არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგიძლიათ შვილების დაცვა?

როგორ შეგიძლიათ შვილების დაცვა?

როგორ შეგიძლიათ შვილების დაცვა?

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფის საკითხი მწვავედ დგას, ბევრს არ სურს ამაზე სერიოზულად დაფიქრება. მშობლებს ამის გაფიქრებაც კი ზარავთ! მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში შემზარავ და უსიამოვნო რეალობად იქცა ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფა, რაც მათზე საშინელ კვალს ტოვებს. მაშ, ღირს თუ არა ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრება? განა ყველაფერს არ გააკეთებდით ბავშვის უსაფრთხოების დასაცავად? ამიტომ, ნამდვილად ღირს სექსუალური შეურაცხყოფის პრობლემისთვის თვალის გასწორება და ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგი რამის გაგება, მით უმეტეს, რომ ეს თქვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ასეთი ცოდნის წყალობით თქვენ ნამდვილად შეძლებთ შვილების დაცვას.

ამიტომ, არ დაუშვათ, რომ ამ პრობლემის მასშტაბურობამ ფარ-ხმალი დაგაყრევინოთ და გაფიქრებინოთ, რომ ვერაფერს გახდებით. სხვა თუ არაფერი, თქვენ გაქვთ ის, რაც არ გააჩნია თქვენს შვილს, და რის შესაძენადაც მას წლები, შესაძლოა, ათწლეულებიც კი დასჭირდეს — ეს არის ცოდნა, გამოცდილება და სიბრძნე, რაც წლების განმავლობაში დააგროვეთ. ბავშვს რომ დაეხმაროთ, მნიშვნელოვანია, გაიღრმაოთ ცოდნა, შეიძინოთ მეტი სიბრძნე და გამოცდილება და ეს ყოველივე შვილის დასაცავად გამოიყენოთ. ჩვენ განვიხილავთ სამ ძირითად ნაბიჯს, რომლის გადადგმაც ყველა მშობელს შეუძლია: 1) პირველ რიგში თქვენ თვითონ დაიცავით თქვენი შვილი, 2) მიეცით შვილს საჭირო ცოდნა სექსთან დაკავშირებით და 3) ასწავლეთ მას, როგორ დაიცვას თავი.

იცავთ თქვენს შვილს?

პირველ რიგში, სექსუალური შეურაცხყოფისგან ბავშვის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრიათ მშობლებს და არა თავად ბავშვს. სანამ მშობელი შვილს რამეს აუხსნის, ჯერ თავად უნდა იყოს გარკვეული ამ საკითხში. თუ მშობელი ხართ, ზოგი რამ უნდა იცოდეთ ბავშვთა სექსუალური შეურაცხყოფის შესახებ. თქვენ უნდა იცოდეთ, ვინ აყენებს ბავშვს ასეთ შეურაცხყოფას და როგორ აღწევს ის თავის საწადელს. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ ისინი, ვინც ბავშვებზე „ნადირობენ“, არიან უცხო ადამიანები, რომლებიც სიბნელით სარგებლობენ და ბავშვების გატაცებისა და გაუპატიურების საშუალებებს ეძებენ. ასეთი ბოროტმოქმედები ნამდვილად არსებობენ. მასმედიის საშუალებით ჩვენ ხშირად ვიგებთ მათ შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ დანაშაულს ნაკლებად სჩადიან უცხო ადამიანები. ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფის შემთხვევათა დაახლოებით 90 პროცენტი მოდის იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვი კარგად იცნობდა და ენდობოდა.

ბუნებრივია, თავში აზრადაც არ მოგივათ, რომ კეთილმოსურნე მეზობელს, მასწავლებელს, ექიმს, მწვრთნელს ან ნათესავს იმის სურვილი გაუჩნდება, რომ თქვენს ბავშვთან სექსუალური ჟინი მოიკლას. ფაქტია, რომ უმრავლესობა ასეთი არ არის. ნამდვილად არ იქნებოდა სწორი, რომ ყველასთვის ეჭვის თვალით დაგეწყოთ ყურება. და მაინც, თქვენ შეძლებთ შვილის დაცვას, თუ გეცოდინებათ, ჩვეულებრივ როგორ მოქმედებენ ისინი, ვინც ბავშვებს რყვნიან, ანუ პედოფილები (იხილეთ ჩარჩო მე-6 გვერდზე).

