არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„დიდ ბრიტანეთში ექვსი წლის ბავშვებს ტელევიზორთან საშუალოდ ერთი წელი აქვთ გატარებული, ხოლო სამი წლის ბავშვების 50 პროცენტს საძინებელში ტელევიზორი უდგას“ („ინდეპენდენტი“, ბრიტანეთი).

გამოკითხვის თანახმად, ჩინეთში თექვსმეტ წელს გადაცილებულთა 31,4 პროცენტი თავს მორწმუნედ თვლის. თუ მიღებული მონაცემები მთელ ერზე ვრცელდება, გამოდის, რომ 300 მილიონი ადამიანია რელიგიური, რაც მკვეთრად განსხვავდება ოფიციალური მონაცემებისგან, რომლის თანახმადაც მორწმუნეთა რიცხვი 100 მილიონია“ („ჩაინა დეილი“, ჩინეთი).

უფრო საზიანო, ვიდრე სასარგებლო

რამდენიმე წლის წინ ჰოლანდიელ პოლიტიკოსებსა და გარემოს დამცველებს ეგონათ, რომ ენერგიის უშრეტ წყაროს მიაკვლიეს. მათი აზრით, შესაძლებელი იყო, რომ გენერატორებს ბიოსაწვავით, კერძოდ პალმის ზეთით ემუშავათ. მაგრამ, როგორც გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ იყო აღნიშნული, მათმა ჩანაფიქრმა საშინელი დარტყმა მიაყენა გარემოს. გაზეთში ეწერა: „ევროპაში პალმის ზეთზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც მოჰყვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტროპიკული ტყეების დიდი ნაწილის გაჩეხვა და ქიმიური სასუქის ჭარბად გამოყენება“. პალმის პლანტაციების გასაშენებლად ამოაშრეს და გადაწვეს ტორფიანი მიწები, რამაც გამოიწვია „დიდი რაოდენობით“ ნახშირბადის აირების ატმოსფეროში გაფანტვა. შედეგად, როგორც „ტაიმზი“ იუწყება, „ინდონეზია მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა, საიდანაც ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირბადის აირები ვრცელდება, რაც, მეცნიერთა აზრით, გლობალური დათბობის მიზეზია“.

განკითხვის საათმა წინ გადაიწია

„ატომმცოდნეთა ბიულეტენში“ გამოყენებულ იქნა ტერმინი „განკითხვის საათი“. ეს ტერმინი გამოიგონეს იმის წარმოსადგენად, თუ როგორ უახლოვდება კაცობრიობა ბირთვულ კატასტროფას. ამ საათმა ორი წუთით წინ გადაიწია და ახლა შუაღამემდე, ასე ვთქვათ, „ცივილიზაციის აღსასრულამდე“, ხუთი წუთიღა რჩება. „განკითხვის საათმა“ 60-წლიანი პერიოდის განმავლობაში 18-ჯერ გადაიწია. ბოლოს ეს მოხდა 2002 წლის თებერვალში ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. ბირთვული იარაღის არსებობა და გაუმჯობესება და, ამავე დროს, ის, რომ ვერ ხერხდება ბირთვული იარაღის უსაფრთხოდ წარმოება, იმაზე მეტყველებს, რომ „მსოფლიოში ყველაზე გამანადგურებელი იარაღით გამოწვეული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია“, — ნათქვამია „ატომმცოდნეთა ბიულეტენში“. მასში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ „კლიმატის ცვლილება ისეთივე საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, როგორსაც ბირთვული იარაღი“.

სტრესი და ფეხმძიმობა

ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, სტრესმა, რომელსაც ფეხმძიმე ქალები განიცდიან პარტნიორთან უთანხმოების თუ პარტნიორის მხრიდან ძალადობის შედეგად, შეიძლება შეაფერხოს არდაბადებული ბავშვის გონებრივი განვითარება. ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი ვივეტე გლოვერი აღნიშნავს: „ჩვენი დაკვირვებით, იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი ფეხმძიმე ქალს ემოციურად ანადგურებს, ეს უარყოფითად მოქმედებს ბავშვის მომავალ განვითარებაზე. მამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული“. მეუღლეებს შორის ურთიერთობა გავლენას ახდენს „დედის ორგანიზმში არსებულ ჰორმონალურ თუ ქიმიურ ბალანსზე, რაც, თავის მხრივ, ბავშვის გონებრივ განვითარებაზე აისახება“.

მძღოლები ავტოპილოტით

დუისბურგ-ესენის (გერმანია) უნივერსიტეტის თანამშრომლის, საგზაო ექსპერტის, მიხაელ შრეკენბერგის აზრით, ის მძღოლები, რომლებსაც ყოველდღე ერთი და იმავე გზის გავლა უწევთ, არ ატანენ ძალას ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია გააზრებულ მოქმედებაზე. ნაცვლად იმისა, რომ გზებზე ყურადღებით იყვნენ, მძღოლები სხვა რამით არიან დაკავებულნი, რის გამოც უჭირთ საშიშროების დროულად შემჩნევა. შრეკენბერგი მძღოლებს შეახსენებს, რომ მანქანის მართვისას ყურადღება სხვა რამეზე არ გადაიტანონ.