როდესაც „დღე ღამედ იქცა“
როდესაც „დღე ღამედ იქცა“
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბენინიდან
„მილიონობით ადამიანი განცვიფრებული ადევნებდა თვალს მზის დაბნელებას“, — იუწყებოდა განაში გამომავალი გაზეთი „დეილი გრაფიკი“ მზის სრული დაბნელებიდან მეორე დღეს. ეს მოვლენა მოხდა 2006 წლის 29 მარტს. მზის დაბნელების დანახვა თავიდან შეიძლებოდა ბრაზილიის აღმოსავლეთ ნაწილში, შემდეგ დაბნელების ზოლმა ერთ საათში დაახლოებით 1600 კილომეტრით გადაინაცვლა ატლანტის ოკეანეზე და დაახლოებით დილის 8 საათისთვის ოკეანისპირა ქვეყნების — განას, ტოგოსა და ბენინის ტერიტორიებამდე მიაღწია. რა ხდებოდა ამ დროს დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყნებში?
მზის სრული დაბნელება განაში ბოლოს 1947 წელს დაფიქსირდა. თეოდორი, რომელიც მაშინ 27 წლის იყო, იხსენებს: „იმ დროს მრავალს არ ჰქონდა ნანახი მზის დაბნელება, რის გამოც მათ ზუსტად არ იცოდნენ, რა ხდებოდა. ხალხი ამ მოვლენის შესახებ ამბობდა, რომ „დღე ღამედ იქცა“.
ტარდება კამპანიები მოსახლეობის გასაფრთხილებლად
ხელისუფლების წარმომადგენლები ფართომასშტაბიან კამპანიებს ატარებდნენ მოსახლეობის გასაფრთხილებლად, რათა მათ არ ეყურებინათ მზისთვის დაბნელების დროს, რადგან ეს სახიფათო იყო. ტოგოში ბილბორდებზე შემდეგი რჩევები იყო მოცემული: „გაუფრთხილდით თვალებს! თუ სიფრთხილეს არ გამოავლენთ, მხედველობას დაკარგავთ!“
ხელისუფლება ორ რამეზე ამახვილებდა ყურადღებას. პირველი, ისინი ხალხს ურჩევდნენ, რომ სახლში დარჩენილიყვნენ და მზის დაბნელებისთვის ტელევიზიით ედევნებინათ თვალი; მეორე, თუ გარეთ გავიდოდნენ, სპეციალური დამცავი სათვალე გაეკეთებინათ. მილიონობით ადამიანმა ეს საოცარი სანახაობა ტელევიზორისა თუ კომპიუტერის ეკრანზე იხილა. თუმცა, ეკრანი მაინც ვერასოდეს გადმოსცემს იმ ატმოსფეროს, რომელიც ხალხში სუფევს მზის დაბნელების წინ და უშუალოდ ამ საოცარი მოვლენის დროს, რადგან ეკრანს არ შეუძლია სრულად გადმოსცეს ის ცნობისმოყვარეობა და შინაგანი აღელვება, რომელიც თან სდევს ამ სანახაობას. მოდი შევეცადოთ, წარმოვიდგინოთ ეს მოვლენა.
მოლოდინი მატულობს
იმ დილას ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო — მზე მოწმენდილ ცაზე ანათებდა. მართლა დაბნელდება მზე? როგორც კი საათის ისრებმა იმ დროის მოახლოება აუწყა, როცა მზის დაბნელება უნდა დაწყებულიყო, ქუჩაში მყოფებმა სათვალეები მოიმარჯვეს და თვალები ზეცას მიაპყრეს. ზოგი მათგანი მობილური ტელეფონით ურეკავდა სხვა მხარეში მცხოვრებ ნაცნობებს და ეკითხებოდა, რას ხედავდნენ.
დამკვირვებლებისგან 350 000 კილომეტრით დაშორებული მთვარე, რომელიც თავიდან ჯერ არ ჩანდა, შეუჩერებლად მიისწრაფოდა „პაემანზე მზესთან“. უცბად ის მუქი ლაქის სახით გამოჩნდა და მზის გარკვეული ნაწილის დაფარვა დაიწყო. როდესაც ხალხმა ეს შენიშნა, მათში მღელვარებამ უფრო და უფრო იმატა.
