არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბოლო დღეები როდის?

ბოლო დღეები როდის?

ბოლო დღეები როდის?

„ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით ერთი მილიარდი წლის შემდეგ დედამიწა გახრიოკებულ და უნაყოფო უდაბნოდ გადაიქცევა. საეჭვოა, გადარჩებიან თუ არა ცოცხალი ორგანიზმები“, — აღნიშნული იყო ჟურნალ „ცა და ტელესკოპის“ ერთ-ერთ ბოლო ნომერში. ამის მიზეზი ჟურნალ „ასტრონომში“ იხსნებოდა: „მცხუნვარე მზე ზღვებს ამოაშრობს და კონტინენტებს გადაბუგავს. ეს აპოკალიფსური მოვლენა მხოლოდ მწარე სინამდვილე კი არ არის, არამედ ჩვენი გარდაუვალი ხვედრია“.

თუმცა ბიბლიაში სრულიად საპირისპირო აზრი წერია: ‘ღმერთმა მყარ საფუძველზე დააფუძნა დედამიწა, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ’ (ფსალმუნი 104:5). შემოქმედი გვარწმუნებს, რომ დედამიწა არასოდეს განადგურდება. ფაქტია, რომ ღმერთმა დედამიწა „დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). თუმცა მისი მიზანი არ ყოფილა, რომ მასზე ბოროტ და მოკვდავ ადამიანებს ეცხოვრათ. ამიტომ, ღმერთმა დაადგინა დრო, როცა თავის მმართველობას აღადგენდა იმ სამეფოს მეშვეობით, რომელზეც დანიელის 2:44-შია საუბარი.

იესოს ქადაგებაც სწორედ ღვთის სამეფოს ეხებოდა. ის კაცობრიობის გასამართლების დროზე ლაპარაკობდა. აგრეთვე აფრთხილებდა ხალხს დიდი გასაჭირის შესახებ, რომლის მსგავსიც არასოდეს ყოფილა. მან დაგვიტოვა ნიშანი, რომელიც ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებაზე მიუთითებს (მათე 9:35; მარკოზი 13:19; ლუკა 21:7—11; იოანე 12:31).

იესოს ნათქვამმა მრავალ ადამიანს აღუძრა ცნობისმოყვარეობა. როდის უნდა მომხდარიყო ეს მოვლენები? ზოგი აღსასრულის თარიღის დადგენას ბიბლიურ წინასწარმეტყველებებსა და ქრონოლოგიაზე დაყრდნობით ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო 17-ე საუკუნეში მოღვაწე მათემატიკოსი ისააკ ნიუტონი, რომელმაც მსოფლიო მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა და დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის სისტემა შექმნა.

იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები და ვადები, რომლებიც მამის ძალაუფლებაშია“ (საქმეები 1:7). თავისი „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშნის“ შესახებ კი აღნიშნა: „იმ დღესა და საათზე . . . მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათე 24:3, 36). შემდეგ იესომ ნოეს დროინდელი მოვლენები შეადარა იმ მოვლენებს, რომლებიც მაშინ მოხდებოდა, ‘როცა კაცის ძე მოსული იქნებოდა’. მერე კი თქვა: „ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:39, 42).

ჩვენთვის უცნობია ქვეყნიერების აღსასრულის ზუსტი დრო, მაგრამ იესომ მოიხსენია „ნიშანი“, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ბოლო დღეების ამოცნობა (2 ტიმოთე 3:1). ამ დროს ყველამ უნდა ვიფხიზლოთ, რათა ‘თავი დავაღწიოთ მოსახდენს და წარვდგეთ კაცის ძის წინაშე’ (ლუკა 21:36).

კონკრეტული ნიშნის დასახელებამდე იესომ თქვა: «ფრთხილად იყავით, რომ შეცდომაში არ შეგიყვანონ, რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ის“, „მოახლოვდა დანიშნული დრო“, მაგრამ ნუ გაჰყვებით მათ. როცა მოისმენთ ომებისა და არეულობების შესახებ, ნუ შეძრწუნდებით. ჯერ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე არ დადგება აღსასრული» (ლუკა 21:8, 9).

