არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკვდარი, მაგრამ განსაკუთრებული

მკვდარი, მაგრამ განსაკუთრებული

მკვდარი, მაგრამ განსაკუთრებული

„გამოიღვიძეთის!“-თვის ისრაელიდან

ის არის ყველაზე მარილიანი, მდებარეობს ხმელეთის ყველაზე დაბალ ადგილას, არის უნაყოფო, და ზოგიერთის აზრით, ყველაზე გამაჯანსაღებელი ზღვა მთელ დედამიწაზე. საუკუნეების განმავლობაში მას მყრალ ზღვას, ეშმაკის ზღვასა და ასფალტის ტბას უწოდებდნენ. ბიბლიაში მას ეწოდება მარილოვანი ზღვაც და არაბას ზღვაც (დაბადება 14:3; იესო ნავეს ძე 3:16). ბევრი სწავლული ეთანხმება იმ აზრს, რომ მის ფსკერზე სოდომისა და გომორას ნანგრევებია. ამიტომ მას ეძახიან როგორც სოდომის ზღვას, ისე ლოტის ზღვას, რომელიც ძველად ცხოვრობდა და იქ მომხდარი მოვლენების თვითმხილველი იყო (2 პეტრე 2:6, 7).

ამ ზღვას ისეთი სახელწოდებები აქვს, რომ ნამდვილად არ გაგიჩნდებათ იქ წასვლის სურვილი. მაგრამ ეს უჩვეულო ზღვა, რომელიც დღეს ცნობილია მკვდარი ზღვისა და მარილოვანი ზღვის სახელით, ყოველ წელს ათასობით ადამიანს იზიდავს. რატომ ეწოდება მას მარილოვანი? შეიძლება რომ ზღვა მკვდარიც იყოს და გამაჯანსაღებელიც?

ყველაზე დაბალი და მლაშე

მკვდარი ზღვა მდებარეობს რიფტული ველის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკამდეა გადაჭიმული. ჩრდილოეთიდან მდინარე იორდანე მოედინება და აღწევს დედამიწის ყველაზე დაბალ ადგილამდე, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 418 მეტრით დაბლაა. იქ ზღვა მოქცეულია კლდოვან მთებს შორის, დასავლეთით აკრავს იუდეის მთები, ხოლო აღმოსავლეთით — მოაბის მთები (იორდანია).

რატომ არის მკვდარი ზღვა ყველაზე მლაშე? მდინარე იორდანიდან, პატარ-პატარა მდინარეებიდან და ნაკადულებიდან მკვდარ ზღვაში სხვადასხვა მარილი ხვდება, კერძოდ მაგნიუმის, ნატრიუმისა და კალციუმის ქლორიდები. სავარაუდოდ, ყოველ წელს მხოლოდ მდინარე იორდანიდან მკვდარ ზღვაში 850 000 ტონა მარილი ხვდება. ვინაიდან ზღვა ხმელეთის ყველაზე დაბალ ნაწილშია, წყალი არსაიდან არ გაედინება. ამიტომ წყლის დონის შესამცირებლად ერთადერთი საშუალება აორთქლებაა. ჩვეულებრივ, ზაფხულის ცხელ დღეს შვიდი მილიონი ტონა წყალი ორთქლდება. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ტბაში წყლის მოცულობა არ მატულობს. მართალია, წყალი ორთქლდება, მაგრამ მარილები და მინერალები რჩება. ამიტომ არის მკვდარი ზღვა ყველაზე მლაშე ზღვა, რომელშიც მარილის შემცველობა დაახლოებით 30 პროცენტია, რაც რამდენჯერმე აღემატება ოკეანეების მარილის კონცენტრაციას.

