რა არის ცუდი ბილწსიტყვაობაში?
ახალგაზრდების შეკითხვები
რა არის ცუდი ბილწსიტყვაობაში?
„მინდოდა, რომ ჩემი კლასელებისნაირი ვყოფილიყავი. მგონი, ამიტომაც მივეჩვიე ბილწსიტყვაობას“ (მელანი) *.
„ცუდს ვერაფერს ვხედავდი ბილწსიტყვაობაში. ცუდი სიტყვები ყველგან მესმოდა — სკოლაშიც და სახლშიც“ (დეივიდი).
რატომ ხდება ისე, რომ როდესაც უფროსები იყენებენ უწმაწურ სიტყვებს, ამას ხშირად სხვები ნორმალურად უყურებენ, მაგრამ როდესაც ახალგაზრდები იქცევიან ასე, სხვებში ეს აღშფოთებას იწვევს? განსაზღვრავს ადამიანის ასაკი იმას, თუ როდიდან შეიძლება ბილწსიტყვაობა? იმის გამო, რომ მრავალი ადამიანი უხამს სიტყვებს იყენებს — თანაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს უფროსებისთვის მისაღებია, ახალგაზრდებისთვის კი მიუღებელი — შეიძლება დაგებადოს კითხვა: „რა არის ცუდი ბილწსიტყვაობაში?“
რატომ ეჩვევა ადამიანი ბილწსიტყვაობას?
აშკარაა, რომ უწმაწურ სიტყვებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოისმენ. ზოგი ახალგაზრდა ამბობს, რომ სკოლაში მოსმენილ ყოველ უშვერ სიტყვაზე ერთ დოლარს რომ აძლევდნენ, ფულის საშოვნელად არასოდეს მოუწევდათ მუშაობა და მათ მშობლებსაც შეეძლებოდათ სამუშაოსთვის თავის დანებება. 15 წლის გოგონა, ევა ამბობს: „ჩვეულებრივ საუბრის დროს ჩემი კლასელები ერთ წინადადებაშიც კი რამდენჯერმე ამბობენ უხამს სიტყვებს. როცა ასეთ ლაპარაკს ყოველდღე ისმენ, ძალიან ძნელია, რომ შენც მათნაირად არ ილაპარაკო“.
ევას მსგავსად, შენც ხშირად გხვდება ყურში უწმაწური სიტყვები? შენც ხომ არ დაგჩემდა ცუდი სიტყვების თქმა? * თუ ასეა, დაფიქრდი, რატომ ამბობ ხოლმე უწმაწურ სიტყვებს. როდესაც ამის მიზეზებს დაადგენ, მაშინ გაგიადვილდება ამ ჩვევის დაძლევა.
იმისათვის, რომ დაადგინო, თუ რატომ ამბობ უხამს სიტყვებს, უპასუხე შემდეგ კითხვებს.
უმეტეს შემთხვევებში რატომ იყენებ უხამს სიტყვებს?
□ გაბრაზებული ან იმედგაცრუებული ხარ
□ გინდა, რომ ყურადღება მიიქციო
□ არ გინდა თანატოლებისგან განსხვავებული იყო
□ გინდა, რომ თავი „მაგარ ბიჭად/გოგოდ“ წარმოაჩინო
□ გინდა, რომ პროტესტი გამოხატო
□ სხვა
უმეტესწილად როდის იყენებ უხამს სიტყვებს?
□ სკოლაში
□ სამუშაოზე
□ ელექტრონული ფოსტის გამოყენებისას, სწრაფი შეტყობინებებისა თუ SMS-ების წერისას
□ როცა მარტო ხარ
რით იმართლებ თავს, როცა უხამს სიტყვებს ამბობ?
□ ჩემი თანატოლებიც ასე ლაპარაკობენ
□ ჩემი მშობლებიც ასეთ სიტყვებს ხმარობენ
□ ჩემი მასწავლებლებიც მსგავსადვე საუბრობენ
□ გასართობ ადგილებში ასეთ სიტყვებს იყენებენ
□ ამით არაფერი შავდება, ეს ხომ უბრალოდ სიტყვებია
□ მე მხოლოდ მათთან ერთად ვამბობ ასეთ სიტყვებს, ვისაც ეს არ აღიზიანებს
□ სხვა
რატომ უნდა დაძლიო ეს ჩვევა? მართლა მიუღებელია ბილწსიტყვაობა? განვიხილოთ შემდეგი.
