ბრაზილიელი ინდიელები ემუქრებათ მათ გადაშენება?
ბრაზილიელი ინდიელები ემუქრებათ მათ გადაშენება?
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბრაზილიიდან
შინგუს ეროვნული პარკი მდებარეობს ბრაზილიის შტატ მატუ-გროსუში. მისი ფართობი შეადგენს 27 000 კვადრატულ კილომეტრს, რაც თითქმის სომხეთის ტერიტორიის ტოლია. ამ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 3 600 ინდიელი, რომლებიც 14 ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებზე ეს პარკი ჰგავს მწვანე კუნძულს, რომელიც თითქოს „დიდი ბილიარდის მაგიდის“ შუაგულში მოუთავსებიათ. ტყეები, რომლებიც ერთ დროს მას გარშემო აკრავდა, ან დაწვეს იმისთვის, რომ ტყის მკაფავებს ძვირფასმერქნიან ხეებთან მისასვლელი ჰქონოდათ, ან საქონლის საძოვრებად აქციეს.
გასული საუკუნის 60-იან წლებში ბრაზილიის მთავრობამ გამოყო ტერიტორიები ინდიელთა რეზერვაციების შესაქმნელად. ამ რეზერვაციებს, რომლებიც უმეტესად მდინარე ამაზონის რეგიონში მდებარეობს, ბრაზილიის ტერიტორიის დაახლოებით 12 პროცენტი უკავია. რეზერვაციების შექმნამ მოულოდნელი შედეგი გამოიღო — ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად მოხდა ბრაზილიის ინდიელი მოსახლეობის ზრდა! ფიქრობენ, რომ მათი რიცხვი დღესდღეობით დაახლოებით სამასი ათასს შეადგენს. თუმცა, ეს რიცხვი ძალიან მცირეა 1500 წელს მცხოვრები ინდიელი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით — როგორც ვარაუდობენ, იმ დროს მათი რიცხვი ორიდან ექვს მილიონამდე აღწევდა.
როგორც ერთი მწერალი აღნიშნავს, ბოლო 500 წლის განმავლობაში „დიდი დემოგრაფიული კატასტროფა მოხდა“. რამ გამოიწვია ინდიელი მოსახლეობის ასეთი მკვეთრი კლება? ნიშნავს ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდა იმას, რომ ბრაზილიელ ინდიელებს აღარ ემუქრებათ გადაშენების საშიშროება?
როგორ დაიწყო კოლონიზაცია?
1500 წელს პორტუგალიელებმა პირველად შედგეს ფეხი ბრაზილიის მიწაზე და ის თავიანთი ქვეყნის საკუთრებად გამოაცხადეს. პირველი 30 წლის განმავლობაში კოლონიზატორების ინტერესები ძირითადად უკავშირდებოდა ბრაზილიურ ხეს (პაუ-ბრაზილს), რომლის მაგარი მერქნისგან წითელი საღებავი მიიღებოდა. სწორედ ამ ხის სახელწოდებიდან მომდინარეობს ქვეყნის სახელი — ბრაზილია. ეს ხე ძალიან ფასობდა ევროპაში. მის მოსაპოვებლად ევროპელებს იაფფასიანი სამკაულები ჩაჰქონდათ ინდიელებთან და სანაცვლოდ ძვირადღირებული ხე მოჰქონდათ.
მაგრამ მალე ევროპელების ყურადღება სხვა რამემაც მიიპყრო. როგორც მათ შენიშნეს, ბრაზილიის კლიმატი ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა შაქრის ლერწმის მოსაყვანად. თუმცა, არსებობდა ერთი დაბრკოლება. შაქრის ლერწმის მოყვანა დიდ შრომას მოითხოვდა და, შესაბამისად, ბევრი მუშა-ხელი იყო საჭირო; ამის გამო კი მონებზე მოთხოვნა გაიზარდა. მონების საძებრად კი ახალმოსახლეებს შორს წასვლა არ დასჭირვებიათ, ინდიელები ხომ იქვე იყვნენ!
როგორ დაიმონეს ინდიელები?
