არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ გვაქვს სიკვდილის შიში?

რატომ გვაქვს სიკვდილის შიში?

რატომ გვაქვს სიკვდილის შიში?

„სიკვდილი ყველაზე შემზარავი რამ არის, რადგან ის ყველაფრის დასასრულია“ (არისტოტელე)

მეგობრები მას ღვთისმოშიშ ქალად, ნამდვილ მორწმუნედ მიიჩნევდნენ. ზოგი კი მას „თავისი ეკლესიის ბურჯს“ უწოდებდა. მას ნასწავლი ჰქონდა, რომ სიკვდილი სიცოცხლის დასასრული კი არ იყო, არამედ სიკვდილის შემდეგ ახალი ცხოვრების დასაწყისი. მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა, ის შიშმა მოიცვა. ეჭვებით გატანჯულმა ქალმა კითხვით მიმართა თავის სულიერ მოძღვარს: „სიკვდილის შესახებ ბევრნაირი შეხედულებაა გავრცელებული. მითხარით, რომელია სწორი?“

თითქმის ყველა რელიგიასა და საზოგადოებაში გავრცელებულია ის აზრი, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი განაგრძობს სიცოცხლეს. ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში მრავალი შეხედულება არსებობს. რომელია სწორი? ბევრი იმ აზრისაა, რომ სიკვდილი ყველაფრის დასასრულია. თქვენ რას ფიქრობთ? ასწავლის თქვენი რელიგია იმას, რომ ადამიანი აგრძელებს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ? გწამთ ამის? გეშინიათ სიკვდილის?

არარსებობის შიში

მკვლევარები ხშირად საუბრობენ „სიკვდილის შიშზე“. ბოლო ათწლეულებში მრავალი წიგნი და სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა ამ თემას. მიუხედავად ამისა, მრავალს მაინც არ სურს ამაზე ფიქრი. მაგრამ რეალობა გვაიძულებს, რომ ადრე თუ გვიან მაინც დავფიქრდეთ სიკვდილზე. ადამიანის სიცოცხლე ძალზე ხანმოკლეა — ყოველდღე საშუალოდ 160 000-ზე მეტი კვდება! ყველა ადამიანი მოკვდავია და ამას ვერავინ გაექცევა. სწორედ ეს რეალობა აშინებს ბევრს.

მკვლევარები სიკვდილის შიშს სხვადასხვა კატეგორიად ყოფენ. ადამიანს ეუფლება ტკივილის შიში, გაურკვევლობის შიში, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში და იმის შიში, თუ რა უარყოფით შედეგებს მოუტანს მისი სიკვდილი სხვებს.

ყველაზე მეტად ადამიანებს მაინც იმის ეშინიათ, რომ შეწყვეტენ არსებობას. სხვადასხვა რელიგიური შეხედულების მიუხედავად ბევრს მაინც აშინებს ის, რომ სიკვდილი სიცოცხლის დასასრულია. მეცნიერება კიდევ უფრო აღვივებს ამ შიშს. მრავალი რამ, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება, დღეს შეიძლება მეცნიერულად აიხსნას. ფაქტია, რომ არც ერთ ბიოლოგს, ფიზიკოსსა თუ ქიმიკოსს არასოდეს არ აღმოუჩენია ადამიანში უხილავი რამ, რაც სხეულის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას. აქედან გამომდინარე, ბევრი მეცნიერი ადამიანის სიკვდილს ჩვეულებრივ ბიოლოგიურ პროცესად მიიჩნევს.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მრავალს, ვისაც ერთი შეხედვით ღრმად სწამს საიქიო ცხოვრების, გულის სიღრმეში იმის შიში აქვს, რომ სიკვდილის დროს საერთოდ შეწყვეტს არსებობას. საინტერესოა, რომ ძველ დროში მცხოვრებმა მეფე სოლომონმა ადამიანის სიკვდილი აღწერა როგორც სიცოცხლის დასასრული, რაც ზოგისთვის შეიძლება შიშის მომგვრელი იყოს.

„მტვერი“ — არის ის ადამიანის საბოლოო ხვედრი?

3 000 წლის წინ მეფე სოლომონმა ეკლესიასტეს წიგნში დაწერა: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა. ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური“. შემდეგ მან დასძინა: „ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 6, 10).

