არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კბილის ტკივილი აუტანელი ტკივილის ისტორია

კბილის ტკივილი აუტანელი ტკივილის ისტორია

კბილის ტკივილი აუტანელი ტკივილის ისტორია

შუა საუკუნეების ქალაქის ხალხმრავალი ბაზრის მოედანზე მდიდრულ სამოსში გამოწყობილი თვითმარქვია ექიმი ტრაბახობს, რომ უმტკივნეულოდ შეუძლია კბილის ამოღება. მისი თანამზრახველი, რომელიც თავიდან თითქოს ყოყმანობს, შემდეგ თანხმდება. კბილის ამოღების სცენის გათამაშების შემდეგ თვითმარქვია ყველას სისხლიან კბილს აჩვენებს. კბილის ტკივილით შეწუხებულები ამის შემხედვარე გაბედულებას იკრებენ, იხდიან საფასურს და კბილის ამოსაღებად ემზადებიან. დაფდაფებისა და ბუკების გამაყრუებელი ხმაური ახშობს პაციენტთა ყვირილს, რისი წყალობითაც თვითმარქვია ექიმი სხვა პაციენტებს არ კარგავს. რამდენიმე დღეში შეიძლება სეფსისის განვითარების საშიშროება გაჩნდეს, მაგრამ ამ დროს „ექიმი“ ძალიან შორს იქნება პაციენტისგან.

არცთუ ბევრი ებმება დღეს ასეთი თაღლითების მახეში. თანამედროვე დანტისტები ადვილად უმკლავდებიან კბილის ტკივილს და ხშირად მკურნალობის ისეთ მეთოდს მიმართავენ, რომ საჭირო არ ხდება კბილის ამოღება. მიუხედავად ამისა, ბევრს აშინებს კბილის ექიმთან მისვლა. თუ გავიგებთ, როგორ ისწავლეს დანტისტებმა კბილის ტკივილის შემსუბუქება, ეს დაგვეხმარება, მადლიერი ვიყოთ თანამედროვე დანტისტების.

როგორც ამბობენ, კბილის დაავადება, კარიესი, სურდოს შემდეგ მსოფლიოში მეორე დაავადება. ის კარგად არის ცნობილი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან. მეფე სოლომონი პოეტურად აღწერს, რომ ძველ ისრაელში ხანდაზმულობისას ბევრს შეაწუხებდა უკბილობა (ეკლესიასტე 12:3).

მეფეებიც კი ვერსად გაურბიან

ელისაბედ I, ინგლისის დედოფალიც კი ვერ გაექცა კბილის ტკივილს. ერთმა გერმანელმა სტუმარმა, რომელმაც ელისაბედის ჩაშავებული კბილები შენიშნა, განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, ეს ნაკლი ინგლისელებს შაქრის დიდი რაოდენობით გამოყენების გამო ჰქონდათ“. 1578 წლის დეკემბერში კბილის ტკივილი დედოფალს მთელი დღე-ღამის განმავლობაში მოსვენებას უკარგავდა. ექიმებმა მას დაზიანებული კბილის ამოღება ურჩიეს, მაგრამ უარი თქვა, ალბათ, მოსალოდნელი ტკივილის შიშით. მისთვის სტიმულის მისაცემად ლონდონის ეპისკოპოსმა, ჯონ აილმერმა, დედოფლის თანდასწრებით ამოიღო კბილი, რომელიც სავარაუდოდ დაავადებული ჰქონდა; ეს მართლაც თავგანწირვის მაჩვენებელი იყო, რადგან ამ მოხუც ეპისკოპოსს რამდენიმე კბილიღა ჰქონდა დარჩენილი!

იმ დროს უბრალო ხალხი, რომლებსაც კბილის ამოღება სჭირდებოდათ, დალაქს და ზოგჯერ მჭედელსაც კი მიმართავდა. მაგრამ, როცა შაქრის მომხმარებელთა რიცხვმა იმატა, გაიზარდა კბილის ტკივილით დატანჯულთა რიცხვიც და, შესაბამისად, მოთხოვნილება კბილის ამოღებაში დახელოვნებულ პირებზე. ამის გამო ზოგი ექიმი და ქირურგი დაავადებული კბილების მკურნალობით დაინტერესდა. მათ ახალი საქმის შესწავლა დაიწყეს, თუმცა ისინი, ამ საქმეში დახელოვნებულები, თავიანთ „პროფესიულ საიდუმლოს“ არავის უმხელდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კბილების მკურნალობის შესახებ არცთუ ბევრი წიგნი იყო გამოცემული.

