როგორ უნდა იპოვოთ ჭეშმარიტი რელიგია?
როგორ უნდა იპოვოთ ჭეშმარიტი რელიგია?
„თუ არსებობს ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტება, რატომღა უნდა ვეძებო ის? — ამბობს ზოგი. — თუ ღმერთს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ცნობა აქვს გადასაცემი, განა ღმერთი ამას ისე არ გააკეთებს, რომ ყველა მაშინვე ჩასწვდეს მას ყოველგვარი კვლევა-ძიების გარეშე?!“
რა თქმა უნდა, ღმერთს შეუძლია ასეთი რამის გაკეთება. მაგრამ, ასეთი სახით უმხელს ღმერთი ჭეშმარიტებას ადამიანებს?
როგორ გადასცემს ღმერთი ჭეშმარიტებას ადამიანებს?
ღმერთი ისეთი სახით გადასცემს თავის ცნობას ადამიანებს, რომ ჭეშმარიტების გულწრფელმა მაძიებლებმა შეძლონ მისი გაგება (ფსალმუნი 14:2). დაფიქრდით იმ ცნობაზე, რომელიც ღმერთმა საუკუნეების წინ იერემია წინასწარმეტყველის მეშვეობით გადასცა თავის ურჩ ხალხს. ეს იყო ცნობა, რომელიც ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურებას ეხებოდა (იერემია 25:8—11; 52:12—14).
მაგრამ, იმ დროს სხვა წინასწარმეტყველებიც აცხადებდნენ, რომ ღვთისგან მიღებულ ცნობებს გადასცემდნენ. ხანანია იერუსალიმს მშვიდობას უწინასწარმეტყველებდა. ეს კი სრულიად განსხვავდებოდა იმ ცნობისგან, რომელსაც იერემია აცხადებდა. ვისთვის უნდა დაეჯერებინა ხალხს, იერემიასთვის თუ მათთვის, ვინც მას ეწინააღმდეგებოდა? (იერემია 23:16, 17; 28:1, 2, 10—17).
იმის გასაგებად, თუ ვინ იყო მათ შორის მართალი, გულწრფელ იუდეველებს უნდა სცოდნოდათ, როგორი პიროვნება იყო იეჰოვა. მათ უნდა სცოდნოდათ მისი კანონები და პრინციპები, აგრეთვე ის, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას ბოროტების მიმართ. ასეთ შემთხვევაში ისინი დაეთანხმებოდნენ იერემიას პირით ნათქვამ იეჰოვას სიტყვებს, რომ „კაციშვილი არ ინანიებდა თავის ბოროტებას“ (იერემია 8:5—7). ამასთანავე, ისინი იმასაც მიხვდებოდნენ, რომ ერის ასეთი სავალალო მდგომარეობა კარგს არაფერს უქადდა იერუსალიმსა და მის მკვიდრთ (კანონი 28:15—68; იერემია 52:4—14).
იერემიას წინასწარმეტყველება ზედმიწევნით შესრულდა. ქალაქი ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა მიწასთან გაასწორეს.
მიუხედავად იმისა, რომ დაუმორჩილებლობის შედეგები დიდი ხნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, ძალისხმევა სჭირდებოდა იმის დადგენას, რომ მოსული იყო ღვთის შურისგების დღე.
როგორ შეიძლებოდა ჭეშმარიტების ამოცნობა პირველი საუკუნიდან მოყოლებული?
რისი თქმა შეიძლება იმ ჭეშმარიტებაზე, რომელიც იესო ქრისტემ გააცხადა? აღიარებდა ყველა, რომ ეს ღვთისგან მომდინარე ცნობა იყო? არა. მიუხედავად იმისა, რომ იესო უშუალოდ ისრაელებს შორის ცხოვრობდა, ასწავლიდა მათ და სასწაულებს მათ თვალწინ ახდენდა, მისი მსმენელების უმრავლესობა ვერ მიხვდა, რომ სწორედ ის იყო ნაწინასწარმეტყველები მესია — ქრისტე, ანუ ცხებული.
როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს იესოს, როდის მოვიდოდა ღვთის სამეფო, იესომ უპასუხა მათ: „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად მოვა“, შემდეგ კი დასძინა: „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (ლუკა 17:20, 21). ღვთის მიერ დანიშნული მმართველი, იესო, მათ შორის იყო! მაგრამ ფარისევლებს არ სურდათ, თვალი გაესწორებინათ იმ სინამდვილისთვის, რომ იესოზე სრულდებოდა მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები, და არ უნდოდათ ეღიარებინათ, რომ იესო იყო „ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“ (მათე 16:16).
იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც იესოს მოწაფეები პირველ საუკუნეში აცხადებდნენ, მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა. მართალია, მათ მიერ მოხდენილი სასწაულები ცხადყოფდა, რომ ღმერთი მხარს უჭერდა იესოს მოწაფეებს, მაგრამ უმრავლესობამ მაინც ვერ დაინახა ჭეშმარიტება (საქმეები 8:1—8; 9:32—41). იესომ დაავალა თავის მიმდევრებს, რომ ‘მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი’ და ესწავლებინათ მათთვის. ამის შედეგი კი ის იყო, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების მოსმენისა და შესწავლის შემდეგ ისინი, ვინც ჭეშმარიტებას გულწრფელად ეძებდნენ, მორწმუნეები ხდებოდნენ (მათე 28:19; საქმეები 5:42; 17:2—4, 32—34).
იგივე ხდება დღესაც. ‘მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად’ (მათე 24:14). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქადაგების შედეგად დედამიწის ყველა მოსახლე მიხვდება, რომ ეს ღვთისგან მომდინარე ცნობაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტების გაგება შესაძლებელია. მას ეხმაურებიან გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც სურთ, ღმერთს მისთვის მისაღები სახით სცენ თაყვანი (იოანე 10:4, 27).
ის, რომ თქვენ ახლა ბიბლიაზე დაფუძნებულ ჟურნალს კითხულობთ, უჩვენებს, რომ ალბათ ჭეშმარიტების გულწრფელი მაძიებელი ხართ. როგორ შეგიძლიათ გაერკვიოთ იმაში, თუ რომელი რელიგია ასწავლის ჭეშმარიტებას?
ბერეელების მაგალითი
პავლე მოციქულმა შეაქო პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგი ბერეელი იმის გამო, თუ როგორ გამოეხმაურნენ მის ქადაგებას. მათ მაშინვე არ დაასკვნეს, რომ პავლე ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა, თუმცა პატივისცემით მოუსმინეს მას. ჩვენ შეგვიძლია ზოგი რამ ვისწავლოთ იქიდან, თუ როგორ მოიქცნენ ბერეელები პავლეს სიტყვების მოსმენის შემდეგ.
ნახეთ, თუ რას ამბობს ბიბლია: „იქაურები [ბერეელები] თესალონიკელებზე კეთილშობილები იყვნენ, რადგან უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო. მათგან მრავალმა ირწმუნა“ (საქმეები 17:10—12). როგორც ვხედავთ, ისინი ზედაპირულ გამოკვლევას არ აწარმოებდნენ. მათ ესმოდათ, რომ პავლესთან ერთი-ორი ხანმოკლე მსჯელობის შემდეგ მაშინვე ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ბერეელებმა „გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა“. აქედან ვხედავთ იმას, თუ როგორ მიუდგნენ ისინი წმინდა წერილების შესწავლას. ისინი არც მიამიტები იყვნენ და არც ცინიკურები. მათ არ ჰქონიათ კრიტიკული დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც ამბობდა პავლე, რომელიც ღვთის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
დაფიქრდით კიდევ ერთ რამეზე: ბერეელებმა პირველად მოისმინეს ქრისტიანობის შესახებ. ბიბლიური ცნობა მათთვის შესაძლოა იმდენად სასიამოვნო და მიმზიდველი იყო, რომ ერთი შეხედვით, დაუჯერებელიც კი ჩანდა. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ უარეყოთ ეს ცნობა, ისინი გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, რათა შეემოწმებინათ, ‘ყველაფერი საქმეები 17:4, 12). მათ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და არ დაუსკვნიათ, რომ ჭეშმარიტების პოვნა შეუძლებელი იყო. მათ დაინახეს, რომელი იყო ჭეშმარიტი რელიგია.
ნამდვილად ისე თუ იყო’, როგორც ამას პავლე ამბობდა. შენიშნეთ, აგრეთვე, რომ ბერეელებიც და თესალონიკელებიც, რომლებმაც საგულდაგულოდ გამოიკვლიეს წმინდა წერილები, მორწმუნეები გახდნენ (როგორ მოქმედებს ჭეშმარიტება ადამიანებზე?