თუ გეცოდინებათ, რა ტაქტიკით მოქმედებენ პედოფილები, თქვენ უკეთ შეძლებთ შვილის დაცვას. მაგალითად, როგორ მოიქცევით, თუ ვინმე, ვისაც, ერთი შეხედვით, ბავშვებთან უფრო სიამოვნებს ურთიერთობა, ვიდრე უფროსებთან, თქვენი შვილის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენს, საჩუქრებს ჩუქნის და ხშირად გთავაზობთ, რომ ბავშვთან დარჩება ან გეუბნებათ, რომ სადმე გაასეირნებს მას? უნდა დაასკვნათ, რომ ეს ადამიანი პედოფილია? რა თქმა უნდა, არა. ნაჩქარევად ნუ გამოიტანთ დასკვნებს. მას, ვინც ასე იქცევა, შეიძლება არანაირი ცუდი განზრახვა არ ამოძრავებდეს და სუფთა გულით მოქმედებდეს. და მაინც, მისმა ასეთმა მოქმედებამ შეიძლება დაგაფიქროთ. ბიბლიაში ნათქვამია: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი შემოთავაზება, რომელიც იმდენად კარგად ჟღერს, რომ ცოტა დაუჯერებელი გეჩვენებათ, შეიძლება სუფთა გულიდან არ მომდინარეობდეს. ყურადღებით დააკვირდით ნებისმიერ ადამიანს, ვინც თავისი ინიციატივით გთავაზობთ, რომ ბავშვთან მარტო დარჩება. ასეთ ადამიანს უთხარით, რომ ნებისმიერ დროს ნახავთ ხოლმე, რას აკეთებს ბავშვი. ახალგაზრდა მშობლები მელისა და ბრედი, რომლებსაც სამი ვაჟი ჰყავთ, ყოველთვის ცდილობენ, რომ ბავშვები მარტო არ დატოვონ დიდებთან. მუსიკის მასწავლებელს, რომელიც მათ სახლში ერთ-ერთ ბიჭს გაკვეთილებს უტარებდა, მელისამ უთხრა: „სანამ აქ ხართ, ხშირად შემოვალ ხოლმე“. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს მშობლები მეტისმეტად ფრთხილობენ, მაგრამ მათ ურჩევნიათ, თავი დაიზღვიონ, ვიდრე მერე სანანებლად გაუხდეთ საქმე.

აქტიურად ჩაებით ბავშვის ცხოვრებაში — იცოდეთ, როდის რას აკეთებს, ვისთან მეგობრობს და რით არის დაკავებული სკოლაში. დაწვრილებით გაიგეთ, სად და ვისთან ერთად მიდის თქვენი შვილი ექსკურსიაზე. ერთი ფსიქიატრი, რომელიც 33 წელია, რაც სექსუალური შეურაცხყოფის შემთხვევებს იკვლევს, აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევებიდან ძალიან ბევრის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ მშობლები ოდნავ მაინც გამოავლენდნენ სიფრთხილეს. მას მოჰყავს ერთი პედოფილის სიტყვები, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის: „შეიძლება ითქვას, რომ მშობლები თავად გვიგდებენ ხელში თავიანთ შვილებს  . . . ისინი თვითონ მიადვილებენ საქმეს“. გახსოვდეთ, პედოფილების უმრავლესობა ისეთ ბავშვებზე „ნადირობს“, რომელთა ხელში ჩაგდებაც უფრო ადვილია. როდესაც მშობელი აქტიურადაა ჩაბმული შვილის ცხოვრებაში, ის ხელს უშლის პედოფილს, რომ ბავშვი თავის სამიზნედ აქციოს.