ინდიელებს იმდენი მოსავალი მოჰყავდათ, რაც საარსებოდ ჰყოფნიდათ. მამაკაცები ძირითადად ნადირობითა და თევზჭერით იყვნენ დაკავებული. გარდა ამისა, ისინი მძიმედ შრომობდნენ, რომ ტყე გაესუფთავებინათ, მაგალითად, გამოუსადეგარი ხეები მოეჭრათ. ქალები მიწას ამუშავებდნენ, მოსავალს იღებდნენ და საჭმელს ამზადებდნენ. ევროპის მაღალი საზოგადოება აღტაცებული იყო სიმდიდრისადმი ინდიელთა, ერთი შეხედვით, გულგრილი დამოკიდებულებითა და იმით, რომ ეს ხალხი არ იყო ხარბი. თუმცა, ყველა როდი იზიარებდა მათ შეხედულებას. მაგალითად, მრავალი ახალმოსახლე ინდიელებს უქნარებად მიიჩნევდა.
უცხოელებისადმი მეგობრულად განწყობილ ინდიელებს უბიძგებდნენ, რომ საცხოვრებლად პორტუგალიელთა დასახლებებთან ახლოს გადასულიყვნენ, რათა ახალმოსახლეთათვის ემუშავათ და დაეცვათ ისინი. ინდიელებს ხშირად ამისკენ იეზუიტები და სხვა რელიგიური ორდენების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ. ამ უკანასკნელთ ვერც კი წარმოედგინათ, რა სავალალო შედეგს
მოუტანდა ეს ინდიელებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალმოსახლეებმა ინდიელებს კანონით აღუთქვეს, რომ არ შეეხებოდნენ მათ მიწას და არც მათ თავისუფლებას ხელყოფდნენ, სინამდვილეში, მათ ისინი თავიანთ მონებად აქციეს. მათ ათასში ერთხელ უხდიდნენ გასამრჯელოს და საკუთარი მიწის დამუშავების საშუალებასაც იშვიათად აძლევდნენ.მართალია, პორტუგალიის მონარქისტული მთავრობა შეეცადა მონობის აკრძალვას, მაგრამ ამას დიდი შედეგი არ მოჰყოლია. ახალმოსახლეები ჩვეულებრივ ისეთ ხრიკებს მიმართავდნენ, რომ რამენაირად გვერდი აევლოთ მონობის საწინააღმდეგო კანონებისთვის. მაგალითად, ჩვეულებრივ დაშვებული იყო ეგრეთ წოდებულ „სამართლიან ომებში“ დატყვევებული, მტრად მიჩნეული ინდიელების დამონება ან მონებად გაყიდვა. გარდა ამისა, ახალმოსახლეს იმ შემთხვევაშიც შეეძლო ჰყოლოდა ინდიელი მონა, თუ მას სხვა ტომის ტყვეობიდან გარკვეული თანხის გადახდით დაიხსნიდა, ანუ „გამოისყიდიდა“.
საბოლოო ჯამში, ინდიელების ბედი მაინც შაქრის წარმოებამ გადაწყვიტა, რადგან კოლონიის მომავალი ძირითადად ამ საქმის წამოწყებამ განსაზღვრა. შაქრის წარმოება კი, თავის მხრივ, მონების შრომაზე იყო დამოკიდებული. ამიტომაც, პორტუგალიის მთავრობას ხშირად უწევდა საკუთარი სინდისის ხმის ჩახშობა იმის გამო, რომ ამ საქმიდან დიდი მოგება ენახა.
კოლონიზატორების დაპირისპირება — პორტუგალია საფრანგეთისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ
კოლონიზატორების დაპირისპირებების დროს ძირითადად მაინც ინდიელები ზარალდებოდნენ. პორტუგალიას მეტოქეობას უწევდნენ საფრანგეთი და ჰოლანდია — მათ სურდათ, თავად დაპატრონებოდნენ ბრაზილიას. ეს ორი ქვეყანა ცდილობდა, რომ ინდიელთა მხარდაჭერით დაპირისპირებოდა პორტუგალიას. ინდიელები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათ „ქომაგებს“ სინამდვილეში თავად სურდათ მათი მიწის ხელში ჩაგდება. ინდიელები ფიქრობდნენ, რომ ამ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებით მათ საშუალება მიეცემოდათ, შური ეძიათ თავიანთ მტრებზე — ინდიელთა სხვა ტომებზე. სწორედ ამიტომ ჩაებნენ ისინი უცხოელთა კონფლიქტში.
