არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს?

რატომ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს?

ბიბლიის თვალსაზრისი

რატომ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს?

ადამიანის მოქმედების შედეგად ჩვენი პლანეტა დღეს ისე ზიანდება, როგორც არასდროს. რამდენადაც უფრო და უფრო მატულობს ისეთი საშიშროებები, როგორიცაა მაგალითად გლობალური დათბობა, მეცნიერები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მსხვილი მეწარმეები ცდილობენ, რამე იღონონ წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად.

გვაკისრია თითოეულ ჩვენგანს იმის პასუხისმგებლობა, რომ გავუფრთხილდეთ გარემოს? თუ დიახ, რამდენის გაკეთება მოგვეთხოვება? ბიბლია კარგად გვიხსნის, თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე. ის იმაშიც გვეხმარება, რომ ამ მხრივ გაწონასწორებულნი ვიყოთ.

მხარი დავუჭიროთ ჩვენი შემოქმედის განზრახვას

იეჰოვა ღმერთმა დედამიწა ისე შექმნა, რომ ადამიანებისთვის ის ბაღისმაგვარი საცხოვრებელი ყოფილიყო. მთელ თავის ნამოქმედარზე მან თქვა, რომ „ძალიან კარგი იყო“; ადამიანს კი დაავალა, რომ „დაემუშავებინა იგი [დედამიწა] და ეზრუნა მასზე“ (დაბადება 1:28, 31; 2:15). რას გრძნობს ღმერთი ახლა, როდესაც დედამიწის ახლანდელ მდგომარეობას ხედავს? ცხადია, ის ძალიან წუხს იმის გამო, რომ ადამიანი არასწორად ეპყრობა მას, რაც კარგად ჩანს გამოცხადების 11:18-დან, სადაც ნაწინასწარმეტყველებია, რომ იეჰოვა ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’. აქედან გამომდინარე, ჩვენც უნდა გვაღელვებდეს დედამიწის მდგომარეობა.

ბიბლია გვარწმუნებს, რომ დედამიწისთვის ადამიანის მიერ მიყენებული ყოველგვარი ზიანის კვალი სამუდამოდ გაქრება, როდესაც ღმერთი შექმნის „ყველაფერს ახალს“ (გამოცხადება 21:5). მაგრამ, ჩვენ არ უნდა დავასკვნათ, რომ რადგან ღმერთი დედამიწას უწინდელ სახეს დაუბრუნებს, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ როგორ ვეპყრობით მას ახლა. ჩვენს მოქმედებას სინამდვილეში აქვს მნიშვნელობა! როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვიზიარებთ ღვთის თვალსაზრისს ჩვენს პლანეტასთან დაკავშირებით და მხარს ვუჭერთ მის განზრახვას, რომლის თანახმადაც დედამიწა სამოთხედ უნდა გადაიქცეს?

ხელი შევუწყოთ გარემოს დაცვას

ადამიანის საქმიანობის შედეგად, ჩვეულებრივ, წარმოიქმნება გარკვეული რაოდენობის ნაგავი. ჩვენს პლანეტაზე არსებული ბუნებრივი ციკლების წყალობით, რომლებიც იეჰოვამ თავისი სიბრძნით აამოქმედა, დედამიწაზე ხდება ნარჩენების მოსპობა და ჰაერის, წყლისა და მიწის გაწმენდა (იგავები 3:19). ჩვენი მოქმედებებით ხელს უნდა ვუწყობდეთ ამ პროცესებს. ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს, რომ ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ დედამიწას ზედმეტი ზიანი არ მივაყენოთ. ასე მოქმედებით ცხადვყოფთ, რომ მოყვასი საკუთარი თავივით გვიყვარს (მარკოზი 12:31). განვიხილოთ ბიბლიური დროის ერთი საინტერესო მაგალითი.

ღმერთმა ისრაელ ერს უთხრა, რომ განავალი „ბანაკის გარეთ“ ჩაეფლოთ (კანონი 23:12, 13). ეს ხელს უწყობდა იმას, რომ ბანაკი დაცული ყოფილიყო ანტისანიტარიისგან და, თავის მხრივ, ექსკრემენტების დაშლის პროცესსაც აჩქარებდა. ჭეშმარიტი ქრისტიანები დღესაც ცდილობენ, რაც შეიძლება მალე და სათანადო სახით მოიშორონ ნაგავი თუ სხვა სახის ნარჩენები. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ტოქსიკური ნივთიერებების მოშორება.

მრავალი სახის ნარჩენი გადამუშავების შემდეგ შეიძლება კვლავ იქნეს გამოყენებული. თუ ნარჩენების გადამუშავება ადგილობრივი კანონით მოითხოვება, ასეთი კანონისადმი მორჩილება ნიშნავს, ‘მივცეთ კეისარს კეისრისა’ (მათე 22:21). ნარჩენების გადამუშავება შეიძლება დამატებით ძალისხმევას მოითხოვდეს, მაგრამ ამით ვაჩვენებთ, რომ გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვაში.