რა ნიშანზეა საუბარი?

ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელ მოვლენებზე საუბრისას იესომ თქვა: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. იქნება საზარელი მოვლენები და დიდი ნიშნები ციდან“ (ლუკა 21:10, 11). იესომ აგრეთვე აღნიშნა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ცხადია, რომ იესოს მიერ ჩამოთვლილი მოვლენები — ომები, მიწისძვრები, ეპიდემიები, საკვების უკმარისობა — ყველა ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი. ეს მოვლენები კაცობრიობის ისტორიას ოდითგანვე ახსოვს.

მაგრამ ერთდროულად თუ ხდებოდა ეს მოვლენები? 1914 წლიდან მოყოლებული ადამიანები მომსწრენი გახდნენ გამანადგურებელი მსოფლიო ომების, დამანგრეველი მიწისძვრების, რასაც თან ახლავს ცუნამი, ფართოდ გავრცელებული მომაკვდინებელი დაავადებების, როგორიცაა მალარია, ზოგიერთი სახეობის გრიპი და შიდს-ი. მილიონობით ადამიანი საკვების უკმარისობის გამო კვდება. მთელი მსოფლიო ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შიშით არის მოცული. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ქადაგებენ სასიხარულო ცნობას ღვთის ზეციერი სამეფოს შესახებ. როგორც ვხედავთ, ყველაფერი იესოს წინასწარმეტყველების თანახმად სრულდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რაც მოციქულმა პავლემ დაწერა: „იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:1—5). უდავოა, რომ „მძიმე დრო“, რომლისთვისაც დამახასიათებელია უკანონობა, უღვთოობა, სისასტიკე და აგრესია, მთელ მსოფლიოს მოიცავდა *.

მაგრამ იქნებ ჯერ არ დამდგარა ბოლო დღეები, რომელსაც აღსასრული მოჰყვება, და მომავალში უნდა დადგეს? კიდევ რა ამტკიცებს, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ?

როდის უნდა დამდგარიყო უკანასკნელი დრო?

მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა დანიელმა იხილა მოვლენები, რომლებიც შორეულ მომავალში უნდა მომხდარიყო, ანგელოზმა უთხრა: «იმ დროს [დანიელის 11:40-ის თანახმად „უკანასკნელ დროს“] აღსდგება მიქაელი [იესო ქრისტე], დიდი მთავარი, რომელიც შენი ხალხის ძეების გულისთვის დგას» (დანიელი 12:1). რა უნდა გაეკეთებინა მიქაელს?

წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებულია ის დრო, როცა მიქაელი უნდა გამეფებულიყო და მოქმედება დაეწყო: „ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ სძლია დრაკონმა და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ზეცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი. ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7—9, 12).

ბიბლიის თანახმად ომს, რომლის შედეგად ზეცა სატანისა და დემონებისგან უნდა გაწმენდილიყო, მოჰყვებოდა დედამიწაზე დიდი ვაი. ეშმაკი განრისხებული იქნებოდა, რადგან დედამიწაზე მისი მმართველობის დრო მალე ამოიწურებოდა. ბოლო დღეების განმავლობაში, არმაგედონში დამარცხებამდე, ის კიდევ უფრო განრისხდებოდა (გამოცხადება 16:14, 16; 19:11, 15; 20:1—3).

შემდეგ მოციქული იოანე აცხადებს: «გავიგონე ციდან დიდი ხმა: „ახლა მოვიდა ხსნა ჩვენი ღვთისგან, მისი ძლიერება და სამეფო და მისი ქრისტეს ძალაუფლება, რადგან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ბრალმდებელი, რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე!“» (გამოცხადება 12:10). მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს მუხლი ქრისტეს სამეფოს დამყარებაზე მიუთითებს, რომელიც 1914 წელს დამყარდა ზეცაში *. თუმცა ფსალმუნის 110:2-ის თანახმად, იესოს „მტრებს შორის“ უნდა ემმართველა მანამ, სანამ მისი სამეფო დედამიწაზეც არ დაიწყებდა მმართველობას, ისევე როგორც ზეცაში (მათე 6:10).