მაგალითად, 1555 წლის 10 ნოემბერს ფრანგი დიდგვაროვანი ნიკოლა დე ვილგანიონი შევიდა გუანაბარის უბეში (დღევანდელი რიო-დე-ჟანეირო) და ფორტი ააგო. ის დაუკავშირდა ადგილობრივი ტამოიოს ტომის ინდიელებს. პორტუგალიელებმა ტუპინამბას ტომის ინდიელები ჩამოიყვანეს ბაიადან და 1560 წლის მარტში საბოლოო იერიში მიიტანეს ფორტზე, რომელიც, ერთი შეხედვით, აუღებელი ჩანდა. ფრანგები დამარცხდნენ, მაგრამ ისინი განაგრძობდნენ ტამოიოს ტომის ინდიელებთან ვაჭრობას და აქეზებდნენ მათ, რომ პორტუგალიელების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. არაერთი შეტაკების შემდეგ ტამოიოს ტომის ინდიელები საბოლოოდ დამარცხდნენ. ერთ-ერთი ცნობის თანახმად მხოლოდ ერთ ბრძოლაში 10 000 ინდიელი დაეცა, ხოლო 20 000 მონად წაიყვანეს.
ევროპიდან შემოტანილი საშინელი დაავადებები
თავდაპირველად, როდესაც პორტუგალიელები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, ჩანდა, რომ მათ კარგი ჯანმრთელობა ჰქონდათ. ბრაზილიაში ჩასული ევროპელები თვლიდნენ, რომ მრავალი ადგილობრივი მოსახლე ას წელს იყო გადაცილებული. მაგრამ, ინდიელებს არ ჰქონდათ ისეთი იმუნიტეტი, რომელიც ევროპიდან და აფრიკიდან შემოტანილი დაავადებებისგან დაიცავდა მათ. როგორც ჩანს, სხვა ყველაფერზე მეტად სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ინდიელები გადაშენების პირას მივიდნენ.
პორტუგალიელების ჩანაწერები სავსეა ცნობებით იმ საშინელი ეპიდემიების შესახებ, რომლებმაც მკვეთრად შეამცირა ინდიელი მოსახლეობის რაოდენობა. 1561 წელს პორტუგალიაში გავრცელდა ყვავილის ეპიდემია, რომელმაც ატლანტის ოკეანის გაღმა, პორტუგალიის კოლონიამდეც ჩააღწია. ამას შემზარავი შედეგები მოჰყვა. ეპიდემიით გამოწვეული საშინელი ტრაგედიის შესახებ იეზუიტი ლეონარდო დო ვალე 1563 წლის 12 მაისს წერილში წერდა: „ეს იყო ყვავილის დაავადების ძალიან მძიმე ფორმა. დაავადებულებს იმდენად საზიზღარი სუნი ასდიოდათ, რომ მათ გვერდით ვერავინ ჩერდებოდა და მოსავლელადაც ვერავინ ეკარებოდა. ამიტომ ისინი უპატრონოდ მიტოვებულები კვდებოდნენ. გამონაყარის ადგილას დაავადებულებს მთელ სხეულზე უამრავი დიდი მატლი უჩნდებოდათ, რომლებიც ცოცხლად ჭამდნენ მათ. ეს ისეთი საშინელი სანახავი იყო, რომ ყველას თავზარი ეცემოდა“.
