არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ბიბლიის მთავარი თემა?

რა არის ბიბლიის მთავარი თემა?

რა არის ბიბლიის მთავარი თემა?

ზოგი ბიბლიას ისტორიულ წიგნად მიიჩნევს, რადგან მასში აღწერილია, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა ღმერთს ადამიანებთან ათასობით წლის მანძილზე. ზოგიერთები კი ფიქრობენ, რომ ბიბლია ეთიკის სახელმძღვანელოა, რადგან შეიცავს სამართლებრივ და რელიგიურ საკითხებთან, ოჯახურ მოვალეობებთან და ზნეობასთან დაკავშირებულ 600-ზე მეტ კანონსა და მითითებას, რომლებიც იეჰოვამ ისრაელებს მისცა. ზოგის აზრით კი, ბიბლია არის სახელმძღვანელო, რომელიც სულიერ საკითხებს აშუქებს და ღვთის აზრებს გვამცნობს.

შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოხსენიებული ყველა თვალსაზრისი სწორია. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ღვთის სიტყვაში ჩაწერილი კანონებიდან, რჩევებიდან და აღწერილი მოვლენებიდან მართლაც ბევრ რამეს ვსწავლობთ.

ბიბლია მხოლოდ სასარგებლო ინფორმაციას როდი შეიცავს. განსაკუთრებით აღსანიშნავი ის არის, რომ ბიბლია იეჰოვა ღმერთის შთაგონებით დაწერილი წიგნია. მასში ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო პრაქტიკული რჩევებია მოცემული. ბიბლია აგრეთვე გვამცნობს დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვას და იმას, თუ როგორ აღმოფხვრის ღმერთი ადამიანთა ტანჯვის მიზეზებს. რაც ყველაზე მთავარია, ბიბლია გვამცნობს, თუ როგორ დასწამა განზრახ სატანამ ღმერთს ცილი და როგორ გადაჭრის ღმერთი ამ საყოველთაო საკამათო საკითხს.

ღმერთი ცუდ მმართველად და მატყუარად გამოიყვანა

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა პირველი წყვილი, ადამი და ევა, სრულყოფილები შექმნა და იდეალურ გარემოში დაასახლა. ღმერთმა უთხრა მათ, რომ დაპატრონებოდნენ მთელ დედამიწას (დაბადება 1:28). როგორც ღვთის შვილები, ადამი და ევა, თუ დაემორჩილებოდნენ ზეციერ მამას, დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებდნენ. ოღონდ ღმერთმა ადამს ერთი რამ აუკრძალა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბადება 2:16, 17).

მაგრამ სულიერმა ქმნილებამ, რომელსაც ბიბლია სატანა ეშმაკს უწოდებს, საპირისპირო უთხრა ევას: „არა, არ მოკვდებით“ (დაბადება 3:1—5). სატანამ, რომელიც ასე უსირცხვილოდ წავიდა ღვთის წინააღმდეგ, არა მხოლოდ მატყუარა გამოიყვანა შემოქმედი, არამედ ცუდი მმართველიც; სატანის თქმით, ადამიანი ღვთის გარეშე უკეთესად იცხოვრებდა. სატანამ დაარწმუნა ევა, რომ ღვთის დაუმორჩილებლობის შედეგად თვითონ იქნებოდა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და რასაც მოისურვებდა, იმას გააკეთებდა. სატანამ უთხრა ევას, რომ „ღმერთივით“ იქნებოდა. ამგვარად სატანამ შეურაცხყო იეჰოვას სახელი და შეეცადა, მისი განზრახვის შესრულებისთვის ხელი შეეშალა. ამან სერიოზული სირთულეები გამოიწვია.

იეჰოვას უმთავრესი მიზანი ის გახდა, რომ განეწმინდა თავისი სახელი. სწორედ ეს არის ბიბლიის მთავარი თემა. ეს კარგად ჩანს იესოს ლოცვის ნიმუშიდან, რომელსაც ხშირად „უფლის ლოცვას“ ან „მამაო ჩვენოს“ უწოდებენ. იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რის შესახებ უნდა ელოცათ: „განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება  . . . დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10).

როგორ განწმენდს ღმერთი თავის სახელს

სატანამ რამდენიმე საკამათო საკითხი წამოჭრა. ვინ არის მართალი — იეჰოვა თუ სატანა? სამართლიანად მმართველობს იეჰოვა თავის ქმნილებებზე? აქვს უფლება, რომ მოითხოვოს ადამიანებისგან მორჩილება? შეძლებდნენ ადამიანები, რომ ღვთისგან დამოუკიდებლად, უკეთესად ემართათ საკუთარი თავი? ამ საკითხების გადასაჭრელად იეჰოვამ ადამიანებს ნება დართო, რომ დროებით თავად ემართათ საკუთარი ცხოვრება.

