პატიებს ღმერთი სერიოზულ ცოდვებს?
ბიბლიის თვალსაზრისი
პატიებს ღმერთი სერიოზულ ცოდვებს?
გულმოწყალება ღვთის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა (ფსალმუნი 86:15). რამდენად დიდია მისი გულმოწყალება? ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?! შენთან არის ჭეშმარიტი პატიება, რათა ეშინოდეთ შენი“ (ფსალმუნი 130:3, 4). სხვა მონაკვეთში ვკითხულობთ: „როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები; როგორც მამა იწყალებს შვილებს, იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს. მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:12—14).
ცხადია, იეჰოვა სრულად და უხვად ავლენს გულმოწყალებას. ის მხედველობაში იღებს ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებსა და არასრულყოფილებას — ანუ იმას, რომ „მტვერი“ ვართ. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი, საიდანაც ჩანს, რამდენად დიდია მისი გულმოწყალება.
მოციქულმა პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე (მარკოზი 14:66—72). მოციქული პავლე ქრისტიანობის მიღებამდე ქრისტეს მიმდევრებს დევნიდა, და ზოგი მათგანის სიკვდილით დასჯასაც კი უჭერდა მხარს; მაგალითად, მან მოიწონა ერთ-ერთი ქრისტიანის მკვლელობა (საქმეები 8:1, 3; 9:1, 2, 11; 26:10, 11; გალატელები 1:13). გაქრისტიანებამდე კორინთის კრების ზოგი წევრი ლოთი, გამომძალველი და ქურდი იყო (1 კორინთელები 6:9—11). მაგრამ ბოლოს ყველას მიუტევა ღმერთმა. რატომ?
მოწყალების მისაღებად აუცილებელი სამი ნაბიჯის გადადგმა
„შეწყალებული ვიქენი, რადგან უცოდინარი ვიყავი და ურწმუნოებით ვიქცეოდი“, — წერდა პავლე (1 ტიმოთე 1:13). პავლეს გულწრფელ სიტყვებს მივყავართ პირველ ნაბიჯამდე — საჭიროა მივიღოთ იეჰოვას შესახებ საფუძვლიანი ცოდნა და გავეცნოთ მის ნორმებს, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული (2 ტიმოთე 3:16, 17). მართლაც, შეუძლებელია ვასიამოვნოთ შემოქმედს, თუ კარგად არ ვიცნობთ მას. იესომ მამას ლოცვაში უთხრა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
როდესაც გულწრფელი ადამიანები ღმერთსა და იესოს ეცნობიან, ისინი ნანობენ წარსულ შეცდომებს და მთელი გულით ინანიებენ, — ეს მოწყალების მისაღებად საჭირო მეორე ნაბიჯია. საქმეების 3:19-ში ნათქვამია: „მოინანიეთ და მობრუნდით, რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები“.
ამ მუხლში მოხსენიებულია მესამე ნაბიჯიც — მობრუნება. მობრუნება, ანუ მოქცევა, ნიშნავს ძველი ცხოვრების წესისა თუ ძველი აზროვნების მიტოვებას და ღვთის ნორმებისა თუ თვალსაზრისის გათავისებას (საქმეები 26:20). ერთი სიტყვით, ადამიანი თავისი ცხოვრების წესის შეცვლით ცხადყოფს, რომ ის მთელი გულით სთხოვს ღმერთს პატიებას.
ღმერთი ყველაფერს არ პატიებს
ზოგ ადამიანს ღმერთმა ცოდვები არ აპატია. პავლემ დაწერა: „თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის, არამედ სასამართლოს შიშის მომგვრელი მოლოდინი“ (ებრაელები 10:26, 27). სიტყვები „შეგნებულად ვცოდავთ“ მიგვანიშნებს იმაზე, რომ რაღაც ცუდი ღრმად არის ადამიანში გამჯდარი და მას მართლაც ბოროტი გული აქვს.
იუდა ისკარიოტელმა დაუშვა, რომ მისი გული ასეთი გამხდარიყო. იესომ თქვა: „მისთვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო“ (მათე 26:24, 25). იესომ თავის თანამედროვე ზოგ რელიგიურ წინამძღოლზე თქვა: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ . . . როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44). სატანის მსგავსად ისინიც ბოლომდე გახრწნილები იყვნენ. ეს რელიგიური წინამძღოლები არ ინანიებდნენ ჩადენილ ცუდ საქციელს; პირიქით, უფრო ღრმად ეფლობოდნენ ბოროტებაში *. მართალია, არასრულყოფილებისა და სისუსტეების გამო ჭეშმარიტი ქრისტიანებიც სცოდავენ, და ზოგჯერ სერიოზულადაც, მაგრამ მათი გრძნობებიდან ჩანს, რომ ისინი არ არიან ბოროტებაში ჩაფლული (გალატელები 6:1).
სიკვდილამდე გულმოწყალე
იეჰოვა არა მხოლოდ ცოდვას ხედავს, არამედ შემცოდველის განწყობასაც (ესაია 1:16—19). დავფიქრდეთ იმ ორ ბოროტმოქმედზე, რომლებიც იესოსთან ერთად ძელზე იყვნენ გაკრული. ორივეს, როგორც ჩანს, მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, რადგან ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა: „ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ, ამ კაცს [იესოს] კი ცუდი არაფერი ჩაუდენია“. ბოროტმოქმედის სიტყვებიდან ჩანს, რომ მან რაღაც იცოდა იესოს შესახებ; ეს ცოდნა კი მას, როგორც ჩანს, აზროვნების შეცვლაში დაეხმარა, რაც იესოსადმი მის თხოვნაში გამოვლინდა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. როგორ გამოეხმაურა იესო ამ თხოვნას? „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს, — უთხრა მან ბოროტმოქმედს, — ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:41—43).
დაფიქრდით, განკაცებული იესოს ბოლო სიტყვები იმ ადამიანის მიმართ გამოხატავდა მოწყალებას, რომელმაც თავად აღიარა, რომ სიკვდილს იმსახურებდა. ეს მართლაც გამამხნევებელია! ამგვარად, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო ქრისტე და მისი მამა, იეჰოვა, თანაგრძნობას გამოავლენენ ყველას მიმართ, ვინც ნამდვილად მოინანიებს, მიუხედავად იმისა, თუ რა საქმეები უკეთებია წარსულში (რომაელები 4:7).
გიფიქრიათ?
▪ როგორ აღწერდით ღვთის გულმოწყალებას? (ფსალმუნი 103:12—14; 130:3, 4).
▪ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ადამიანმა ღვთის მოწყალების მისაღებად? (იოანე 17:3; საქმეები 3:19).
▪ რას დაჰპირდა იესო ძელზე გაკრულ ბოროტმოქმედს? (ლუკა 23:43).
[სქოლიო]
^ აბზ. 12 2007 წლის 15 ივლისის საგუშაგო კოშკში იხილეთ სტატია „შეგიცოდავთ წმინდა სულის წინააღმდეგ?“, გვერდები 16—20.
[სურათი 10 გვერდზე]
იესომ ცხადყო, რომ შესაძლებელია სერიოზული ცოდვების მიტევება