ერთი საათის განმავლობაში დამკვირვებლებს გარშემო არანაირი აშკარა ცვლილება არ შეუმჩნევიათ. მაგრამ, როდესაც მთვარემ თავისი ტრიუმფალური
სვლა განაგრძო, უჩვეულო ატმოსფერომ დაისადგურა. ლურჯმა ცამ თანდათანობით დაბნელება იწყო. ტემპერატურა დაეცა. როდესაც დილაუთენია ბინდი ჩამოწვა, ქუჩაში ლამპიონები აინთო. ქუჩები დაცარიელდა. მაღაზიები დაიკეტა. ჩიტებმა შეწყვიტეს ჭიკჭიკი. საქონელმა დასაძინებლად სადგომებს მიაშურა. თანდათანობით მთლიანად დაბნელდა. როდესაც სრული წყვდიადი ჩამოწვა, სიჩუმემ დაისადგურა.ეს დაუვიწყარი მოვლენა იყო
ცაზე ვარსკვლავები აციმციმდა. მზის დიდებული გვირგვინი (მზის ატმოსფეროს გარეთა ფენა) წყვდიადში გახვეულ მთვარეს გარშემო მოვერცხლისფრო შარავანდედივით ეკრა. როდესაც მზემ მთვარის ზედაპირის უსწორმასწორო ადგილები გაანათა, „ბეილის მძივებად“ * წოდებულმა სინათლის მკრთალმა სხივებმა მთვარის რკალის გარშემო კაშკაში დაიწყო. ამ დროს მზე ბრილიანტის ბეჭედივით გაბრწყინდა. ქრომოსფერო (გვირგვინის ქვედა ფენა) მუქ და ღია ვარდისფერ ფერებად იყო განათებული. „ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა, რაც კი ოდესმე მინახავს — ეს იყო ჯადოსნური სილამაზე“, — წამოიძახა ამის შემხედვარე ერთმა კაცმა.
მზის სრული დაბნელება დაახლოებით სამ წუთს გაგრძელდა. შემდეგ კი მზემ თანდათანობით კვლავ დაიწყო გამოჩენა. ამის შემხედვარე, მრავალმა თვითმხილველმა ხმამაღალი შეძახილებით ტაში შემოჰკრა. ცა განათდა და ვარსკვლავებიც გაუჩინარდა. შიშის გრძნობა და დაძაბულობა, რომლითაც ხალხი იყო მოცული, დილის ნისლივით გაიფანტა.
მთვარე ‘ერთგული მოწმეა ზეცაში’. აქედან გამომდინარე, საუკუნეებით ადრე შეიძლება იმის გამოთვლა, თუ როდის მოხდება მზის დაბნელება (ფსალმუნი 89:37). აფრიკის დასავლეთ ნაწილში თითქმის 60 წელი მოუწიათ ლოდინი, რომ კვლავ ენახათ მზის დაბნელება. გამოთვლის თანახმად ამ მხარეში მზის სრული დაბნელების ხილვა 2081 წელს იქნება შესაძლებელი. ვინ იცის, იქნებ თქვენთან უფრო მალე იხილოთ ეს დაუვიწყარი სანახაობა?!
[სქოლიო]
^ აბზ. 13 ეს სახელი ეწოდება ბრიტანელი ასტრონომის ფრენსის ბეილის საპატივსაცემოდ, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სხივები 1836 წელს მომხდარი მზის დაბნელების დროს.
[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]
მოხდა მზის დაბნელება იესოს სიკვდილის დროს?
მარკოზის 15:33-ში ვკითხულობთ: „მეექვსე საათი რომ შესრულდა, მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა მეცხრე საათამდე“. ეს სიბნელე, რომელიც სამ საათს — შუადღიდან დღის სამ საათამდე — გაგრძელდა, სასწაულებრივი მოვლენა იყო. შეუძლებელი იყო, რომ ეს მზის დაბნელება ყოფილიყო. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ დედამიწაზე ამა თუ იმ ადგილას მზის დაბნელება შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ შვიდ-ნახევარი წუთის განმავლობაში. მეორე მიზეზი ისაა, რომ იესო მოკვდა მთვარისმიერი თვის, ნისანის, მე-14 დღეს. ნისანის თვის ათვლა ხდება ახალი მთვარის გამოჩენიდან, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა, რასაც მზის დაბნელების გამოწვევა შეუძლია. თოთხმეტი ნისანისთვის მთვარეს უკვე გავლილი აქვს თავისი ორბიტის ნახევარი. დროის ამ მონაკვეთში დედამიწა ექცევა მზესა და მთვარეს შორის. ამ დროს მთვარე კი არ აბნელებს მზეს, პირიქით, სრულად ირეკლავს მის სხივებს. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ სავსე მთვარეს, რომელიც ზუსტად მიგვანიშნებს იმ დროზე, თუ როდის უნდა აღინიშნოს იესოს სიკვდილის გახსენების საღამო.
[სურათი]
14 ნისანი თითქმის ყოველთვის სავსემთვარეობას ემთხვევა
[დიაგრამა⁄რუკა 28, 29 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
●
⇧
●
⇧
●
⇧ აფრიკა
ბენინი ●
⇧
ტოგო ●
⇧
განა ●
⇧
●
⇧
●
⇧
●
⇧
●
⇧
●
[საავტორო უფლება]
Map: Based on NASA/Visible Earth imagery
[სურათი 28 გვერდზე]
მზის სრული დაბნელება, 2006 წლის 29 მარტი
[სურათი 28 გვერდზე]
სპეციალური დამცავი სათვალეების საშუალებით დამკვირვებელს შეეძლო საკუთარი თვალით ენახა მზის დაბნელება