არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მალე სტიქიური უბედურებები აღარ მოხდება

მალე სტიქიური უბედურებები აღარ მოხდება

მალე სტიქიური უბედურებები აღარ მოხდება

მიწისძვრები, ომები, შიმშილობა და ავადმყოფობა იმ ნიშნის ნაწილია, რომელიც იესოს სიტყვების თანახმად, დღევანდელი „ქვეყნიერების აღსასრულის“ მაჩვენებელი იქნებოდა (მათე 24:3, 7, 8; ლუკა 21:7, 10, 11). ცხადია, ამ მოვლენების გამომწვევი ღმერთი არ არის. უბედურებებში დამნაშავე არც იესოა და არც მისი მამა, იეჰოვა ღმერთი.

მაგრამ ღმერთი იზრუნებს იმის შესრულებაზე, რისი მომასწავებელიც ეს ნაწინასწარმეტყველები მოვლენები იყო, კერძოდ, დედამიწაზე ღვთის სამეფოს ანუ ზეციერი მთავრობის დამყარებაზე, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას; ღმერთი იმაზეც იზრუნებს, რომ გაანადგუროს ყველა, ვინც არ ცნობს მის უზენაესობას (დანიელი 2:44; 7:13, 14). ამის შემდეგ დედამიწა მშვიდობის სავანედ იქცევა და მასზე აღარასდროს მოხდება სტიქიური უბედურებები. სრულად შესრულდება ღვთის დანაპირები: „ჩემი ხალხი მშვიდობიან სამყოფელში, უსაფრთხო სამკვიდრებელში და მყუდრო მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს“ (ესაია 32:18).

უსმინეთ ღმერთს და იცოცხლეთ!

როგორც წინა სტატიაში აღინიშნა, გაფრთხილების გათვალისწინება სიკვდილისგან დაგვიცავს; გაფრთხილება კი განსაკუთრებით მაშინ არის ყურადსაღები, როცა ღმერთი ბიბლიის საშუალებით გვაფრთხილებს. „ის კი, ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“, — გვპირდება ღმერთი (იგავები 1:33).

იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ მოუსმინონ ღმერთს, ეს კი იმით ვლინდება, რომ რეგულარულად კითხულობენ ღვთისგან შთაგონებულ სიტყვას და მასში მოცემული სწავლებების თანახმად ცხოვრობენ. ისინი იმავეს გაკეთებას გთავაზობენ თქვენც. დიახ, ვინც ემორჩილება იეჰოვას, შიშით არ უყურებს მომავალს და არც იმ უბედურებას უშინდება, რომელიც ბოროტებს დაატყდებათ თავს. ნაცვლად ამისა, სულმოუთქმელად ელიან მარადიულ ცხოვრებას დედამიწაზე სამოთხეში, სადაც „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

[ჩარჩო 8 გვერდზე]

ნუგეში მგლოვიარეთათვის

ხომ არ წაურთმევია თქვენთვის საყვარელი ადამიანი სტიქიურ უბედურებას ან სხვა ტრაგიკულ შემთხვევას? დაახლოებით 2 000 წლის წინათ იესოს ახლო მეგობარი ლაზარე უდროოდ დაიღუპა. ამ ამბის გაგების შემდეგ იესო ლაზარეს სოფელში, ბეთანიაში წავიდა სიკვდილის „ძილისგან“ მის გასაღვიძებლად (იოანე 11:1—44).

იესომ ეს სასწაული არა მხოლოდ ლაზარესა და მისი ოჯახის სიყვარულით მოიმოქმედა, არამედ იმიტომაც, რომ ხალხი თავის დანაპირების უტყუარობაში დაერწმუნებინა; ამ დანაპირების თანახმად, „ყველანი, ვინც სამარხებში არიან“, მისი მეფობის დროს აღდგებიან (იოანე 5:28, 29). მომავალ სამოთხეში იესო ედემში გამოვლენილი დაუმორჩილებლობის ყოველგვარ კვალს წაშლის (1 იოანე 3:8) *.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 იხილეთ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“, სადაც მოცემულია ბიბლიური რჩევები, თუ როგორ მოერიოთ საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს, და დაწვრილებით განიხილება აღდგომის შესახებ დანაპირები (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[ჩარჩო/სურათი 9 გვერდზე]

მიწისძვრამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

1971 წელს ახალგაზდა დედა ოპერის მომღერალი ვიყავი და ვცდილობდი ცნობილი სოპრანო გავმხდარიყავი. 1957 წელს მშობლიური ქალაქიდან, უინიპეგიდან (მანიტობა, კანადა), ჰოლივუდის (კალიფორნია, აშშ) მახლობლად გადავედი საცხოვრებლად, რათა მუსიკისადმი ჩემი პირველი სიყვარულისთვის ფრთები შემესხა.

ცხრა წლის განმავლობაში დედა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ზაფხულობით ყოველ წელს ჩამოდიოდა კანადიდან ჩემ სანახავად. მას ხელიდან არ გაუშვია ჩემთან ბიბლიაზე საუბრის შესაძლებლობა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბედნიერების მისაღწევად და მტკიცე ოჯახის შესანარჩუნებლად ბიბლიაში საუკეთესო რჩევები იყო მოცემული. დედა ძალიან მიყვარდა, პატივს ვცემდი მას და ამიტომ ვუსმენდი. მაგრამ მის დატოვებულ ყველა პუბლიკაციას ვყრიდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრებაში სწორი კურსი მქონდა აღებული.

ერთხელაც, 1971 წლის თებერვალში, სამშაბათ დილით, 6,6 ბალიანი მიწისძვრით გამოწვეულმა გამაყრუებელმა ხმამ და ძლიერმა რყევებმა გამაღვიძა. შეშინებული მაშინვე ბავშვის ოთახში შევვარდი და შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ის საწოლში უვნებელი დავინახე. რყევების შეწყვეტის შემდეგ იატაკზე მინის ნამსხვრევები და კარადიდან გადმოყრილი დამტვრეული ჭურჭლის ნატეხები ეყარა, ეზოში კი ბასეინიდან გადმოღვრილი წყალი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრები არ დაშავებულან, მთელი ღამე აღარ დამეძინა.

ადრე დედა მელაპარაკებოდა „ბოლო დღეების“ შესახებ, რომლისთვისაც „დიდი მიწისძვრები“ იქნებოდა დამახასიათებელი (2 ტიმოთე 3:1; ლუკა 21:7—11). დედა, ჩვეულებისამებრ, იმ ზაფხულსაც ჩამოვიდა, მაგრამ ბიბლიური ლიტერატურა აღარ ჩამოუტანია. ცხრა წლის განმავლობაში უშედეგოდ ქადაგების შემდეგ მან დაასკვნა, რომ ბიბლია არ მაინტერესებდა. მაგრამ ის ძალიან ცდებოდა! ჩამოვიდა თუ არა, კითხვას კითხვაზე ვუსვამდი. სრულიად მოულოდნელად სიმღერა და სახელი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის.

იმავე კვირას ადგილობრივ სამეფო დარბაზში დედასთან ერთად დავესწარი ქრისტიანული კრების შეხვედრას და მას შემდეგ, იშვიათად თუ ვაცდენ შეხვედრებს. დედამ იზრუნა იმაზე, რომ ბიბლია შემესწავლა. 1973 წელს მოვინათლე და ახლა თვეში საშუალოდ 70 საათს ვუთმობ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას (მათე 24:14). მიწისძვრამ ღვთისადმი რწმენა კი არ შემირყია, პირიქით, შემძინა (მოგვითხრო კოლინ ესპარზამ).