არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი რელიგია?

მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი რელიგია?

მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი რელიგია?

ზოგს არ სიამოვნებს, როცა ასეთ კითხვას სვამენ. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში მრავალი რელიგიაა, ასეთი ადამიანების აზრით ის, ვინც აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი რელიგია არსებობს, თავდაჯერებული და ამაყია. მათ მიაჩნიათ, რომ ყველა რელიგიაში ან თუნდაც უმეტეს მათგანში შეიძლება რაღაც დადებითის პოვნა. თქვენც ასე ხომ არ ფიქრობთ?

ცხადია, არის სიტუაციები, როდესაც აზრთა სხვადასხვაობა სრულიად მისაღებია. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამა თუ იმ სახის საკვები მის ჯანმრთელობას რგებს. მაგრამ იქნებოდა სწორი, რომ მას სხვებისთვისაც დაეძალებინა ამ საკვების მიღება, თითქოს ეს ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი ერთადერთი საშუალება ყოფილიყო? ასეთი ადამიანი გონიერებასა და თავმდაბლობას გამოავლენდა, თუ მხედველობაში მიიღებდა იმას, რომ საკვების მიღებასთან დაკავშირებით სხვასაც შეუძლია კარგი ან უკეთესი არჩევნის გაკეთება, რომელიც ყოველ შემთხვევაში მისთვის მაინც იქნებოდა სასარგებლო.

გამართლებულია ასეთი მიდგომა რელიგიებთან დაკავშირებით? მისაღებია ღვთისთვის, რომ ადამიანმა აირჩიოს ნებისმიერი რელიგია იქიდან გამომდინარე, თუ სად გაიზარდა და როგორი მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბდა? თუ ჭეშმარიტი რელიგია მხოლოდ ერთია და ყველა ადამიანი ამ რელიგიის მეშვეობით უნდა უახლოვდებოდეს ღმერთს? ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ამასთან დაკავშირებით. თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, საერთოდ შესაძლებელია თუ არა ჭეშმარიტების პოვნა. და თუ აღმოჩნდება, რომ ეს შეუძლებელია, მაშინ არანაირი აზრი აღარ ექნება ჭეშმარიტი რელიგიის ძიებას.

არის თუ არა შესაძლებელი რელიგიური ჭეშმარიტების პოვნა?

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესო ქრისტემ რომაელ მმართველს, პონტიუს პილატეს უთხრა: „ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა, ისმენს ჩემს ხმას“. ამაზე პილატემ, როგორც ჩანს, ცინიკურად ჰკითხა იესოს: „რა არის ჭეშმარიტება?“ (იოანე 18:37, 38). იესო პირდაპირ და გაბედულად ლაპარაკობდა ჭეშმარიტებაზე. მას არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ ჭეშმარიტების არსებობა. დავფიქრდეთ, მაგალითად, იესოს სიტყვებზე, რომლებიც მან სხვადასხვა დროს უთხრა ადამიანებს.

„მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (იოანე 18:37).

„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6).

„ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოანე 4:23, 24).

„თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32).

რამდენადაც იესო ასე დარწმუნებით ლაპარაკობდა ჭეშმარიტებისა და მისი შეცნობის შესახებ, სულ მცირე, ის მაინც არ უნდა გამოვიკვლიოთ, არსებობს თუ არა რელიგიური ჭეშმარიტება და შესაძლებელია თუ არა მისი პოვნა?!

არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება?

უდავოდ, არის ზოგი რამ, რის არსებობაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ. თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ არსებობთ და რომ ყველაფერი თქვენ გარშემო რეალურია. ხეები, მთები, ღრუბლები, მზე და მთვარე — მატერიალური სამყარო — ეს ყველაფერი თქვენი წარმოსახვის ნაყოფი არ არის. თუმცა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფილოსოფიურად მსჯელობენ და ამ ყველაფრის არსებობასაც კი ეჭვქვეშ აყენებენ. მაგრამ თქვენ ალბათ არ იზიარებთ ასეთ შეხედულებას.

ცხადია, თქვენ ეჭვი არ შეგაქვთ ბუნების კანონების არსებობაში. მაგალითად, თუ კლდიდან გადახტებით, ძირს დაენარცხებით; თუ ჭამაზე უარს იტყვით, მოგშივდებათ; ხოლო თუ დიდი ხანი არ შეჭამთ საჭმელს, მოკვდებით. ცხადია თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს კანონები მხოლოდ ზოგიერთებზე ვრცელდება, და არა ყველაზე. ეს კანონები ყველა ადამიანს ერთნაირად ეხება და ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ისინი საყოველთაოა.

ბიბლია სწორედ ასეთ საყოველთაო კანონს გულისხმობს, როდესაც სვამს კითხვას: „განა ჩაიდებს კაცი უბეში ნაკვერჩხლებს ტანსაცმლის დაუწველად?!“ როდესაც ეს სიტყვები დაიწერა, ყველასთვის ცხადი იყო ის ფაქტი, რომ ტანსაცმელი აუცილებლად დაიწვებოდა, თუ მას ნაკვერჩხლები მოხვდებოდა. მაგრამ, ამ ფაქტის მოხსენიებით ზემოთ მოყვანილი ბიბლიური იგავი სინამდვილეში გაცილებით უფრო მნიშვნელოვან რამეზე მიუთითებს, კერძოდ კი იმაზე, რომ „ის, ვინც მოძმის ცოლთან დაწვება“, ცუდ შედეგებს მოიმკის (იგავები 6:27, 29).

