არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთია დამნაშავე?

ღმერთია დამნაშავე?

ღმერთია დამნაშავე?

„ღმერთი სიყვარულია“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 იოანე 4:8). ის აგრეთვე სამართლიანი და მოწყალეა. „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კანონი 32:4).

როგორც შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს ყველაფერი, რაც ადამიანებს ზიანს მიაყენებდა, და მათ საკეთილდღეოდ იმოქმედოს. გასაკვირი არ არის, რომ მრავალი, ვისთვისაც ცნობილია ეს ფაქტი და იცის, როგორ პიროვნებად წარმოგვიდგენს ბიბლია ღმერთს, სვამს კითხვას: „რატომ უშვებს ღმერთი სტიქიურ უბედურებებს?“ * მილიონობით გულწრფელმა ადამიანმა დაინახა, რომ ამ კითხვაზე ყველაზე დამაჯერებლად თავად ღმერთი გვპასუხობს თავის სიტყვაში (2 ტიმოთე 3:16). გთხოვთ, დაფიქრდეთ ქვემოაღნიშნულზე.

მათ არაფრად ჩააგდეს ღვთის სიყვარული

ბიბლია მოგვითხრობს, რომ ღმერთმა პირველ ადამიანებს ყველაფერი მისცა, რაც მათი ბედნიერი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის იყო საჭირო. პირველ წყვილსა და მათ შთამომავლობას ღვთის მითითების თანახმად, უნდა ‘ენაყოფიერათ, ემრავლათ და აევსოთ დედამიწა’. ამ შემთხვევაში მათ შეეძლოთ დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ღმერთი კვლავ იზრუნებდა მათზე (დაბადება 1:28).

სამწუხაროდ, ადამმა და ევამ განზრახ აქციეს ზურგი თავიანთ შემოქმედს და მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება არჩიეს (დაბადება 1:28; 3:1—6). მათი შთამომავლობიდან უმრავლესობაც მათ ნაკვალევს მიჰყვა (დაბადება 6:5, 6, 11, 12). მოკლედ რომ ვთქვათ, კაცობრიობამ არჩია, თავისი თავისა და სახლის — დედამიწის — ბატონ-პატრონი თვითონ გამხდარიყო და უარი ეთქვა ღვთის ყოველგვარ ხელმძღვანელობაზე. ღმერთი სიყვარულია და არ ხელყოფს ადამიანის თავისუფალ ნებას; ის არავის აიძულებს, აღიაროს მისი უზენაესობა მიუხედავად იმისა, რომ კაცის მიერ არჩეულ კურსს შეიძლება საზიანო შედეგი მოჰყვეს *.

არჩეული კურსის მიუხედავად, იეჰოვას არ მიუტოვებია ადამიანები. დღემდე „მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათე 5:45). უფრო მეტიც, იეჰოვამ ადამიანებს მისცა უნარი, შეესწავლათ დედამიწა, დაკვირვებოდნენ ბუნებაში არსებულ წრებრუნვებს და მიღებული ცოდნის საფუძველზე წინასწარ განესაზღვრათ მოსალოდნელი ამინდის რადიკალური ცვალებადობა და სხვა საშიშროებები, მაგალითად, ვულკანური ამოფრქვევები.

ადამიანებმა ისიც იციან, ყველაზე მეტად დედამიწის რომელ ნაწილში შეიმჩნევა სეისმური რხევები და ამინდის რადიკალური ცვალებადობა. ზოგ ქვეყანაში ამის ცოდნამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მაგალითად, ხალხს ასწავლიან, როგორ მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციაში; აგრეთვე შეიმუშავეს უკეთესი სამშენებლო მეთოდები და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უფრო ოპერატიულად აფრთხილებენ ხალხს. და მაინც, ყოველწლიურად იზრდება სტიქიურ უბედურებათა რიცხვი. ამის მრავალი მიზეზი არსებობს და მათი გამოკვლევა საკმაოდ რთულია.

სახიფათო ზონაში ცხოვრება

სტიქიური უბედურების დამანგრეველ ძალას ყოველთვის ბუნებრივი მოვლენის ძალა კი არ განსაზღვრავს, არამედ ის, თუ რამდენად მჭიდროდ არის დასახლებული სტიქიური უბედურების ზონა. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 160-ზე მეტ ქვეყანაში მოსახლეობის მეოთხედზე მეტი სტიქიური უბედურების იმ ზონაში ცხოვრობს, სადაც დიდია ხალხის დაღუპვის საშიშროება. „რაც უფრო მეტი ხალხია დასახლებული სახიფათო ზონაში, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ბუნებრივი მოვლენა სტიქიურ უბედურებად იქცეს“ — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომელი, მეცნიერი კლაუს ჯეიკობი.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ძალიან სწრაფად და დაუგეგმავად ხდება ურბანიზაცია, ტყეების გაჩეხვა და მიწის ზედაპირის დიდი ნაწილის ბეტონით დაფარვა, რის გამოც ნიადაგი ვერ იწოვს წვიმის წყალს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ტყეების გაჩეხვა და მიწის ზედაპირის დიდი ნაწილის ბეტონით დაფარვა იწვევს ეროზიასა და დიდ წყალდიდობას.

