მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ნოეს კიდობანი და გემთმშენებლობა (იანვარი 2007) ყოველთვის ვიცოდი, რომ კიდობანი შესანიშნავად იყო აგებული, მაგრამ არ მესმოდა, ასე კარგად თუ იყო ნაგები. ამ სტატიაში ადვილად გასაგები ენით იყო ახსნილი კიდობნის ზუსტი სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის წყალობით, როგორ გახდა შესაძლებელი უსაფრთხო მგზავრობა. მე და ჩვენი კრების ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ ჟურნალში მოცემული გეგმის მიხედვით კიდობნის მოდელი გაგვეკეთებინა. ქაღალდისგან ცხოველები გავაკეთეთ, კიდობანში შევსვით და ნოესა და მისი ოჯახის წევრების სურათები დავხატეთ. კიდობნის მოდელის გაკეთებით უფრო მეტი გავიგეთ ამ ბიბლიური მონაკვეთის შესახებ. დიდად გმადლობთ.
ტ. ე. (იაპონია)
ჩემს ექვსი წლის ბიჭს მოდელების აწყობა უყვარს. დიდად გავიხარეთ, როდესაც „გამოიღვიძეთ!“-ის ერთ-ერთი სტატიის ბოლოში ნოეს კიდობნის გეგმის მოდელი ვნახეთ. ამ არაჩვეულებრივი სტატიის განხილვით შესანიშნავად გავატარეთ დრო! ამ ქვეყნიერებაში, სადაც ადამიანს უჭირს თავისუფალი დროის პოვნა და ბავშვებიც სკოლაში ყოველღიურად განიცდიან ზეწოლას, მშობლებისთვის „გამოიღვიძეთ!“-ი მართლაც კურთხევაა; ის შვილების იეჰოვას გზაზე დაყენებაში გვეხმარება.
მ. ფ. (აშშ)
ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ დავძლიო მასტურბაციის ჩვევა? (ნოემბერი 2006) ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ სტატიის წაკითხვამ. დავინახე, როგორ ზრუნავს და როგორ გვეხმარება იეჰოვა პრობლემებთან გამკლავებაში. მაშინაც კი, როცა პრობლემას ვერ ვუმკლავდებით და ისევ არასწორად ვიქცევით, იეჰოვა ‘მზად არის პატიებისთვის’ (ფსალმუნი 86:5). ამის ცოდნა ახალგაზრდებს გვეხმარება, ‘გავექცეთ ახალგაზრდულ სურვილებს’ (2 ტიმოთე 2:22).
ვ. ფ. ბრაზილია
ახალგაზრდების შეკითხვები — რატომ მიდგენენ ამდენ წესებს? (დეკემბერი 2006) ბიბლიას ექვსი წლის განმავლობაში ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ძალიან მკაცრად გვექცევიან, ვიცი რომ ისინი ნამდვილად ზრუნავენ ჩემზე. ამ სტატიის წაკითხვა დამეხმარა, გამეგო ჩემი მშობლების წუხილი და დამეფასებინა ჩემ მიმართ იეჰოვას მზრუნველობა.
კ. ტ. ტაილანდი
ერთ დროს გზასაცდენილი შვილი ვიყავი (დეკემბერი 2006) იეჰოვას შესახებ 1992 წელს გავიგე. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში იყო დრო, როდესაც მინდოდა სხვა გზით მევლო. მეროს სანდეის მსგავსად მეც მქონდა განცდილი როგორც სიამოვნება, ისე ტკივილი. სამი წელი იეჰოვას გარეშე ვიცხოვრე, მაგრამ ბოლოს, ისევ მას ვთხოვე, რომ დახმარებაზე უარი არ ეთქვა. ახლა კვლავ იეჰოვას ვემსახურები! გმადლობთ გაწეული სამსახურისთვის!
დ. კ. უკრაინა
ახალგაზრდების შეკითხვები — რა ასაკიდან შეიძლება მყავდეს შეყვარებული? (იანვარი 2007) ვარ 15 წლის. როდესაც ბიძა-ბიცოლასთან ვიყავი სტუმრად, იეჰოვას მოწმე 17 წლის ბიჭი გავიცანი. ჩვენ დროდადრო ინტერნეტით გვქონდა მიწერ-მოწერა. მალე ამან ყოველდღიური ხასიათი მიიღო და შეგვიყვარდა კიდეც ერთმანეთი. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ამგვარი ურთიერთობა პაემანზე სიარულის ტოლფასი იყო. მშობლებისა და ამ სტატიის დახმარებით საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე და ეს ურთიერთობა გავწყვიტე. ჩვენ მეგობრებად დავრჩით, მაგრამ ღმერთთან ურთიერთობას პირველ ადგილზე ვაყენებ. დიდად მადლობელი ვარ, ამ სტატიამ თვალები ამიხილა.
დ. დ. კანადა