არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაახლოებით 120 წელი კონტინენტის გადასაკვეთად

დაახლოებით 120 წელი კონტინენტის გადასაკვეთად

დაახლოებით 120 წელი კონტინენტის გადასაკვეთად

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრალიიდან

ქალაქ დარვინის რკინიგზის სადგურში 2004 წლის 3 თებერვალს მატარებელი შევიდა, რომელმაც დაახლოებით ბოლო 1 კილომეტრი ნელი სვლით გაიარა. ამ მატარებლის შემოსვლის აღსანიშნავად სადგურში ათასობით ადამიანს მოეყარა თავი. მატარებელმა „ღანმა“ თავისი პირველი რეისი დაასრულა და სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 2 979 კმ დაფარა. კონტინენტის გადაკვეთას მან ორი დღე მოანდომა (25-ე გვერდზე იხილეთ ჩარჩო „ლეგენდა სახელის მიღმა“).

ლიანდაგების ორივე მხარეს 2 000-ზე მეტ ადამიანს მოეყარა თავი, რომელთაც კამერები ჰქონდათ მომარჯვებული; ქალაქ დარვინში შესვლისას ამის გამო მოუწია მატარებელს სიჩქარის შენელება და 30 წუთით დაგვიანება; მიუხედავად ამისა, უკმაყოფილება არავის გამოუხატავს. ამ დღეს ხალხი საუკუნეზე მეტხანს ელოდა. 126 წელი დასჭირდა ადელაიდიდან დარვინამდე, დედამიწაზე ყველაზე ხრიოკ, ცხელ და უდაბურ ტერიტორიაზე, რკინიგზის გაყვანას.

რკინიგზის აუცილებლობა

მე-19 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს განიერი ყურის — „ავსტრალიის დიდი ყურის“ — აღმოსავლეთით მდებარე ადელაიდის პატარა დასახლების მკვიდრთ დიდი სურვილი ჰქონდათ რეგიონი ეკონომიკურად განვითარებულიყო და სავაჭრო გზა ჩრდილოეთამდე გაეყვანათ. ამერიკის შეერთებულ შტატებს 1869 წელს უკვე დასრულებული ჰქონდა თავისი ტრანსკონტინენტური სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. ადელაიდის მოსახლეობაც იმავეს ფიქრობდა და იმედი ჰქონდა, რომ გაიყვანდნენ რკინიგზას, რომელიც მათ დასახლებას დარვინის პორტთან (ამ ქალაქს დარვინი მოგვიანებით დაერქვა) დააკავშირებდა. ეს სარკინიგზო მაგისტრალი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გააადვილებდა გადაადგილებას, არამედ საგრძნობლად შეამცირებდა აზიასა და ევროპამდე მზგავრობის დროს.

ამ იდეის განხორციელება ადვილი ჩანდა, მაგრამ რკინიგზას მთაგრეხილები, გაუვალი ბუჩქნარები და ქვიშიანი და ქვიანი უდაბნოები უნდა გადაეკვეთა; ამ გზის ზოგიერთი მონაკვეთი წვიმის შემდეგ საშინლად ტალახდებოდა, ზოგზე კი ნიაღვრად მიედინებოდა წვიმის წყალი. მკვლევარმა ჯონ სტიუარტმა საბოლოოდ მესამე მცდელობის შემდეგ, 1862 წელს, გადაკვეთა ეს ძნელად გადასალახავი ტერიტორია, რაც საჭმლისა და სასმელი წყლის უქონლობის გამო მას და მის ჯგუფს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.

მწველი სიცხე, ქარბუქი და ნიაღვარი

დაბრკოლებები ადელაიდის მცხოვრებთ არ აშინებდათ. 1878 წელს მათ პორტ-ოგასტიდან დაიწყეს რკინიგზის გაყვანა. აბორიგენების გაკეთებული ბილიკის გასწვრივ, ფლინდერსის ქედის გავლით 900 მუშამ შრომის პრიმიტიული იარაღებით, ცხენებითა და აქლემებით გაიყვანა ჩრდილოეთისკენ სარკინიგზო მაგისტრალი. ამ გზით რკინიგზის გაყვანის ერთადერთი უპირატესობა ამ ადგილებში ბუნებრივი წყალსატევების არსებობა იყო, წყალი კი ორთქლმავლების სამართავად სჭირდებოდათ.