შეიძლება მიწისძვრა დიდ უბედურებად იქცეს ადამიანისავე მიზეზით, რადგან ხალხის დაშავებასა და სიკვდილს სეისმური ტალღები კი არა, შენობების ნგრევა განაპირობებს. სეისმოლოგები არცთუ უსაფუძვლოდ ამბობენ: „მიწისძვრა კი არ ხოცავს ხალხს, არამედ შენობები“.

დახოცილთა რიცხვის ზრდა შეიძლება ხელისუფალთა არაკომპეტენტურობამაც გამოიწვიოს. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქი მიწისძვრამ ბოლო 400 წლის განმავლობაში სამჯერ გაასწორა მიწასთან. ბოლო მიწისძვრის შემდეგ, რომელიც იქ 1967 წელს მოხდა, მოსახლეობის რიცხვი ორჯერ გაიზარდა და ხუთ მილიონს მიაღწია. „მაგრამ სამშენებლო ნორმები და წესები, რომლებიც მოსახლეობას დაიცავდა, ან არ არსებობს, ან უგულებელყოფილია“, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“.

იგივე შეიძლება ითქვას ახალ ორლეანზე (ლუიზიანას შტატი, აშშ), რომელიც ისეთ ადგილზე აშენდა, სადაც ხშირია წყალდიდობები. დამბებისა და არაერთი წყალსაქაჩის არსებობის მიუხედავად, უბედურებას, რისი შიშიც ჰქონდათ, საბოლოოდ ვერ გაექცნენ 2005 წელს ქარიშხალ „კატრინას“ ამოვარდნისას. ჟურნალში „იუ-ეს-ეი ტუდეი“ აღნიშნული იყო, რომ ხალხი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაფრთხილებებს ან უგულებელყოფდა, ან მათზე სათანადოდ არ რეაგირებდა.

არც გლობალურ დათბობას აქცევენ დიდ ყურადღებას, რის გამოც მრავალი მეცნიერის აზრით, მოიმატებს ზღვის დონე და უფრო დამანგრეველი გახდება სტიქიური უბედურებები. აშკარაა, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაშიც ღვთის ხელი არ ურევია. ადამიანის მიზეზით შექმნილი ამგვარი მდგომარეობა გვახსენებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას: „კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი — როგორ რეაგირებს ხალხი ბუნების თუ ხელისუფლების გაფრთხილებებზე.

ისწავლეთ გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობა

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სტიქიური უბედურება შეიძლება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდეს. „ყველა ადამიანზე [თითოეულ ჩვენგანზე] დრო და შემთხვევა მოქმედებს“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 9:11-ში. მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბედურების მომასწავებელი რაღაც ნიშანი მაინც არსებობს, იქნება ეს ბუნებრივი მოვლენა თუ ხელისუფლებისგან გაფრთხილება. როდესაც ადამიანებმა იციან, რაზე მიანიშნებს ესა თუ ის მოვლენა, გადარჩენის მეტი შესაძლებლობა ეძლევათ.

2004 წელს, როდესაც ინდონეზიას ცუნამი დაატყდა თავს, სიმალიუს მრავალათასიან კუნძულზე მხოლოდ 7 ადამიანი დაიღუპა. ვინაიდან იცოდნენ, რომ ზღვის უჩვეულო მიქცევა ცუნამის მომასწავებელი იყო, უმრავლესობამ გაქცევით უშველა თავს. ამის მსგავსად, ხალხი, რომელმაც მხედველობაში მიიღო გაფრთხილება, ძლიერ შტორმსა და ვულკანის ამოფრქვევას გადაურჩა. ვინაიდან ბუნება ადამიანებს ზოგჯერ უფრო ადრე აფრთხილებს, ვიდრე ხელისუფლება, გონივრულია, ყურად იღოთ როგორც ერთის, ისე მეორის გაფრთხილება განსაკუთრებით მაშინ, თუ სახიფათო ზონაში ცხოვრობთ.

