არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ადასტურებს არქეოლოგია ბიბლიის უტყუარობას

როგორ ადასტურებს არქეოლოგია ბიბლიის უტყუარობას

როგორ ადასტურებს არქეოლოგია ბიბლიის უტყუარობას

არქეოლოგია ბიბლიის მკვლევარებს დამატებით ინფორმაციას აწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი ბიბლიურ დროში, რა წეს-ჩვეულებები ჰქონდათ და რომელ ენებზე ლაპარაკობდნენ. არქეოლოგია იმასაც ადასტურებს, რომ შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, მაგალითად ბაბილონის, ნინევესა და ტვიროსის დაცემა (იერემია 51:37; ეზეკიელი 26:4, 12; სოფონია 2:13—15). მაგრამ შეუძლებელია ეს მეცნიერება აბსოლუტურად ზუსტი იყოს. როგორც წესი, აღმოჩენები ითხოვს ახსნა-განმარტებებს, რომლებიც შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს.

ჭეშმარიტი ქრისტიანის რწმენას საფუძვლად უდევს არა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი გატეხილი ვაზები, დამტვრეული აგურები თუ ჩამონგრეული კედლები, არამედ ბიბლია, რომლის თითოეული ნაწილი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს (2 კორინთელები 5:7; ებრაელები 11:1). ჰარმონიულობა, დამწერთა გულწრფელობა, შესრულებული წინასწარმეტყველებები და კიდევ სხვა მტკიცებები იმაში გვარწმუნებს, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). მიუხედავად ამისა, საინტერესო იქნება, გავეცნოთ ბიბლიის უტყუარობის დამადასტურებელ ზოგიერთ არქეოლოგიურ აღმოჩენას.

1970 წელს არქეოლოგებმა იერუსალიმში გათხრები ჩაატარეს და შენობის ნანგრევები აღმოაჩინეს. „დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარებოდა ის, რომ შენობა დამწვარი იყო, კედლები და ჭერი კი ჩამონგრეული“, — აღნიშნა საექსპედიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნამან ავიგადმა. ერთ-ერთ ოთახში მკლავის ძვლები [1] იპოვეს; ჩანდა, რომ ვიღაც გაწვდილი ხელით ცდილობდა, საფეხურს ჩასჭიდებოდა.

იატაკზე აგრეთვე ეყარა მონეტები [2]. ყველაზე გვიანდელი მონეტა თარიღდებოდა ახ. წ. 69 წლით (მანამდე სამი წლით ადრე იუდეველები რომის წინააღმდეგ აჯანყდნენ). მონეტების გარდა აქეთ-იქით სხვა ნივთებიც იყო მიმოფანტული. ავიგადი განაგრძობს: „ეს რომ ვნახეთ, გაგვახსენდა იოსებ ფლავიუსის სიტყვები, რომ სახლები რომაელმა ჯარისკაცებმა ქალაქის დაპყრობის შემდეგ გაძარცვეს“. ისტორიკოსების მტკიცებით, რომაელებმა იერუსალიმი ახ. წ. 70 წელს ააოხრეს.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის ძვლები ოც წელს გადაცილებული გოგონას ძვლები იყო. როგორც ჟურნალი „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“ იუწყება, „რომაელების თავდასხმის დროს ეს გოგონა, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლის სამზარეულოში იყო, იატაკზე დაეცა. კარის საფეხურისკენ რომ მიიწევდა, სწორედ მაშინ მოკვდა. ვინაიდან ცეცხლი სწრაფად გავრცელდა . . . მან გამოსვლა ვერ მოასწრო და ნანგრევებში მოჰყვა“.

ეს შემთხვევა შეგვახსენებს იერუსალიმის შესახებ იესოს წინასწარმეტყველებას, რომელიც ქალაქის განადგურებამდე დაახლოებით 40 წლით ადრე წარმოთქვა: „შენი მტრები . . . მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს, ქვას ქვაზე არ დაგიტოვებენ“ (ლუკა 19:43, 44).

არქეოლოგიური აღმოჩენები ბიბლიაში ნახსენები სახელების სიზუსტესაც ადასტურებს. აღმოჩენებმა გააბათილა ზოგიერთი კრიტიკოსის მოსაზრება, თითქოს ბიბლიის დამწერებმა გამოიგონეს პერსონაჟების სახელები ან იმაზე მეტი დიდება მიაწერეს, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდათ.