რა შედეგი გამოიღო ამან? მას შემდეგ, რაც ედემში პირველი ტყუილი წარმოითქვა, ადამიანებისთვის ტანჯვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. აქედან ჩანს, რომ სატანა მართლაც მატყუარაა, და ღვთისგან დამოუკიდებლობას მხოლოდ უბედურება მოაქვს. თუმცა იეჰოვა სიყვარულითა და უსაზღვრო სიბრძნით მოქმედებს, და განზრახული აქვს, თავისი სახელი იმით განწმინდოს, რომ ედემის ბაღში დაწყებულ სირთულეებს ბოლო მოუღოს. ის თავის განზრახვას სამეფოს მეშვეობით შეასრულებს. რა არის სამეფო?

პრობლემებს ღვთის სამეფო გადაჭრის

მილიონობით ადამიანი ხშირად წარმოთქვამს „უფლის ლოცვას“. დავუკვირდეთ ამ ლოცვის სიტყვებს: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათე 6:10). სამეფო არ არის გულის მდგომარეობა, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. პირიქით, სიტყვა „მეფე“ გვიჩვენებს, რომ ეს არის ზეციერი მთავრობა, რომელსაც იესო ქრისტე, „მეფეთა მეფე“ ხელმძღვანელობს (გამოცხადება 19:13, 16; დანიელი 2:44; 7:13, 14). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესო მთელ დედამიწაზე იმმართველებს და ადამიანებს მარადიულ მშვიდობას მოუტანს. ისინი შეხმატკბილებულად იცხოვრებენ, და ყველანაირ ბოროტებას ბოლო მოეღება (ესაია 9:6, 7; 2 თესალონიკელები 1:6—10). ამრიგად, იესოს სიტყვებს: „იყოს შენი ნება  . . . დედამიწაზე“ ღვთის სამეფო შეასრულებს და არა ადამიანთა მმართველობა.

იესოს სიტყვები უდავოდ შესრულდება, რაშიც გვარწმუნებს ის, რომ ცოდვისა და სიკვდილისგან ადამის შთამომავლების გათავისუფლების მიზნით იესომ მსხვერპლად გაიღო საკუთარი სიცოცხლე (იოანე 3:16; რომაელები 6:23). ყველა, ვინც რწმენას გამოავლენს იესოს მსხვერპლისადმი, დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს საკუთარი თვალით იხილავს, როგორ აღმოიფხვრება ცოდვის შედეგები და თანდათანობით როგორ გასრულყოფილდებიან ადამიანები (ფსალმუნი 37:11, 29). საბოლოოდ წარსულს ჩაჰბარდება ავადმყოფობა, რომელიც ყველას აწუხებს, განსაკუთრებით კი — ხანდაზმულებს. ემოციური ტკივილიც კი, რომელიც თან სდევს ავადმყოფობასა და საყვარელი ადამიანების სიკვდილს, აღარ იარსებებს (გამოცხადება 21:4).

რა გვარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი შეასრულებს თავის დანაპირებს? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ასობით წინასწარმეტყველება უკვე შესრულდა (იხილეთ გვერდი 9). ცხადია, ბიბლიის დაპირებებისადმი რწმენა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც არარეალურს მოელი ან რაღაცის ბრმად გჯერა. ამ რწმენას საფუძვლად უდევს ლოგიკური მსჯელობა და უამრავი საფუძვლიანი მტკიცება (ებრაელები 11:1).

პრაქტიკული რჩევები ჩვენთვის

ბიბლია მხოლოდ მომავლის იმედს კი არ გვაძლევს, გვეხმარება, რომ დღესვე ვიყოთ ბედნიერები. ღვთის სიტყვა დროულ რჩევებს გვაძლევს, მაგალითად ქორწინებასთან, ოჯახურ ცხოვრებასთან და სხვებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ვნახოთ ზოგი რჩევა ბიბლიიდან.

დაფიქრდით, ვიდრე რამეს იტყოდეთ. „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“ (იგავები 12:18).

ეცადეთ, ოდნავადაც არ შეგშურდეთ სხვების. „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა, შური კი — ძვლების ლპობა“ (იგავები 14:30).

აღზარდეთ შვილები. „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“. „ჯოხი და შეგონება სიბრძნეს იძლევა, მაგრამ თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“ (იგავები 22:6; 29:15).

იყავით მიმტევებლები. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათე 5:7). ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს“ (იგავები 10:12). თუ ვინმემ თქვენ წინააღმდეგ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა და გიჭირთ პატიება და დავიწყება, ბიბლია გირჩევთ: „წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით“ (მათე 18:15).

მოერიდეთ ფულის სიყვარულს. „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:10). ყურადღება მიაქციეთ, რომ ბიბლია განსჯის არა თვითონ ფულს, არამედ „ფულის სიყვარულს“.

„წერილი“ ჩვენი ზეციერი მამისგან

ბიბლიაში ბევრი საკითხია განხილული. როგორც დავინახეთ, მასში ყურადღება ძირითადად ღმერთსა და მის განზრახვაზე მახვილდება. მაგრამ ბიბლიაში ისიც წერია, თუ ჩვენ, ადამიანებმა, როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად როგორც დღეს, ისე ახალ ქვეყნიერებაში, ღვთის სამეფოს მმართველობის დროს. ბიბლია შეიძლება შევადაროთ ‘ჩვენი ზეციერი მამისგან’, იეჰოვასგან მიღებულ წერილს (მათე 6:9). მისი მეშვეობით იეჰოვა თავის დიდებულ აზრებსა და თავის ნებას გვიმხელს, და თავის შესანიშნავ თვისებებს გვაცნობს.

