არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კლდის მაიმუნების იდუმალი წარსული

კლდის მაიმუნების იდუმალი წარსული

კლდის მაიმუნების იდუმალი წარსული

მაიმუნების ხსენებაზე ალბათ ტროპიკები გახსენდებათ. მაიმუნების ზოგი სახეობა ისეთ ადგილებში ბინადრობს, სადაც ზომიერი ჰავაა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ არსებობს ერთი-ორი გამონაკლისი.

ჩრდილოეთ აფრიკის ატლასის მაღალ მთებში, სადაც ზამთრობით ჩვეულებრივ თოვლი იცის, მაგოტების ანუ ბერბერული მაკაკების პატარა ჯოგები კედრისა და მუხის ტყეებში დახეტიალებენ *. ამ მაიმუნების ერთი განცალკევებული ჯოგი ატლასის მთებიდან ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, ევროპის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, გიბრალტარის კლდეზე ბინადრობს.

როგორ ხსნიან ნატურალისტები იმას, თუ საიდან აღმოჩნდნენ მაგოტები გიბრალტარის კლდეზე? ზოგის აზრით, ეს მაიმუნები დიდი ხნის წინათ ევროპის სხვადასხვა მხარეში ბინადრობდნენ, მაგრამ დღეისათვის ისინი მხოლოდ გიბრალტარზე შემორჩნენ. სხვები ფიქრობენ, რომ მაგოტები ამ მხარეში არაბებმა ან ბრიტანელმა კოლონიზატორებმა შემოიყვანეს. ლეგენდის თანახმად კი ამ მაიმუნებმა დიდი ხნის წინათ არსებული მიწისქვეშა გვირაბის მეშვეობით გადაკვეთეს ვიწრო სრუტე, რომელიც ევროპასა და აფრიკას ერთმანეთისგან ყოფს. როგორც უნდა ყოფილიყო, მაგოტი ერთადერთი მაიმუნია, რომელიც ველური სახით ცხოვრობს ევროპაში.

მაგოტი მკვიდრობს ფიჭვნარში, რომლითაც დაფარულია კლდის ზედა ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა დაახლოებით 100-ს შეადგენს, როგორც პრიმატების დაცვის საერთაშორისო ლიგა იუწყება, მაგოტები „ნახევარკუნძულის ყველაზე ცნობილი მკვიდრნი“ გახდნენ *.

ყოველწლიურად გიბრალტარს შვიდი მილიონი ტურისტი სტუმრობს, რისი წყალობითაც ონავარ მაიმუნებს საკვები არ აკლიათ. მიუხედავად იმისა, რომ მაგოტები ველური მცენარეებით იკვებებიან, ისინი ტურისტებსაც ეშმაკურად გამოსტყუებენ ხოლმე და ზოგჯერ ჰპარავენ კიდეც სასუსნავს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აგრეთვე ხილითა და ბოსტნეულით „ამარაგებენ“ მათ.

კვების გარდა მაიმუნები დროის საკმაოდ დიდ ნაწილს ერთმანეთის მოვლას უთმობენ. მდედრიცა და მამრიც ზრუნავენ თავიანთ ნაშიერებზე და მათთან ერთად თამაშობენ. იმის გამო, რომ მაიმუნთა ჯოგები საკმაოდ მჭიდროდ ცხოვრობენ, მათ ერთმანეთში ზოგჯერ ჩხუბი მოსდით. ხნიერი მაიმუნები მუქარითა და ყვირილით იშორებენ ხოლმე პატარებს. გარდა ამისა, მათ ერთი უცნაური ჩვევა აქვთ — ისინი კბილებს უჩვეულოდ აღრჭიალებენ, რითაც როგორც ჩანს თავს იმშვიდებენ.

და მაინც, დღემდე უცნობი რჩება ის, თუ როგორ აღმოჩნდნენ მაგოტები გიბრალტარზე. როგორც უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია — ეს კომუნიკაბელური მაიმუნები განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ კლდოვან კონცხს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის შესასვლელს გუშაგივით იცავს. მათ გარეშე გიბრალტარს ეს ხიბლი არ ექნებოდა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 მაგოტი ანუ ბერბერული მაკაკა უკუდო მაიმუნია.

^ აბზ. 5 გარდა ამისა, საკმაოდ ცნობილნი არიან იაპონური მაკაკები (მაგოტების მონათესავე სახეობა), რომლებიც ზამთარში იაპონიაში თერმულ წყლებთან იყრიან თავს და ტურისტებისთვის საინტერესო სანახაობას წარმოადგენენ.