შვილის დაცვაში ისიც დაგეხმარებათ, თუ ყოველთვის ყურადღებით მოუსმენთ მას. თუ ბავშვს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს, მან შეიძლება არაფერი გითხრათ იმის გამო, რომ ძალიან დარცხვენილია და თქვენი რეაქციის ეშინია. ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს და დააკვირდით, რამე საეჭვოს ხომ არ ამბობს *. თუ ბავშვი ისეთ რამეს ამბობს, რაც საგონებელში გაგდებთ, მშვიდად დაუსვით მას კითხვები, რომ გული გადაგიშალოთ. თუ ბავშვი რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე გეუბნებათ, რომ არ სურს მასთან დარჩენა, ჰკითხეთ, რატომ. თუ თქვენი შვილი ამბობს, რომ ეს ადამიანი მას უცნაური თამაშებით ართობს, ჰკითხეთ, როგორ ეთამაშება მას და რას აკეთებს ამ დროს. თუ ბავშვი ჩივის იმაზე, რომ ვინმე უღიტინებს, ჰკითხეთ, სად უღიტინებს. უყურადღებოდ არ დატოვოთ ბავშვის ნათქვამი. პედოფილები ბავშვებს ეუბნებიან, რომ არავინ დაუჯერებს მათ და, სამწუხაროდ, ხშირად ასეც ხდება ხოლმე. და თუ მშობელი დაუჯერებს და მხარს დაუჭერს ბავშვს, რომელსაც სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამით დაეხმარება მას, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს.

საჭირო ცოდნა მიეცით ბავშვს

ერთ ნაშრომში, რომელშიც ბავშვთა სექსუალური შეურაცხყოფის საკითხი ირჩევა, მოყვანილია ერთი დაპატიმრებული პედოფილის სიტყვები: „მომიყვანეთ ისეთი ბავშვი, რომელმაც არაფერი იცის სექსის შესახებ და ის ჩემი მორიგი მსხვერპლი გახდება“. ეს თავზარდამცემი სიტყვები მშობლებისთვის კარგი შეხსენებაა. ბავშვები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ სექსზე, გაცილებით ადვილად ხვდებიან პედოფილების მახეში. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ცოდნა და სიბრძნე გვიხსნის „უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან“ (იგავები 2:10—12). განა არ გინდათ, რომ დაიცვათ ბავშვი ასეთი ადამიანებისგან?! მაშასადამე, მეორე ნაბიჯი, რომელიც შვილების დაცვაში დაგეხმარებათ, არის ის, რომ არ მოერიდოთ ბავშვებთან ამ მნიშვნელოვან საკითხზე საუბარს.

მაგრამ, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? ბევრ მშობელს ცოტათი ეუხერხულება შვილებთან სექსზე ლაპარაკი. თქვენი შვილებისთვის კი ეს თემა შეიძლება კიდევ უფრო უხერხული იყოს და მათ, შესაძლოა, არ წამოიწყონ თქვენთან ამ საკითხზე საუბარი. ამიტომ, ინიციატივა თქვენ აიღეთ. მელისა ამბობს: „ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლიდით, სხეულის რომელ ნაწილს რა ერქვა. ჩვენ მათ ბავშვური ენით კი არ ვუხსნიდით, თუ რას რა ერქვა, არამედ ისე როგორც სინამდვილეშია. ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ მათთვის არაფერი ყოფილიყო უცნაური ან სამარცხვინო“. ასეთი საუბრების შემდეგ უფრო ადვილია ბავშვთან სექსუალური შეურაცხყოფის შესახებ დალაპარაკება. მრავალი მშობელი უბრალოდ ეუბნება თავის შვილს, რომ სხეულის ის ნაწილები, რომლებსაც საცურაო კოსტიუმი ან ტრუსი ფარავს, განსაკუთრებულია და მათ არავინ არ უნდა ეხებოდეს.

