არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ზვიგენს საფრთხე ემუქრება

ზვიგენს საფრთხე ემუქრება

ზვიგენს საფრთხე ემუქრება

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან

არცთუ ისე ბევრი ცხოველი იწვევს ისეთ შიშს, როგორსაც ზვიგენი. ერთი შეფასების თანახმად მთელ მსოფლიოში ზვიგენი წელიწადში საშუალოდ 75-ჯერ ესხმის თავს ადამიანს. აქედან დაახლოებით 10 შემთხვევა ადამიანის სიკვდილით მთავრდება. ამ შემთხვევებს, რომლებსაც ფართოდ აშუქებენ, ისიც ემატება, რომ მხატვრულ ფილმებში ზვიგენი ადამიანის მტრად არის წარმოდგენილი. ყოველივე ამის გამო ზვიგენს კაციჭამიას სახელი აქვს შეძენილი. ფაქტია, რომ ზვიგენებთან სიფრთხილეა საჭირო. მაგრამ, თუ სიტუაციას ობიექტურად შევაფასებთ, ფუტკრის ნაკბენისგან და ნიანგის თავდასხმებისგან გაცილებით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ზვიგენებისგან.

სინამდვილეში ადამიანი უფრო ხშირად ესხმის თავს ზვიგენს, ვიდრე ზვიგენი ადამიანს. ჟურნალ „პრემიერში“ მოყვანილი იყო ერთი მკვლევარის სიტყვები, რომელიც ორგანიზაცია Argus Mariner Consulting Scientists-ის წევრია. ის იტყობინება: „ყოველწლიურად ადამიანი 100 მილიონ ზვიგენს იჭერს — ეს რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ზვიგენები ერთმანეთზე ცხვირითა და კუდით რომ გადაგვება, ისინი დედამიწას ხუთჯერ შემოარტყამდნენ წრეს“. გარდა იმისა, რომ ზვიგენზე ადამიანი ნადირობს, მათ სწრაფ რაოდენობრივ კლებაზე ზვიგენების დაბალი შობადობაც მოქმედებს; აგრეთვე ის, რომ გვიან აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს, მაკეობის პერიოდი ხანგრძლივი აქვთ და დაბინძურებულია ის ადგილები, სადაც ზვიგენები ნაშიერებს შობენ. წლები დასჭირდება იმას, რომ ზვიგენების პოპულაცია კვლავ ძველებურად გაიზარდოს.

უმეტესად ზვიგენებს იჭერენ მათი ფარფლების გულისთვის, რომლებიც ძალიან ფასობს აზიაში სქესობრივი პოტენციის გამაძლიერებელი თუ სამკურნალო თვისებების გამო, რომლებსაც მათ მიაწერენ *. ზვიგენის ფარფლებით დამზადებული წვნიანი კერძი საკმაოდ ძვირადღირებული დელიკატესია — ერთი ჯამი წვნიანი შეიძლება 150 აშშ დოლარი ღირდეს! მხოლოდ იმიტომ, რომ აზიის ბაზარი ფარფლებით მოამარაგონ, ადამიანებმა უმოწყალოდ მიჰყვეს ხელი ზვიგენებზე ნადირობას — ცოცხალ ზვიგენს ფარფლებს აჭრიან, ფარფლებდაცლილს კი ისევ ოკეანეში აგდებენ, სადაც ის შემდეგ შიმშილით ან უჟანგბადობით კვდება.

ზვიგენების დასაცავად გადაუდებელი მოქმედებაა საჭირო

უნდა გვაღელვებდეს ზვიგენების ბედი? შეიძლება ზვიგენებზე ისე არ შეგვტკიოდეს გული, როგორც სპილოებსა თუ ვეშაპებზე, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეს არსებები ოკეანის ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში. მაგალითად, ზვიგენები იკვებებიან ისეთი თევზებით, რომლებიც, ზვიგენები რომ არა, უზომოდ გამრავლდებოდნენ.