მკვდარი ზღვის განსაკუთრებული თავისებურებები ოდითგანვე იწვევდა ხალხში ცნობისმოყვარეობას. ბერძენ ფილოსოფოსს, არისტოტელეს გაგონილი ჰქონდა, რომ ზღვის წყალი „იმდენად მწარე და მლაშე იყო, რომ იქ ერთი თევზიც კი არ დაცურავდა“. მარილის უჩვეულოდ მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს წყლის ისეთ სიმკვრივეს, რომ წარმოიქმნება ტივტივადობის მაღალი დონე, და ადამიანი არ იძირება. რომაელმა გენერალმა, ვესპასიანემ ამაში დასარწმუნებლად ცდა ჩაატარა და ტყვეები ზღვაში ჩაყარა, რის შესახებაც ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს.

აქედან გამომდინარე, შესაძლოა დაგებადოთ კითხვა: როგორ შეიძლება მკვდარი ზღვის წყალი გამაჯანსაღებელი იყოს?

ყველაზე გამაჯანსაღებელი

შუა საუკუნეების მოგზაურები ხშირად ყვებოდნენ უნაყოფო ზღვის შესახებ, რომელშიც თევზები არ დაცურავდნენ, ახლომახლო არც მცენარეები ხარობდა და არც ფრინველები დაფრინავდნენ. ისიც კი ეგონათ, რომ წყლიდან ამოსული ორთქლი, რომელსაც არასასიამოვნო სუნი ასდიოდა, სასიკვდილო იყო. აქედან გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს ზღვა თითქოს მყრალი და მკვდარი იყო. მართალია, მარილის მაღალი კონცენტრაციის გამო იქ მხოლოდ მარტივი ორგანიზმები ცოცხლობენ, მაგალითად რეზისტენტული ბაქტერიები, მაგრამ თუკი რომელიმე თევზი მდინარეს მკვდარ ზღვაში შეჰყვება, დიდხანს ვერ იცოცხლებს.

როგორც აღვნიშნეთ, ზღვა მკვდარია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ზღვის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. მართალია, ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი უნაყოფოა, მაგრამ არის პატარა ოაზისებიც თავისი ჩანჩქერებითა და ტროპიკული მცენარეებით. ეს ადგილი ცნობილია ველური ბუნების მრავალფეროვნებით. იქ ბინადრობენ 24 სახეობის ძუძუმწოვარა ცხოველები, მათ შორის, ფოცხვერი, არაბული მგელი და ნიამორი. მტკნარი წყლები ხელსაყრელ საარსებო პირობებს ქმნის ამფიბიებისთვის, ქვეწარმავლებისა და თევზებისთვის. ვინაიდან მკვდარი ზღვა მიმომფრენი ფრინველებისთვის გადაფრენის მარშრუტია, იქ შეიძლება ნახოთ 90-ზე მეტი სახეობის ფრინველი, მათ შორის ყარყატი, ლაკლაკი, ორბი და ყაჯირი.

მაგრამ რატომ არის მკვდარი ზღვის წყალი ყველაზე გამაჯანსაღებელი? როგორც ამბობენ, ძველად ხალხი ზღვის წყალს სვამდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ სამკურნალო თვისებები ჰქონდა. რასაკვირველია, ამის გაკეთებას დღეს არავინ გირჩევთ. სინამდვილეს ის უფრო შეეფერება, რომ ზღვის წყალს ადამიანის სხეულის გაწმენდა შეუძლია. მკვდარი ზღვის მთელი რეგიონი ადამიანის ორგანიზმზე გამაჯანსაღებლად მოქმედებს. ხმელეთის ჩაღრმავებული ადგილი განაპირობებს ჟანგბადით მდიდარ ჰაერს. ჰაერი აგრეთვე გაჯერებულია ბრომით, რომელსაც, როგორც ამბობენ, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მინერალებით მდიდარი შავი ტალახი და გოგირდის თერმული წყლები კურნავს კანისა და სახსრების დაავადებებს. იქ იზრდება ბალზამის ხეც, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ კოსმეტიკური და სამედიცინო მიზნებისთვის.

