არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ განსაზღვრავს, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?

ვინ განსაზღვრავს, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?

ვინ განსაზღვრავს, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?

იესომ ცხადყო, რომ თაყვანისმცემლობის ზოგიერთი ფორმა ღვთისთვის არ არის მისაღები. ამ დროს მან მოიხსენია „ცრუწინასწარმეტყველები“ და ისინი შეადარა უვარგისი ნაყოფის მომცემ ხეს, რომელსაც „ჭრიან და ცეცხლში აგდებენ“. იესომ აგრეთვე თქვა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში» (მათე 7:15—22).

ფაქტობრივად, ზოგიერთი მათგანის შესახებ, ვინც აცხადებდა, რომ იესოს მიმდევარი იყო, მან თქვა: „მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“ (მათე 7:23). გარდა ამისა, როდესაც იესო თავისი დროის რელიგიური წინამძღოლების შესახებ საუბრობდა, მან გაიმეორა ის სიტყვები, რომლებიც ღმერთს განდგომილ ისრაელზე ჰქონდა ნათქვამი. იესომ თქვა: „ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან, როგორც სწავლებებს“ (მარკოზი 7:6, 7).

აშკარაა, რომ თაყვანისმცემლობის ყველა ფორმა არ არის მისაღები ღვთისთვის და მისი ძისთვის. ამგვარად, ყველა თაყვანისმცემლობა ჭეშმარიტი არ არის. ნიშნავს ეს იმას, რომ მხოლოდ ერთი რელიგია ასწავლის ჭეშმარიტებას? თუ ღმერთი ზოგ რელიგიას იწონებს, ზოგს კი უარყოფს? ან ისე ხომ არ ხდება, რომ ღმერთი იწონებს ან უარყოფს ცალკეული ადამიანების თაყვანისმცემლობას, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ რელიგიას მიეკუთვნებიან ისინი?

პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით“ (1 კორინთელები 1:10). აგრეთვე ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ‘ჰქონდეთ ერთი აზრი, ერთნაირი სიყვარული, იყვნენ ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი’ (ფილიპელები 2:2).

მაშასადამე, სადაც ასეთი ერთიანობაა, იქ რელიგიაც ერთი უნდა იყოს. ბიბლიაც სწორედ იმას ამბობს, რომ „ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლობა“ (ეფესოელები 4:4, 5).

რას ვსწავლობთ ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიიდან?

ზემოთ გაკეთებულ დასკვნას წმინდა წერილებიც რომ უჭერს მხარს, ეს ბიბლიური ისტორიიდანაც კარგად ჩანს. თუ გამოიკვლევთ ბიბლიას, დაინახავთ, რომ ღმერთმა თავის ხალხს თაყვანისმცემლობის მხოლოდ ერთი ფორმა დაუდგინა. ძველ დროს ღმერთი პატრიარქებს, ანუ ოჯახისთავებს თავის წარმომადგენლებად იყენებდა. მაგალითად, ცნობილ პატრიარქებს შორის იყვნენ ნოე, აბრამი (აბრაამი), ისაკი და იაკობი (დაბადება 8:18—20; 12:1—3; 26:1—4; 28:10—15).

იაკობის შთამომავლები ეგვიპტის მონობაში აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ იქ სასტიკად ჩაგრავდნენ, მათმა რიცხვმა მილიონებს მიაღწია. ღმერთმა ისინი მონობიდან სასწაულებრივად დაიხსნა, როდესაც წითელი ზღვის გავლით გაატარა. შემდეგ ღმერთმა ისინი საკუთარ ხალხად აღიარა და შუამავალ მოსეს მეშვეობით მათ კანონები მისცა. ეს ხალხი იყო ძველი ისრაელი ერი, რომელიც ღვთის ერი გახდა (გამოსვლა 14:21—28; 19:1—6; 20:1—17).

აღსანიშნავია, რომ ღმერთი არ იწონებდა იმ ხალხის თაყვანისმცემლობას, რომლებიც ისრაელის გარშემო ცხოვრობდნენ. ღმერთი სჯიდა თავის ხალხს, როცა ისინი გადადიოდნენ მის კანონებს და მეზობელი ერების თაყვანისმცემლობის ფორმებს გადმოიღებდნენ ხოლმე (ლევიანები 18:21—30; კანონი 18:9—12).

როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სხვა ერებს განეკუთვნებოდნენ, მაგრამ სურდათ, რომ ჭეშმარიტი ღვთისთვის ეცათ თაყვანი? მათ ჯერ ცრუ თაყვანისმცემლობა უნდა მიეტოვებინათ და შემდეგ ისრაელს უნდა შეერთებოდნენ იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლობაში. მრავალმა მათგანმა დაიმსახურა ღვთის მოწონება და მისი ერთგული მსახური გახდა. მათ შორის იყვნენ ქანაანელი რახაბი, მოაბელი რუთი, ხეთელი ურია, ეთიოპი ებედ-მელექი და გაბაონელების მთელი ერი. ისრაელის მეფე სოლომონი მთელი გულით ლოცულობდა მათთვის, ვინც ზემოხსენებული ადამიანების მსგავსად ღვთის ხალხს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში შეუერთდა * (2 მატიანე 6:32, 33).

როდესაც იესო დედამიწაზე მოვიდა

მოგვიანებით, როდესაც ღმერთმა იესო დედამიწაზე გამოგზავნა, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას საფუძვლად მისი სწავლებები დაედო და ღვთის განზრახვები განსაკუთრებული სახით გაცხადდა. გარკვეული დროის შემდეგ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს „ქრისტიანები“ ეწოდათ (საქმეები 11:26). ამგვარად, იმ იუდეველებს, რომლებსაც ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება სურდათ, თაყვანისმცემლობის ძველი ფორმა უნდა მიეტოვებინათ. თუ სურდათ, რომ ღვთისთვის ეცათ თაყვანი, მათ თაყვანისმცემლობის ორი ფორმიდან ერთი უნდა აერჩიათ — ქრისტეს მხარე უნდა დაეკავებინათ; გარდა ამისა, მათ არც დამოუკიდებლად, სხვებისგან განცალკევებით შეეძლოთ ღვთისთვის თაყვანისცემა. როგორც ღვთის სიტყვიდან დავინახეთ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები „ერთი რწმენით“ იყვნენ გაერთიანებულნი (ეფესოელები 4:4, 5).

ის აზრი, რომ ღმერთი დღეს მხოლოდ ერთ რელიგიას იწონებს, ზოგმა შეიძლება ხმამაღალ ნათქვამად ჩათვალოს და მიუღებლად მიიჩნიოს. მაგრამ, ბიბლიას სწორედ რომ ასეთ დასკვნამდე მივყავართ. წარსულში მრავალი, ვინც თაყვანისმცემლობის ისეთ ფორმას მიმართავდა, რომელზეც ფიქრობდა, რომ ღვთისთვის იყო მისაღები, მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა. ისინი შეუერთდნენ იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს და თუ ამ ნაბიჯის გადადგმისას თავიდან რაიმე შიში ან ეჭვი ჰქონდათ იმისა, ნამდვილად სწორ არჩევანს აკეთებდნენ თუ არა, მალევე დიდი სიხარული განიცადეს და უხვი კურთხევები მოიმკეს. მაგალითად, ბიბლია მოგვითხრობს ერთ ეთიოპ მამაკაცზე, რომელმაც ქრისტიანობის მიღებისა და ნათლობის შემდეგ „გახარებულმა განაგრძო გზა“ (საქმეები 8:39).

ის, ვინც დღეს ჭეშმარიტ რელიგიას უერთდება, მსგავს კურთხევებს იღებს. მაგრამ, ამდენი რელიგიებიდან როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რომელია ჭეშმარიტი?

[სქოლიო]

^ აბზ. 11 ამ ადამიანების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიის შემდეგ მონაკვეთებში: იესო ნავეს ძე 2:1—7; 6:22—25; რუთი 1:4, 14—17; 2 სამუელი 11:3—11; იერემია 38:7—13 და იესო ნავეს ძე 9:3—9, 16—21.

[სურათი 5 გვერდზე]

რა დაემართება რელიგიას, რომელსაც უვარგისი ნაყოფი გამოაქვს?