რკინიგზის პირველი ასი კილომეტრის გაყვანა ორ-ნახევარ წელიწადში დასრულდა. ზაფხულში ტემპერატურა ზოგჯერ 50°C-მდე ადიოდა. ასეთ მშრალ სიცხეში ხელის ფრჩხილები სკდებოდა, მელანი ფურცელთან კალმის მიტანამდე შრებოდა, რელსები კი იგრიხებოდა და მატარებელი ხშირად რელსებიდან გადადიოდა. ქვიშიანი ქარბუქის შემდეგ მუშებს ლიანდაგებიდან ორ მეტრ სიმაღლეზე დაგროვებული ქვიშის გადაყრა უწევდათ, თანაც არაერთი კილომეტრის მანძილზე. ხშირად ქვიშიანი ქარბუქის შემდეგ მუშები უმწეონი იყვნენ, რადგან მათი შრომა წყალში იყრებოდა.

ამ ყველაფერს წვიმები მოჰყვებოდა. დამშრალი მდინარის კალაპოტები რამდენიმე წუთში ივსებოდა წყლით, წყალი მძვინვარე ნიაღვრად იქცეოდა და ლიანდაგებს აზიანებდა, თვეობით ნამუშევარი იკარგებოდა და მგზავრებს ყველაფრის გარეშე ტოვებდა გზაზე. ერთხელ ერთმა მემანქანემ გარეული თხები დახოცა მგზავრების დასაპურებლად. წლების შემდეგ გასაჭირში ჩავარდნილ მატარებლებს პარაშუტით აწვდიდნენ საჭმელს.

გადაუღებელ წვიმებს უდაბნოს მცენარეების გამოცოცხლება და გადამფრენი კალიების ტალღა მოჰყვებოდა ხოლმე. ერთხელ კალიებით სავსე ლიანდაგები ისეთი მოლიპული იყო, რომ მატარებლის ადგილიდან დასაძრავად კიდევ ერთი ლოკომოტივის გამოყენება დასჭირდათ. სხვა პრობლემას ვირთხების მომრავლება ქმნიდა. ისინი ყველაფერს ჭამდნენ, რისი ჭამაც შეიძლებოდა: მუშების მარაგს, ბრეზენტს, ცხოველის აკაზმულობას და მუშების ფეხსაცმელებსაც კი. ლიანდაგების გასწვრივ ჩამწკრივებული სასაფლაოები იმაზე მოწმობდა, რომ რკინიგზის დაგების ადრეულ ეტაპებზე მგზავრებს შორის მუცლის ტიფის ეპიდემია ვრცელდებოდა და ბანაკში ანტისანიტარია იყო.

გამცილებლები გასართობად ერთმანეთს ელაზღანდარავებოდნენ. ერთხელ, როცა ქალაქ ალის-სპრინგსში კურდღლები იყვნენ მომრავლებული, გამცილებლებმა ისინი მატარებელ „ღანში“ შემოუშვეს, რათა კონტრაბანდის სახით გადაეყვანათ. მეორე დილას, როცა მგზავრებმა კუპეების კარები გააღეს და სასაუზმოდ გამოვიდნენ, დერეფანი კურდღლებით იყო სავსე, — ნათქვამია წიგნში „ღანი — ადელაიდადან ალისამდე“. სხვა შემთხვევაში ვიღაცამ პატარა კენგურუ საძილე ვაგონში შეიყვანა.

მატარებლის გამოჩენისას მიყრუებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბორიგენები მის სანახავად მიდიოდნენ და მატარებელსა და მასში მსხდომ მგზავრებს შორიდან უთვალთვალებდნენ. თავიდან ისინი ფრთხილობდნენ, ზოგს კი ეშინოდა; მათი აზრით „გიგანტურ ეშმაკ-გველს“ მგზავრები ცოცხლად ჰყავდა გადაყლაპული.

