არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძველი ხელნაწერები როგორ ხდება მათი დათარიღება?

ძველი ხელნაწერები როგორ ხდება მათი დათარიღება?

ძველი ხელნაწერები როგორ ხდება მათი დათარიღება?

ათას რვაას ორმოცდაოთხ წელს ბიბლეისტი კონსტანტინე ფონ ტიშენდორფი სინას (ეგვიპტე) ძირას მდებარე წმინდა ეკატერინეს მონასტერს ესტუმრა. მისი ბიბლიოთეკის დათვალიერებისას მან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი პერგამენტის ფურცლები იპოვა. ტიშენდორფი, რომელიც კარგად ერკვეოდა პალეოგრაფიაში *, მაშინვე მიხვდა, რომ სეპტუაგინტას, ებრაული წერილების, ანუ „ძველი აღთქმის“ ბერძნული თარგმანის, ფურცლებს მიაგნო. „ეს სინას ძირას ნაპოვნი პერგამენტის ფურცლები უძველესი ხელნაწერები იყო“, — წერდა ის.

ეს პერგამენტის ფურცლები, რომლებიც მოგვიანებით სინას კოდექსად ცნობილი ხელნაწერების ნაწილი გახდა, ძვ. წ. IV საუკუნით თარიღდება. სინას კოდექსი ებრაული და ბერძნული წერილების ათასობით ძველი ხელნაწერებიდან ერთ-ერთია, რომელიც გამოსაკვლევ ზღვა მასალას შეიცავს.

ბერძნული პალეოგრაფიის ისტორია

ბერძნული ხელნაწერების შესწავლას ბენედიქტელთა ორდენის ბერმა ბერნანდ დე მონფოკონმა (1655—1741) ჩაუყარა საფუძველი. პალეოგრაფიის განვითარებაში მოგვიანებით სხვა სწავლულებმაც შეიტანეს თავიანთი წვლილი. ტიშენდორფი ურთულესი დავალების შესრულებას შეუდგა და ევროპის ბიბლიოთეკებში არსებული უძველესი ბერძნული ხელნაწერების სიის შედგენა დაიწყო. ის რამდენჯერმე ეწვია ახლო აღმოსავლეთს და ასობით დოკუმენტი შეისწავლა, მოგვიანებით კი თავისი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

მეოცე საუკუნეში პალეოგრაფებს მეტი მასალა დაუგროვდათ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი მარსელ რიჩარდის შედგენილი სია იყო, რომელშიც დაახლოებით 900 კატალოგი შედიოდა; ამ კატალოგში აღწერილი იყო 55 000 ბერძნული ხელნაწერი, როგორც ბიბლიური, ისე არაბიბლიური. აღნიშნული ხელნაწერები 820 ბიბლიოთეკისა თუ კერძო პირის საკუთრებას წარმოადგენდა. ეს ზღვა მასალა დიდ დახმარებას უწევს მთარგმნელებს; იგი პალეოგრაფებისთვისაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ ხელნაწერების უფრო ზუსტად დათარიღებაში ეხმარება.

როგორ ხდება ხელნაწერების დათარიღება

წარმოიდგინეთ, რომ ძველი სახლის სხვენს ასუფთავებთ; უცებ პოულობთ ხელით ნაწერ, სიძველისგან გაყვითლებულ წერილს, რომელზეც დაწერის თარიღი არ არის მითითებული. „ნეტავ, როდის დაიწერა?“ — შეიძლება გაიფიქროთ. მერე მეორე წერილსაც ნახულობთ. ეს წერილი წერის სტილით, კალიგრაფიითა და სხვა თავისებურებებით პირველ წერილს ჰგავს. თქვენდა სასიხარულოდ, მეორე წერილი დათარიღებულია. ამ წერილის დახმარებით შეუძლებელია ზუსტად განსაზღვროთ პირველი წერილის დაწერის წელი, მაგრამ ის დაგეხმარებათ, დაადგინოთ, დაახლოებით რა პერიოდში დაიწერა.

