არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მალე დამნაშავეობა „აღარ იქნება“

მალე დამნაშავეობა „აღარ იქნება“

მალე დამნაშავეობა „აღარ იქნება“

„კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი“ (ფსალმუნი 37:10).

ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, დიდად დაინტერესებულია ადამიანებით; ის მათგან შორს არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მრავალს ეს არ სჯერა (ფსალმუნი 11:4, 5). უფრო მეტიც, ის ხედავს ნებისმიერ დანაშაულსა თუ უსამართლობას, ისეთებსაც კი, რომლებსაც ადამიანები ვერ ხედავენ. „იეჰოვას თვალი ყველგან არის, აკვირდება კეთილებსა და ბოროტებს“ (იგავები 15:3). ამიტომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ბოროტები ნამდვილად „მოლიპულ მიწაზე“ დგანან (ფსალმუნი 73:12, 18).

მაგრამ უმწიკვლოებსა და მართლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ღარიბები და დაჩაგრულები იყვნენ, შესანიშნავი იმედი აქვთ. ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „დაუკვირდი უმწიკვლოს და თვალი ადევნე მართალს, რადგან მშვიდობიანი მომავალი ელის ასეთ კაცს“ (ფსალმუნი 37:37). ეს სიტყვები განსაკუთრებით მანუგეშებელია დღეს ჩვენთვის, რადგან ვიმედოვნებთ, რომ ისინი ახლო მომავალში მსოფლიო მასშტაბით შესრულდება.

ჩვენ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ

დაახლოებით 2 000 წლის წინათ მოწაფეებმა იესო ქრისტეს მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვეს: „გვითხარი . . . რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). იესოს პასუხი დაწვრილებით ბიბლიაში მათეს 24-ე, მარკოზის მე-13 და ლუკას 21-ე თავებშია ჩაწერილი. ამ სახარებებში აღწერილია თანამედროვე მსოფლიოს ბოლო დღეები, რომლისთვისაც დამახასიათებელია ომები, შიმშილობა, ავადმყოფობა, დიდი მიწისძვრები და უკანონობის მნიშვნელოვანწილად გამრავლება.

იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ამ მოვლენების შესრულება 1914 წელს დაიწყო. ისტორიკოსი ერიკ ჰობსბამი თავის წიგნში „უკიდურესობათა ეპოქა“ აღნიშნავს, რომ მეოცე საუკუნე „ყველაზე სისხლიანი საუკუნე იყო“.

დღეს ბოროტების ასე ფართოდ გავრცელებასთან დაკავშირებით ბიბლიაში ნათქვამია: „როცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი და სიავის მქნელნი გაიფურჩქნებიან, სამუდამოდ მოისპობიან ისინი“ (ფსალმუნი 92:7). დიახ, ერთი რამ აშკარაა: დღეს უკანონობა ყვავის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბოროტების მოსპობა გარდაუვალია! განა ეს სასიხარულო ცნობა არ არის?! (2 პეტრე 3:7).

„მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას“

„მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“, — ნათქვამია ფსალმუნის 37:29-ში. მაშინ აღარ იქნება არანაირი ბოროტმოქმედება და უსამართლობა. მაშასადამე, გაქრება ყველაფერი, რაც ბოროტმოქმედებასთან არის დაკავშირებული: სიგნალიზაცია, საკეტები, სასამართლოები, ადვოკატები, პოლიცია და ციხეები. ბიბლიაში ნათქვამია: „აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ესაია 65:17).

დედამიწა და ადამიანთა საზოგადოება რადიკალურად შეიცვლება (ესაია 11:9; 2 პეტრე 3:13). იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ეს ყველაფერი მოხდება და თქვენც მოგიწოდებენ, დარწმუნდეთ ამ იმედის რეალობაში. გახსოვდეთ, რომ წმინდა წერილების ავტორმა „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტე 1:2).

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

პატიმრები სულიერ დახმარებას იღებენ

შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეები უკვე წლებია, წერილებს იღებენ 4 169 საპატიმროდან, ციხის საავადმყოფოდან და ნარკომანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან. ზოგი პატიმარი ბიბლიურ ლიტერატურას ითხოვს, ზოგიც ბიბლიის უფასო შესწავლას. მოწმეები აკმაყოფილებენ მათ თხოვნას. მთელ მსოფლიოში ისინი რეგულარულად დადიან ციხეებში, რათა ბიბლია ასწავლონ პატიმრებს — კაცებსა თუ ქალებს — რომლებიც სულიერ დახმარებას ითხოვენ. მრავალმა პატიმარმა მნიშვნელოვანწილად შეცვალა თავისი პიროვნება, ქრისტიანად მოინათლა და კანონის მორჩილი მოქალაქე გახდა.