ხანგრძლივი შუალედი

13 წლიანი მძიმე შრომის შემდეგ, როცა ალის-სპრინგსამდე 470 კილომეტრი იყო დარჩენილი, ამ პროექტისთვის გათვალისწინებული თანხა ამოიწურა. „ასეთმა გიგანტურმა პროექტმა მოსახლეობა წელში გაწყვიტა“, — ნათქვამია ჟურნალში (Australian Geographic). 1911 წელს მთავრობამ თავის თავზე აიღო ამ პროექტის დაფინანსება, და სარკინიგზო ხაზი ალის-სპრინგსამდე გაიყვანა. მაგრამ ჩრდილოეთით დარვინამდე დარჩენილი 1 420 კილომეტრზე გზის გაყვანა სამომავლოდ გადაიდო.

1929 წელს, როდესაც მატარებელი „ღანი“ პირველად ალის-სპრინგსში ჩავიდა, მთელი ქალაქი, დაახლოებით 200 კაცი, ამ მოვლენის აღსანიშნავად გამოვიდა. ადგილობრივი მოსახლეობა გააკვირვა ვაგონ-რესტორნის დანახვამ, მაგრამ ყველაზე მეტად ისინი ლამაზმა აბაზანამ გააოცა; იმ დროს მატარებელში აბაზანა სიახლეც იყო და ფუფუნებაც. 1997 წლამდე ალის-სპრინგსი ბოლო გაჩერება იყო. ამ წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაესრულებინა დიდი ხნის ნანატრი საქმე და რკინიგზა ალის-სპრინგსიდან დარვინამდე გაეყვანა. 2001 წელს რკინიგზის მშენებლობა განახლდა.

რკინიგზის მშენებლობას დაახლოებით მილიარდი ამერიკული დოლარი მოხმარდა. უზარმაზარი ტექნიკის გამოყენებით დღეში 1,6 კილომეტრი იგებოდა. სულ მცირე, 90 ხიდი ააგეს, რომლებიც წყალდიდობას გაუძლებდა. როგორც ერთ-ერთ ანგარიშში იყო ნათქვამი „ავსტრალიაში ყველაზე ინფრასტრუქტურული პროექტი“, 1 420 კილომეტრიანი გზის გაყვანა დასრულდა, რაშიც იმაზე ნაკლები თანხა და დრო დაიხარჯა, ვიდრე გათვალისწინებული იყო. ეს პროექტი 2003 წლის ოქტომბერში დასრულდა.

ლამაზი ხედები

თანამედროვე ქალაქ ადელაიდადან დღესაც შუადღისას გადის მატარებელი „ღანი“, რომელიც მთელ კონტინენტს ჰკვეთს. 40 ვაგონიანი მატარებელი ორ ლოკომოტივს მიჰყავს. ის უკან იტოვებს დასახლებულ ტერიტორიას, დაახლოებით 300 კილომეტრს გადის პორტ-ოგასტას ხორბლის ყანების გავლით და ჩრდილოეთისკენ მიემართება. მოულოდნელად ლანდშაფტი რადიკალურად იცვლება, მატარებელი ხრიოკ ქვიშიან ტრამალებზე მიქრის და ჰორიზონტზე მხოლოდ ბუჩქები მოჩანს.

პორტ-ოგასტიდან გამოსვლის შემდეგ „ღანი“ ახალ გზაზე გადადის; ამ გზაზე ნებისმიერ ამინდში შეიძლება მგზავრობა; მისი სიგრძე დაახლოებით 250 კილომეტრია და იმ ძველი გზის დასავლეთით მდებარეობს, რომელსაც ხშირად წყალდიდობები აზიანებდა. უდაბნოში ღამე ისადგურებს, მგზავრებს სძინავთ, მატარებელი რელსებზე მისრიალებს, და უკან იტოვებს მარილოვან ტბებს, რომლებიც თითქმის მთელი წელი ამომშრალია, მაგრამ წვიმების შემდეგ მთვარის შუქზე თვალისმომჭრელად ლივლივებს. ღამის მოწმენდილი ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი. მატარებელი ძველებურად აღარ ხმაურობს, რადგან ამჯერად ლიანდაგები მთლიანია (მთლიანი ლიანდაგების შენახვა უფრო იაფი ჯდება).