ბიბლიის ხელნაწერების გადაწერის დასრულების შემდეგ ძველი მწერლების უმრავლესობა ხელნაწერებს თარიღს არ აწერდა. მათი დაწერის მიახლოებითი თარიღის დასადგენად მეცნიერები ხელნაწერებს ერთმანეთს ადარებენ; შესადარებლად იყენებენ ისეთ არაბიბლიურ დოკუმენტებსაც, რომელთა დაწერის თარიღიც ცნობილია; ერთმანეთს ადარებენ ხელნაწერებში გამოყენებულ პუნქტუაციას, შემოკლებებსა და სხვას. ნაპოვნია რამდენიმე ასეული დათარიღებული ხელნაწერი. აღმოჩენილი ბერძნული ხელნაწერები დაახლოებით ძვ. წ. 510—ახ. წ. 1593 წლებით თარიღდება.

რა ეხმარება პალეოგრაფებს

პალეოგრაფები ძველ ბერძნულში ხელნაწერების ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ: „ბეჭდური“, ანუ ლამაზად გამოყვანილი ასოებით შესრულებული, და დახრილი, გაკრული ხელით დახრილად დაწერილი (მსგავსი ხელწერა არაოფიციალურ დოკუმენტებში გვხვდება). ბერძენი გადამწერები სხვადასხვა სტილის ასოებით წერდნენ; იყენებდნენ თავურ ასოებს, უნციალებს (თავური ასოების ერთ-ერთი ფორმა), დახრილ ასოებსა და მინუსკულებს. „ბეჭდური“ დამწერლობის ერთ-ერთ ფორმას, უნციალურ დამწერლობას, ძვ. წ. IV საუკუნიდან ახ. წ. IX საუკუნემდე მიმართავდნენ. მინუსკულების, პატარა „ბეჭდური“ ასოების, გამოყენება ახ. წ. VIII—IX საუკუნიდან XV საუკუნის შუა პერიოდამდე, ანუ იმ დრომდე, გრძელდებოდა, როდესაც ევროპაში საბეჭდი დაზგების გამოყენება დაიწყეს. მინუსკულები უფრო სწრაფად და კომპაქტურად იწერებოდა, რის გამოც იზოგებოდა როგორც დრო, ისე პერგამენტი.

პალეოგრაფები ხელნაწერების დათარიღებისას გარკვეულ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას. თავიდან ისინი გადახედავენ ხელნაწერს, შემდეგ კი დაკვირვებით იკვლევენ და თითოეულ ასოს აანალიზებენ. ჩვეულებრივ, დამწერლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ ხდება; ამიტომ ხელნაწერების გულმოდგინედ გამოკვლევა კარგია, მაგრამ ძალიან ზოგად წარმოდგენას უქმნის მკვლევარს იმის შესახებ, თუ როდის დაიწერა ისინი.

საბედნიეროდ, არსებობს მეთოდები, რომლებიც შედარებით ზუსტი დათარიღების საშუალებას იძლევა. მაგალითად, პალეოგრაფები აკვირდებიან, რომელი დამწერლობაა გამოყენებული ხელნაწერში და როდის დაიწყო მისი გამოყენება. მაგალითად, ახ. წ. 900 წლიდან გადამწერებმა ასოების გადაბმა დაიწყეს — ისინი ორ ან მეტ ასოს აბამდნენ ერთმანეთს; ასოებს ხაზს ქვემოთაც წერდნენ, ანუ გარკვეული ასოები მხოლოდ შუა ხაზზე კი არ იწერებოდა, არამედ ხაზს ქვემოთაც ჩამოდიოდა; აგრეთვე იყენებდნენ მახვილებს, რომლებსაც ფშვინვის ნიშნებს უწოდებდნენ.