ელისაბედ I-ის დედოფლობიდან საუკუნის გასვლის შემდეგ საფრანგეთში ლუდოვიკო XIV მეფობდა. ის თითქმის მთელი ცხოვრება კბილის ტკივილით იტანჯებოდა; 1685 წელს მას ყველა ზედა კბილი ამოღებული ჰქონდა. ზოგის მტკიცებით, სწორედ დაავადებული კბილების ტკივილმა განაპირობა ის, რომ მეფემ სავალალო გადაწყვეტილება მიიღო, როცა ხელი მოაწერა რელიგიის თავისუფლების აღკვეთის ბრძანებულებას, რასაც რელიგიურ უმცირესობათა სასტიკი დევნის ტალღა მოჰყვა.

კბილის მკურნალობის ისტორიის დასაწყისი

ფუფუნების მოყვარულმა ლუდოვიკო XIV-მ დიდი გავლენა იქონია პარიზის ელიტაზე, რამაც თავის მხრივ განაპირობა კბილის მკურნალობის, როგორც სამედიცინო დარგის, განვითარება. სასამართლოში თუ ზოგადად საზოგადოებაში წარმატების მიღწევა დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად კარგად გამოიყურებოდა ადამიანი. ასე რომ, ხალხს ხელოვნური კბილების ჩასმის მოთხოვნილება გაუჩნდა; მაგრამ ამას ვიზუალური ფაქტორი უფრო განაპირობებდა, ვიდრე მისი პრაქტიკული გამოყენების სურვილი. შედეგად ჩამოყალიბდა ქირურგების ახალი ჯგუფი — დანტისტები, რომლებიც დიდგვაროვნებისთვის მუშაობდნენ. პარიზში წამყვანი დანტისტი პიერ ფოშარი იყო, რომელიც სამხედრო-საზღვაო ფლოტში ქირურგად მუშაობდა. მან განსაჯა ის ქირურგები, რომლებმაც კბილის ამოღება არაკომპენტენტურ დალაქებსა და თვითმარქვია ექიმებს ანდეს. მან პირველმა უწოდა საკუთარ თავს დანტისტი ქირურგი.

1728 წელს, ფოშარი პირველი იყო ექიმთა შორის, ვინც არ დამალა პროფესიული ცოდნა და დაწერა ნაშრომი, რომელშიც მისთვის ცნობილი ყველა მეთოდი აღწერა. შედეგად მას „კბილის მკურნალობის ფუძემდებელი“ ეწოდა. მან პირველმა დასვა პაციენტი დანტისტის სავარძელში და არა იატაკზე. ფოშარმა ასევე კბილის ამოღების ხუთი მეთოდი შეიმუშავა, მაგრამ მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლა. მან გამოიგონა კბილის ბორმანქანა და ჩამოაყალიბა კბილის დაბჟენის მეთოდები, ისწავლა ფესვის არხის დაბჟენა და ფესვზე ხელოვნური კბილის დამაგრება. მის მიერ დამზადებული სპილოს ძვლისგან გამოჭრილ პროთეზს ზედა ყბაზე ზამბარების საშუალებით ამაგრებდა, რაც კბილებს სათანადო მდგომარეობას უნარჩუნებდა. ფოშარმა კბილის მკურნალობა მედიცინის ერთ-ერთ დარგად აქცია. მისი შემუშავებული მეთოდები ამერიკაშიც კი გახდა ცნობილი.

ტკივილისგან გაწამებული შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი

ლუდოვიკო XIV-ის მეფობიდან საუკუნის გასვლის შემდეგ ამერიკაში კბილის ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა ჯორჯ ვაშინგტონს. მას თითქმის ყოველ წელს უწევდა კბილის ამოღება; პირველი კბილი 22 წლის ასაკში ამოიღო. წარმოიდგინეთ, რა აუტანელი ტკივილის მოთმენა უწევდა მას მაშინ, როცა აჯანყებულთა შეიარაღებულ ძალებს მთავარსარდლობდა! 1789 წელს, როცა ის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა, თითქმის არც ერთი კბილი არ ჰქონდა.

