათ მაშინ, როცა მუხლებზე მდგარ მოსანათლ ადამიანს წყალში აყვინთვინებდნენ *. კათოლიკური ლიტურგიკის შემსწავლელი, პროფესორი პიერ ჟიუნელი ამბობს, რომ ის, ვინც ინათლებოდა, „წელამდე წყალში იდგა. მღვდელი ან დიაკვანი თავზე ხელის დადებით წყალში აყვინთვინებდა მას“.

ემბაზები თანდათანობით დააპატარავეს

მოციქულების დროინდელი ნათლობის უბრალო ცერემონიალი საბოლოოდ რთულ რიტუალად აქციეს, რომლის დროსაც სპეციალურ სამოსს იცვამდნენ, ეგზორცისტულ ლოცვებს აღავლენდნენ, წყალს განწმენდნენ, კრედოს კითხულობდნენ და მოსანათლს ზეთს სცხებდნენ. ნათლობისას წყლით სხეულის ნაწილობრივი დაფარვა მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. ბაპტისტერიუმების ემბაზები დააპატარავეს, ზოგი მათგანის სიგანე და სიღრმე ადრინდელთან შედარებით ნახევარი ან კიდევ უფრო ნაკლები გახდა. მაგალითად, სამხრეთ საფრანგეთში ემბაზის ერთ დროს 1,13 მეტრი სიღრმე VI საუკუნისთვის 48 სანტიმეტრამდე შეამცირეს. მოგვიანებით, დაახლოებით XII საუკუნისთვის, რომის კათოლიკურ ეკლესიებში წყლით ნაწილობრივი დაფარვა წყლის პკურებამ შეცვალა. ერთი ფრანგი აკადემიკოსის, პიერ შონიუს, სიტყვების თანახმად, ამის შედეგად „ცივი კლიმატის ქვეყნებში გაიზარდა ბავშვების ნათლობათა რიცხვი, რადგან შეუძლებელი იყო, ასეთ ქვეყნებში ახალშობილები ცივი წყლით დაეფარათ“.

ყოველივე ამის შედეგად, უფრო და უფრო პატარა ბაპტისტერიუმების შენება დაიწყეს. ბაპტისტერიუმების ისტორიის შემსწავლელი, ისტორიკოსი ფრედერიკ ბიულა ამბობს: „არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალა, წერილობითი დოკუმენტები და ხელოვნების ნიმუშები ცხადყოფს, რომ ქრისტიანული ეპოქის დასაწყისში, პირველ რამდენიმე საუკუნეში, ზრდასრულ ადამიანთა მთელი სხეულის წყლით დაფარვით ნათლობა დღეს ჩვილებისთვის წყლის მიპკურებით შეიცვალა; სანამ ეს ცვლილება მოხდებოდა, ზრდასრულ ადამიანებს წყლით ნაწილობრივი, ხოლო ბავშვებს სრული დაფარვით ნათლავდნენ“.

დღეს ზრდასრულ ადამიანთა ნაწილობრივი დაფარვა წყლით უფრო და უფრო მკვიდრდება, რის გამოც უფრო დიდ ბაპტისტერიუმებს აგებენ. იმ ფენომენის შესაბამისად, რომელსაც ბიულა „წყლით დაფარვის ნოსტალგიას“ უწოდებს, კათოლიკური ეკლესია დღეს იმ აზრს ემხრობა, რომ ნათლობა წყალში სრული დაფარვით უნდა მოხდეს. ყოველთვის, როცა ბიბლიაში ქრისტიანობის მიღების ნიშნად ნათლობის ცერემონიალია აღწერილი, ნათლად ჩანს, რომ ნათლობის ერთადერთი მისაღები ფორმა წყლით სრული დაფარვაა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ბაპტისტერიუმი არის ცალკე ნაგებობა ან ტაძრის ნაწილი, რომელიც ნათლობისთვის არის განკუთვნილი.

^ აბზ. 14 დღეს მრავალი იეჰოვას მოწმე პატარა ბასეინში და აბაზანაში ინათლება, და ამ დროს მთელი სხეული იფარება წყლით.

[სურათი 13 გვერდზე]

პუატიეში (საფრანგეთი) წმინდა იოანეს ბაპტისტერიუმი

[სურათი 13 გვერდზე]

კორსიკაზე (საფრანგეთის ერთ-ერთი კუნძული) V საუკუნის მარიანას ბაპტისტერიუმის რეკონსტრუქცია

[საავტორო უფლება]

© J.-B. Héron pour “Le Monde de la Bible”/Restitution: J. Guyon and J.-F. Reynaud, after G. Moracchini-Mazel

[სურათები 14 გვერდზე]

ქრისტეს ნათლობა

მდინარე იორდანეს წყალი იესოს მთელ ტანს უფარავს და ანგელოზებს ხელში გასამშრალებლები უჭირავთ (IX საუკუნე)

[საავტორო უფლება]

Cristal de roche carolingien - Le baptême du Christ © Musée des Antiquités, Rouen, France/Yohann Deslandes

მდინარე იორდანეს წყალი იესოს კისრამდე სწვდება. მარცხნივ ორ ანგელოზს ქსოვილი უჭირავთ, რათა მას სხეული შეუმშრალონ (XII საუკუნე)

[საავტორო უფლება]

© Musée d’Unterlinden - F 68000 COLMAR/Photo O. Zimmermann