ადამიანი, ჩვეულებრივ, ხელწერას მთელი ცხოვრება არ იცვლის. ამიტომ ხელნაწერების დათარიღება ხშირად 50 წლის სიზუსტით ხდება. გარდა ამისა, გადამწერები ზოგჯერ წერის ძველ სტილს იყენებდნენ, რაც ხელნაწერს უფრო გვიანდელ პერიოდში დაწერილის იერს აძლევდა. მაგრამ, სირთულეების მიუხედავად, ბიბლიის მრავალი მნიშვნელოვანი ხელნაწერის დათარიღება მოხერხდა.

ბიბლიის მნიშვნელოვანი ბერძნული ხელნაწერების დათარიღება

ალექსანდრიული კოდექსი (ინახება ბრიტანეთის მუზეუმში) იყო ბიბლიის პირველი მნიშვნელოვანი ხელნაწერი, რომელიც მეცნიერებს ხელში ჩაუვარდათ. მასში ბიბლიის უმეტესი ნაწილი შედის; იგი ბერძნული უნციალებითაა დაწერილი უმაღლესი ხარისხის პერგამენტზე. ალექსანდრიული კოდექსი ახ. წ. V საუკუნის დასაწყისით თარიღდება; ხელნაწერის ამგვარად დათარიღება, ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ უნციალურ დამწერლობაში ცვლილებები ახ. წ. V—VI საუკუნეებში მოხდა; ამის მაგალითია დოკუმენტი, რომელსაც „ვენელი დიოსკორიდეს დოკუმენტი“ ეწოდება და რომლის დაწერის თარიღიც ცნობილია *.

მეორე უდიდესი ხელნაწერი, რომელიც მეცნიერების ხელში აღმოჩნდა, სინური კოდექსია; ის ტიშენდორფმა წმინდა ეკატერინეს მონასტერში აღმოაჩინა. პერგამენტზე ბერძნული უნციალებით დაწერილ ამ ხელნაწერში შედის სეპტუაგინტას, ებრაული წერილების ბერძნული თარგმანის, ნაწილი და მთელი ქრისტიანულ-ბერძნული წერილები. ამ კოდექსის 43 ფურცელი ლაიფციგში (გერმანია) ინახება, 347 — ლონდონის (ბრიტანეთი) ბიბლიოთეკაში და 3 ფურცლის ფრაგმენტი — სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი). სინური კოდექსი ახ. წ. IV საუკუნის მიწურულით თარიღდება. ამის დასადასტურებლად მეცნიერებს მოჰყავთ მეოთხე საუკუნეში მცხოვრები ისტორიკოს ევსები კესარელის მიერ სახარებებისთვის გაკეთებული მარგინალური წარწერები *.

მესამე მნიშვნელოვანი ნაშრომი არის ვატიკანური კოდექსი №1209, რომელშიც თავიდან ბერძნულ ენაზე მთელი ბიბლია შედიოდა. ეს კოდექსი ვატიკანის ბიბლიოთეკის კატალოგში პირველად 1475 წელს გამოჩნდა. ეს უმაღლესი ხარისხის პერგამენტზე ბერძნულ ენაზე უნციალებით დაწერილი 759 ფურცელი დღეს თითქმის მთელ ბიბლიას შეიცავს დაბადების უმეტესი ნაწილის, ფსალმუნების მცირე ნაწილისა და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების გარკვეული მონაკვეთის გამოკლებით. მეცნიერების აზრით, ის ახ. წ. IV საუკუნის დასაწყისშია დაწერილი. რის საფუძველზე დაათარიღეს ეს ხელნაწერი? წერის სტილი აქაც სინური კოდექსის მსგავსია, რომელიც IV საუკუნეში დაიწერა. თუმცა, ჩვეულებრივ, ვატიკანურ კოდექსს სინურზე ადრინდელად მიიჩნევენ. სხვა ყველაფერთან ერთად, ვატიკანურ კოდექსში არ არის ევსების კანონისთვის დამახასიათებელი პარალელური მუხლები.