ვაშინგტონი იმასაც ძალიან განიცდიდა, რომ უკბილობა და ცუდად დამაგრებული პროთეზი გარეგნობას უმახინჯებდა. ვაშინგტონს კარგად ესმოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის გარეგნობას, რადგან ის ახლად ჩამოყალიბებული შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახის შესაქმნელად იღვწოდა. იმ დროს პროთეზებს სპეციალურ ყალიბებში კი არ ასხამდნენ, არამედ სპილოს ძვლისგან ჭრიდნენ, რის გამოც ის ყბას მჭიდროდ არ ებჯინებოდა. ვაშინგტონის მსგავსად ინგლისელ ჯენტლმენებსაც იგივე პრობლემა ჰქონდათ. როგორც ამბობენ, მათი მშრალი იუმორი იმით არის განპირობებული, რომ იმ დროს ისინი ცდილობდნენ, გულიანად არ გაეცინათ და თავიანთი პროთეზი არ გამოეჩინათ.

ამბობენ, რომ ვაშინგტონს ხის პროთეზი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სიმართლეს არ შეეფერება. მისი პროთეზი ადამიანის კბილებით, სპილოს ძვლითა და ტყვიით იყო გაკეთებული და არა ხით. სავარაუდოდ მისმა დანტისტებმა ადამიანის კბილები საფლავის მძარცველებისგან შეიძინეს. ისიც უნდა ითქვას, რომ კბილით მოვაჭრეები ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებსაც აძრობდნენ კბილებს. ამგვარად პროთეზი ფუფუნების საგანი იყო და მისი შეძენა მდიდრებს შეეძლოთ. უბრალო ხალხს მხოლოდ მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან მიუწვდებოდა მასზე ხელი, რადგან დაახლოებით ამ პერიოდში აღმოაჩინეს ვულკანიზებული რეზინი. ყბაზე პროთეზის დასამაგრებლად სწორედ ამ რეზინის გამოყენება დაიწყეს. მართალია, ვაშინგტონის დანტისტები ყველაზე კარგი სპეციალისტები იყვნენ, მაგრამ მათ ბოლომდე მაინც არ ესმოდათ, რა იწვევდა კბილის ტკივილს.

კბილის ტკივილის ნამდვილი მიზეზი

ძველად ფიქრობდნენ, რომ კბილის ტკივილს ჭია იწვევდა. ეს შეხედულება მე-18 საუკუნემდე იყო გავრცელებული. 1890 წელს უილობ მილერმა, ბერლინის (გერმანია) უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ამერიკელმა დანტისტმა დაადგინა კბილის გაფუჭების მიზეზი, რაც ძირითადად იწვევდა კბილის ტკივილს. გარკვეული ტიპის ბაქტერია უმეტეს შემთხვევაში იკვებება შაქრით, რასაც მჟავად გარდაქმნის, მჟავა კი კბილის პირველი მტერია. მაგრამ, როგორ შეიძლებოდა კბილის გაფუჭების თავიდან არიდება? ამ კითხვას პასუხი შემთხვევითობის წყალობით გაეცა.

კოლორადოში (აშშ) დანტისტებს წლების მანძილზე უკვირდათ, ამდენ ადამიანს რატომ უჩნდებოდა კბილის ზედაპირზე მინანქრის ლაქა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ამის მიზეზი წყალში ფთორიდის ჭარბი რაოდენობით არსებობა იყო. მაგრამ ვიდრე კოლორადოში ამ ფაქტს აკვირდებოდნენ, სპეციალისტებმა ისეთი უმნიშვნელოვანესი რამ აღმოაჩინეს, რაც მთელ მსოფლიოში კბილის ტკივილის თავიდან არიდებას გახდიდა შესაძლებელს — იქ გაზრდილებს, სადაც სასმელ წყალში ფთორიდის შემცველობა არასაკმარისი იყო, უფრო მეტად ჰქონდათ კბილები გაფუჭებული. ფთორიდი, რომელსაც ბევრგან სასმელი წყალი ჩვეულებრივ შეიცავს, კბილის ემალის შემადგენელი ნაწილია. როდესაც წყალში ფთორიდის რაოდენობა დაარეგულირეს, 65 პროცენტით შემცირდა კბილის გაფუჭების შემთხვევები.