იეზუიტების გაოგნების მიზეზი
რასების ერთმანეთში შერევამაც თავისი წვლილი შეიტანა მრავალი ტომის გადაშენებაში. «არც პორტუგალიელები და არც ბრაზილიის მკვიდრნი არ იყვნენ იმის
წინააღმდეგნი, რომ შერეული „ოჯახები“ ჰქონოდათ», — ნათქვამია წიგნში „წითელი ოქრო — ბრაზილიელი ინდიელების დაპყრობა“. ინდიელებში სტუმართმოყვარეობად ითვლებოდა უცხოსთვის ქალის, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ქალიშვილის, შეთავაზება. როდესაც იეზუიტები 1549 წელს პირველად ჩავიდნენ ბრაზილიაში, იქ ნანახის გამო გაოგნებულები დარჩნენ. „ისინი [სამღვდელოების წარმომადგენლები] სახალხოდ ეუბნებიან მამაკაცებს, რომ ფერადკანიან ქალებთან ცხოვრება უკანონობად არ ითვლება . . . ახალმოსახლეებს ყველა ინდიელი [მონა] ქალი საყვარლად ჰყავს“, — წუხდა იეზუიტი მანუელ და ნობრეგა. პორტუგალიის მეფეს შეატყობინეს, რომ ერთ ახალმოსახლეს ‘იმდენი შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი და მათი შთამომავლობა ჰყავდა’, რომ, როგორც ამ ინფორმაციის მიმწოდებელმა მეფეს უთხრა, ის ‘ვერ უბედავდა მის უდიდებულესობას ამ რიცხვის დასახელებას’.მეჩვიდმეტე საუკუნის შუა პერიოდში იმ ინდიელებიდან, რომლებიც ერთ დროს ბრაზილიის სანაპიროზე მჭიდროდ იყვნენ დასახლებულები, ზოგი ეპიდემიისგან დაიღუპა, ზოგი მონად აქციეს და ზოგიც ევროპელ ხალხში გაითქვიფა. მალე ამაზონის რეგიონში მცხოვრებ ინდიელთა ტომებსაც იგივე ბედი ეწიათ.
როდესაც პორტუგალიელები ამაზონის რეგიონში ჩავიდნენ, მათ იქ „ნადირობის სეზონი“ გახსნეს — ამაზონის დაბლობში მცხოვრები ინდიელების უმოწყალო ხოცვა დაიწყეს. მარანიანის გენერალური ვიკარის მანუელ ტეიხეირას სიტყვების თანახმად, რამდენიმე ათწლეულში პორტუგალიელებმა თითქმის ორი მილიონი ინდიელი მოკლეს მარანიანსა და პარაში. ეს ციფრი შეიძლება ცოტა გაზვიადებული იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ინდიელებს საშინლად ეპყრობოდნენ და ხოცავდნენ. მოგვიანებით, მსგავსადვე მოექცნენ ამაზონის რეგიონის ზემო ნაწილში მცხოვრებ ინდიელებს. მე-18 საუკუნის შუა პერიოდში ამაზონის რეგიონში, თუ არ ჩავთვლით შორეულ რაიონებს, თითქმის მთლიანად გაქრა ადგილობრივი ინდიელი მოსახლეობა.
მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნეში ამაზონის რეგიონის მრავალი შორეული რაიონის განვითარებას შედეგად ის მოჰყვა, რომ თანდათანობით თეთრკანიანებმა ურთიერთობა დაიწყეს ინდიელთა გადარჩენილ ტომებთან. 1839 წელს ჩარლზ გუდიარის მიერ ვულკანიზაციის პროცესის აღმოჩენის შემდეგ რეზინის საბურავები გამოიგონეს, რამაც რეზინზე მოთხოვნილება გაზარდა. ვაჭრები მიაწყდნენ ამაზონის რეგიონს, რომელიც ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მოიპოვებოდა ნატურალური კაუჩუკი. ამ პერიოდში ძალით ამუშავებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ინდიელების მკვეთრი რიცხობრივი კლების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.
რა მოუტანა მე-20 საუკუნემ ინდიელებს?
1970 წელს ბრაზილიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის შიგნით გაეყვანა მაგისტრალები, რათა ამაზონის რეგიონის შორეულ რაიონებამდე შესაძლებელი ყოფილიყო მისვლა. ამ გზებიდან მრავალს ინდიელთა კუთვნილ მიწებზე უნდა გაევლო, რის გამოც ინდიელები კიდევ ერთხელ დაზარალდნენ. მათზე იერიში მიჰქონდათ ბუნებრივი რესურსების მაძიებლებს; გარდა ამისა, ბევრ ინდიელს თეთრკანიანების მიერ ჩატანილმა სასიკვდილო დაავადებებმაც მოუსწრაფა სიცოცხლე.