წინა სტატიაში მოხსენიებული ჰიზარი ამბობს: „მე და სკოტმა ვუთხარით ჩვენს ბიჭს, რომ მის სასქესო ორგანოს არავინ არ უნდა შეხებოდა, რადგან ის სათამაშო არ იყო, და მისით არც მამიკოს, არც დედიკოს და არც ექიმს არ უნდა ეთამაშათ. როდესაც ის ექიმთან მიგვყავდა, მე ვუხსნიდი, რომ ექიმი მხოლოდ იმისთვის შეეხებოდა, რომ გაესინჯა“. დროდადრო ორივე მშობელი ესაუბრება ბავშვს ამ თემაზე და ეუბნება, რომ ყოველთვის თავისუფლად მივიდეს მათთან და მოუყვეს, თუ ვინმე ცუდად ან ისე შეეხება, რომ უხერხულად იგრძნობს თავს. სპეციალისტები, რომლებიც ბავშვზე ზრუნვისა და მათი შეურაცხყოფის თავიდან არიდების საკითხებზე მუშაობენ, ყველა მშობელს ურჩევენ, რომ მსგავსი საუბრები ჰქონდეთ შვილებთან.

ბევრისთვის ამ მხრივ ძალიან დამხმარე აღმოჩნდა წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ *. ამ წიგნის 32-ე თავში, რომლის სათაურიცაა „ღმერთმა დაიცვა იესო“, პირდაპირ არის საუბარი ბავშვთა სექსუალური შეურაცხყოფის თემაზე. ამავე თავში ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა დაიცვან ბავშვებმა თავი. „ამ წიგნმა უფრო დამაჯერებელი გახადა ჩვენი სიტყვები“, — ამბობს მელისა.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეს არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურთ, უმართებულო სახით შეეხონ ბავშვებს ან პირიქით, სურთ, რომ ბავშვები შეეხონ მათ. ამ გაფრთხილებამ მათზე ისე არ უნდა იმოქმედოს, რომ შეშინდნენ ან ყველა უფროსი ადამიანის მიმართ უნდობლობა განუვითარდეთ. „ამის ცოდნა უბრალოდ ეხმარება ბავშვს, რომ ფრთხილად იყოს, — ამბობს ჰიზარი. — ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი გაფრთხილება, რასაც ბავშვს ვაძლევთ, და მინდა აღვნიშნო, რომ ამ გაფრთხილებათაგან უმეტესობა აბსოლუტურად არ ეხება სექსუალურ შეურაცხყოფას. სწორედ ამიტომ ჩემი შვილი სულაც არ გრძნობს შიშს“.

ბავშვს ისიც უნდა ასწავლოთ, რომ მორჩილებაზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდეს. ბავშვისთვის მორჩილების სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავე დროს, რთული (კოლოსელები 3:20). თუმცა, ზოგჯერ მშობლები, როცა ბავშვებისგან მორჩილებას ითხოვენ, უკიდურესობაში ვარდებიან. თუ მშობლები ბავშვს ასწავლიან, რომ ყოველთვის დაემორჩილოს უფროსებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ის შეიძლება ადვილად აღმოჩნდეს პედოფილის მახეში. თუ ბავშვი მეტისმეტად დამყოლია, პედოფილები ამას მაშინვე შეამჩნევენ. გონიერი მშობლები თავიანთ შვილებს ასწავლიან, რომ მორჩილება შეფარდებითი ცნებაა. ქრისტიანი მშობლებისთვის არც ისე ძნელია ამის ახსნა შვილებისთვის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მათ შეუძლიათ მარტივად აუხსნან შვილს: „თუ ვინმე ისეთი რამის გაკეთებას გთხოვს, რაც იეჰოვა ღმერთს არ მოსწონს, შენ არ უნდა გააკეთო. არც დედიკომ და არც მამიკომ არ უნდა მოგთხოვონ ისეთი რამის გაკეთება, რაზეც იეჰოვა ამბობს, რომ ცუდია. თუ ვინმე ცდილობს, ისეთი რამე გაგაკეთებინოს, რაც არასწორია, შენ ყოველთვის უნდა გვითხრა ამის შესახებ“.

