არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს სინამდვილეში ოჯახის მეთაურობა?

რას ნიშნავს სინამდვილეში ოჯახის მეთაურობა?

ბიბლიის თვალსაზრისი

რას ნიშნავს სინამდვილეში ოჯახის მეთაურობა?

მრავალ ქვეყანაში საქორწილო ცერემონიალის დროს პატარძალი აღთქმას დებს, რომ დაემორჩილება ქმარს. მიუხედავად ამისა, ბევრ ქალს არ სიამოვნებს, რომ ოჯახის თავს, ქმარს უნდა დაემორჩილოს. ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ. თქვენ დაინახავთ, რომ ამ საკითხზე ბიბლიური თვალსაზრისი გონივრული და პრაქტიკულია.

ღვთის თვალსაზრისი

მეთაურობის პრინციპი ბიბლიაში ყველაზე ხაზგასმით მოხსენიებულია ეფესოელების 5:22—24-ში: „ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს, რადგან ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი . . . როგორც კრება ემორჩილება ქრისტეს, ისე დაემორჩილონ ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში“. ოჯახში მეთაურობას სწევს ქმარი, რადგან ის არის „ცოლის თავი“, ცოლი კი მიჰყვება მის ხელმძღვანელობას და პატივს სცემს ქმარს (ეფესოელები 5:33).

ქმრის უფლებამოსილება შეუზღუდავი არ არის, რადგან თავად ღმერთსა და ქრისტეს ემორჩილება. მას არა აქვს უფლება, ცოლს ღვთის კანონები დაარღვევინოს ან ისეთი რამე გააკეთებინოს, რაც ცოლის ბიბლიით განსწავლულ სინდისს ეწინააღმდეგება. მაგრამ ღმერთმა ქმარს ოჯახში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობა დააკისრა (რომაელები 7:2; 1 კორინთელები 11:3).

ბიბლიიდან ვიცით, რომ ოჯახის თავი არ უნდა იყოს ეგოისტი და საკუთარი ინტერესები ცოლის ინტერესებზე წინ არ უნდა დააყენოს. ეფესოელების 5:25-ში ნათქვამია: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“. ქმარი, რომელიც ქრისტეს მიერ გამოვლენილი სიყვარულის უბადლო მაგალითს მიჰყვება, თავის უფლებამოსილებას სათავისოდ არ გამოიყენებს.

უფრო მეტიც, ბიბლია მოუწოდებს მამაკაცებს, რომ „ცოდნის თანახმად“ იცხოვრონ ცოლებთან (1 პეტრე 3:7). ამაში მხოლოდ იმის ცოდნა არ იგულისხმება, რომ მამაკაცი და ქალი ფიზიოლოგიურად და ემოციურად ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ქმარი უნდა ეცადოს, რომ გაიგოს ცოლის მოთხოვნილებები.

„ის შენი მეგობარია“

ცოლის მხრიდან მორჩილება იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერში პასიური უნდა იყოს? დავფიქრდეთ სარას შემთხვევაზე, რომელმაც მორჩილების საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის თავის ქმარს, აბრაამს, ემორჩილებოდა (1 პეტრე 3:5, 6). სარა თავის ქმარს მნიშვნელოვან საკითხებშიც ემორჩილებოდა და უმნიშვნელოშიც, იქნებოდა ეს კეთილმოწყობილი სახლის დატოვება და კარვებში მომთაბარე ცხოვრება თუ საჭმლის სახელდახელოდ მომზადება (დაბადება 12:5—9; 18:6). მიუხედავად ამისა, როცა საქმე სერიოზულ საკითხს შეეხო, სარამ აბრაამის საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც სარამ აბრაამის ხარჭის, აგარის, და მისი ვაჟის, ისმაელის, სახლიდან გაძევება მოითხოვა. ნაცვლად იმისა, რომ სარასთვის ესაყვედურა, ღმერთმა აბრაამს უთხრა: „მოუსმინე მას“. ვიდრე აბრაამი აგარსა და ისმაელს გაუშვებდა, სარა მაინც ემორჩილებოდა ქმარს; მას არ უცდია, თვითონ გაეგდო აგარი და ისმაელი, პირიქით, ის ელოდებოდა იმ დროს, როცა აბრაამი თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას (დაბადება 21:8—14).

სარას მაგალითიდან ჩანს, რომ ცოლი ოჯახში პასიური არ უნდა იყოს. ის უნდა იყოს ქმრის მეგობარი და ოჯახში თავისი კუთვნილი ადგილი უნდა ჰქონდეს (მალაქია 2:14). ქალი, როგორც ქმრის მეგობარი, ბევრს აკეთებს ოჯახის კეთილდღეობისთვის; ის გარკვეულ უფლებამოსილებასაც ფლობს ოჯახში, მაგალითად, ხშირად ოჯახურ საქმეებს უძღვება და ზოგიერთ ფინანსურ საქმესაც თვითონ აგვარებს. რასაკვირველია, საბოლოო გადაწყვეტილებებს ოჯახის თავი, ქმარი იღებს (იგავები 31:10—31; 1 ტიმოთე 5:14).

პატივი მიაგეთ შემოქმედს

მამაკაცი და ქალი იეჰოვა ღმერთმა შექმნა და მათი ქორწინება წმინდა კავშირად აქცია (დაბადება 2:18—24). მან აგრეთვე ცოლ-ქმარს თავ-თავიანთი როლი მისცა, რასაც მათთვის უდიდესი კმაყოფილება მოაქვს (კანონი 24:5; იგავები 5:18).

იეჰოვას, ქორწინების ფუძემდებელს, უფლება აქვს, რომ დაქორწინებულ წყვილს ნორმები დაუდგინოს. როდესაც ცოლ-ქმარი კარგად ასრულებს თავის როლს და იცავს ღვთის მიერ დადგენილ მეთაურობის პრინციპს, ამას მხოლოდ იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ეს მათთვის სასარგებლოა, არამედ იმიტომაც, რომ პატივს მიაგებენ ღვთის ძალაუფლებას; ასეთი წყვილები ნამდვილად გრძნობენ ღვთის კეთილგანწყობასა და მხარდაჭერას.

გიფიქრიათ?

▪ ვინ დაგვიტოვა მეთაურობის სრულყოფილი მაგალითი? (ეფესოელები 5:25).

▪ შეუზღუდავ უფლებამოსილებას აძლევს ღმერთი ქმრებს? (1 კორინთელები 11:3).

▪ რა არის ქორწინების და მეთაურობის პრინციპის მიზანი? (იგავები 5:18).

[სურათი 28 გვერდზე]

როდესაც ქმარი ქრისტეს მსგავსად სწევს ოჯახში მეთაურობას, ამას როგორც მისთვის, ისე ცოლისთვის სიხარული და კმაყოფილება მოაქვს