ბიბლიური სახელები

გამოჩენილი მეცნიერები ერთ დროს ფიქრობდნენ, რომ ასურეთის მეფე სარგონ II, რომლის სახელიც ესაიას 20:1-ში გვხვდება, არ იყო რეალური პიროვნება. მაგრამ 1843 წელს ერაყში, ხორსაბადთან ახლოს, მდინარე ტიგროსის შენაკადთან, აღმოაჩინეს სარგონ მეფის სასახლე [3], რომელსაც დაახლოებით 10 ჰექტარი მიწა უჭირავს. ძველი ასურეთის მეფე სარგონ II, რომელიც ერთ დროს უმრავლესობისთვის უცნობი იყო, დღეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. სარგონ II თავის ერთ-ერთ მატიანეში [4] აღნიშნავს, რომ დაიპყრო ისრაელის ქალაქი სამარია. ბიბლიური ქრონოლოგიის მიხედვით, სამარია ასურელების ხელში ძვ. წ. 740 წელს ჩავარდა. მეფე სარგონ II იმასაც მოიხსენიებს, რომ აშდოდი დაიპყრო, რითაც ესაიას 20:1-ის უტყუარობა დასტურდება.

ძველი ბაბილონის გათხრების დროს დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, იშთარის ჭიშკართან ახლოს აღმოაჩინეს 300-მდე ლურსმული ფირფიტა. ლურსმულ წარწერებში, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მმართველობის დროინდელ პერიოდს უკავშირდება, მოხსენიებულია სახელები, მაგალითად „იაჰუდის მეფე იაუკინი“. იაუკინი იგივე იეჰოიაქინია, იუდას მეფე, რომელიც ტყვედ ჩაუვარდა ბაბილონს იმ დროს, როცა ნაბუქოდონოსორმა ძვ. წ. 617 წელს პირველად დაიპყრო იერუსალიმი (2 მეფეები 24:11—15). ფირფიტებზე იეჰოიაქინის ხუთი ვაჟის სახელებიც არის ამოტვიფრული (1 მატიანე 3:17, 18).

2005 წელს არქეოლოგებმა ის ადგილი გათხარეს, სადაც, მათი ვარაუდით, მეფე დავითის სასახლე მდებარეობდა და იპოვეს ქვის დიდი ნაგებობა. მათი აზრით, ეს ნაგებობა მაშინ დაინგრა, როცა 2 600 წელზე მეტი ხნის წინათ, ღვთის წინასწარმეტყველ იერემიას დროს ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს. უცნობია, არის თუ არა ეს დავითის სასახლის ნაშთი. არქეოლოგმა ეილატ მაზარმა გაშიფრა ერთი სანტიმეტრი სისქის თიხის ფირფიტაზე [5] ამოტვიფრული წარწერა, რომელიც ბეჭდით იყო დასმული: „ეკუთვნის იეჰუქალს, შოვის ძის შელემიაჰუს ძეს“. ეს წარწერა, როგორც ჩანს, თავისი ბეჭდით დასვა იუდეველმა მმართველმა იეჰუქალმა, იგივე იუქალმა, რომელიც ბიბლიაში მოხსენიებულია, როგორც იერემიას მტერი (იერემია 37:3; 38:1—6).

როგორც ეილატ მაზარი ამბობს, შაფანის ძის გემარიას შემდეგ იეჰუქალი სამეფო კარზე „პირველი მსახური“ იყო, რომლის სახელიც დავითის ქალაქში აღმოჩენილ ბეჭდით დასმულ წარწერაში გვხვდება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰუქალი, შელემიას (შელემიაჰუ) ძე იუდას მთავარი იყო. ამ წარწერის აღმოჩენამდე იეჰუქალი ბიბლიის გარდა არც ერთ წყაროში არ იყო მოხსენიებული.

წერა-კითხვის მცოდნე ხალხი

ბიბლიიდან ჩანს, რომ ისრაელი წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი არ ყოფილა (რიცხვები 5:23; იესო ნავეს ძე 24:26; ესაია 10:19). მაგრამ კრიტიკოსები არ ეთანხმებიან ამას და ამტკიცებენ, რომ ბიბლიურ ისტორიას, ძირითადად, საფუძვლად უდევს ნაკლებად სანდო ზეპირი გადმოცემები. ეს მოსაზრება გაბათილდა 2005 წელს, როცა არქეოლოგებმა თელ ცაიტის (მდებარეობს იერუსალიმსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთს შორის) გათხრების დროს აღმოაჩინეს არქაული ანბანი, შესაძლოა უძველესი ებრაული ანბანი [6], რომელიც ქვის ნატეხზე იყო ამოტვიფრული.

