რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული გამოცემა ხელმისაწვდომია 43 ენასა და ბრაილის 3 სხვადასხვა შრიფტზე. „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ხელმისაწვდომია კიდევ 18 ენაზე და ბრაილის ერთ შრიფტზე. 2007 წლის ივლისისთვის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ყველა გამოცემის საერთო ტირაჟმა შეადგინა 43 458 577.
▪ ბიბლიიდან, კერძოდ რიცხვების 6:24—26-დან აღებული დღემდე შემონახული უძველესი წარწერა „მღვდელთა კურთხევის“ სახელწოდებითაა ცნობილი. ეს წარწერა ამოტვიფრულია გრაგნილივით დახვეულ ვერცხლის ორ ამულეტზე და თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. VII საუკუნის ბოლო პერიოდით და VI საუკუნის დასაწყისით („ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“, აშშ.).
▪ 2006 წლის 31 დეკემბერს იმ ენებისა და დიალექტების რაოდენობა, რომლებზეც, სულ მცირე, ბიბლიის ერთი წიგნი მაინც გამოიცა, 2 426-მდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 23-ით მეტია („გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებები“, ბრიტანეთი).
▪ ამერიკელების დაახლოებით 28 პროცენტი ფიქრობს, რომ ბიბლია „ნამდვილად ღვთის სიტყვაა . . . და პირდაპირი მნიშვნელობით უნდა იქნას გაგებული“; 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ „ბიბლია ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვაა, მაგრამ ყველაფერი, რაც მასშია ჩაწერილი, პირდაპირი გაგებით არ უნდა იქნას გაგებული“; 19 პროცენტი კი თვლის, რომ ბიბლია „მითების წიგნია“ (GALLUP NEWS SERVICE, აშშ).
უძველეს წიგნად ითვლება ჩინური ბიბლია?
„ჩინურ ენაზე ებრაული წერილების ყველაზე ადრეული თარგმანის ფრაგმენტი, რომელიც ქვის ფილაზე [მარცხნივ] აღმოაჩინეს, ახ. წ. 781 წლით თარიღდება“, — აღნიშნავს პეკინის უნივერსიტეტის მეცნიერ-მუშაკი ი. ჩენი. ეს ფილა, რომელიც ნესტორიანელმა ქრისტიანებმა აღმართეს, აღმოჩენილ იქნა ქალაქ შიანში 1625 წელს. «ქვის ფილის სრული სახელი ითარგმნება, როგორც „ჩინეთში დაქინის სინათლის რელიგიის პროპაგანდის მემორიალი“ (ჩინურ სიტყვა „დაქინში“ რომის იმპერია იგულისხმება), — აღნიშნავს ი. ჩენი. — მაგალითად, ქვის ფილაზე გვხვდება ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „ჭეშმარიტი კანონი“ და „ბიბლიის თარგმნა“».
[საავტორო უფლება 30 გვერდზე]
© Réunion des Musées Nationaux/Art Resource
ჭაობში ნაპოვნი განძი
2006 წელს ირლანდიის ტორფიან ჭაობში აღმოაჩინეს ფსალმუნების წიგნი, რომელიც სავარაუდოდ ახ. წ. VIII საუკუნით თარიღდება. ეს ლათინური ხელნაწერი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ხელნაწერებიდან, რომელმაც დღემდე მოაღწია და რომელიც ძვირფას განძად ითვლება. ეს მაღალი ხარისხის, დაახლოებით 100-გვერდიანი პერგამენტი იყო. „გაცვეთილი ჭილობი და ტყავის ჩანთა იმას ცხადყოფს, რომ ეს ფსალმუნები შეგნებულად დამალეს, ალბათ იმ მიზნით, რომ 1 200 წლის წინათ ვიკინგების თავდასხმების დროს ხელნაწერი გადაერჩინათ“, — აღნიშნულია ლონდონში გამომავალ გაზეთ „ტაიმზში“. თუმცა პერგამენტის ფურცლები ერთმანეთზე მიწებებული და ნახევრად დამპალი იყო, ექსპერტები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მათ განცალკევებას და აღდგენას.
აღმოჩენილი ნივთების ისტორია
არქეოლოგებმა იერუსალიმის ტაძრის ადგილას იპოვეს ათასობით ნივთი, რომლებიც იმ პერიოდით თარიღდება, ვიდრე ისრაელი ერად ჩამოყალიბდებოდა, და აგრეთვე ახალი წელთაღრიცხვის პერიოდით. მათ შორის აღმოჩენილ იქნა ბასრწვერიანი ისარი, რომელსაც ნაბუქოდონოსორის მეომრები იყენებდნენ. სწორედ ნაბუქოდონოსორმა გაანადგურა ამ ადგილას აღმართული იუდეველთა პირველი ტაძარი. აღმოჩენილი ნივთებიდან ყველაზე საოცარი თიხის ბეჭედი იყო, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. VII—VI საუკუნით თარიღდება. როგორც ჩანს, ეს ბეჭედი ეკუთვნოდა ებრაელს, სახელად გედალიაჰუ ბენ იმერ ჰაქოჰენს. არქეოლოგ გაბრიელ ბარკაის აზრით, ამ ბეჭდის მფლობელი „შესაძლოა ბიბლიაში [იერემია 20:1] მოხსენიებული მღვდლისა და ღვთის ტაძრის მთავარი გამგებლის ფაშხურ ბენ იმერის ძმა იყო“.