ზღვიდან მიღებული ბიტუმი

მკვდარი ზღვა კიდევ ერთი უჩვეულო ფენომენით ხასიათდება. მისგან მიიღება ბიტუმი (ასფალტი), რომლის ნატეხებიც წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება ხოლმე. 1905 წლის „ბიბლიური სამყაროს“ პერიოდულ გამოცემაში ეწერა, რომ 1834 წელს ბიტუმის 2 700 კილოგრამიანი ნატეხი ზღვის ნაპირთან ახლოს ტივტივებდა. ნავთობის ერთ-ერთი კომპანია ბიტუმის შესახებ იუწყებოდა, რომ „ის არის პირველი ნავთობპროდუქტი, რომელიც ადამიანებმა გამოიყენეს“ („საუდი არამკო უორლდი“, ნოემბერ-დეკემბერი, 1984). ზოგი ფიქრობდა, რომ ბიტუმის ნატეხები მკვდარი ზღვის ფსკერს მიწისძვრის შედეგად სწყდებოდა და შემდეგ წყლის ზედაპირზე ამოდიოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბიტუმი მიწის ნაპრალებიდან ზღვის ფსკერზე ამოდის და შემდეგ მარილის ლოდებს ეწებება. როდესაც მარილის ლოდები წყალში იხსნება, ბიტუმი წყლის ზედაპირზე ამოდის.

საუკუნეებია, რაც ბიტუმს ფართოდ იყენებენ, მაგალითად, ნავების შესაფისად, მშენებლობის დროს; ის მწერსაწინააღმდეგო საშუალებაც არის. ფიქრობენ, რომ ძვ. წ. მეოთხე საუკუნის შუა პერიოდში ეგვიპტელებმა მუმიფიკაციისთვის დიდი რაოდენობით ბიტუმის გამოყენება დაიწყეს, თუმცა ზოგი სპეციალისტი ამ მოსაზრებას საეჭვოდ მიიჩნევს. იმ პერიოდში მკვდარი ზღვის რეგიონში ძველი მომთაბარე ხალხი, ნაბატეველები დასახლდნენ და ბიტუმით ვაჭრობა დაიწყეს. ისინი ბიტუმს ზღვიდან იღებდნენ, ნაწილებად ჭრიდნენ და შემდეგ ეგვიპტეში მიჰქონდათ.

მკვდარი ზღვა მართალაც რომ განსაკუთრებულია! არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ის ყველაზე მლაშე, ყველაზე უნაყოფო და ყველაზე დაბალ ადგილას მდებარე ზღვაა, და, ამავე დროს, ყველაზე გამაჯანსაღებელი. ის ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ზღვაა.

[ჩარჩო⁄სურათი 27 გვერდზე]

შემონახული ღუზები

ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ მკვდარი ზღვის რეგიონში ერთ დროს სავაჭრო გზა გადიოდა, რასაც ახლახან აღმოჩენილი ორი ღუზა ადასტურებს.

ღუზები მკვდარი ზღვის სანაპიროსთან ახლოს იპოვეს, სადაც ადრე ძველი ქალაქის ენ-გედის ნავსაყუდელი იყო. ვარაუდობენ, რომ ერთი ღუზა დაახლოებით 2 500 წელს ითვლის. ის უძველესი ღუზაა, რომელიც მკვდარი ზღვის რეგიონში იპოვეს. მეორე ღუზა კი დაახლოებით 2 000 წლისაა. მიიჩნევენ, რომ იგი დამზადებულია იმ დროისთვის უახლესი რომაული ტექნოლოგიით.

ჩვეულებრივ, ზღვაში ხის ღუზები მალე ლპება, რკინისას კი არაფერი მოსდის. მაგრამ ჟანგბადის სიმცირისა და წყლის მარილიანობის გამო მკვდარმა ზღვამ ხის ღუზა და მასზე მიბმული თოკები შემოინახა. უფრო მეტიც, ისინი შესანიშნავ მდგომარეობაშია.

[სურათი]

ძვ. წ. VII—V საუკუნეებით დათარიღებული ხის ღუზა

[საავტორო უფლება]

Photograph © Israel Museum, Courtesy of Israel Antiquities Authority

[სურათი 26 გვერდზე]

თერმული წყლები

[სურათი 26 გვერდზე]

მამალი ნიამორი

[სურათი 26 გვერდზე]

გაზეთის კითხვა ტივტივის დროს