სოლომონმა ღვთის შთაგონებით თქვა, რომ „ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც  . . . ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს  . . . ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან“ (ეკლესიასტე 3:19, 20).

მართალია, ეს სიტყვები მეფე სოლომონს ეკუთვნის, მაგრამ მან ისინი ღვთის შთაგონებით დაწერა. ამიტომ, მისი სიტყვები, ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ნაწილი გახდა. ეს მუხლები, ისევე როგორც ბიბლიაში მოცემული სხვა მრავალი მუხლი, არ უჭერს მხარს იმ გავრცელებულ აზრს, თითქოს ჩვენში არსებობს რაღაც, რაც ჩვენი სიკვდილის შემდეგ სხვა სახით განაგრძობს სიცოცხლეს (დაბადება 2:7; 3:19; ეზეკიელი 18:4). ამ მუხლებიდან გამომდინარე, გვეუბნება ღმერთი იმას, რომ „მტვერი“, ანუ არარსებობა, ადამიანის საბოლოო ხვედრია? სრულებითაც არა!

ბიბლია არ გვასწავლის იმას, რომ ადამიანში არსებობს უხილავი რამ, რაც სიკვდილის შემდეგ განაგრძობს სიცოცხლეს. მაგრამ, ის უტყუარ იმედს იძლევა გარდაცვლილებისთვის. მომდევნო სტატიიდან გაიგებთ, თუ რატომ არ უნდა გქონდეთ სიკვდილის შიში და რატომ არ უნდა ფიქრობდეთ, რომ ის ყველაფრის დასასრულია.

[ჩარჩო 3 გვერდზე]

მტერი, რომელსაც ვერსად გაექცევი

სიკვდილს ხშირად ადამიანის მტერს უწოდებენ. ის ნამდვილი მტერია და ამას ყველგან ვხედავთ. ერთი შეფასების თანახმად ყოველ წელს დაახლოებით 59 მილიონი ადამიანი კვდება — ყოველ ერთ წამში საშუალოდ ორი. ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ მოცემულ სტატისტიკურ მონაცემებს:

▪ ყოველ 102 წამში ერთი ადამიანი კვდება საომარი მოქმედებების შედეგად.

▪ ყოველ 61 წამში ერთ ადამიანს კლავენ.

▪ ყოველ 39 წამში ერთი ადამიანი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

▪ ყოველ 26 წამში ერთი ადამიანი კვდება ავარიაში.

▪ ყოველ 3 წამში ერთი ადამიანი კვდება შიმშილით გამოწვეული მიზეზების გამო.

▪ ყოველ 3 წამში ხუთ წლამდე ასაკის ერთი ბავშვი კვდება.

[ჩარჩო 4 გვერდზე]

ამაო ძიება

1949 წლის 9 ნოემბერს სპილენძის მომპოვებელი, 70 წლის ჯეიმზ კიდი მოულოდნელად გაუჩინარდა არიზონის მთებში (აშშ). რამდენიმე წელიწადში, მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად გარდაცვლილად გამოაცხადეს, იპოვეს მის მიერ დაწერილი წერილი, სადაც ის საკუთარ ნებას გამოხატავდა, და ასობით ათასი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები. კიდი წერდა, რომ ეს თანხა გამოეყენებინათ კვლევისთვის, რათა მოეძებნათ „რაიმე მეცნიერული მტკიცება იმისა, რომ ადამიანის სხეულში არსებობს სული, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას“.

ამის შემდეგ, მალევე ასზე მეტმა მკვლევარმა და მეცნიერმა განაცხადა, რომ ითავებდა ამ საქმეს. ამას მოჰყვა რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვები, სადაც პრეტენდენტებს ათასობით „არგუმენტი“ მოჰყავდათ იმის დასამტკიცებლად, რომ უხილავი სული არსებობს. ბოლოს სასამართლომ ფული ორ კომპეტენტურ კვლევით ორგანიზაციას გადასცა. ამ ამბის შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ მათ ჯერაც ვერ უპოვიათ „რაიმე მეცნიერული მტკიცება იმისა, რომ ადამიანის სხეულში არსებობს სული, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას“.