არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაბონი ველური ბუნების სავანე

გაბონი ველური ბუნების სავანე

გაბონი ველური ბუნების სავანე

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის გაბონიდან

წარმოიდგინეთ ტროპიკული სანაპირო, სადაც სპილოები წყლის ნაპირას ბალახობენ, ბეჰემოთები ბანაობენ, ვეშაპები და დელფინები კი ერთად დაცურავენ. აფრიკის კონტინენტის იმ სანაპიროების საერთო სიგრძე, სადაც ასეთი სურათის ნახვა შეგიძლიათ, 100 კილომეტრია.

ცხადია, ასეთი ლამაზი სანახაობით ტკბობა მომავალშიც რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებელია ამ უნიკალური სანაპირო ზოლის დაცვა. საბედნიეროდ, 2002 წლის 4 სექტემბერს ველური ბუნების დაცვის მიზნით გაბონის პრეზიდენტმა, ომარ ბონგო ონდიმბამ, გამოაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 10 პროცენტი, მათ შორის ხელუხლებელი სანაპიროები, ეროვნული პარკები გახდებოდა.

ეროვნული პარკები, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 30 000 კვადრატული კილომეტრია (თითქმის საქართველოს ნახევარი), ბუნების მრავალ საოცრებას გვთავაზობს. „არსებობს დიდი პოტენციალი, რომ გაბონი ბუნების მექად იქცეს, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვლენ პილიგრიმები ბუნების შემორჩენილი საოცრებების სანახავად“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

რით გამოირჩევა გაბონის ნაკრძალები? ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 85 პროცენტი ტყეებს უკავია, მცენარეების 20 პროცენტი კი, რომლებიც აქ იზრდება, დედამიწის არც ერთ სხვა ნაწილში არ ხარობს. გარდა ამისა, ეკვატორულ ტყეებში ბინადრობენ ბარის გორილები, შიმპანზეები, აფრიკული სპილოები და გადაშენების პირას მყოფი სხვა ცხოველები. გაბონის ეროვნული პარკები უეჭველად შემოინახავს აფრიკის მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნას.

ლოანგო — შეუდარებელი სანაპირო

ლოანგოს ეროვნული პარკი აფრიკაში ველური ბუნების ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ადგილს წარმოადგენს. აქ დიდი ტერიტორია უკავია ხელუხლებელ სანაპიროებს, რომელსაც გარს ეკვრის ლაგუნების (ზღვისგან მოწყვეტილი წყალმცირე ყურე) მტკნარი წყლები და ხშირი ეკვატორული ტყე. მაგრამ ამ სანაპიროებს განსაკუთრებით ალამაზებენ ბეჰემოთები, აფრიკული სპილოები, აფრიკული კამეჩები, ლეოპარდები და გორილები.

რით იზიდავს ტყის ცხოველებს ლოანგო? თეთრი, ქვიშიანი სანაპიროების გასწვრივ არის საძოვრები, სადაც ბეჰემოთები და კამეჩები ბალახობენ. სანაპიროსთან იზრდება პალმის ხეები, რომელთა ნაყოფიც ისე იზიდავს აფრიკულ სპილოებს, როგორც ნაყინი ბავშვებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ იქ მათ ხელს არავინ უშლით. ქვიშას მხოლოდ ცხოველების ნაფეხურები ატყვია.

ვინაიდან ადამიანებისგან საფრთხე არ ემუქრებათ, ტყავიანი კუები კვერცხების დასადებად უკაცრიელ სანაპიროებს ირჩევენ. კვირიონებიც ერთმანეთთან ახლო-ახლო იკეთებენ ქვიშაში ბუდეებს; ეს ბუდეები რამდენიმე მეტრითაა დაშორებული იმ ადგილიდან, სადამდეც ზღვის ყველაზე დიდი ტალღა აღწევს. ზაფხულში ათასზე მეტი კუზა ვეშაპი იყრის თავს ლოანგოს ანკარა წყლებში დასაწყვილებლად.

