არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ზნეობრივად გაუმართლებელია კონტრაცეფცია?

ზნეობრივად გაუმართლებელია კონტრაცეფცია?

ბიბლიის თვალსაზრისი

ზნეობრივად გაუმართლებელია კონტრაცეფცია?

პირადად თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? არასწორი იქნება, თუ დაქორწინებული წყვილი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს გამოიყენებს? პასუხს, ალბათ, თქვენი რელიგიური შეხედულებიდან გამომდინარე გასცემდით. კათოლიკური ეკლესია ასწავლის, რომ განაყოფიერებისთვის ხელის შემშლელი ნებისმიერი ჩარევა „სინამდვილეში ბოროტებაა“. კათოლიკური მოძღვრება მხარს უჭერს იმ თვალსაზრისს, რომ ცოლ-ქმრის სქესობრივი ურთიერთობის დროს ჩასახვას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს. ამიტომ, კათოლიკური ეკლესიისთვის კონტრაცეფცია „ზნეობრივად გაუმართლებელია“.

ბევრს უჭირს ამ აზრის გაზიარება. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომავალი გაზეთის (Pittsburgh Post-Gazette) ერთ-ერთ სტატიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ნათქვამია: „ამერიკაში მცხოვრები კათოლიკების 75 პროცენტზე მეტის აზრით, ეკლესიამ თავის მრევლს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ უნდა აუკრძალოს . . . ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი უგულებელყოფს ამ აკრძალვას“. ერთ-ერთი მათგანი, სამი შვილის დედა, ლინდა, არ მალავს, რომ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და ამბობს: „სინდისი არ მქენჯნის, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ არ ვცოდავ“.

რა თვალსაზრისი აქვს ბიბლიას ამ საკითხზე?

სიცოცხლე ძვირფასია

ღვთისთვის ბავშვის სიცოცხლე მისი ჩასახვისთანავე ძვირფასია. ისრაელის მეფე დავითი ღვთის შთაგონებით წერდა: „გამოცალკევებული გყავდი დედის მუცელში . . . შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ“ (ფსალმუნი 139:13, 16). ახალი სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება; მოსეს კანონის თანახმად, ჯერ არშობილი ბავშვისთვის ზიანის მიმყენებელს პასუხი უნდა ეგო. გამოსვლის 21:22, 23-ში დაკონკრეტებულია, რომ, თუ ორსული ქალი ან მისი ჯერ არდაბადებული ბავშვი კაცების ჩხუბის დროს უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდებოდა, ეს საქმე დანიშნულ მსაჯულებს უნდა განეხილათ. მათ უნდა აეწონ-დაეწონათ ყველაფერი და დაედგინათ, წინასწარგანზრახული იყო თუ არა ეს დანაშაული; დამნაშავეს „სულის სანაცვლოდ სული“ ანუ სიცოცხლის სანაცვლოდ სიცოცხლე უნდა ეზღო.

ეს პრინციპები მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც კონტრაცეფციის მეთოდი აბორტის ტოლფასია. კონტრაცეფციის ასეთი მეთოდების გამოყენებით ადამიანი არღვევს ღვთიურ პრინციპს — არ აფასებს სიცოცხლეს. მაგრამ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა უმეტესობა არ იწვევს აბორტს. რა შეიძლება ითქვას ასეთ საშუალებებზე?

ბიბლიაში არსად არის მითითება იმის შესახებ, რომ ქრისტიანებმა აუცილებლად უნდა იყოლიონ შვილები. ღმერთმა პირველ წყვილსა და ნოეს ოჯახს უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა“. მაგრამ მსგავსი მითითება ქრისტიანებისთვის არ გამეორებულა (დაბადება 1:28; 9:1). ამიტომ, დაქორწინებულ წყვილს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, იყოლიოს თუ არა შვილი, რამდენი შვილი ჰყავდეს და როდის. ასე რომ, ბიბლია არ განსჯის კონტრაცეფციას. ბიბლიის თვალსაზრისით, გამოიყენებს თუ არა ცოლ-ქმარი ჩასახვის საწინააღმდეგო ისეთ საშუალებას, რომელიც აბორტს არ გამოიწვევს, პირადი გადასაწყვეტია. მაშ, რატომ განსჯის კათოლიკური ეკლესია კონტრაცეფციას?

ადამიანური სიბრძნე თუ ღვთიური სიბრძნე?

ერთ კათოლიკურ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა პირველად ახ. წ. მეორე საუკუნეში სტოიკოსების შეხედულება ქრისტიანობის ნაწილად აქციეს; ამ შეხედულების თანახმად, ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ გამრავლების მიზნით იყო დასაშვები. ამ შეხედულების საფუძველი ფილოსოფიური მოძღვრება იყო და არა ბიბლიური; ის სათავეს იღებდა არა ღვთიური, არამედ ადამიანური სიბრძნიდან. საუკუნეების განმავლობაში არსებული ეს ფილოსოფიური შეხედულება კათოლიკე თეოლოგებმა კიდევ უფრო გაართულეს *. ამ სწავლების შედეგად ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ცოლ-ქმარს შორის მხოლოდ სიამოვნების მიზნით სქესობრივი ურთიერთობა ცოდვაა და, შესაბამისად, თუ ამ ურთიერთობით არ ხდება ბავშვის ჩასახვა, ის ზნეობრივად გაუმართლებელია. მაგრამ ეს არ არის ბიბლიური სწავლების ნაწილი.

ბიბლიის წიგნი „იგავები“ პოეტური ენით აღწერს იმ სიამოვნებას, რაც ცოლ-ქმარს შორის სათანადო სქესობრივ ურთიერთობას მოაქვს: „წყალი შენი წყაროდან და შენი ჭიდან სვი . . . კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან, საყვარელ ფურირემთან და მშვენიერ ნიამორთან. ყოველთვის გათრობდეს მისი მკერდი, მისი სიყვარულით ტკბებოდე მუდამ“ (იგავები 5:15, 18, 19).

ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ურთიერთობა ღვთისგან ბოძებული ძღვენია. მაგრამ ამ ურთიერთობის მიზანი მხოლოდ შვილების ყოლა არ არის. სქესობრივი ურთიერთობის დროს დაქორწინებული წყვილი ერთმანეთისადმი ნაზ გრძნობებსა და სიყვარულს ავლენს. ამიტომ, თუ წყვილი გადაწყვეტს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას, ეს მათი პირადი საქმეა, და არავინ უნდა განსაჯოს ისინი (რომაელები 14:4, 10—13).

დაფიქრებულხართ?

▪ არის ზნეობრივად გაუმართლებელი ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ურთიერთობა? (იგავები 5:15, 18, 19).

▪ რა უნდა ახსოვდეთ ქრისტიანებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას? (გამოსვლა 21:22, 23).

▪ როგორ უნდა უყურებდნენ სხვები წყვილს, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იყენებენ? (რომაელები 14:4, 10—13).

[სქოლიო]

^ აბზ. 11 მხოლოდ მე-13 საუკუნეში მიიღო პაპმა გრიგოლ IX დადგენილება, რასაც „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ „კონტრაცეფციის წინააღმდეგ პაპის მიერ გამოცემულ საყოველთაო კანონს“ უწოდებს.

[ჩანართი 11 გვერდზე]

ღმერთმა პირველ წყვილსა და ნოეს ოჯახს უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა“. მაგრამ მსგავსი მითითება ქრისტიანებისთვის არ გამეორებულა.