დავზოგოთ დედამიწის რესურსები

იმისათვის, რომ დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნილებები — გვქონდეს საწვავი, საკვები და თავშესაფარი, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია — საჭიროა, ბუნებრივი რესურსები გამოვიყენოთ. ის, თუ როგორ ვიყენებთ ამ რესურსებს, მეტყველებს იმაზე, მივიჩნევთ თუ არა ამ ყოველივეს ღვთის მიერ ნაბოძებ საჩუქრად. როდესაც ისრაელებმა უდაბნოში ხორცი მოითხოვეს, იეჰოვამ მათ მწყრის დიდი გუნდი მოუვლინა. სიხარბის გამო მათ არ დააფასეს ეს, რითაც იეჰოვა ღმერთი ძალიან განარისხეს (რიცხვები 11:31—33). ღმერთი არ შეცვლილა. ამიტომ, კეთილსინდისიერი ქრისტიანები ერიდებიან რესურსების ზედმეტად ხარჯვას, რითაც აჩვენებენ, რომ ხარბები არ არიან.

ზოგი ფიქრობს, რომ სრული უფლება აქვს შეუზღუდავად მოიხმაროს ელექტროენერგია ან სხვა ბუნებრივი რესურსები. მაგრამ ჩვენ არ უნდა გავფლანგოთ ბუნებრივი რესურსები მხოლოდ იმიტომ, რომ გადასახადებს ვიხდით ან იმიტომ, რომ ეს რესურსები უხვადაა. მას შემდეგ, რაც იესომ სასწაულებრივად გამოკვება უამრავი ხალხი, მან თქვა, რომ დარჩენილი თევზი და პური მოეგროვებინათ (იოანე 6:12). მას არ სურდა, რომ მამამისის მიერ მოწოდებული საზრდო გადაყრილიყო.

ვიყოთ გაწონასწორებულნი

ყოველდღე ჩვენ ისეთი რამეების კეთება გვიწევს, რაც მეტ-ნაკლებად აისახება გარემოზე. უკიდურესობაში უნდა ჩავვარდეთ და სადმე გადავიხვეწოთ, რათა დედამიწას არანაირი ზიანი არ მივაყენოთ? ბიბლია ამას არ გვეუბნება. განვიხილოთ იესოს მაგალითი. დედამიწაზე ყოფნისას ის ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, რაც შესაძლებლობას აძლევდა, რომ შეესრულებინა ღვთის მიერ დავალებული სამქადაგებლო საქმე (ლუკა 4:43). გარდა ამისა, ის არ ერეოდა პოლიტიკაში, რათა იმ დროს არსებული საზოგადოებრივი პრობლემები გადაეჭრა. მან გასაგებად თქვა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36).

და მაინც, ურიგო არ იქნებოდა, დავფიქრებულიყავით, თუ როგორ შეგვიძლია გავუფრთხილდეთ გარემოს, კერძოდ, ყურადღება მიგვექცია ჩვენი ტრანსპორტისთვის, იმისთვის, თუ როგორ ვერთობით და რას ვყიდულობთ. მაგალითად, ზოგი არჩევს, იყიდოს ისეთი რამ, რაც ისეა დამზადებული, რომ მინიმალურადაა შემცირებული გარემოს დაზიანების რისკი. სხვები ცდილობენ ისეთი რამით არ დაკავდნენ, რაც დააბინძურებდა გარემოს ან გამოიწვევდა ბუნებრივი რესურსების მეტისმეტ ხარჯვას.

გასაგებია, სწორი არ იქნებოდა, რომ ვინმეს სხვისთვის თავზე მოეხვია საკუთარი გადაწყვეტილება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. ერთი ადამიანის პირადი მდგომარეობა და ადგილობრივი სიტუაცია მეორისგან განსხვავდება. და მაინც, თითოეული ჩვენგანია პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ. როგორც ბიბლია ამბობს, „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალატელები 6:5).

შემოქმედმა ადამიანებს დედამიწაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მიანდო. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს პასუხისმგებლობა და ღვთისა და მისი შემოქმედებითი საქმეებისადმი ღრმა პატივისცემის გრძნობით აღძრულებმა კარგად გავიაზროთ ჩვენი მოქმედებები და კეთილსინდისიერად მოვეპყროთ დედამიწას.

გიფიქრიათ?

▪ მოიმოქმედებს ღმერთი რამეს დედამიწის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად? (გამოცხადება 11:18)

▪ რა პასუხისმგებლობა მიანდო ღმერთმა ადამიანებს დედამიწის მიმართ? (დაბადება 1:28; 2:15)

▪ ყაირათიანობის რა მაგალითი დაგვიტოვა იესო ქრისტემ? (იოანე 6:12)