ამგვარად პრობლემა გადაიჭრა. კბილის ტკივილს, ძირითადად, კბილის კარიესი იწვევს, კარიესის განვითარებას შაქარი უწყობს ხელს, ფთორიდი კი აფერხებს ამ პროცესს. თუმცა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ფთორიდი ვერ შეცვლის ჯაგრისითა და ძაფით კბილების საგულდაგულოდ წმენდას.

კბილის უმტკივნეულო მკურნალობის მეთოდის ძიება

ანესთეზიური საშუალებების აღმოჩენამდე კბილის მკურნალობის პროცესი აუტანლად მტკივნეული იყო. დანტისტები ბასრი ინსტრუმენტით აცილებდნენ მგრძნობიარე კარიესული ღრუდან დარბილებულ შიგთავსს და შემდეგ გახსნილ ღრუს ცხელი მეტალით ავსებდნენ. სხვა სამკურნალო საშუალებების უქონლობის გამო დანტისტები დაინფიცირებულ პულპას გახურებული ინსტრუმენტით წვავდნენ და გავარვარებულ მეტალს მექანიკური ზეწოლით ფესვის არხში უშვებდნენ. სანამ სპეციალურ ინსტრუმენტებს გამოიგონებდნენ და ანესთეზიურ საშუალებებს მიაგნებდნენ, კბილის ამოღების პროცესიც საშინელი იყო. ხალხი მხოლოდ იმიტომ თანხმდებოდა ამ წამებაზე, რომ კბილის ტკივილი უფრო აუტანელი იყო. საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ ისეთ მცენარეულ საშუალებებს, როგორიცაა ოპიუმი, ინდური კანაფი და მანდრაგორი, მაგრამ ისინი ტკივილს მხოლოდ ამსუბუქებდა. შეძლებდნენ დანტისტები უმტკივნეულო ქირურგიულ ჩარევას?

ანესთეზიური საშუალება აზოტის ქვეჟანგი, ანუ მალხენი აირი, პირველად 1772 წელს მიიღო ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯოზეფ პრისტლიმ, რის შემდეგაც ის მეცნიერების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, მაგრამ ამ აირს როგორც ანესთეზიურ საშუალებას 1844 წლამდე არ იყენებდნენ. ამავე წლის 10 დეკემბერს ჰორას უელსმა, ჰარტფორდში (კონექტიკუტის შტატი, აშშ) მომუშავე დანტისტმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ ართობდნენ ხალხს მალხენი აირით. უელსმა შენიშნა, რომ აირის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა დამსწრემ სკამზე წვივი გადაიყვლიფა, მაგრამ არანაირი ტკივილი არ უგრძვნია. უელსი თანამგრძნობი კაცი იყო და ძალიან განიცდიდა, როცა პაციენტს მკურნალობის დროს ტკივილს აყენებდა. ამიტომ, მან მაშინვე იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა ამ აირის ანესთეზიურ საშუალებად გამოყენება. მაგრამ გადაწყვიტა, რომ ის ჯერ საკუთარ თავზე გამოეცადა. მეორე დღეს ის დაჯდა დანტისტის სავარძელზე და მანამდე ისუნთქავდა აირს, სანამ გონება არ დაკარგა. ამის შემდეგ ერთ-ერთმა კოლეგამ მტკივანი სიბრძნის კბილი ამოუღო. ეს იყო ისტორიული მოვლენა. ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი გახდა კბილების უმტკივნეულო ქირურგია და მკურნალობა! *

მას შემდეგ კბილის მკურნალობის პრაქტიკაში ბევრი რამ მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ამიტომ, თუ დანტისტის მომსახურება გჭირდებათ, გარწმუნებთ, რომ დღეს ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება მკურნალობის პროცესი.

[სქოლიო]

^ აბზ. 22 დღეს უფრო მეტად ადგილობრივ ანესთეზიას მიმართავენ, ვიდრე საერთოს.

[სურათი 28 გვერდზე]

შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის პროთეზი, რომელიც სპილოს ძვლისგან იყო დამზადებული

[საავტორო უფლება]

Courtesy of The National Museum of Dentistry, Baltimore, MD

[სურათი 29 გვერდზე]

ნახატი, რომელზეც გამოსახულია 1844 წელს პირველი კბილის ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც ანესთეზიურ საშუალებად აზოტის ქვეჟანგი გამოიყენეს

[საავტორო უფლება]

Courtesy of the National Library of Medicine

[საავტორო უფლება დაცულია 27 გვერდზე]

Courtesy of the National Library of Medicine