როდესაც ადამიანი იგებს ჭეშმარიტებას, როგორც ეს ბერეელების შემთხვევაში იყო, მას ერთი სული აქვს, სხვებსაც გაუზიაროს ის. ზოგს შეიძლება არ სიამოვნებდეს, როდესაც ვინმე ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტება იპოვა და სხვებს ამის შესახებ ესაუბრება. ასეთი ადამიანები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მქადაგებლების მხრიდან მეტი თავმდაბლობის მაჩვენებელი იქნებოდა, თუ აღიარებდნენ, რომ სხვა რელიგიებიც სიმართლეს ასწავლიან. მაგრამ ბიბლიური ჭეშმარიტება ისეთი რამ არის, რომ როდესაც მას ადამიანი იგებს, ის ერთ რამეში რწმუნდება — სხვა ჭეშმარიტება არ არსებობს. ადამიანი აღარ ფიქრობს, რომ ჭეშმარიტების პოვნა შეუძლებელია და არც იმის სჯერა, რომ ყველა რელიგიას ხსნა მოაქვს. მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა ჭეშმარიტება იპოვოს, საფუძვლიანი კვლევაა საჭირო, რასაც ნამდვილად სჭირდება თავმდაბლობა.
იეჰოვას მოწმეები სწორედ ასე იკვლევენ ღვთის სიტყვას. მათ სჯერათ, რომ მათი რელიგიაა ჭეშმარიტი. ისინი თქვენც გიწვევენ, რომ გამოიკვლიოთ წმინდა წერილები იმის გასაგებად, თუ რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი. მართალია, ასეთი გამოკვლევისთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ პირველი საუკუნის ქრისტიანების შესახებ იმ ზოგადი ინფორმაციის მიღება, რომელიც ამავე გვერდზე ჩარჩოშია მოცემული, მაგრამ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ ასეთი გამოკვლევის დაწყებაში.
თუ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლას დაიწყებთ, რისთვისაც თქვენგან არანაირი საფასურის გადახდა არ მოითხოვება, დაინახავთ, თუ რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში. ბიბლიის შესწავლა კი დაგეხმარებათ ჭეშმარიტი რელიგიის პოვნაში.
[ჩარჩო 9 გვერდზე]
ჭეშმარიტი რელიგიისთვის დამახასიათებელი თავისებურებები
რა სწამდათ და რას აკეთებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები?
▪ ხელმძღვანელობისთვის ისინი ღვთის სიტყვას მიმართავდნენ (2 ტიმოთე 3:16; 2 პეტრე 1:21).
▪ ისინი ასწავლიდნენ, რომ იესო იყო ღვთის ძე, ღვთისგან ცალკე მდგომი პიროვნება, რომელიც ღმერთს ემორჩილებოდა (1 კორინთელები 11:3; 1 პეტრე 1:3).
▪ ისინი ასწავლიდნენ, რომ მომავალში იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა (საქმეები 24:15).
▪ ისინი ერთმანეთს შორის არსებული სიყვარულით იყვნენ ცნობილნი (იოანე 13:34, 35).
▪ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კი არ ეთაყვანებოდნენ ღმერთს, არამედ ორგანიზებულად: ისინი გაერთიანებულნი იყვნენ კრებებში; მათ ხელმძღვანელობას უწევდნენ კრების ზედამხედველები და ის უხუცესები, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოში შედიოდნენ და რომლებიც იესოს თავიანთ „თავად“ აღიარებდნენ (საქმეები 14:21—23; 15:1—31; ეფესოელები 1:22; 1 ტიმოთე 3:1—13).
▪ ისინი გულმოდგინედ ქადაგებდნენ ღვთის სამეფოს შესახებ, რომელსაც კაცობრიობის ერთადერთ იმედად მიიჩნევდნენ (მათე 24:14; 28:19, 20; საქმეები 1:8).
[სურათი 7 გვერდზე]
იერემიას დროს როგორ გაიგებდა ხალხი, თუ ვინ იყო ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი?
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ბერეელებმა მოუსმინეს პავლეს, მაგრამ შემდეგ წმინდა წერილები გამოიკვლიეს იმაში დასარწმუნებლად, ჭეშმარიტებას ამბობდა ის თუ არა
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
ბიბლიის გულმოდგინე შესწავლა დაგეხმარებათ ჭეშმარიტების პოვნაში