სამწუხაროდ, როგორც ერთი ვულკანოლოგი ამბობს, „ხალხი იმ დროსაც კი არ რეაგირებს გაფრთხილებაზე, როდესაც საშიშროება აშკარაა“. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა სახიფათო ზონაში არაერთხელ არის ცრუ განგაში ან სტიქიური უბედურება დიდი ხნის განმავლობაში არ ფიქსირდება. ზოგჯერ ხალხს მაშინაც კი არ ეთმობა თავისი ქონება, როდესაც უბედურება გარდაუვალია.

მრავალ რეგიონში ხალხი იმდენად ღარიბია, რომ ვერ შეიცვლის საცხოვრებელს და უსაფრთხო ადგილზე ვერ გადავა. ხოლო სიღარიბე იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავე ღმერთი კი არა, თავად ადამიანები არიან. მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ შეიარაღებაზე, მაგრამ მიზერულს — გაჭირვებულთა დასახმარებლად.

რა მდგომარეობაშიც უნდა იყვნენ, ადამიანთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია გარკვეული დახმარება. როგორ? ღმერთმა თავის სიტყვაში, წმინდა ბიბლიაში, მოგვცა მრავალი შესანიშნავი პრინციპი, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც ადამიანს შეუძლია, გადარჩეს.

სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი პრინციპები

არ გამოსცადოთ ღმერთი. „არ გამოსცადოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ — ნათქვამია კანონის 6:16-ში. ჭეშმარიტ ქრისტიანებს არა აქვთ ცრუ რწმენა და არ ფიქრობენ, რომ ღმერთი ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს მათ ფიზიკური ზიანისგან. ამიტომ, როცა საფრთხის წინაშე დგანან, ისინი ღვთის შთაგონებით დაწერილი რჩევის თანახმად იქცევიან: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3).

სიცოცხლე ქონებაზე მეტად უნდა დააფასოთ. „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). ქონება გარკვეულწილად სასარგებლოა, მაგრამ მკვდრისთვის — სრულიად უსარგებლო. ამიტომ, ვისაც სიცოცხლე უყვარს და ღვთის მსახურებას აფასებს, ქონების გადასარჩენად საფრთხეში არ ჩაიგდებს თავს (ფსალმუნი 115:17).

2004 წელს იაპონელმა ტადაშიმ მიწისძვრის შემდეგ სასწრაფოდ დატოვა სახლი მანამ, სანამ ხელისუფლება მოსახლეობას კონკრეტულ მითითებებს მისცემდა. მისთვის სიცოცხლე უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე სახლი და ქონება. იმავე რეგიონში მცხოვრები აკირა ამბობს: „სტიქიური უბედურებებით მიყენებულ ზარალს მატერიალური დანაკარგი კი არა, ადამიანთა შეხედულება განსაზღვრავს. ჩემთვის ეს უბედურება ცხოვრების გამარტივების კარგი შესაძლებლობა იყო“.

ყურად იღეთ ხელისუფლების გაფრთხილება. ‘დაემორჩილეთ უმაღლეს ხელისუფალთ’ (რომაელები 13:1). გონივრულია, ყურად იღოთ ხელისუფლების მოთხოვნა ევაკუაციის ან უსაფრთხოების გარკვეული ზომების მიღების შესახებ. ტადაშიმ გაითვალისწინა ეს მითითება და დარჩა უსაფრთხო ადგილას, რისი წყალობითაც მიწისძვრის შემდეგ ბიძგების გამეორებისას დაშავებასა და სიკვდილს გადაურჩა.

როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას არ აფრთხილებს მოსალოდნელი უბედურების შესახებ, ხალხმა თავად უნდა მიიღოს მხედველობაში ყველა არსებული ფაქტი და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის და როგორ იმოქმედოს. ზოგ რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დროულ მითითებებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ უბედურების შემთხვევაში. თუ თქვენს რეგიონშიც შესაძლებელია მსგავსი მითითებების მიღება, კარგად გაეცანით მათ? განგიხილავთ ისინი ოჯახთან ერთად? (იხილეთ ჩარჩო „გაქვთ ყველაფერი მომზადებული?“) ადგილობრივი ფილიალების ხელმძღვანელობით მსოფლიოს მრავალ კუთხეში იეჰოვას მოწმეთა კრებებმა წინასწარ დაადგინეს, რა სასწრაფო ზომებისთვის უნდა მიემართათ სტიქიური უბედურების საშიშროების წარმოქმნისას ან სტიქიური უბედურების დროს, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.

