ეთავსება ერთმანეთს ბიბლიური სწავლებები და ცრურწმენა?
ბიბლიის თვალსაზრისი
ეთავსება ერთმანეთს ბიბლიური სწავლებები და ცრურწმენა?
ერთი ჟურნალისტი მთელი წლის განმავლობაში თვითმფრინავში არ ჯდებოდა, რადგან მკითხავმა უთხრა, რომ ავიაკატასტროფაში დაიღუპებოდა. ნებისმიერი საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მსახიობები, სპორტსმენები თუ სტუდენტები, ცრუმორწმუნეობრივ ჩვეულებებს ასრულებენ. გაურკვევლობის, სტრესისა თუ შიშის დროს ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი მოქმედება მათ საფრთხისგან დაიცავს ან მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
ცრურწმენის მრავალ ფორმას ადამიანები ხშირად მოძველებულ, მაგრამ მაინც მიმზიდველ ტრადიციად მიიჩნევენ, ან ფიქრობენ, რომ ეს არის ფსიქოლოგიური დახმარების უწყინარი საშუალება. აწ განსვენებულმა ანთროპოლოგმა მარგარეტ მიდმა აღნიშნა: „ცრურწმენით გამოვხატავთ იმის ძლიერ სურვილს, რომ შეგვისრულდეს ნატვრა ან არ შეგვემთხვეს უბედურება. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოლომდე არ გვჯერა ამ ცრურწმენის, მაინც გარკვეულწილად იმედიანად ვართ, როდესაც მას ვიცავთ“. და მაინც, მათ, ვისაც სურთ, რომ ღმერთს ასიამოვნონ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: „მისაღებია ცრურწმენა ქრისტიანისთვის?“
საიდან იღებს სათავეს ცრურწმენა?
ჩვეულებრივ, ადამიანებს სხვადასხვა რამის ეშინიათ, მაგალითად, სიკვდილის, გაურკვევლობის და იმის, რასაც საიქიო ცხოვრებას ეძახიან. ღვთის მოწინააღმდეგეს, სატანას, ერთი სული აქვს, დაიმონოს ადამიანები; ამისთვის კი ის ცდილობს, დააშინოს ისინი, რისთვისაც ბოროტ სიცრუეს მიმართავს (იოანე 8:44; გამოცხადება 12:9). სატანას სხვებიც უჭერენ მხარს იმაში, რომ ადამიანები ღმერთს ჩამოაშორონ. ბიბლია სატანას ‘დემონების მმართველს’ უწოდებს (მათე 12:24—27). ვინ არიან დემონები? ნოეს დროს ზოგმა ანგელოზმა ღვთის მოწინააღმდეგის, სატანის მხარე დაიკავა და ამგვარად, ისინი დემონები გახდნენ. იმ დროიდან მოყოლებული, ისინი ცდილობენ, რომ ადამიანების აზროვნებაზე ზემოქმედება მოახდინონ. ერთ-ერთი იარაღი, რომელსაც ისინი ამისათვის მიმართავენ, ცრურწმენაა (დაბადება 6:1, 2; ლუკა 8:2, 30; იუდა 6).
სატანის ერთ-ერთმა სიცრუემ საფუძველი ჩაუყარა ცრურწმენას. ეს სიცრუე იმაში მდგომარეობს, თითქოს ადამიანის სიკვდილის შემდეგ მის სხეულს ტოვებს უხილავი რამ, რასაც შეუძლია უკან დაბრუნება და ცოცხლებზე გავლენის მოხდენა. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია: „მკვდრებმა კი არაფერი იციან“. ამასთანავე, ბიბლია ამბობს, რომ სიკვდილის შემდეგ „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის“ (ეკლესიასტე 9:5, 10).
„ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“
მრავალმა ადამიანმა არჩია, დაეჯერებინა სატანის სიცრუე. თუმცა, დიდი ხნის წინ ღმერთმა თავის ხალხს, ისრაელს, ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი მითითება მისცა. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12).
სამწუხაროდ, ისრაელები ყოველთვის ყურად არ იღებდნენ ამ გაფრთხილებას. მაგალითად, წინასწარმეტყველ ესაიას დროს ზოგ მათგანს სჯეროდა, რომ კარგ მოსავალს იმ შემთხვევაში აიღებდნენ, თუ „იღბლიანობის ღმერთის“ გულს მოიგებდნენ. ამ ცრურწმენამ მათ სამწუხარო შედეგები მოუტანა — მათ დაკარგეს იეჰოვას კეთილგანწყობა და კურთხევა (ესაია 65:11, 12).
იეჰოვას დამოკიდებულება ცრურწმენის მიმართ ქრისტიანობის დაფუძნების შემდეგაც არ შეცვლილა. პავლე მოციქული მოუწოდებდა ლისტრაში მცხოვრებ ცრუმორწმუნე ხალხს, რომ ‘მიეტოვებინათ ეს ამაოება და მიბრუნებოდნენ ცოცხალ ღმერთს, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია’ (საქმეები 14:15).
ცრურწმენის მარწუხებისგან გათავისუფლება
არსებობს ცრურწმენის უამრავი ფორმა. ყველა მათგანს ერთი რამ აქვთ საერთო — არც ერთს არ მოეძებნება ლოგიკური ახსნა. სხვა ყველაფერთან ერთად ცრურწმენას ადამიანები იქამდე მიჰყავს, რომ თავიანთ წარუმატებლობას ისინი უიღბლობას მიაწერენ ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა იგრძნონ.
საბედნიეროდ, მრავალი გათავისუფლდა ცრურწმენის მარწუხებისგან. იესომ თქვა: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). კლემენტინა, ბრაზილიელი ქალი, რომელიც 25 წლის განმავლობაში მკითხაობდა, ამბობს: „მკითხაობა ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, მაგრამ ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ცრურწმენისგან გამათავისუფლა“. ბიბლიის რეგულარული შესწავლა და იეჰოვა ღმერთისადმი მიმართული გულწრფელი ლოცვები შინაგან ძალებს შეგვმატებს. ამის წყალობით ჩვენ შევძლებთ მშვიდ და ლოგიკურ აზროვნებას, რაც, თავის მხრივ, დაგვეხმარება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს კი დაგვიცავს უსიამოვნებებისგან და საწუხარს შეგვიმსუბუქებს (ფილიპელები 4:6, 7, 13).
ბიბლიაში დასმულია კითხვები: „რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან [სატანასთან]?“ აქედან ნათლად ჩანს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეთ ცრურწმენასთან (2 კორინთელები 6:14—16).
გიფიქრიათ?
▪ ღვთისადმი მინდობის ნაცვლად ვისზე იყვნენ მინდობილნი ცრუმორწმუნე ისრაელები ესაიას დროს? (ესაია 65:11, 12).
▪ რისი გაკეთებისკენ მოუწოდებდა პავლე მოციქული ლისტრაში მცხოვრებ ცრუმორწმუნე ხალხს? (საქმეები 14:15).
▪ ეთავსება ერთიმეორეს ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ცრურწმენა? (2 კორინთელები 6:14—16).
[სურათები 10 გვერდზე]
ცრურწმენა ადამიანებში უსაფრთხოების გრძნობას ბადებს, რაც ყოვლად უსაფუძვლოა