ალის-სპრინგსის მახლობლად მდებარე უდაბნო განთიადისას წითელ-ყვითელ მზის სხივებში ეხვევა. „საოცარი სურათია, — ამბობს ერთი მგზავრი. — მატარებელშიც კი ვგრძნობდი მზის მწველ ძალას. მზის სხივები უდაბნოს უკიდეგანო სივრცეს ისე ლამაზად ეფინება, რომ კაცს ამის შემხედვარე სუნთქვა ეკვრის. ეს ადგილი მოკრძალებას იწვევს“.

მეჩხრად დასახლებული ადგილიდან ტროპიკებამდე

მომდევნო შუადღეს ალის-სპრინგსში გაჩერების შემდეგ მატარებელი „ღანი“ ქალაქ კატერინის გავლით ტროპიკულ დარვინამდე აგრძელებს გზას, სადაც ბოლო გაჩერებაა. კონდენციონერიან მატარებელში „მგზავრები თავს კომფორტულად გრძნობენ“, — ამბობს ლარი იერასი, პირველი მოგზაურობისას მატარებელი „ღანის“ ბრიგადირი. ფანჯრიდან ყურებისას მათ შეუძლიათ იმ საშიშროებებისა და სირთულეების წარმოდგენა, რასაც ადრინდელი რკინიგზის მშენებლები განიცდიდნენ.

„ღანმა“ ავსტრალიის მეჩხერად დასახლებულ ტერიტორიებზე არა მარტო ვაჭრობის განვითარებას შეუწყო ხელი და ტრანსპორტირება გააადვილა, არამედ იქაურებს თანამედროვე მსოფლიოს კიდევ ერთი მიღწევა გააცნო. ერთმა 19 წლის აბორიგენმა გოგონამ, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა 2004 წლის თებერვალში მატარებელი „ღანის“ შემოსვლა, თქვა: „ამ დღემდე მატარებელი არასდროს მენახა. რა ლამაზი ყოფილა!“.

[ჩარჩო⁄სურათი 25 გვერდზე]

ლეგენდა სახელის მიღმა

„ღანი“ ავღანელის შემოკლებული ფორმაა და ეს სახელი მატარებელს აქლემების ავღანელი გამრეკების გამო დაერქვა, მაგრამ რა მიზეზით უცნობია. მიუხედავად ამისა, ეს სახელი თვალწინ წარმოგვიდგენს ჯან-ღონით სავსე იმიგრანტებს, რომლებიც მიუვალ ადგილებს მისადგომს ხდიდნენ. ამ ხალხს ავღანელებს ეძახდნენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ: ბელუჯისტანიდან, პაკისტანის სხვა პროვინციებიდან, ეგვიპტიდან, ჩრდილოეთ ინდოეთიდან, სპარსეთიდან და თურქეთიდან.

მიუვალ ადგილებში მგზავრობას მათი აქლემები აადვილებდა, რომლებიც მორჩილად ჩაიმუხლებდნენ და დგებოდნენ ხოლმე ბრძანებაზე — „ჰუშტა!“. თანაბარი ნაბიჯებით, დაახლოებით 6 კმ/ სთ სიჩქარით, მიმავალ 70 აქლემისგან შემდგარ ქარავანს ხალხიც გადაჰყავდა და ტვირთიც გადაჰქონდა. რკინიგზისა და ავტომაგისტრალის გაყვანის შემდეგ აქლემები საჭირო აღარ იყო, ამიტომ ავღანელებმა აქლემები გაუშვეს. დღეს ამ აქლემების შთამომავლობა ასობით ათასს ითვლის და ისინი ცენტრალური ავსტრალიის უდაბურ ადგილებში ბინადრობენ (იხილეთ 2001 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 16, 17 [რუს.]).

[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]

Northern Territory Archives Service, Joe DAVIS, NTRS 573

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

Train photos: Great Southern Railway