არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას მოელის ღმერთი ჩვენგან?

რას მოელის ღმერთი ჩვენგან?

ბიბლიის თვალსაზრისი

რას მოელის ღმერთი ჩვენგან?

დღესდღეობით იმდენად დაკავებულები ვართ, რომ ზოგჯერ ძნელია ყველა ვალდებულების შესრულება. ამის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული ძღვენია (ფსალმუნი 36:9). რას მოელის ღმერთი, რამდენი დრო და ენერგია უნდა დავუთმოთ მის მსახურებას? ამ კითხვაზე ბიბლია გონივრულ პასუხს იძლევა, რაც ნამდვილად გამამხნევებელია.

იესოზე უკეთესად არავინ იცოდა, თუ რას მოელის ღმერთი ადამიანებისგან (მათე 11:27). როდესაც ჰკითხეს, დაესახელებინა უდიდესი მცნება, იესომ უპასუხა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარკოზი 12:30). რას ნიშნავს ეს სიტყვები? ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვს ღმერთი?

რას ნიშნავს, გვიყვარდეს ღმერთი მთელი სულით?

რაც მეტად ვფიქრობთ ღვთის მიერ ჩვენდამი გამოვლენილ უსაზღვრო სიკეთეზე, მით მეტად იზრდება ღვთისადმი ჩვენი სიყვარული. თუ ღმერთი მთელი სულით გვიყვარს, მისთვის საუკეთესოს გავიღებთ. ალბათ ჩვენც იმავეს ვიტყვით, რაც ბიბლიის ერთმა დამწერმა თქვა: „რით გადავუხდი იეჰოვას ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?“ (ფსალმუნი 116:12). თუ გვიყვარს ღმერთი, როგორ უნდა ვიყენებდეთ დროს?

ბიბლია არ გვიდგენს, კვირაში რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ღვთის თაყვანისმცემლობას, მაგრამ მასში ხაზი ესმება იმას, თუ რას უნდა ეკავოს ჩვენს ცხოვრებაში პირველი ადგილი და რატომ. მაგალითად, იესო ასწავლიდა, რომ ღვთის გაცნობა აუცილებელი ნაბიჯია „მარადიული სიცოცხლის მისაღებად“ (იოანე 17:3). მან აგრეთვე მოუწოდა თავის მიმდევრებს, რომ ადამიანებს ღვთის გაცნობაში დახმარებოდნენ, რათა მათაც ეცოცხლათ მარადიულად (მათე 28:19, 20). გარდა ამისა, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ რეგულარულად შევიკრიბოთ თანამორწმუნეებთან ერთად სულიერი ძალების აღსადგენად და ერთმანეთის გასამხნევებლად (ებრაელები 10:24, 25). ამ ყველაფრისთვის კი დროა საჭირო.

იმას ხომ არ ითხოვს ღმერთი ჩვენგან, რომ ფანატიკოსები ვიყოთ და დრო მხოლოდ ღვთის თაყვანისმცემლობას დავუთმოთ? რასაკვირველია, არა! დროს ყოველდღიური საქმეებიც მოითხოვს. ბიბლია ოჯახის თავებს თავიანთი ოჯახების რჩენის პასუხისმგებლობას აკისრებს: „ცხადია, ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, . . ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8).

ღმერთმა ადამიანი ცხოვრებით ტკბობის უნარით შექმნა. ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, თუ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დროს ვატარებთ, გემრიელ საჭმელს მივირთმევთ და ვისვენებთ. მეფე სოლომონმა დაწერა: „დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე; ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:12, 13).

იეჰოვა ღმერთმა აგრეთვე იცის, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია, ანუ „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:14). ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ აუცილებელია საკმარისი დასვენება. დატვირთული დღის ბოლოს იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მოდი სადმე წავიდეთ, რომ განვმარტოვდეთ და ცოტა დავისვენოთ“ (მარკოზი 6:31).

