არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1. ისტორიულად ზუსტი

1. ისტორიულად ზუსტი

რის საფუძველზე უნდა ვენდოთ ბიბლიას

1. ისტორიულად ზუსტი

ძნელია ენდო ისეთ წიგნს, რომელშიც უზუსტობები შეინიშნება. დავუშვათ, კითხულობთ ისტორიულ წიგნს, რომელშიც მეორე მსოფლიო ომი 1800 წლითაა დათარიღებული, ან საქართველოს პრეზიდენტი მეფედ მოიხსენიება. ნუთუ არ გაფიქრებინებდათ ასეთი უზუსტობები, რომ წიგნი სანდო არ არის?!

არა ერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერავინ დაამტკიცა, რომ ბიბლია ისტორიულად ზუსტი არ არის. ბიბლია მოიხსენიებს რეალურ პერსონაჟებსა და მოვლენებს.

რეალური პერსონაჟები. კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებდნენ იუდეის რომაელი გამგებლის, პონტიუს პილატეს არსებობას, რომელმაც იესო ბოძზე გააკვრევინა (მათე 27:1—26). 1961 წელს ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ კესარეაში იპოვეს ქვა [1], რომელზეც ეწერა, რომ ერთ დროს პილატე იუდეის გამგებელი იყო.

ადრე მხოლოდ ბიბლიიდან იყო ცნობილი, რომ გამბედაობით გამორჩეული ახალგაზრდა მწყემსი დავითი, რომელიც მოგვიანებით ისრაელის მეფე გახდა, ისტორიული პიროვნება იყო. 1993 წელს კი არქეოლოგებმა ჩრდილოეთ ისრაელში აღმოაჩინეს ბაზალტის ქვა [2], რომელიც დათარიღებულია ძვ. წ. IX საუკუნით. ექსპერტების მტკიცებით, მასზე ამოტვიფრულია სიტყვები „დავითის სახლი“ და „ისრაელის მეფე“.

მოვლენები. ადრე ბევრ მეცნიერს ეჭვი შეჰქონდა იმაში, რომ დავით მეფის დროს ედომი ისრაელს ებრძოდა, როგორც ეს ბიბლიაშია ჩაწერილი (2 სამუელი 8:13, 14). მათი მტკიცებით, ედომს, რომელიც იმ დროს მეცხოველეობას მისდევდა, ვერ ეყოლებოდა ისეთი ძლიერი და ორგანიზებული ჯარი, რომ ისრაელისთვის საშიშროება შეექმნა. მაგრამ, როგორც ახლახან ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, „ედომი ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე იყო ძლიერი ქვეყანა, როგორც ეს ბიბლიიდან ჩანს“, — ნათქვამია ჟურნალში „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“.

მმართველთა წოდებები. 16 საუკუნის განმავლობაში, ვიდრე ბიბლია იწერებოდა, ისტორიას არაერთი მმართველი ახსოვს. ბიბლია მმართველებს ყოველთვის შესაფერისი წოდებით მოიხსენიებს, მაგალითად ჰეროდე ანტიპას — „გამგებლად“, გალიონს კი — „პროკონსულად“ (ლუკა 3:1; საქმეები 18:12). ეზრას 5:6-ში ნახსენებია სპარსული პროვინციის მდინარისგაღმელი (მდინარე ევფრატი) გამგებელი თათენაი. ძვ. წ. IV საუკუნეში დამზადებულ მონეტაზე სპარსეთის მმართველი მაზეუსიც მდინარისგაღმელ გამგებლად არის მოხსენიებული.

მნიშვნელოვანია იმ დეტალების ზუსტად გადმოცემა, რომლებიც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ჩანს. თუ ბიბლიის დამწერები უმნიშვნელო დეტალებსაც კი ზუსტად აღწერენ, განა გაცილებით მნიშვნელოვან ფაქტებს ზუსტად არ აღწერენ?!

[სურათი 5 გვერდზე]

1: Photograph © Israel Museum, Jerusalem; courtesy of Israel Antiquities Authority; 2: HUC, Tel Dan Excavations; photo: Zeev Radovan