ორი უდიდესი ლაგუნა ლოანგოს სანაპიროებს ეკვატორული ტყისგან ჰყოფს, რაც შესანიშნავ საარსებო გარემოს უქმნის ნიანგებსა და ბეჰემოთებს. ლაგუნებში ბევრი თევზია, ნაპირებს კი მანგროს ტყეები ამშვენებს. აფრიკული თევზიჭამია ფსოვები და შაკები თევზის მოსაპოვებლად ლაგუნების თავზე დაფრინავენ, რამდენიმე სახეობის ნაირფეროვანი ალკუნები კი თევზს წყალმარჩხ ადგილებში ეძებენ. წყლისმოყვარული სპილოები სიხარულით მიაპობენ ლაგუნის წყლებს, რათა შემდეგ ნაპირზე თავიანთი საყვარელი ხილით პირი ჩაიტკბარუნონ.

ეკვატორულ ტყეში მაიმუნები ხეების ზედა ტოტებზე ხტიან, ფერად-ფერადი პეპლები კი მზიან მდელოებზე დაფარფატებენ. დღის განმავლობაში ხილიჭამია ღამურებს თავიანთ საყვარელ ხეებზე სძინავთ, ხოლო ღამით მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ — ტყეში თესლებს ფანტავენ. ტყის განაპირას ხასხასა ფერის მენექტარიები ხეებისა და ბუჩქების ყვავილებიდან იღებენ ნექტარს. გასაკვირი არ არის, რატომ უწოდებენ ლოანგოს „ადგილს, სადაც შეგიძლია შეიგრძნო ეკვატორული აფრიკის მაჯისცემა“.

ლოპე — გორილების თავშეყრის ადგილი

ლოპეს ეროვნულ პარკში გაუკაფავი ტენიანი ტროპიკული ტყეებია. პარკის ჩრდილოეთ ნაწილში სავანა და ჭალებია. ეს იდეალური ადგილია ველური ბუნების მოყვარულთათვის, მათთვის, ვისაც სურს გორილების, შიმპანზეებისა და მანდრილების ნახვა. ამ დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც 5 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, 3 000—5 000 გორილა დაეხეტება.

ავგუსტინი, პარკის ყოფილი თანამშრომელი, იხსნებს 2002 წელს გორილებთან უჩვეულო შეხვედრას: „ტყეში ოთხი გორილისგან შემდგარ ოჯახს გადავეყარე. უზარმაზარი მამალი გორილა, რომელიც დაახლოებით 35 წლის იქნებოდა და რომელსაც ზურგი გაჭაღარავებული ჰქონდა, წინ გადამიდგა. მას ჩემზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი წონა ექნებოდა. მაშინვე გამახსენდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. დავჯექი მიწაზე და მორჩილების ნიშნად თავი დავხარე. გორილა გვერდით მომიჯდა, მხარზე ხელი დამადო და შემდეგ ხელის გულის დათვალიერება დამიწყო. როცა დარწმუნდა, რომ მის ოჯახს საფრთხეს არ შევუქმნიდი, ჯუნგლებში გაუჩინარდა. ამ დაუვიწყარ დღეს ტყის ბინადრებთან შეხვედრამ საოცარი გრძნობა დამიტოვა. სამწუხაროდ, ზოგჯერ გორილებს კლავენ საკვების მოპოვებისა თუ თავდაცვის მიზნით, რადგან გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ გორილები საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. სინამდვილეში, ისინი უწყინარი ცხოველები არიან, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ“.