ბიბლიის კითხვითა და მასზე დაფიქრებით შეგვიძლია ღმერთი ისეთ პიროვნებად გავიცნოთ, როგორიც სინამდვილეშია; ამის შედეგად კი დავუახლოვდებით მას და მთელი გულით შევიყვარებთ (იაკობი 4:8). აშკარაა, რომ ბიბლია არ არის წიგნი, რომელშიც მხოლოდ ესა თუ ის ისტორია, წინასწარმეტყველებები და კანონებია ჩაწერილი. ეს წიგნი გვასწავლის, როგორ განვავითაროთ ღმერთთან პირადი ურთიერთობა. სწორედ ამიტომ არის ბიბლია ნამდვილად უნიკალური და ფასდაუდებელი წიგნი (1 იოანე 4:8, 16).

[ჩანართი 19 გვერდზე]

ბიბლიის მთავარი თემა კარგად ჩანს იესოს ლოცვის ნიმუშიდან

[ჩარჩო/სურათი 21 გვერდზე]

რა თანმიმდევრობით წავიკითხოთ ბიბლია

ბიბლია ძალზე საინტერესო წიგნია. მასში ჩაწერილი შემთხვევები და ზნეობრივი საკითხები არაერთმა მწერალმა აქცია თავისი ნაწარმოების თემად. ბიბლია გვეხმარება ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის გაცნობაში. ბიბლია აგრეთვე უსაზღვრო სიბრძნის საგანძურია. ერთ ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „სიბრძნე უმთავრესია. შეიძინე სიბრძნე და მასთან ერთად გაგების უნარიც“ (იგავები 4:7). როგორ უნდა მიიღოთ ბიბლიის კითხვით რაც შეიძლება მეტი სარგებლობა?

ბიბლიის კითხვა მაშინ დაგეგმეთ, როცა დაღლილი არ იქნებით. სწრაფად და ზედაპირულად ნუ წაიკითხავთ. ეცადეთ, ბოლომდე ჩასწვდეთ ღვთის აზრებს. დაფიქრდით წაკითხულზე და შეადარეთ იმას, რაც მანამდე იცოდით. ასეთი სახით გაიღრმავებთ ბიბლიურ ცოდნას და ღვთისადმი მადლიერების გრძნობას (ფსალმუნი 143:5).

ზოგს შეიძლება აინტერესებს, საიდან დაიწყოს ბიბლიის კითხვა. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ თავიდან. მაგრამ ბიბლიის დამწყებ მკითხველს გაცილებით უადვილდება „მათეს“, „მარკოზის“, „ლუკასა“ და „იოანეს“ სახარებების წაკითხვა, რომლებშიც აღწერილია იესოს ცხოვრება და მსახურება. შემდეგ ზოგი გადადის პოეტური ენით დაწერილ და სიბრძნით სავსე წიგნებზე, როგორიცაა „ფსალმუნები“, „იგავები“ და „ეკლესიასტე“. როგორც იტყვიან, „მადა ჭამაში მოდის“ (იხილეთ ჩარჩო). ნუ გაიზიარებთ არასწორ შეხედულებას, რომ საკმარისია მხოლოდ „ახალი აღთქმის“ წაკითხვა. გახსოვდეთ, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმოთე 3:16).

ბიბლიის შესწავლის ყველაზე ეფექტური საშუალება მისი თემატურად განხილვაა. მაგალითად, იეჰოვას მოწმეები ქადაგების დროს იყენებენ ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელოს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მასში განხილულია ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა „რისი გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის?“, „თაყვანისმცემლობა, რომელსაც ღმერთი იწონებს“ და „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“ (იხილეთ ჩარჩო მე-18 გვერდზე).

[ჩარჩო 21 გვერდზე]

ბიბლიის კითხვა თემატურად

სიცოცხლის წარმოშობა და პირველი ცოდვის ჩადენა „დაბადება“

ძველი ისრაელის ერად ჩამოყალიბება „გამოსვლა“ — „მეორე კანონი“

ამაღელვებელი შემთხვევები „იესო ნავეს ძე“ — „ესთერი“

გულში ჩამწვდომი პოეზია და სიმღერები „იობი“, „ფსალმუნები“, „ქებათა-ქება“

ცხოვრებისთვის აუცილებელი სიბრძნე „იგავები“, „ეკლესიასტე“

წინასწარმეტყველება და ზნეობრივი ნორმები „ესაია“ — „მალაქია“, „გამოცხადება“

იესოს ცხოვრება და სწავლებები „მათე“ — „იოანე“

ქრისტიანობის დაფუძნება და გავრცელება „საქმეები“

კრებებისადმი მიწერილი წერილები „რომაელები“ — „იუდა“