გამოავლინეთ ქრისტიანული სიყვარული. იესომ თქვა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ“ (იოანე 13:34). ხალხი, რომელიც ქრისტეს მსგავსად თავგანწირულ სიყვარულს ავლენს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სტიქიურ უბედურებამდე თუ სტიქიური უბედურების შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარონ. იეჰოვას მოწმეთა კრების უხუცესები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა კრების თითოეულ წევრს დაუკავშირდნენ იმის გასაგებად, გავიდნენ თუ არა სახიფათო ზონიდან ან გაყვანა ხომ არ ესაჭიროებათ. გარდა ამისა, იგებენ, აქვთ თუ არა კრების წევრებს ყველაფერი, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია, მაგალითად, სუფთა სასმელი წყალი, საკვები, ტანსაცმელი და საჭირო მედიკამენტები. ის მოწმეები, რომელთაც სტიქიური უბედურება არ შეხებიათ, სიამოვნებით იღებენ თავიანთ სახლებში დაზარალებულ თანამორწმუნეებს. ასეთი სიყვარული მართლაც რომ „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).

მიიღებს სტიქიური უბედურებები უფრო მასშტაბურ სახეს, როგორც ამას ზოგიერთი ვარაუდობს? შეიძლება, მაგრამ მხოლოდ დროებით. რატომ? ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრების ტრაგიკული ხანა მალე დასრულდება. შემდეგ კი იეჰოვას უზენაესი ხელისუფლება სიყვარულით უხელმძღვანელებს მთელ დედამიწას და მის ყველა მკვიდრს, რასაც დიდი კურთხევები მოჰყვება; ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 მიწისძვრა, ვულკანური ამოფრქვევა, ამინდის რადიკალური ცვალებადობა ან სხვა მსგავსი მოვლენა თავისთავად არ არის სტიქიური უბედურება. ეს მოვლენები მაშინ იღებს სტიქიური უბედურების სახეს, როდესაც მათ ადამიანთა სიცოცხლე და ქონება ეწირება.

^ აბზ. 6 უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რატომ უშვებს ღმერთი დროებით ტანჯვასა და ბოროტებას, მოცემულია ამ ჟურნალის 2006 წლის ნოემბრის ნომრის სტატიათა სერიაში „რატომ? ამ ურთულეს კითხვაზე პასუხი არსებობს“ და ასევე წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-11 თავში (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[ჩარჩო/სურათი 7 გვერდზე]

გაქვთ ყველაფერი მომზადებული?

ნიუ-იორკ სიტის საგანგებო მდგომარეობათა ბიუროს რჩევით, მოსახლეობა მზად უნდა იყოს ევაკუაციისთვის და საჭირო ნივთები სპეციალურ ჩანთაში უნდა ჰქონდეს ჩალაგებული. ეს ჩანთა უნდა იყოს გამძლე, მოხერხებული, ადვილად სატარებელი, და მასში აუცილებელი საგნები უნდა იდოს. ჩანთაში ჩაალაგეთ: *

▪ წყალგაუმტარ ჩასადებში შენახული მნიშვნელოვანი დოკუმენტები

▪ მანქანისა და სახლის გასაღებების ასლები

▪ საკრედიტო და დებეტური ბარათები და ნაღდი ფული

▪ ბოთლით წყალი და საკვები, რომელიც მალე არ ფუჭდება

▪ ფარანი, რადიო, მობილური ტელეფონი (თუ გაქვთ), დამატებითი ბატარეები

▪ მედიკამენტები, სულ მცირე, ერთი კვირის სამყოფი; ექიმის დანიშნულება, ექიმების სახელები და ტელეფონის ნომრები (დარწმუნდით, რომ წამლები ვადაგასული არ არის. საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ)

▪ პირველი დახმარების ყუთი

▪ გამძლე, კომფორტული ფეხსაცმელი და საწვიმარი

▪ ფურცელი, რომელზეც ეწერება ოჯახის წევრებთან შეხვედრის ადგილი, და თქვენი რეგიონის რუკა

▪ პატარა ბავშვისთვის აუცილებელი ნივთები

[სქოლიო]

^ აბზ. 35 ეს სია შედგენილია ხელისუფლების მოთხოვნების მიხედვით, თუმცა მასში მცირე ცვლილებებია შეტანილი. თქვენ შემთხვევაში ყველა ჩამოთვლილი ნივთის თან ქონა შეიძლება არ იყოს აუცილებელი ან, პირიქით, შესაძლოა რაღაცის დამატება დაგჭირდეთ. მაგალითად, ხანდაზმულებსა და ინვალიდებს განსაკუთრებული მოთხოვნილებები აქვთ; ამიტომ მათ სხვა რამეც დასჭირდებათ.

[საავტორო უფლება დაცულია 4 გვერდზე]

USGS, David A. Johnston, Cascades Volcano Observatory