ეს მხოლოდ სიტყვები არაა. იესომ თქვა: „გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს“ (ლუკა 6:45). ყურადღება მიაქციეთ, რომ რასაც ვამბობთ, ეს აჩვენებს არა იმას, თუ როგორი პიროვნება გვსურს ვიყოთ, არამედ იმას, თუ როგორები ვართ. მაშინაც კი, თუ უხამს სიტყვებს სხვების წაბაძვით ამბობ, ეს ცხადყოფს, რომ შენ ‘უმრავლესობას ხარ აყოლილი’ და საკუთარი პრინციპები არ გაგაჩნია (გამოსვლა 23:2).
მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ლინგვისტი ჯეიმზ ვ. ო’კონორი ამბობს: „ადამიანები, რომლებიც ხშირად უხამს სიტყვებს იყენებენ, არიან კრიტიკულები და ცინიკურები, ადვილად ღიზიანდებიან, ბრაზდებიან, კამათობენ და ყველაფრით უკმაყოფილონი არიან“. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ილანძღებიან მაშინ, როცა რაღაც კარგად არ კეთდება, ირეკლავენ ისეთ აზროვნებას, რომ ყველაფერი თითქოს ისე უნდა კეთდებოდეს, როგორც მათ სურთ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი თუ სხვისი შეცდომების ატანა. მეორე მხრივ კი, როგორც ო’კონორი აღნიშნავს, ისინი, ვინც უშვერ სიტყვებს არ ამბობენ, „უმეტესწილად, მშვიდი . . . მოწიფული ადამიანები არიან, რომლებსაც [შეუძლიათ] ყოველდღიურ უსიამოვნებებთან გამკლავება“. როგორი ადამიანი გინდა რომ იყო?
უწმაწური ენა რეპუტაციას გიფუჭებს. მრავალი ახალგაზრდის მსგავსად ალბათ შენც ზრუნავ შენს გარეგნობაზე. შენ გსურს, რომ სხვებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინო. მაგრამ, თუ იცოდი, რომ შენი მეტყველება უფრო მეტ რამეს ეუბნება სხვებს შენზე, ვიდრე შენი გარეგნობა? ფაქტია, რომ შენი მეტყველება განსაზღვრავს ბევრ რამეს, მაგალითად იმას,
▪ თუ ვინ მოისურვებს შენთან მეგობრობას.
▪ მიგიღებენ თუ არა ამა თუ იმ სამუშაოზე.
▪ თუ რამდენად დაიმსახურებ სხვების პატივისცემას.
ერთი რამ ცხადია — ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც ადამიანებზე ჩვენი გარეგნობით ვახდენთ, უმალვე ქარწყლდება, როდესაც ლაპარაკს ვიწყებთ. ო’კონორი ამბობს: „შენ წარმოდგენაც კი არა გაქვს, უხამსი ლაპარაკის გამო რამდენი მეგობრის შეძენის შესაძლებლობა გაუშვი ხელიდან, რამდენი ადამიანი ჩამოგშორდა და რამდენად დაკარგე სხვების თვალში პატივისცემა“. რა შეგიძლია ისწავლო აქედან? თუ ლაპარაკისას უხამს სიტყვებს იყენებ, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებ!
უწმაწური ლაპარაკით უპატივცემულობას ავლენ შემოქმედის მიმართ, რომელმაც მეტყველების უნარით დაგაჯილდოვა. დავუშვათ, მეგობარს აჩუქე ბლუზა ან პიჯაკი. როგორი გრძნობა დაგეუფლებოდა, თუ დაინახავდი, რომ შენი მეგობარი მას ჩვრად იყენებს ან ის კარის ზღურბლზე ფეხსაცმლის გასაწმენდად უფენია? დაფიქრდი, რას უნდა გრძნობდეს ჩვენი შემოქმედი, როდესაც ხედავს, რომ მეტყველების ძღვენს არასწორად ვიყენებთ?! გასაკვირი არაა, რომ ღვთის სიტყვა ამბობს: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფესოელები 4:31).
როგორც ხედავ, სერიოზული მიზეზი გაქვს იმისთვის, რომ შეწყვიტო უწმაწურად ლაპარაკი. მაგრამ, როგორ უნდა შეეშვა უხამს ლაპარაკს, თუ ეს ჩვევა ღრმად გაქვს გამჯდარი?
პირველი: დაინახე იმის აუცილებლობა, რომ საჭიროა შეიცვალო. საეჭვოა, მანამ შეეცადო ამ ჩვევის დაძლევას, სანამ არ გაითავისებ იმას, თუ რა დადებითი შედეგები მოაქვს ჯანსაღ მეტყველებას. ქვემოთ ჩამოთვლილმა რომელმა ფაქტორებმა შეიძლება აღგძრას პირადად შენ, რომ შეწყვიტო უხამსი ლაპარაკი?