ზვიგენებზე ნადირობასთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანაში არანაირი შეზღუდვები არ არის დადგენილი. ათწლიანი დებატების შემდეგ მექსიკაში, სადაც ზვიგენებზე ნადირობამ ფართო მასშტაბებს მიაღწია და სადაც წელიწადში 30 000 ტონაზე მეტ ზვიგენს იჭერენ, ამ ბოლო დროს გამოიცა კანონი, რომელიც კრძალავს ფარფლების გამო ზვიგენებზე ნადირობას. ზვიგენების პოპულაციის დაცვას ისიც უშლის ხელს, რომ ფარფლებზე არსებული მზარდი მოთხოვნილების გამო მსოფლიოში ბევრგან უკვე ისეთ ადგილებში ეწევიან არალეგალურ ნადირობას, სადაც თევზაობა კანონით იკრძალება. გალაპაგოსის ეროვნული პარკის სამსახურის დირექტორი წუხილით ამბობს: „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზვიგენის ფარფლის გამო გალაპაგოსის კუნძულებზე საოცრად გახშირდა უკანონო თევზჭერა. ეს საკმაოდ მომგებიანი საქმეა, რომელსაც მაფია უდგას სათავეში“.

ზვიგენების დასაცავად ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა — ზოგიერთ ქვეყანაში აიკრძალა მათზე ნადირობა ფარფლების გამო. თუმცა, როგორც ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის თანამშრომელი შარლოტა მოგენსენი აღნიშნავს, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ის ამბობს: „ზვიგენებს მთელ მსოფლიოში კვლავაც საფრთხე ემუქრებათ. ჩვენ მოვუწოდებთ თევზის რეწვით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციას, რომ არა მხოლოდ შეწყვიტონ ფარფლების გამო ზვიგენებზე ნადირობა, არამედ შეასრულონ ის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ზვიგენების შესახებ მონაცემების მოპოვებას, მათ რიცხობრივ შემცირებას ზვიგენის გაუთვალისწინებელი დაჭერის შემთხვევაში და ზვიგენებზე ნადირობის შეზღუდვას“.

საბედნიეროდ, ბუნების შემოქმედი მალე აღარ დაუშვებს, რომ მის დიდებულ ქმნილებებს ასე უდიერად ექცეოდნენ. სწორედ რომ ასეთ ქმნილებათა რიცხვს მიეკუთვნება შიშის მომგვრელი, მაგრამ ამავე დროს მეტად საჭირო ზვიგენი (გამოცხადება 11:18).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზვიგენის ფარფლები შეიცავს დიდი კონცენტრაციით ვერცხლისწყალს, რომელმაც შეიძლება მამაკაცების უნაყოფობა გამოიწვიოს.

[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]

ზოგი რამ ზვიგენის შესახებ

ზომა: ზვიგენთა შორის ყველაზე დიდია ვეშაპისებრი ზვიგენი (ზემოთ), რომლის სიგრძე 18 მეტრს აღწევს, წონა კი — რამდენიმე ტონას. ეს არის უწყინარი ქმნილება, რომელიც იკვებება პლანქტონითა და წვრილი თევზებით.

მაკეობა: მაკეობა 22 თვე გრძელდება.

შობადობა: ზვიგენი საშუალოდ ორიდან ათამდე ნაშიერს შობს. ზვიგენთა შორის უმეტესობა ცოცხლადმშობია.

ზრდა: სქესობრივი სიმწიფის მისაღწევად უმეტესობას 12—15 წელი სჭირდება.

სიცოცხლის ხანგრძლივობა: ძნელია ზვიგენთა უმეტესობის სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენა. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მტაცებელი თეთრი ზვიგენი (ქვემოთ) 60 წლამდე ცოცხლობს.

[საავტორო უფლებები]

Seawatch.org

© Kelvin Aitken/age fotostock

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ზვიგენების 300-ზე მეტი სახეობიდან 62-ს გადაშენება ემუქრება

[საავტორო უფლება]

© Mark Strickland/SeaPics.com

[სურათი 17 გვერდზე]

ზვიგენის დაახლოებით ნახევარი კილო ფარფლი შეიძლება 200 აშშ დოლარად ან უფრო მეტ ფასად გაიყიდოს. თეთრი ზვიგენის ყბა შეიძლება 10 000 დოლარიც კი ღირდეს

[საავტორო უფლება]

© Ron & Valerie Taylor/SeaPics.com