არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვიქცე, როცა ყველგან უცხოდ ვგრძნობ თავს?

როგორ მოვიქცე, როცა ყველგან უცხოდ ვგრძნობ თავს?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, როცა ყველგან უცხოდ ვგრძნობ თავს?

„წარმოშობით იტალიელები ვართ; ჩვენ თავისუფლად გამოვხატავთ სითბოსა და სიყვარულს. ამჟამად დიდ ბრიტანეთში ვცხოვრობთ. აქ ხალხი მეტისმეტად თავდაჭერილი და ოფიციალურია. ორივე ქვეყანაში უცხოდ ვგრძნობ თავს, ბრიტანეთში იტალიელი ვარ და იტალიაში — ბრიტანელი“ (ჯისვე, ინგლისი).

„სკოლაში მასწავლებელი ლაპარაკის დროს თვალებში ყურებას მთხოვდა; მაგრამ, როცა მამას ვუყურებდი თვალებში, ის ამას უზრდელობად მითვლიდა. ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობდი“ (პატრიკი, საფრანგეთში მცხოვრები ალჟირელი იმიგრანტი).

მამა ან დედა იმიგრანტია?

□ დიახ □ არა

შენი მშობლიური ენა და კულტურა განსხვავდება იმ ქვეყნის კულტურისა და ენისაგან, სადაც ახლა ცხოვრობ?

□ დიახ □ არა

ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი მიდის საზღვარგარეთ საცხოვრებლად; ბევრი მათგანი დიდ სირთულეებს აწყდება. მოულოდნელად ისინი ისეთი ხალხის გარემოცვაში ხვდებიან, რომლებსაც განსხვავებული ენა, კულტურა და სამოსი აქვთ. შედეგად იმიგრანტები ხშირად დაცინვის ობიექტები ხდებიან. ნიური სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა; ის ოჯახთან ერთად იორდანიიდან ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. „განსხვავებული ჩაცმულობის გამო ხალხი მასხრად გვიგდებდა, — ამბობს ის. — ჩვენ არც ამერიკული იუმორი გვესმოდა“.

ერთი ახალგაზრდა, სახელად ნადია, სხვა სირთულის წინაშე დადგა. «დავიბადე გერმანიაში, — ყვება ის. — მშობლები იტალიელები არიან, რის გამოც გერმანულად იტალიური აქცენტით ვლაპარაკობდი და სკოლაში ბავშვები „სულელ უცხოელს“ მეძახდნენ. მაგრამ, როდესაც იტალიაში ჩავედი, იტალიურად ლაპარაკისას გერმანული აქცენტი მქონდა. ამის გამო თავს ვერც იტალიელად ვგრძნობ და ვერც გერმანელად. სადაც უნდა წავიდე, ყველგან უცხოელი ვარ».

კიდევ რა სირთულეებს აწყდებიან იმიგრანტი მშობლების შვილები? როგორ შეუძლიათ მათ თავიანთი მდგომარეობის საუკეთესოდ გამოყენება?

კულტურული სხვაობა და ენობრივი ბარიერი

ბავშვები, რომლებსაც იმიგრანტი მშობლები ჰყავთ, ოჯახშიც კი კულტურული სხვაობით გამოწვეულ სირთულეს აწყდებიან. როგორ? ხშირ შემთხვევაში მშობლებთან შედარებით ბავშვები უფრო სწრაფად ხდებიან ახალი კულტურის ნაწილი. მაგალითად, ანა რვა წლის იყო, როცა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ინგლისში გადავიდა. „მე და ჩემი ძმა მაშინვე შევეგუეთ ლონდონის გარემოს, — ამბობს ანა. — მაგრამ მშობლებს გაუჭირდათ, რადგან დიდი ხნის მანძილზე პორტუგალიის პატარა კუნძულ მადეირაზე ცხოვრობდნენ“. ვოენი, რომელიც სამი წლის ასაკში კამბოჯელმა მშობლებმა ავსტრალიაში წაიყვანეს, ამბობს: „მშობლებს დღემდე უჭირთ აქაურობასთან შეგუება. მამა ხშირად ღიზიანდებოდა იმის გამო, რომ არ მესმოდა მისი“.

კულტურული სხვაობა ძველ ციხესიმაგრეს შემოვლებული თხრილის მსგავსია, რომელიც შვილებსა და მშობლებს ერთმანეთს აშორებს, ხოლო ენობრივი ბარიერი შეიძლება ამ ციხესიმაგრის გალავანს შევადაროთ, რაც კიდევ უფრო ყოფს ოჯახებს. ეს ბარიერი მაშინ წარმოიქნება, როდესაც ბავშვები ახალ ენას უფრო მალე ეუფლებიან, ვიდრე მშობლები. შვილებსა და მშობლებს შორის გაჩენილი ბარიერი უფრო ძნელი გადასალახავი ხდება მაშინ, როცა შვილებს ავიწყდებათ მშობლიური ენა და მშობლებთან ბოლომდე ვერ ამბობენ თავიანთ სათქმელს.

