მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
გაუძლებს ქორწინება ცხოვრების ნებისმიერ ქარტეხილს? (ივლისი 2006) რეგულარულად ვკითხულობ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე ვარ, მე მომწონს თქვენი ჟურნალები, რადგან ძალიან საინტერესო და შემეცნებითია. მაგრამ არ ვეთანხმები თქვენ მიერ მოყვანილ შემდეგ არგუმენტს: „1983 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ გაამარტივა ქორწინებასთან დაკავშირებული წესები, რაც განქორწინებას აადვილებს“.
ჯ. ვ. მ. (ზამბია)
„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ჩვენ მოვიხსენიეთ ის ცვლილებები, რომლებიც შევიდა 1983 წლის კანონიკური სამართლის კოდექსში. ასეთ ცვლილებებს არასასურველი შედეგები მოჰყვა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. რომის კათოლიკე ეპისკოპოსის მარკ პივარუნესის სიტყვების თანახმად 1968 წელს მხოლოდ შეერთებულ შტატებში 338 განქორწინება დაფიქსირდა. 1990 წლისთვის ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და 62 824 -ს მიაღწია. რამ განაპირობა ასეთი ზრდა?
იურისტმა ედვარდ პიტერზმა თქვა: „კანონიკური სამართლის კოდექსში ზოგი მნიშვნელოვანი ცვლილება გატარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამ ცვლილებების შედეგად უფრო ადვილი გახდა როგორც განქორწინების შესახებ წერილობითი მოთხოვნის წარდგენა, ისე ამ მოთხოვნაზე დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება“. კანონში შეტანილი ცვლილებების მოხსენიების შემდეგ პიტერზმა დასძინა: „უდავოა, რომ ვატიკანის მიერ კანონიკური სამართლის კოდექსში შეტანილმა ამ ცვლილებებმა ხელი შეუწყო განქორწინების ზრდას“. მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივებით გაატარეს მათ ეს ცვლილებები კანონიკური სამართლის კოდექსში, შედეგი მხოლოდ შეერთებულ შტატებში, როგორც ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში იყო მოცემული, ის იყო, რომ „[ეკლესიამ] გაამარტივა ქორწინებასთან დაკავშირებული წესები, რაც განქორწინებას აადვილებს“.
არსებობს შემოქმედი? (სექტემბერი 2006) „გამოიღვიძეთ!“-ის ეს სპეციალური ნომერი ნამდვილი შედევრი იყო. მასში იყო მოყვანილი მარტივი, ძლიერი, ლოგიკური და გონივრული არგუმენტები. ძალიან მომეწონა ის, რომ მთელ ჟურნალში ერთი და იგივე თემა სხვადასხვა კუთხით განიხილებოდა.
ა. ბ. (ესპანეთი)
დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი და საინტერესო ჟურნალისთვის. ამ ჟურნალში მოყვანილია მრავალი არგუმენტი და ილუსტრაცია, რაც განადიდებს იეჰოვას. იეჰოვა ნამდვილად იმსახურებს ასეთ განდიდებას.
რ. ბ. (შვეიცარია)
ჟურნალში მოყვანილმა მარტივმა და დამაჯერებელმა მტკიცებებმა შემოქმედის არსებობაში დამარწმუნა. მასში ტაქტიანად, მაგრამ მთელი სიზუსტით, მეცნიერულ მტკიცებებზე დაყრდნობით, არის ნათლად ნაჩვენები, რომ ევოლუციის თეორია სინამდვილეს არ შეეფერება.
ლ. გ. (საფრანგეთი)
ბოშები — სიხარულისა და მწუხარების ათასი წელი (ოქტომბერი 2006). ბოშების მიმართ ყოველთვის თბილი გრძნობები მქონდა. სამწუხაროდ, ბევრს წინასწარაკვიატებული აზრი აქვს მათ შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტატია ბევრს დააფიქრებს. რა გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მიკერძოებული არ არის და ბოშებიც მის თაყვანისმცემლებს შორის არიან.
ბ. ბ. (საფრანგეთი)
ჩვენ ბოშები ვართ. მამაჩემი ჯერ არ არის იეჰოვას მოწმე. მართალია მას კითხვა დიდად არ უყვარს, მაგრამ სურვილი გამოთქვა, რომ მასაც ჰქონოდა ეს ჟურნალი. ახლა მას ამ ჟურნალის პირადი ეგზემპლარი აქვს.
ა. გ. (ფინეთი)