დაბოლოს, უთხარით შვილს, რომ არავის აქვს მისთვის იმის თქმის უფლება, რომ მშობლებს რამე დაუმალოს. დაარიგეთ ბავშვი, რომ თუ ვინმე ასეთ რამეს სთხოვს მას, აუცილებლად მოვიდეს თქვენთან და ყველაფერს მოგიყვეს. რაც არ უნდა უთხრას ასეთმა ადამიანმა ბავშვს, თუნდაც დაემუქროს, ან თუნდაც თავად ბავშვმა რაღაც არასწორი ჩაიდინოს, უთხარით, რომ ის ყოველთვის მოვიდეს თქვენთან და ყველაფერი გითხრათ ამის შესახებ. ასეთმა დარიგებამ ბავშვი არ უნდა შეაშინოს. თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ ის, რომ უმრავლესობა ასე არ მოიქცევა — არ შეეხებიან იქ, სადაც არ შეიძლება, არ სთხოვენ იმას, რაც ღმერთს არ მოსწონს, და არც რაიმეს საიდუმლოდ შენახვას სთხოვენ. ისევე როგორც საჭიროა, წინასწარ იცოდეს ადამიანმა, როგორ იმოქმედოს, თუ შემთხვევით ხანძარი გაჩნდება, ბავშვმაც წინასწარ, ყოველი შემთხვევისთვის უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, თუმცა ამ გაფრთხილებების გამოყენება შეიძლება მას არასოდეს დასჭირდეს.

ასწავლეთ ბავშვს, როგორ დაიცვას თავი

მესამე ნაბიჯი, რომელსაც განვიხილავთ, იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს ბავშვს ასწავლოთ, როგორ მოიქცეს, თუ ვინმე ეცდება ისარგებლოს თქვენი არყოფნით. ხშირად მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვებთან სცენა გაითამაშონ. მშობლები ბავშვს უსვამენ სხვადასხვა კითხვას, მაგალითად: „როგორ მოიქცევი, თუ  . . .?“ და ბავშვი პასუხობს. შეგიძლიათ ჰკითხოთ ბავშვს: „როგორ მოიქცევი, თუ ბაზარში ერთმანეთს დავკარგავთ? როგორ მიპოვი?“ შეიძლება ბავშვის პასუხი მთლად ისეთი არ იყოს, როგორსაც ელოდით, მაგრამ შეეცადეთ, დამატებითი კითხვებით სწორ დასკვნამდე მიიყვანოთ ბავშვი. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ: „რას გააკეთებ, რომ არავინ მოგატყუოს და ხიფათს არ გადაეყარო?“

შეგიძლიათ მსგავსი მიდგომა გამოიყენოთ და ჰკითხოთ ბავშვს, როგორ მოიქცეოდა, თუ ვინმე ეცდებოდა, რომ უმართებულოდ შეხებოდა მას. თუ ატყობთ, რომ ბავშვში ასეთი კითხვები შეშფოთებას იწვევს, შეგიძლიათ სხვა ბავშვზე მოუყვანოთ მაგალითი. შეგეძლოთ გეთქვათ: „პატარა გოგონა თავის საყვარელ ნათესავთან ერთად არის, მაგრამ მისი ნათესავი ცდილობს შეეხოს მას იქ, სადაც არ შეიძლება. როგორ ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცეს გოგონა, რომ ნათესავი გაჩერდეს?“

რისი გაკეთება უნდა ასწავლოთ ბავშვს, თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება? ერთ წიგნში ნათქვამია: «მტკიცედ ნათქვამი შემდეგი სიტყვები: „არა!“, „ეს არ გააკეთო!“ ან „თავი დამანებე!“ აშინებს მას, ვინც ბავშვის შეურაცხყოფას ცდილობს, და შედეგად, ის უკან იხევს და ასკვნის, რომ ბავშვს შეეშვას». მოკლე სცენების გათამაშებით დაეხმარეთ ბავშვს, დარწმუნდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ხმამაღლა მოიგერიოს პედოფილი, მაშინვე გამოიქცეს და ყველაფერს მოგიყვეთ. თუნდაც ბავშვმა კარგად აითვისოს გაკვეთილი, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ მას შეიძლება დაავიწყდეს ნასწავლი. ამიტომ, რეგულარულად გაუმეორეთ ის, რაც ასწავლეთ.

