„მათ ხელი შეუწყვეს მედიცინის განვითარებას“
„მათ ხელი შეუწყვეს მედიცინის განვითარებას“
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან
იეჰოვას მოწმეები მსოფლიოში იმით არიან ცნობილი, რომ უსისხლო მკურნალობას ირჩევენ. ზოგი აკრიტიკებს მათ ბიბლიურ პოზიციას. მაგრამ მეხიკოში გამომავალ პოპულარულ გაზეთ „რეფორმაში“ დაიბეჭდა ეროვნული ონკოლოგიური ინსტიტუტის მთავარი ქირურგის ანკელ ჰერერას სიტყვები: „მოწმეები არც უცოდინრები არიან და არც ფანატიკოსები . . . მათ მედიკოსებს დაანახვეს სისხლის დაზოგვის აუცილებლობა, რითაც ხელი შეუწყვეს მედიცინის განვითარებას“.
თხუთმეტი წლის წინ დ-რ ჰერერამ შექმნა ანესთეზიოლოგებისა და ქირურგების ჯგუფი, რომლებიც სისხლის გამოყენების გარეშე გააკეთებდნენ ოპერაციებს. ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ანესთეზიოლოგმა დ-რ ისიდრო მარტინესმა აღნიშნა: „სათანადო ანესთეზია ექიმებს საშუალებას აძლევს, მთელი ოპერაციის განმავლობაში დაზოგონ სისხლი. ასე რომ, შეგვიძლია დავეხმაროთ იეჰოვას მოწმეებს და პატივი ვცეთ მათ რელიგიურ შეხედულებას“.
როგორც „რეფორმის“ 2006 წლის ოქტომბრის ნომერში აღინიშნა, არსებობს სისხლის გადასხმის 30-ზე მეტი ალტერნატიული საშუალება. ამაში შედის გალვანოკაუტერებით ქსოვილის მოწვა, ორგანოზე სპეციალური ღრუბლის დადება, რომელიც სისხლდენის შემაჩერებელ ნივთიერებას გამოყოფს, და იმ ხსნარების გამოყენება, რომლებიც ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობას ზრდის *.
მეხიკოს ლა რასას ცენტრალურ საავადმყოფოში მთავარი კარდიოქირურგი დ-რ მოისეს კალდერონი, როგორც წესი, უსისხლოდ აკეთებს ოპერაციებს. „რეფორმაში“ მოყვანილია მისი სიტყვები: „სისხლის გადასხმა უვნებელი პროცედურა როდია. ამ დროს დიდია ორგანიზმში ვირუსის, ბაქტერიის ან პარაზიტის მოხვედრის საშიშროება. ასევე მოსალოდნელია ალერგიული რეაქცია, რასაც თირკმლისა და ფილტვის ფუნქციის ცვლილება შეიძლება მოჰყვეს“. ამ რისკ-ფაქტორების მხედველობაში მიღებით დ-რ კალდერონი აღნიშნავს: „ჩვენ ყველა პაციენტს ისე ვუკეთებთ ოპერაციას, როგორ იეჰოვას მოწმეებს. ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლები სისხლი დავკარგოთ, დაკარგული სისხლი მიმოქცევაში დავაბრუნოთ და ისეთი მედიკამენტები გამოვიყენოთ, რის ზემოქმედებითაც პაციენტი ნაკლებ სისხლს დაკარგავს“.
გაზეთში მოყვანილი იყო საქმეების 15:28, 29, და აღნიშნული იყო, რომ იეჰოვას მოწმეების შეხედულება, ძირითადად, ამ მუხლებს ეფუძნება. ამ მუხლებიდან ჩანს მოციქულების შემდეგი გადაწყვეტილება: „წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა, რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალსა და სიძვას“.
მექსიკაში იეჰოვას მოწმეების ფილიალის საავადმყოფოებთან დაკავშირებული საინფორმაციო სამსახური იტყობინება, რომ ამ ქვეყანაში არსებობს საავადმყოფოებთან თანამშრომლობის 75 კომიტეტი, რომლებშიც გაერთიანებულია 950 მოხალისე; ისინი ინახულებენ ექიმებს და სთავაზობენ ინფორმაციას სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებების შესახებ. მექსიკაში დაახლოებით 2 000 ექიმი მზად არის, იეჰოვას მოწმეებს სისხლის გამოყენების გარეშე უმკურნალოს. მოწმეები ძალიან აფასებენ ასეთ ექიმებთან თანამშრომლობას; ეს ექიმები ამგვარი თანამშრომლობის წყალობით უფრო უკეთ ემსახურებიან სხვა პაციენტებსაც.
[სქოლიო]
^ აბზ. 5 „გამოიღვიძეთ!“-ი არ უწევს რეკომენდაციას უსისხლო მკურნალობის რომელიმე კონკრეტულ მეთოდს, რადგან რა მეთოდს აირჩევს პაციენტი, ეს თავად მისი გადასაწყვეტია.
[სურათი 30 გვერდზე]
დ-რ ანკელ ჰერერა
[სურათი 30 გვერდზე]
დ-რ ისიდრო მარტინესი
[სურათი 30 გვერდზე]
დ-რ მოისეს კალდერონი