ნაგავსაყარზე ნაპოვნი განძი

1920 წელს ჯონ რაილენდის მანჩესტერის (ინგლისი) ბიბლიოთეკამ შეიძინა ბევრი პაპირუსი, რომლებიც ძველი ეგვიპტის ნაგავსაყარზე იყო ნაპოვნი. მეცნიერმა კოლინ რობერტსმა სხვადასხვა ნივთის კვლევისას, რომელთა შორის იყო წერილები, რეცეპტები და ოფიციალური დოკუმენტები, იპოვა პერგამენტის ფრაგმენტი ნაცნობი ხელწერით — რამდენიმე მუხლი იოანეს მე-18 თავიდან. ეს იყო იმ დროისთვის ცნობილი ქრისტიანული ბერძნული ხელნაწერების უძველესი ფრაგმენტი.

ეს ფრაგმენტი ცნობილი გახდა როგორც ჯონ რაილენდის პაპირუსი 457, საერთაშორისო ნომენკლატურით P52. ის ბერძნული უნციალებით იყო დაწერილი; ეს ფრაგმენტი II საუკუნით არის დათარიღებული, ანუ ის იოანეს სახარების დედნის დაწერიდან მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაიწერა! აღსანიშნავია, რომ მასზე აღბეჭდილი ტექსტი თითქმის აბსოლუტურად ზუსტად ემთხვევა მოგვიანებით დაწერილი ხელნაწერების ტექსტს.

ძველი, მაგრამ ზუსტი!

თავის წიგნში „ბიბლია და არქეოლოგია“ ინგლისელი ტექსტოლოგი სერ ფრედერიკ კენიონი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების შესახებ წერდა: „ახალი აღთქმის წიგნების უტყუარობა და უცვლელობა საბოლოოდ დადასტურებულია“. მსგავსად ამისა, ებრაული წერილების უცვლელობის შესახებ უილიამ გრინმა განაცხადა: „შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ არც ერთ ძველ ხელნაწერს არ მოუღწევია ასე უცვლელად“.

მსგავსი განაცხადები გვახსენებს მოციქულ პეტრეს სიტყვებს: „ყოველი ხორციელი მინდვრის ბალახივითაა, ხოლო მთელი მისი დიდება — ბალახის აბიბინებასავით. ბალახი ხმება და ყვავილი სცვივა, იეჰოვას სიტყვა კი მარადიულად რჩება“ (1 პეტრე 1:24, 25).

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 „პალეოგრაფია . . . შეისწავლის ძველი და შუა საუკუნეების დამწერლობის ძეგლებს. ეს დისციპლინა ძირითადად ისეთ მასალებზე შესრულებულ ხელნაწერებს იკვლევს, რომლებიც ჟამთა სვლას ვერ უძლებს; მაგალითად, პაპირუსზე, პერგამენტზე ან ქაღალდზე“ (ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“).

^ აბზ. 16 „ვენელი დიოსკორიდეს დოკუმენტი“ დაწერილია ვინმე ჯულიანა ენისიას მიერ, რომელიც ახ. წ. 527 ან 528 წელს გარდაიცვალა. ეს დოკუმენტი „პერგამენტზე წარმოდგენილი უნციალური დამწერლობის უპირველესი ნიმუშია, რომლის მიახლოებით დათარიღება შესაძლებელია“ (An Introduction to Greek and Latin Palaeography, by E. M. Thompson).

^ აბზ. 17 ეგრეთ წოდებული „ევსების კანონი“ არის ცხრილები ანუ პარალელური მუხლები, „საიდანაც ჩანს, თითოეულ სახარებაში რომელი მონაკვეთია ერთმანეთის მსგავსი“ (ბრიუს მეცგერის „ბერძნული ბიბლიის ხელნაწერები“).