როგორც ვხედავთ, ღვთისმოსაწონი ცხოვრება გაწონასწორებულობას გულისხმობს. ამაში სხვადასხვა საქმის კეთებაც შედის. თუმცა, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ღვთის თაყვანისმცემლობასთან იქნება ეს დაკავშირებული თუ არა, ყველაფერში უნდა ვლინდებოდეს, რომ ღმერთი მთელი სულით გვიყვარს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31).

სწორად დაადგინეთ პრიორიტეტები

შეუძლებელი ხომ არ არის ღვთის თაყვანისცემლობის პირველ ადგილზე დაყენება? მართალია, ამის გასაკეთებლად შეიძლება საჭირო გახდეს დროის სხვანაირად განაწილება, შესაძლოა მსხვერპლზე წასვლაც კი, მაგრამ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედი ჩვენგან შეუძლებელს არ ითხოვს. პირიქით, ის გვეხმარება, რომ მისი ნება შევასრულოთ. და თუ დაიმედებულნი ვიქნებით იმ ძალაზე, „რომელსაც ღმერთი იძლევა“, უთუოდ მივაღწევთ წარმატებას (1 პეტრე 4:11).

თუ სულიერი საქმეებისთვის მეტი დროის დათმობის მიზნით გრაფიკს შეცვლით, ამან შეიძლება სტრესი გამოიწვიოს. ამ დროს ხშირად მიმართეთ ლოცვით იეჰოვა ღმერთს, „ლოცვების მომსმენს“ (ფსალმუნი 65:2). უთხარით მას, რაც გაწუხებთ, რადგან „ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). მეფე დავითი ლოცულობდა: „მასწავლე შენი ნების შესრულება, რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი“ (ფსალმუნი 143:10). თქვენც შეგიძლიათ სთხოვოთ ღმერთს დახმარება ცვლილებების მოსახდენად.

ბიბლია გულთბილად მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). თუ ღვთისმოსაწონი საქმეებით დაკავდებით, როგორიცაა მაგალითად, ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება, ღმერთს მეტად დაუახლოვდებით. ის კი ძალებს მოგცემთ, რომ სულიერად გაიზარდოთ.

ელენა, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობს, ამბობს: „ეს იოლი გზა არ ყოფილა. როგორც კი დავიწყე სიარული ქრისტიანულ შეხვედრებზე, ძალები მომეცა, რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც ბიბლია მოგვიწოდებს. კრების წევრების მხარდაჭერაც მეხმარებოდა“. ის კურთხევები, რომლებიც ღვთის მსახურებას მოაქვს, დამატებით სტიმულს იძლევა (ეფესოელები 6:10). ელენა დასძენს: „ახლა მეუღლესთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბავშვებსაც უკეთესად ვზრდი“.

ცხოვრების რიტმის მიუხედავად, იეჰოვას წმინდა სული გაგვამაგრებს და სტიმულს მოგვცემს, რომ სწორად დავადგინოთ პრიორიტეტები და ღვთის მსახურებისთვის ‘დრო გამოვისყიდოთ’ (ეფესოელები 3:16; 5:15—17). იესომ თქვა: „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“ (ლუკა 18:27).

როგორ ფიქრობთ?

▪ რატომ უნდა დააყენოთ ღვთის ნების შესრულება პირველ ადგილზე? (ფსალმუნი 116:12; მარკოზი 12:30).

▪ რას მოელის ღმერთი თქვენგან? (მათე 28:19, 20; იოანე 17:3; ებრაელები 10:24, 25).

▪ რა არის საჭირო, სწორად რომ დაადგინოთ პრიორიტეტები და ღმერთს გული გაუხაროთ? (ეფესოელები 5:15—17; იაკობი 4:8).

[სურათი 20 გვერდზე]

ღვთისმოსაწონი ცხოვრება გაწონასწორებულობას მოითხოვს