ყველამ, ვინც უვლის ბავშვს, მათ შორის მამაკაცებმაც — იქნება ეს მამა, მამინაცვალი თუ სხვა ნათესავები — უნდა მიიღონ მონაწილეობა ბავშვთან ასეთ საუბრებში. რატომ? იმიტომ, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას მიიღებს ასეთ დასწავლებაში, ფაქტობრივად, პირდება ბავშვს, რომ არასოდეს ჩაიდენს ასეთ უმსგავსობას. სამწუხაროდ, სექსუალური შეურაცხყოფა უმეტესწილად სწორედ რომ ოჯახის წევრებისა თუ ახლო ნათესავების მხრიდან ხდება. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ამ გახრწნილ ქვეყნიერებაში თქვენი ოჯახი უსაფრთხო თავშესაფრად აქციოთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ხშირად ბავშვის ქცევიდან ჩანს, რომ მის თავს რაღაც ხდება. მაგალითად, თუ ატყობთ, რომ ბავშვი მოულოდნელად შეიცვალა — ძილში შარდვა დასჩემდა და გვერდიდან არ გშორდებათ, რადგან მარტო ყოფნის ეშინია — ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მას რაღაცა სერიოზულად აწუხებს. თუ ბავშვს ასეთი რამე ემართება, ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს. მშვიდად დაელაპარაკეთ, რომ გაიგოთ, რა აწუხებს თქვენს შვილს. ეს დაგეხმარებათ, რომ ანუგეშოთ ბავშვი, დაარწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, და დაიცვათ ის.

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 5 გვერდზე]

პირველ რიგში თქვენ თვითონ დაიცავით შვილი

[ჩანართი 7 გვერდზე]

საჭირო ცოდნა მიეცით ბავშვს

[ჩანართი 8 გვერდზე]

ასწავლეთ ბავშვს, როგორ დაიცვას თავი

[ჩარჩო 4 გვერდზე]

სექსუალური შეურაცხყოფა — გლობალური პრობლემა

2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინა მსოფლიო ანგარიში, რომელიც ეხებოდა ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას. ეს ანგარიში შედგენილი იყო გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. ანგარიშის თანახმად, 2005 წელს 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 150 მილიონი გოგონა და 73 მილიონი ბიჭი „იძულებითი სქესობრივი კავშირისა თუ სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი“ გახდა. ეს რიცხვი ნამდვილად შემაძრწუნებელია, მაგრამ ანგარიშში აღნიშნული იყო: „სინამდვილეში, მსხვერპლთა რიცხვი უფრო მეტია“. ოცდაერთი ქვეყნიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ ზოგან ქალების 36 პროცენტსა და მამაკაცების 29 პროცენტს ბავშვობაში ამა თუ იმ სახის სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ მოძალადეთა უმრავლესობა ბავშვების ნათესავები იყვნენ!

[ჩარჩო 6 გვერდზე]

პედოფილის მოქმედების ტაქტიკა

პედოფილი, როგორც წესი, ძალის გამოყენებით არ ცდილობს მსხვერპლის ხელში ჩაგდებას. ის უფრო სხვა ტაქტიკას მიმართავს — ბავშვს თანდათანობით იტყუებს. თავიდან ის ირჩევს ისეთ ბავშვს, რომელიც დამყოლი და მიმნდობი ჩანს, და შესაბამისად, შედარებით ადვილი დასამორჩილებელია. შემდეგ ის განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენს მის მიმართ. შეიძლება ის იმასაც შეეცადოს, რომ ბავშვის მშობლების ნდობა მოიპოვოს. პედოფილები ხშირად იმდენად დამაჯერებლად მოქმედებენ, რომ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს გულწრფელად იყვნენ დაინტერესებულნი ბავშვითა და მისი ოჯახით.