[ჩანართი 21 გვერდზე]

დათარიღებული ხელნაწერების გულმოდგინე გამოკვლევის შედეგად პალეოგრაფებს დაუთარიღებელი ხელნაწერების დათარიღება შეუძლიათ.

[ჩარჩო 20 გვერდზე]

მკვდარი ზღვის ხელნაწერების დათარიღება

მკვდარი ზღვის ხელნაწერები, რომლებშიც ბიბლიური წიგნი „ესაიაა“ მოცემული, 1947 წელს იპოვეს; ის ტყავზე იყო დაწერილი; დამწერლობის სტილი — პრემასორეტული ებრაული. მკვდარი ზღვის ხელნაწერები ძვ. წ. II საუკუნის მიწურულით თარიღდება. რის საფუძველზე დაათარიღეს პალეოგრაფებმა ის? ისინი ხელნაწერებს სხვა ებრაულ ტექსტებსა და წარწერებს ადარებდნენ, რის საფუძველზეც ეს ხელნაწერები ძვ. წ. 125—100 წლებით დაათარიღეს. დათარიღებისთვის დამატებით საფუძველს იძლევა C14 ნახშირბადის იზოტოპის გამოყენებით ჩატარებული გამოკვლევაც.

საოცარია, რომ მკვდარი ზღვის ხელნაწერების მასორეტულ ტექსტებთან (მასორეტებად წოდებული გადამწერების მიერ დაწერილ ხელნაწერებთან) შედარება ცხადყოფს, რომ სწავლების საკითხში განსხვავებები არ შეინიშნება *. მრავალი სხვაობა შეინიშნება მხოლოდ ორთოგრაფიასა და პუნქტუაციაში. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ტეტრაგრამატონი — ღვთის სახელის, იეჰოვას, აღმნიშვნელი ოთხი ებრაული ასო — თანამიმდევრულად გვხვდება ამ ხელნაწერებში.

[სქოლიო]

^ აბზ. 34 მასორეტები, გულმოდგინე ებრაელი გადამწერები, დაახლოებით ახ. წ. 500—1000 წლებში ცხოვრობდნენ.

[ცხრილი⁄სურათები 20, 21 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბერძნული ხელნაწერები

„ბეჭდური“ (უნციები)

ძვ. წ. IV საუკუნიდან ახ. წ. VIII ან IX საუკუნემდე

მინუსკულები

ახ. წ. VIII ან IX საუკუნიდან ახ. წ. XV საუკუნემდე

მნიშვნელოვანი ხელნაწერები

400

200

მკვდარი ზღვის ხელნაწერები

ძვ. წ. II საუკუნის მიწურული

ძვ. წ.

ახ. წ.

100

ჯონ რაილენდის პაპირუსი 457

ახ. წ. 125

300

ვატიკანური კოდექსი №1209

დაახლოებით IV საუკუნის დასაწყისი

სინური კოდექსი

IV საუკუნე

400

ალექსანდრიული კოდექსი

V საუკუნის დასაწყისი

500

700

800

[სურათები 19 გვერდზე]

ზემოთ: კონსტანტინე ფონ ტიშენდორფი

მარჯვნივ: ბერნანდ დე მონფოკონი

[საავტორო უფლება]

© Réunion des Musées Nationaux/ Art Resource, NY

[სურათის საავტორო უფლება 20 გვერდზე]

Dead Sea Scroll: Shrine of the Book, Israel Museum, Jerusalem

[სურათის საავტორო უფლებები 21 გვერდზე]

Typographical facsimile of Vatican Manuscript No. 1209: From the book Bibliorum Sacrorum Graecus Codex Vaticanus, 1868; Reproduction of Sinaitic Manuscript: 1 Timothy 3:16, as it appears in the Codex Sinaiticus, 4th century C.E.; Alexandrine Manuscript: From The Codex Alexandrinus in Reduced Photographic Facsimile, 1909, by permission of the British Library