□ ასიამოვნო შემოქმედს, რომელმაც მეტყველების უნარი მოგცა
□ მეტი პატივისცემა დაიმსახურო სხვების თვალში
□ გაიმდიდრო ლექსიკა
□ უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბდე
მეორე: დაფიქრდი, რატომ იყენებ ხოლმე უშვერ სიტყვებს. მელანი ამბობს: «როცა უწმაწურ სიტყვებს ვამბობდი, თავი „მაგარი გოგო“ მეგონა. არ მინდოდა, რომ ვინმეს ჩემთვის ზედმეტად გაებედა რამე. მინდოდა, სხვებზე მაღლა ვმდგარიყავი და სხვებისთვის ისე მიმემართა, როგორც ამას ჩემი მეგობრები აკეთებდნენ».
რა შეიძლება ითქვას შენზე? თუ გეცოდინება, რა მიზეზით იყენებ ხოლმე ცუდ სიტყვებს, ეს დაგეხმარება ამ ჩვევის დაძლევაში. მაგალითად, თუ მხოლოდ იმიტომ იყენებ უშვერ სიტყვებს, რომ ყველა ასე იქცევა, საჭირო იქნება, იმუშაო იმაზე, რომ საკუთარი პრინციპები გქონდეს და სხვების ამყოლი არ იყო. თუ შენი მეობა გექნება და იამაყებ კიდეც იმით, რომ საკუთარ პრინციპებს იცავ, ეს ძალიან დაგეხმარება, რომ უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბდე და ამავე დროს, მიატოვო უხამსი სიტყვებით ლაპარაკი.
მესამე: საკუთარი აზრების გამოსახატავად სხვა საშუალებები მოძებნე. საკმარისი არ არის, რომ მხოლოდ შეწყვიტო უწმაწური სიტყვებით ლაპარაკი, არამედ საჭიროა, „შეიმოსო ახალი პიროვნება“ (ეფესოელები 4:22—24). ეს დაგეხმარება თავშეკავების გამოვლენაში, აგრეთვე იმაში, რომ გქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და გამოავლინო სხვების მიმართ პატივისცემა.
შემდეგი მუხლები დაგეხმარება, რომ შეიმოსო ახალი პიროვნება და დარჩე ასეთად.
კოლოსელები 3:2: „იფიქრეთ ზეციერზე“.
რას სწავლობ: იფიქრე იმაზე, რაც სწორია, და დააფასე ის. შენი აზრები გავლენას ახდენს შენს მეტყველებაზე.
იგავები 13:20: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“.
რას სწავლობ: მათმა საუბარმა, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს, შეიძლება გავლენა მოახდინოს შენზე.
ფსალმუნი 19:14: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები სასიამოვნო იყოს შენთვის, იეჰოვა!“
რას სწავლობ: იეჰოვა ხედავს, როგორ იყენებ მისგან მოცემულ ძღვენს — მეტყველებას.
გჭირდება უფრო მეტი დახმარება? ქვემოთ მოცემულ ჩარჩოში აღნიშნე, რამდენად ხშირად იყენებ უხამს სიტყვებს და დააკვირდი, როგორ მიიწევ წინ. გაგაოცებს იმის დანახვა, თუ რა მალე შეძელი შენი ლექსიკონიდან ცუდი სიტყვების ამოშლა!
სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype
დაფიქრდი
რა გავლენას ახდენს უწმაწური მეტყველება იმაზე,
▪ თუ ვინ მოისურვებს შენთან მეგობრობას?
▪ მიგიღებენ თუ არა ამა თუ იმ სამუშაოზე?
▪ თუ რამდენად დაიმსახურებ სხვების პატივისცემას?
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.
^ აბზ. 8 ქრისტიანებს სერიოზული მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ მოერიდონ ბილწსიტყვაობას. ბიბლიაში ნათქვამია: „ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა“; „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“ (ეფესოელები 4:29; კოლოსელები 4:6).
[ცხრილი 21 გვერდზე]
აღნიშნე, როგორ მიიწევ წინ
ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
1-ლი კვირა ․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․
მე-2 კვირა ․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․
მე-3 კვირა ․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․
მე-4 კვირა ․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․ ․․․․․․
[სურათი 20 გვერდზე]
ცხადია, ძვირფას საჩუქარს არასწორად არ გამოიყენებდი. მაშ, როგორ უნდა გამოიყენო ღვთის ძღვენი — მეტყველება?