დროთა განმავლობაში, პედოფილი ბავშვთან უფრო ახლო კონტაქტში შედის. თანდათანობით ის უფრო მეტ ფიზიკურ კონტაქტს ამყარებს მასთან — თამაშის დროს ეჭიდავება, უღიტინებს და სხვადასხვა სახით გამოხატავს ბავშვის მიმართ სიყვარულს, რაც ერთი შეხედვით, არანაირ ეჭვს არ ბადებს. მან შეიძლება საჩუქრები არ მოაკლოს ბავშვს და შეეცადოს, ის მეგობრებისგან, და-ძმებისგან თუ მშობლებისგან ცალკე გაიყვანოს ხოლმე, რათა მასთან მარტო დარჩეს. გარკვეული დროის შემდეგ მან შეიძლება ბავშვს სთხოვოს, რომ პატარა საიდუმლო შეინახოს და მშობლებს არაფერი უთხრას, მაგალითად საჩუქრისა თუ სადმე გასეირნების შესახებ. ასეთი ტაქტიკის გამოყენებით ის თანდათანობით უახლოვდება თავის მიზანს. როდესაც პედოფილი ბავშვისა და მისი მშობლების ნდობას მოიპოვებს, ის უკვე მზად არის „საქმეზე გადავიდეს“.

მაშინაც კი, როდესაც ის ბავშვთან მარტო რჩება, ძალას არ ხმარობს და უხეშად არ ექცევა მას, პირიქით, აქაც ცბიერებით მოქმედებს. მან შეიძლება სექსის შესახებ ბავშვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა გამოიყენოს და შესთავაზოს, რომ თვითონ „მასწავლებელი“ იქნება, ან შეიძლება უთხრას, რომ ახლა ისინი ერთად ითამაშებენ „განსაკუთრებულ თამაშს“, რომლის შესახებაც სხვას არავის ეცოდინება. პედოფილმა შეიძლება ბავშვს პორნოგრაფია აყურებინოს, რათა ასეთი მოქმედება მას ნორმალურად მოაჩვენოს.

როდესაც პედოფილი თავის საწადელს აღწევს, ახლა მას ისღა ადარდებს, რომ ბავშვმა არავისთან მოყვეს ამის შესახებ. ამ დროს მან შეიძლება სხვადასხვა მეთოდს მიმართოს — შეიძლება დააშინოს ბავშვი, დაემუქროს მას ან დაადანაშაულოს კიდეც. მაგალითად, მან შეიძლება უთხრას ბავშვს: „ყველაფერი შენი ბრალია. შენ არ გითქვამს ჩემთვის, გაჩერდიო“. შემდეგ შეიძლება დაამატოს: „თუ შენ ამის შესახებ მშობლებს ეტყვი, ისინი პოლიციას გამოიძახებენ და მე სამუდამოდ ციხეში ჩამსვამენ“. ან შეიძლება ასეც უთხრას: „ეს ჩემი და შენი საიდუმლოა. ვისაც არ უნდა უთხრა ამის შესახებ, არავინ არ დაგიჯერებს. თუ შენი მშობლები რამეს გაიგებენ, მე მათ მოვკლავ“. როგორც ფაქტები ცხადყოფს, ასეთი ბოროტი ადამიანების ვერაგულ ხრიკებს ბოლო არ უჩანს.

[სურათი 5 გვერდზე]

უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ბავშვს

[სურათი 7 გვერდზე]

არ მოერიდოთ ბავშვთან სექსის შესახებ საუბარს

[სურათი 8 გვერდზე]

ასწავლეთ ბავშვს, რომ მტკიცედ იმოქმედოს, თუ ვინმე მის შეურაცხყოფას შეეცდება