ზოგი არქეოლოგის აზრით, ძვ. წ. X საუკუნით დათარიღებული ქვის ეს ნატეხი მიუთითებს იმაზე, რომ იმ დროს ისრაელში ხდებოდა „გადამწერთა მომზადება“, „ჰქონდათ მაღალი დონის კულტურა“ და „ბიუროკრატიაც სწრაფად ვითარდებოდა“. როგორც ეს აღმოჩენა ადასტურებს, ჯერ კიდევ ძვ. წ. X საუკუნეში ისრაელები წერა-კითხვის მცოდნეები იყვნენ და არ გაუჭირდებოდათ საკუთარი ისტორიის დაწერა.

ასურული წარწერები

ბიბლიაში ხშირად არის მოხსენიებული ასურეთის ძლევამოსილი იმპერია, რომლის არსებობასაც ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა ადასტურებს. მაგალითად, ძველი ასურეთის დედაქალაქის ნინევეს გათხრების დროს მეფე სინახერიბის სასახლეში იპოვეს ამოტვიფრული ფილა [7], რომელზეც გამოსახულია, თუ როგორ მიჰყავდათ ასურელ მეომრებს იუდეველი ტყვეები ძვ. წ. 732 წელს ლაქიშის დაპყრობის შემდეგ. ამის შესახებ მოთხრობილია 2 მეფეების 18:13—15-ში.

ნინევეში აღმოჩენილ სინახერიბის მატიანეში [8] აღწერილია, თუ როგორ გაილაშქრა მან იუდას მეფის, ხიზკიას წინააღმდეგ. ამ მატიანეში მეფე ხიზკია სახელით არის მოხსენიებული. აღმოჩენილ იქნა ლურსმული წარწერებიც, სადაც მოხსენიებულნი არიან იუდას სხვა მეფეები ახაზი, მენაშე და ისრაელის მეფეები ომრი, იეჰუ, იოაში, მენახემი და ჰოშეა.

სინახერიბი მოპოვებული გამარჯვებებით იკვეხნის თავის მატიანეში, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, დაიპყრო თუ არა იერუსალიმი. ეს ფაქტიც ბიბლიის უტყუარობაზე მეტყველებს. როგორც ბიბლიაში წერია, სინახერიბმა ვერ შეძლო იერუსალიმისთვის ალყის შემორტყმა; ის ღვთის ხელით დამარცხდა. დამცირებული სინახერიბი ნინევეში დაბრუნდა, სადაც, ბიბლიის თანახმად, საკუთარმა ვაჟებმა მოკლეს (ესაია 37:33—38). ეს ორი ასურული წარწერითაც დასტურდება.

იეჰოვას წინასწარმეტყველებმა ნაუმმა და სოფონიამ ნინევეს სრული განადგურება იწინასწარმეტყველეს, რადგან იქ ბოროტებას მყარად მოეკიდებინა ფეხი (ნაუმი 1:1; 2:8—3:19; სოფონია 2:13—15). ეს წინასწარმეტყველებები მაშინ შესრულდა, როდესაც ბაბილონის მეფის, ნაბუფალასარისა და მიდიის მეფის, საიაქსერის გაერთინებულმა ჯარებმა ალყა შემოარტყეს ნინევეს და ძვ. წ. 632 წელს აიღეს. აღმოჩენილმა ნანგრევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიბლიის უტყუარობა.

ნინევეს სამხრეთ-აღმოსავლეთითა და მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთით მდებარე უძველეს ქალაქ ნუზიში 1925—1931 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ხელოვნების არაერთი ნიმუში, მათ შორის 20 000-მდე თიხის ფილა. ბაბილონურ ენაზე შესრულებულ წარწერებში უამრავ ინფორმაციას ვხვდებით, მათ შორის ისეთ ჩვეულებებს, რომელთა შესახებაც წიგნ „დაბადებაში“ წერია. მაგალითად, წარწერებიდან ჩანს, რომ ოჯახებს ჰყავდათ ღმერთები სტატუეტების სახით, რაც სტატუეტის მფლობელს მემკვიდრეობის მიღების უფლებას აძლევდა. შეიძლება სწორედ ამ ტრადიციით აიხსნას ის, თუ რატომ წამოიღო მამის სახლიდან იაკობის ცოლმა რახელმა ოჯახის ღმერთი ანუ „თერაფიმი“, რომელიც მამამისს, ლაბანს ეკუთვნოდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რატომ ცდილობდა ლაბანი, უკან დაებრუნებინა თერაფიმი (დაბადება 31:14—16, 19, 25—35).

