თერმული აბანოების მხარეში
თერმული აბანოების მხარეში
ორი ათასზე მეტი წლის წინ კელტები დასახლდნენ მინერალური წყლის რამდენიმე წყაროს მახლობლად და იმ ადგილს უწოდეს აკ-ინკი, რაც „ბარაქიან წყლებს“ ნიშნავს. დღეს აკ-ინკი ცნობილია როგორც ბუდაპეშტი, რომელიც უნგრეთის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ამ ადგილის პირველი მოსახლეები სიამოვნებით ბანაობდნენ თბილი წყლის წყაროებში, რომლებსაც გამომაცოცხლებელი ეფექტიც ჰქონდა და ტკივილების შემსუბუქებაც შეეძლო.
ახ. წ. პირველ საუკუნეში ევროპის ეს ნაწილი რომაელთა ბატონობის ქვეშ მოექცა. რომაელებმა გააფართოეს ეს დასახლება და აქ სამხედრო ბანაკი ააშენეს, რომელსაც აკვინკუმი უწოდეს. ფიქრობენ, რომ ეს სახელი წარმოდგება წყლის აღმნიშვნელი კელტური სიტყვიდან ან ლათინური გამოთქმიდან „აკვა კვინკე“, რაც ნიშნავს „ხუთ წყალს“. რომაელებმა ააგეს აკვედუკები, გაიყვანეს საკანალიზაციო სისტემები და ააშენეს კერძო თუ საზოგადოებრივი აბანოები. ამგვარად, ბუდაპეშტის აბანოებს ხანგრძლივი ისტორია აქვს.
რომის იმპერიის დაცემიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ აბანოებმა კვლავ მიიზიდა ხალხი. მე-15 საუკუნეში მწერლები ძალიან დადებითად მოიხსენიებდნენ უნგრეთის დედაქალაქის ახლოს მდებარე თერმულ აბანოებს, რითაც ქალაქს სახელი გაუთქვეს. როგორც ამბობენ, მეფე მათიას კორვინუსმა, რომელიც უნგრეთს 1458—1490 წლებში მართავდა, სპეციალური გადახურული დერეფანი გააკეთა, რათა სამეფო სასახლიდან თავის საყვარელ მინერალურ წყაროსთან, „რაჩთან“ მისულიყო. ამგვარად, მას ნებისმიერ ამინდში შეეძლო წყაროსთან მისვლა.
მე-16 და მე-17 საუკუნეებში თურქებმა დაიპყრეს უნგრეთის დიდი ნაწილი, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქიც. თურქებმა ააშენეს ორთქლისა და ცხელი წყლის აბანოები, რომლებიც დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისლამურ ცერემონიალურ განბანვაში. საერთოდ, ეს აბანოები თურქი ხალხის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თურქების აგებული აბანოები დიდებულ სანახაობას წარმოადგენდა — ეს იყო თაღიან შენობაში მოქცეული აუზები, რომლებსაც ყველა მხრიდან საფეხურები ჰქონდა გაკეთებული. ამ აუზში წყალი ადამიანს თითქმის მხრებამდე სწვდებოდა. აუზების ირგვლივ განთავსებული იყო სააბაზანოები და მოსასვენებელი ადგილები, რომელთა გამოსაყენებლადაც ქალებისთვის და კაცებისთვის სხვადასხვა დრო იყო დაწესებული. ამ აბანოებიდან ზოგიერთს დღესაც იყენებენ.
1673 წელს გამოცემულ ერთ წიგნში აღწერილი იყო დღევანდელი ბუდაპეშტის ტერიტორიაზე მდებარე აბანოები და ნათქვამი იყო, რომ „თერმული წყლების სიუხვისა და მათი სამკურნალო თვისებების, აგრეთვე თავად შენობების სიდიდისა და მათი სილამაზის“ გამო ეს აბანოები ევროპის საუკეთესო აბანოთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. მე-19 საუკუნეში ფინური ორთქლის აბანოს, ანუ საუნის გამოჩენამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ბუდაპეშტის აბანოები. დროთა განმავლობაში ამ აბანოებს დაემატა ორთქლის ოთახები და ცივი წყლის აუზები.
გეოლოგიური თავისებურება
ბუდაპეშტის ცხელი წყლის 123 წყაროდან და მწარე წყლის 400 წყაროდან დღეში დაახლოებით 70 მილიონი ლიტრი წყალი მოედინება. რით აიხსნება წყლის ასეთი სიუხვე? ამას ამ ტერიტორიის გეოლოგიური თავისებურება განსაზღვრავს.
მდინარე დუნაი, რომელიც ბუდაპეშტზე გაედინება, ქალაქის დასავლეთ ნაწილს, ბუდას, რომელიც მთაგორიან ადგილებზე მდებარეობს, კვეთს აღმოსავლეთი ნაწილისგან, პეშტისგან, რომელიც ვაკეზეა გაშენებული. ოდესღაც, შორეულ წარსულში, აქაურობას ზღვა ფარავდა და ნალექის სახით დატოვა კირქვისა და დოლომიტის ქანები. ამას დაემატა თიხის, თიხიანი კირქვის, ქვიშისა და ნახშირის ფენები.
მიწის ზედაპირზე გაჩენილი ნაპრალებიდან ნალექები მიწის სიღრმეში აღწევს, სადაც მინერალებით მდიდარი ცხელი ქანები წყალს აცხელებს, წყალი კი დიდი და მძლავრი ნაკადით ისევ უკან, ზედაპირისკენ მოისწრაფვის. ამ დროს მას ორთქლი ასდის და ის დიდი წნევით ნაპრალებიდან ან ჭაბურღილებიდან გადმოედინება.
ასეთი გეოლოგიური თავისებურებით გამოირჩევა არა მხოლოდ ბუდაპეშტი, არამედ თითქმის მთელი უნგრეთი. სწორედ ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობიდან მრავალი ამაყობს თავისი ქვეყნის მდიდარი მინერალური წყლებითა და ულამაზესი აბანოებით, რომლებსაც, ზოგის აზრით, სამკურნალო თვისებები გააჩნია *.
თერმული წყაროები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ მხარეში. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ბიბლიურ დროში მათი აღმოჩენა მნიშვნელოვან მოვლენად ითვლებოდა — მაგალითად, ბიბლიაში მოხსენიებულია სეირის უდაბნოში, მკვდარ ზღვასა და აკაბას ყურეს შორის ნაპოვნი ცხელი წყაროები (დაბადება 36:24).
ადამიანს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი ჩვენი პლანეტის ურთულეს სისტემებზე, მაგალითად იმაზე, თუ როგორ შექმნა ღმერთმა დედამიწა და მასზე არსებული მრავალი საოცარი რამ. ასეთ კითხვებზე დაფიქრება ღვთისმოშიშ ადამიანებში შემოქმედის განუზომელი სიბრძნისადმი ღრმა მოწიწების გრძნობას ბადებს (იობი 38:4—6; რომაელები 1:20).
[სქოლიო]
^ აბზ. 11 „გამოიღვიძეთ!“-ი რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს.
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
სასტუმრო „გელერტის“ თერმული აბანო
[სურათი 24 გვერდზე]
თურქების აშენებული რუდას აბანოები
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
„სეჩენის აბანოები“ ზამთარში
[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]
All photos: Courtesy of Tourism Office of Budapest