საინტერესოა, რომ იმავე ანგელოზმა დანიელს უთხრა: „შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და ბეჭედი დაადე წიგნს უკანასკნელ დრომდე. ბევრი დაიწყებს ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“ (დანიელი 12:4). ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ დღეს უკანასკნელ დროში ვცხოვრობთ. ამ წინასწარმეტყველებების მნიშვნელობა დღეს უკვე ცნობილია და მის შესახებ ქადაგება მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს *.

როდის დასრულდება ბოლო დღეები?

ბიბლიაში ზუსტად არ წერია, რამდენ ხანს გაგრძელდება ბოლო დღეები. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ბოლო დღეებში მსოფლიო მდგომარეობა გაუარესდება, რადგან იწურება სატანის ჟამი. პავლე მოციქულმა დაწერა: „ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან“ (2 ტიმოთე 3:13). იესომ კი იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მომავალში უნდა მომხდარიყო, თქვა: „იმ დღეებში ისეთი გასაჭირი დადგება, როგორიც არ ყოფილა ღვთის ქმნილებათა შექმნიდან იმ დრომდე და არც აღარასოდეს იქნება. იეჰოვას რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის, რომლებიც თავად ამოირჩია, შეამოკლა ის დღეები“ (მარკოზი 13:19, 20).

ჯერ კიდევ მოსახდენი მოვლენებიდან ერთ-ერთი „დიდი გასაჭირია“, რომელსაც არმაგედონის ომი მოჰყვება. სატანა და მისი დემონები დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებზე ვეღარ მოახდენენ გავლენას (მათე 24:21). ღმერთი, „რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს“, გვარწმუნებს, რომ ეს ყოველივე უსათუოდ მოხდება (ტიტე 1:2). არმაგედონი და სატანის უფსკრულში ჩაგდება ღვთის ჩარევის მაჩვენებელი იქნება.

პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით დაწერა, თუ რომელი მოვლენის შემდეგ დაიწყებოდა ღვთის ომი. „დროებისა და ვადების“ შესახებ პავლემ თქვა: „იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი. როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება, როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ“ (1 თესალონიკელები 5:1—3). ამ მოჩვენებითი „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ * ზუსტი მიზეზი უცნობია, ამას მხოლოდ დრო გამოაჩენს; მაგრამ იეჰოვას გასამართლების დღე უეჭველად დადგება.

თუ გვჯერა, რომ ეს წინასწარმეტყველებები ნამდვილად შესრულდება, უნდა ვიმოქმედოთ. პეტრე მოციქული წერს, რისი გაკეთება გვმართებს: „თუ ყველაფერი ასე დაიშლება, მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე, რომელიც ალმოდებულ ცას დაშლის და შემადგენელ ნაწილებს სიმხურვალით დაადნობს!“ (2 პეტრე 3:11, 12). მაგრამ შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „ეს მე რას მომიტანს?“ ამას მომდევნო სტატიიდან გაიგებთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 „ბოლო დღეების“ შესახებ დამატებითი და უტყუარი ინფორმაციისთვის იხილეთ 2007 წლის აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 8—10; 2006 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 4—7; 2005 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 4—7 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

^ აბზ. 18 დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანმიმდევრობით შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 215—218 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

^ აბზ. 19 იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ და „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული — 2008“, გვერდები 31—39 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

^ აბზ. 23 იხილეთ წიგნი „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდები 250, 251, აბზაცები 13, 14.

[ჩანართი 5 გვერდზე]

იესომ თქვა, რომ მხოლოდ ღმერთმა იცის „იმ დღესა და საათზე“

[სურათი 4 გვერდზე]

ისააკ ნიუტონი

[საავტორო უფლება]

© A. H. C./age fotostock

[სურათები 7 გვერდზე]

იესოს მიერ მოხსენიებული ნიშანი 1914 წლიდან სრულდება

[საავტორო უფლებები]

© Heidi Bradner/Panos Pictures

© Paul Smith/Panos Pictures