მაგალითად, ვნახოთ, რა დაემართა პანარასის ტომის ინდიელებს. მე-18 და მე-19 საუკუნეებში ეს ტომი ომებისა და მონობის გამო თითქმის განადგურდა. ამ ტომის დარჩენილმა მცირე ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. ისინი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გაიქცნენ და თავი შეაფარეს მატუ-გროსუს ჩრდილოეთით მდებარე ტყეს. აქ კი, მათ მიწაზე, გარკვეული დროის შემდეგ კუიაბა-სანტარენის მაგისტრალი გაიყვანეს.
ევროპელებთან შეხვედრა მრავალი ინდიელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 1975 წლისთვის ერთ დროს ხალხმრავალი ტომიდან მხოლოდ 80 ინდიელიღა იყო დარჩენილი. პანარასის ტომის ინდიელები შინგუს ეროვნულ პარკში გადაიყვანეს, მაგრამ ისინი ვერ შეეგუვნენ იქ არსებულ პირობებს, რომლებიც მათი მშობლიური ტყისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ მშობლიურ მხარეს დაბრუნებოდნენ. 1996 წლის 1 ნოემბერს ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა ეს ტერიტორია, რომელიც 495 000 ჰექტარს შეადგენდა, „ადგილობრივი ხალხის მუდმივ საკუთრებად“ გამოაცხადა. როგორც ჩანს, სწორედ ამის წყალობით გადაურჩა პანარასის ტომი გადაშენებას.
გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა?
იხსნის რეზერვაციები ინდიელთა ტომებს გადაშენებისგან? დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელ ინდიელებს საფრთხე აღარ ემუქრებათ. მაგრამ, მათი მიწებიდან ბევრი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. გამოთვლის თანახმად, ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში (რომელშიც ცხრა შტატი შედის) არსებული მინერალების, მათ შორის ოქროს, პლატინის, ალმასის, რკინისა და ტყვიის ფასი დაახლოებით ერთ ტრილიონ დოლარს შეადგენს. ინდიელების დაახლოებით 98 პროცენტი სწორედ რომ ამ რეგიონშია თავმოყრილი. ზოგ ტერიტორიაზე,
სადაც ინდიელები არიან დასახლებულები, ბუნებრივი რესურსების არაკანონიერი გზით მოპოვება ხდება.როგორც ისტორია გვიჩვენებს, თეთრკანიანებთან ინდიელების შეხვედრას ამ უკანასკნელთათვის ყოველთვის არასახარბიელო შედეგები მოჰქონდა. ოქროს სანაცვლოდ ევროპელები მათ სარკეებს აძლევდნენ, ბრაზილიური ხის სანაცვლოდ კი — იაფფასიან სამკაულებს. მათი მონები რომ არ გამხდარიყვნენ, ინდიელები გაქცევით შველოდნენ თავს და ტყეში იხიზნებოდნენ. ხომ არ განმეორდება ისტორია?
ბევრმა ინდიელმა ფეხი აუწყო დღევანდელი ტექნიკური პროგრესის ეპოქას — მათ ისწავლეს თვითმფრინავების, კატერებისა და მობილური ტელეფონების გამოყენება. მაგრამ მხოლოდ დრო უჩვენებს, შეძლებენ თუ არა ისინი იმ სირთულეებთან გამკლავებას, რასაც 21-ე საუკუნე მოუტანთ.
[რუკა 15 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
■ შინგუს ეროვნული პარკი
□ ინდიელთა რეზერვაციები
ბრაზილია
ბრაზილია
რიო-დე-ჟანეირო
საფრანგეთის გვიანა
სურინამი
გაიანა
ვენესუელა
კოლუმბია
ეკვადორი
პერუ
ბოლივია
პარაგვაი
ურუგვაი
[სურათი 15 გვერდზე]
ვაჭრები მონებად ამუშავებდნენ ინდიელებს კაუჩუკის პლანტაციებში
[საავტორო უფლება]
© Jacques Jangoux/Peter Arnold, Inc.
[სურათის საავტორო უფლება 12 გვერდზე]
Line drawing and design: From the book Brazil and the Brazilians, 1857