ესაიას წინასწარმეტყველება და კიროსის ცილინდრი

ბიბლიის უტყუარობაზე აგრეთვე მეტყველებს ძველი თიხის ცილინდრზე ამოტვიფრული ლურსმული წარწერა. ეს ცილინდრი კიროსის ცილინდრის [9] სახელწოდებითაა ცნობილი და აღმოჩენილია ევფრატის სანაპიროსთან მდებარე უძველესი სიფარის ტერიტორიაზე, ბაღდადიდან დაახლოებით 32 კილომეტრის დაშორებით. ცილინდრზე წერია, რომ სპარსეთის იმპერიის დამაარსებელმა კიროს დიდმა ბაბილონი დაიპყრო. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, 200 წლის წინათ იეჰოვამ ესაია წინასწარმეტყველის პირით წარმოთქვა წინასწარმეტყველება მიდია-სპარსეთის მმართველზე, რომლის სახელიც იქნებოდა კიროსი: «ჩემი მწყემსია და რაც მსურს, იმას ბოლომდე შემისრულებს; შეასრულებს თვით ჩემს ნათქვამს იერუსალიმზე — „აღდგენილი იქნება“» (ესაია 13:1, 17—19; 44:26—45:3).

ცილინდრზე აგრეთვე აღნიშნულია, რომ კიროსმა წინა დამპყრობლისგან წამოყვანილი ტყვეები თავიანთ სამშობლოში დააბრუნა. ამ მხრივ კიროსი განსხვავდებოდა ძველი დროის დამპყრობლებისგან. როგორც ბიბლია, ისე ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ კიროსმა გაათავისუფლა იუდეველები, რომლებმაც იერუსალიმი აღადგინეს (2 მატიანე 36:23; ეზრა 1:1—4).

ბიბლიურმა არქეოლოგიამ, შედარებით ახალმა მეცნიერებამ, რომელიც მკვლევარებისთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს, ხელმისაწვდომი გახადა მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორც არაერთი აღმოჩენით დადასტურდა, ბიბლია უმნიშვნელო დეტალებშიც კი უტყუარი და სიზუსტით გამორჩეული წიგნია.

[ჩარჩო 18 გვერდზე]

დამატებითი ინფორმაცია

ბიბლია — ფაქტებისა და წინასწარმეტყველების წიგნი — როგორ დაგეხმარებათ ბიბლია, გქონდეთ აზრიანი ცხოვრება და იყოთ ბედნიერნი? ეს საკითხი გაშუქებულია DVD-ზე ჩაწერილ ორსაათიან ფილმში „ბიბლია — ფაქტებისა და წინასწარმეტყველების წიგნი“; მასში ინტერესის აღმძვრელი ინტერვიუებიც არის ჩართული (ხელმისაწვდომია 32 ენაზე).

ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის? — უფრო მეტი მტკიცებაა თქვენთვის საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ ბიბლია არც მითებს შეიცავს და არც ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს? მართლა მოხდა ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები? გამოიკვლიეთ ამ 192-გვერდიან წიგნში მოცემული ფაქტები (გამოცემულია 56 ენაზე).

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში? — ეს სასწავლო სახელმძღვანელო, რომელიც 19 თავისგან შედგება, მოიცავს ბიბლიის მნიშვნელოვან სწავლებებს და გვამცნობს ღვთის განზრახვას კაცობრიობასთან დაკავშირებით (ამჟამად გამოცემულია 162 ენაზე).

ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით — ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი, რომელიც ძირითადად ბავშვებისთვისაა, 116 მოთხრობისგან შედგება. მასში მოვლენები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღიწერება (ხელმისაწვდომია 194 ენაზე).

[საავტორო უფლება 15 გვერდზე]

Coins: Generously Donated by Company for Reconstruction & Development of Jewish Quarter, Jerusalem Old City

[საავტორო უფლება 15 გვერდზე]

Society for Exploration of Land of Israel and its Antiquities

[საავტორო უფლება 16 გვერდზე]

3: Musée du Louvre, Paris; 4: Photograph taken by courtesy of the British Museum; 5: Gabi Laron/Institute of Archaeology/Hebrew University © Eilat Mazar

[საავტორო უფლება 17 გვერდზე]

6: AP Photo/Keith Srakocic; 7, 8: Photograph taken by courtesy of the British Museum

[საავტორო უფლება 18 გვერდზე]

Photograph taken by courtesy of the British Museum

[საავტორო უფლება 18 გვერდზე]

Alexander the Great: Roma, Musei Capitolini