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიტყვები აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს? ზოგმა შეიძლება უარყოს ეს. მათ შეიძლება თქვან, რომ ზნეობა პირადი საკითხია, რომელზეც გავლენას ახდენს ადამიანის აღზრდა, რწმენა და გარემოებები, რომლებშიც ის იმყოფება. მაგრამ, მოდი დავფიქრდეთ ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის ზნეობრივ კანონებზე და ვნახოთ, არის თუ არა ეს კანონები საყოველთაო ჭეშმარიტება.

ბიბლია განსჯის მრუშობას (1 კორინთელები 6:9, 10). ზოგი ადამიანი ყურად არ იღებს ბიბლიის ამ მითითებას. ისინი ამ აკრძალვას ჭეშმარიტებად არ მიიჩნევენ და მრუშობას სჩადიან. შედეგად კი, როგორც წესი, მწარე შედეგებს იმკიან — ხშირად მათ სინდისი ქენჯნით, ოჯახები ენგრევათ და ღრმა ემოციურ ტკივილს განიცდიან როგორც თვითონ, ისე მათი ახლობლები.

ღმერთი ლოთობასაც განსჯის (იგავები 23:20; ეფესოელები 5:18). რა შედეგები მოჰყვება ლოთობას? ხშირ შემთხვევაში ადამიანი კარგავს სამსახურს, ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას და ანგრევს ოჯახს. მისი ოჯახის წევრებიც ემოციურად განადგურებულნი რჩებიან (იგავები 23:29—35). ასეთ შედეგებს ის ადამიანებიც კი იმკიან, რომლებიც ლოთობაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. განა ამ კანონების ჭეშმარიტება ყველაზე არ ვრცელდება, განურჩევლად იმისა, თუ ვის რა სწამს ან როგორი შეხედულებები აქვს?!

ამასთანავე, ბიბლიაში ვხვდებით ისეთ კანონებს, რომლებიც კარგისკენ მოგვიწოდებს — მაგალითად, ბიბლია ქმრებს ეუბნება, რომ უყვარდეთ ცოლები, ცოლებს კი მოუწოდებს, რომ პატივი სცენ ქმრებს; გარდა ამისა, ღვთის სიტყვა აღგვძრავს, რომ სიკეთე გავუკეთოთ ყველას (მათე 7:12; ეფესოელები 5:33). ამ მითითებების მიყოლას სასიკეთო შედეგები მოაქვს. როგორ ფიქრობთ, ამ ზნეობრივი კანონების დაცვა მხოლოდ ზოგისთვისაა სასარგებლო თუ ყველასთვის?

იცავს ადამიანი ბიბლიის ზნეობრივ კანონებს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ის შესაბამის შედეგებს იმკის. ამ ფაქტით მტკიცდება ის, რომ ბიბლიის კანონები ყველაზე ერთნაირად ვრცელდება და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს კანონები უცილობელი ჭეშმარიტებაა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი, ვინც ბიბლიის ზნეობრივ კანონებს იცავენ, კარგ შედეგებს იმკიან, ხოლო ისინი, ვინც არ მიჰყვებიან მათ — ცუდს.

ასე რომ დაფიქრდით: თუ ბიბლიის ზნეობრივი კანონები ყველა ადამიანზე ერთნაირად ვრცელდება, რა შეიძლება ითქვას იმ მოთხოვნებზე, რომლებიც თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი? რას ამბობს ბიბლია იმაზე, თუ რა ხდება სიკვდილის დროს, და რა არის ნათქვამი მასში ჩვენი მარადიული მომავლის იმედზე? ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ბიბლიის ეს სწავლებებიც ჭეშმარიტებაა, რომელიც ყველა ადამიანზე ერთნაირად ვრცელდება. დადებით თუ უარყოფით შედეგებს, რომლებიც მოჰყვება თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ბიბლიური მოთხოვნების დაცვასა თუ მათ უარყოფას, მხოლოდ ისინი არ იმკიან, ვინც ცდილობენ ამ კანონების დაცვას.

ჭეშმარიტების პოვნა შესაძლებელია. იესომ თქვა, რომ ღვთის სიტყვა, ბიბლია ჭეშმარიტებაა (იოანე 17:17). მაგრამ, ჭეშმარიტების პოვნა შეიძლება, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანდეს. რატომ? იმიტომ, რომ ბევრი რელიგია აცხადებს, რომ ბიბლიას ასწავლის. რომელი რელიგია ასწავლის ჭეშმარიტებას ღვთის სიტყვიდან? მხოლოდ ერთი რელიგიაა ჭეშმარიტი? შესაძლებელია, რომ ჭეშმარიტება ან ჭეშმარიტების რაღაც მარცვალი მრავალ რელიგიაში მოიპოვებოდეს?

[ჩანართი 4 გვერდზე]

ტანსაცმელზე მოხვედრილი ნაკვერჩხლების მსგავსად ღვთის კანონების უარყოფასაც ცუდი შედეგები მოაქვს