ლოპეში ზოგჯერ ათასობით მანდრილი, ანუ დიდი ბაბუინები იყრიან თავს. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილას თუ ნახავთ ერთად თავმოყრილ ამდენ პრიმატს და ასეთ ხმაურიან თავშეყრის ადგილს. ერთი კამერუნელი ტურისტი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: „რადიოლოკატორების საშუალებით, რომლებიც იქ რამდენიმე ცხოველს უკეთია, ჩვენმა გიდმა მანდრილების ადგილსამყოფელს მიაგნო. ჩვენ მათ იქ ჩაუსაფრდით, სადაც უნდა გამოევლოთ. მანდრილების გამოჩენამდე შევინიღბეთ. 20 წუთის განმავლობაში ფრინველებისა და მწერების ხმებით ვტკბებოდით. მოულოდნელად მყუდროება მანდრილების ჯოგის გამოჩენამ დაარღვია. ტოტების ტკაცუნის ხმა და მაიმუნების ყვირილი ძლიერი შტორმის მოახლოების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჯოგის წინ მომავალი მაიმუნები მოწინავე ჯარისკაცებს ჰგავდნენ. მამალი მაიმუნები მარდად მოაბიჯებდნენ, დედალი და პატარა მაიმუნები კი ტოტიდან ტოტზე ხტებოდნენ. უეცრად ერთი მამალი მაიმუნი გაჩერდა და დაეჭვებულმა თვალი მოავლო არემარეს. პატარა მანდრილმა კი ხიდან შეგვამჩნია და განგაში ატეხა. მთელმა ჯოგმა ფეხს აუჩქარა, თან უკმაყოფილების ნიშნად ყვირილი მორთეს. რამდენიმე წუთში ისინი იქაურობას გაეცალნენ. როგორც გიდმა ივარაუდა, დაახლოებით ოთხასმა მანდრილმა ჩაგვიარა“.

შიმპანზეები მანდრილებივით ხმაურიანები არიან. მათი ნახვა გაცილებით რთულია. საკვების ძიებაში ისინი სწრაფად დარბიან ტყეში. თუმცა ტურისტები ხშირად ხედავენ ცხვირვიწრო მაიმუნებს, რომლებიც ზოგჯერ სავანაში, ტყის საზღვართან დასეირნობენ. ლოპეს ყველაზე განდეგილი ბინადარი მზისკუდა მაიმუნია; ეს სახეობა სხვაგან არსად გვხვდება და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ 20 წლის წინ შეიტყვეს.

ტყის დიდი, სხვადასხვა ფერის ფრინველები, როგორიცაა ტურაკო და რქანისკარტა, მკივანა ხმით გვამცნობენ თავიანთ არსებობას. პარკში დაახლოებით 400 სახეობის ფრინველი ბინადრობს. ამიტომ ის ფრინველების დამთვალიერებლების საყვარელი ადგილია.

იდეალური გარემო მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნისთვის

ლოანგოსა და ლოპეს გარდა, გაბონში 11 ეროვნული პარკია. ამ პარკებში დაცულია მანგროს ტყეები და უნიკალური ფლორა. მიმომფრენი ფრინველებისთვის კი იგი კარგი თავშესაფარია. ველური ბუნების დაცვის საზოგადოების წარმომადგენელი ლი უაიტი ამბობს: „გაბონში დაცულია ის ადგილები, რომლებიც ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეს ადგილი არა მარტო მიწის დიდი ფართობით არის ცნობილი, არამედ დამახასიათებელი თავისებურებებითაც. 2002 წელს, საკმაოდ მოკლე დროში შეიქმნა ბევრი ეროვნული პარკი, სადაც თავმოყრილი და შემონახულია ქვეყანაში არსებული მდიდარი ფლორა და ფაუნა“.

პრეზიდენტი ბონგო ონდიმბა დასძენს, რომ ბევრი რამ კიდევ მოსაგვარებელია. ის აღნიშნავს: „ეს არის ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი საქმე, რომელიც ჩვენგან დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ჩვენ გვინდა, ბოლომდე მივიყვანოთ წამოწყებული საქმე და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ბუნების ეს საოცრებები“.

[რუკები 17 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

აფრიკა

გაბონი

გაბონის 13 ეროვნული პარკი

ლოპეს ეროვნული პარკი

ლოანგოს ეროვნული პარკი

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

კუზა ვეშაპი და ლოანგოს ხედი ზემოდან

[საავტორო უფლება]

Whale: Wildlife Conservation Society

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

მანდრილი (მარცხნივ), გორილა (მარჯვნივ)

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

Robert J. Ross