იენმა, რომელიც ამჟამად 14 წლისაა, დაინახა, რომ მასსა და მშობლებს შორის კედელი მას შემდეგ აღიმართა, რაც მისი ოჯახი ეკვადორიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. „ახლა ინგლისურად უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე ესპანურად, — ამბობს ის. — სკოლაში მასწავლებლები ინგლისურად მელაპარაკებიან, მეგობრებთანაც და ძმასთანაც ინგლისურად ვლაპარაკობ. გონებაში სულ ინგლისური სიტყვები მიტრიალებს და ესპანური თანდათან მავიწყდება“.

შენც იენის მსგავს მდგომარეობაში ხარ? თუ შენი ოჯახი მაშინ გადავიდა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, როცა პატარა იყავი, შესაძლოა ვერ აცნობიერებდი, რომ მშობლიური ენა მოგვიანებით გამოგადგებოდა. ამიტომ მიივიწყე ის. ზემოთ მოხსენიებული ნიური ამბობს: „მამაჩემი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ოჯახში მშობლიურ ენაზე გველაპარაკა, მაგრამ ჩვენ არ გვსურდა არაბულად ლაპარაკი. არაბულის სწავლა ჩვენთვის ზედმეტი ტვირთი იყო. მეგობრები ინგლისურად ლაპარაკობდნენ, ინგლისურ ტელეგადაცემებს ვუყურებდით. რაში გვჭირდებოდა არაბული ენა?!“

როცა წამოიზარდე, შესაძლოა მიხვდი, რამდენად საჭიროა, თავისუფლად ლაპარაკობდე მშობლიურ ენაზე, მაგრამ უკვე უწინდელივით აღარ გამოგდის აზრების თავისუფლად გამოხატვა. „ერთმანეთში ვურევდი ენებს, — ამბობს 13 წლის მაიკლი, რომლის მშობლებიც ჩინეთიდან ინგლისში გადავიდნენ საცხოვრებლად. 15 წლის ორნელა, რომლის ოჯახი კონგოდან (კინშასა) ლონდონში გადავიდა, ყვება: „ვცდილობ დედას ლინგალაზე ვუთხრა რამე, მაგრამ არ გამომდის, რადგან ინგლისურად ლაპარაკი უფრო მიადვილდება“. ავსტრალიაში დაბადებული ლიი, რომელსაც კამბოჯელი მშობლები ჰყავს, სინანულით აღნიშნავს, რომ თავისუფლად ვერ ლაპარაკობს მშობლიურ ენაზე: „როდესაც მინდა მშობლებს დაწვრილებით ავუხსნა, რას ვფიქრობ ამა თუ იმ საკითხზე, ვგრძნობ, რომ მშობლიურ ენაზე ბოლომდე ვერ ვამბობ სათქმელს“.

როგორ შეიძლება ბარიერის გადალახვა

თუ თითქმის დაგავიწყდა მშობლიური ენა, გულს ნუ გაიტეხ. შენ შეგიძლია ისევ ალაპარაკდე შენს ენაზე. მაგრამ პირველ რიგში უნდა გესმოდეს, თუ რაში გჭირდება მშობლიური ენა. რით არის ეს სასარგებლო? „მე ვსწავლობ მშობლიურ ენას, რადგან მსურს, რომ ჩემი ემოციები სრულად გავუზიარო მშობლებს და, რაც მთავარია, სულიერ საკითხებზე ვესაუბრო მათ, — ამბობს სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ჯისვე. — მშობლიური ენის ცოდნა მეხმარება, უკეთ გავუგო მშობლებს და მათი მხარდაჭერაც ვიგრძნო“.

ბევრი ახალგაზრდა ქრისტიანი უკეთ ეუფლება მშობლიურ ენას, რათა სხვა იმიგრანტებს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გაუზიაროს (მათე 24:14; 28:19, 20). „შესანიშნავია, როდესაც შეგიძლია სხვებს ბიბლიის შესახებ ორ ენაზე ელაპარაკო! — ამბობს სალომაუ, რომელიც ხუთი წლის ასაკში მშობლებმა ლონდონში გადაიყვანეს. — თითქმის დამავიწყდა ჩემი ენა, მაგრამ ახლა პორტუგალიურ კრებაში დავდივარ და თავისუფლად ვლაპარაკობ როგორც ინგლისურად, ისე პორტუგალიურად“. ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები 15 წლის ოლეგი აღნიშნავს: „სიხარულს მანიჭებს სხვების დახმარება. შემიძლია ბიბლიაზე ვისაუბრო რუსულ, ფრანგულ და მოლდავურ ენებზე“. ნიურმა დაინახა არაბულ ენაზე ქადაგების საჭიროება. ის ამბობს: „ახლა არაბულს ვსწავლობ და ვცდილობ გავიხსენო ის. შევიცვალე თვალსაზრისი; როდესაც შეცდომას ვუშვებ, მინდა, რომ შემისწორონ. მსურს ვისწავლო ჩემი ენა“.

რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ უწინდელივით თავისუფლად ილაპარაკო მშობლიურ ენაზე? ზოგი ოჯახი ცდილობს, სახლში მხოლოდ მშობლიურ ენაზე ილაპარაკოს; ამგვარად შვილებს ორივე ენა კარგად ეცოდინებათ *. ალბათ გინდა, რომ მშობლებმა წერაც გასწავლონ. გერმანიაში გაზრდილი ბერძენი სტელისი ყვება: „მშობლებთან ერთად ყოველდღიურ მუხლს ბერძნულად განვიხილავდი. ისინი ხმამაღლა მიკითხავდნენ, მე კი ვწერდი. ახლა თავისუფლად ვწერ და ვკითხულობ ბერძნულადაც და გერმანულადაც“.

ნამდვილად კარგია, თუ ორ კულტურას იცნობ და ორ ან მეტ ენაზე ლაპარაკობ. ეს საშუალებას გაძლევს, გაუგო ამ კულტურის ხალხს და ისაუბრო მათთან ღვთის შესახებ. ბიბლიაში ნათქვამია: „კაცს თავისი პირით გაცემული პასუხი ახარებს. რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავები 15:23). ინგლისში დაბადებული ინდოელი პრიტი აღნიშნავს: „მსახურებაში უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან ორი კულტურის წარმომადგენლების მესმის. კარგად ვიცნობ ორივე კულტურის წარმომადგენელთა ცხოვრების წესს — მათ მრწამსსა და მენტალიტეტს“.

„ღმერთი მიკერძოებული არ არის“

გულს ნუ გაიტეხ, თუ ორივე ქვეყანაში უცხოდ გრძნობ თავს. შენი მდგომარეობა ბიბლიის რამდენიმე პერსონაჟის მდგომარეობას ჰგავს. მაგალითად, იოსები ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მშობლიური ისრაელიდან ეგვიპტეში წაიყვანეს, სადაც ცხოვრების დარჩენილი ნაწილი გაატარა. მიუხედავად ამისა, მას არ დავიწყებია მშობლიური ენა (დაბადება 45:1—4). შედეგად, მან თავისი ოჯახისთვის დახმარების აღმოჩენა შეძლო (დაბადება 39:1; 45:5).

ტიმოთეს, რომელიც ხშირად მოგზაურობდა პავლე მოციქულთან ერთად, მამა ბერძენი ჰყავდა, დედა კი ებრაელი (საქმეები 16:1—3). სხვადასხვა ეროვნების მშობლების ყოლას ტიმოთესთვის ხელი კი არ შეუშლია, პირიქით, ის კარგად იცნობდა ორივე კულტურას, რაც უეჭველად დაეხმარებოდა მისიონერულ მსახურებაში (ფილიპელები 2:19—22).

შენც ფიქრობ, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა დაბრკოლებას კი არ გიქმნის, არამედ მეტის კეთების შესაძლებლობას გაძლევს? გახსოვდეს, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). იეჰოვას შენ უყვარხარ და არა შენი წარმომავლობა. შეგიძლია ამ სტატიაში მოხსენიებული ახალგაზრდების მსგავსად გამოიყენო შენი ცოდნა და გამოცდილება, რათა შენივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს მიუკერძოებელი და მოსიყვარულე ღმერთი იეჰოვა გააცნო? ამგვარად მოქმედება ბედნიერებას მოგიტანს! (საქმეები 20:35).

სერიიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ სხვა სტატიების ნახვა შეგიძლია შემდეგ ვებ-საიტზე: www.watchtower.org/ype

დაფიქრდი

▪ კულტურული სხვაობით გამოწვეული რა სირთულეების წინაშე დგახარ?

▪ როგორ შეგიძლია გადალახო ეს სირთულეები?

[სქოლიო]

^ აბზ. 21 სხვა პრაქტიკული რჩევები იხილეთ 2002 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში „შვილების აღზრდა უცხო ქვეყანაში — სირთულეები და კურთხევები“.

[სურათი 20 გვერდზე]

მშობლიურ ენაზე ლაპარაკი უფრო დაგაახლოებს მშობლებთან