არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ მენდობიან მშობლები?

რატომ არ მენდობიან მშობლები?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ არ მენდობიან მშობლები?

„ნეტავ მშობლებმა ცოტაოდენი თავისუფლება მაინც მომცენ. მე ხომ არ ვითხოვ მსოფლიოს შემოვლას?! უბრალოდ მინდა, რომ ვესტუმრო მამიდას და დედამ არ იფიქროს, რომ სახლიდან წასვლას ვაპირებ“ (სალომე, 18 წლის) *.

«როცა მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა მინდა, მშობლებს ეშინიათ ჩემი გაშვება. ამ დროს ხშირად ვეკითხები, რატომ არ მენდობით-მეთქი, რაზეც მპასუხობენ: „შენ კი გენდობით, მაგრამ შენს მეგობრებს — არა“. მომბეზრდა ამის მოსმენა» (კრისტინა, 18 წლის).

ნდობა ფულის მსგავსია, რომელიც ძნელად მოიპოვება, მაგრამ ადვილად იხარჯება. ადამიანს რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს, თითქოს მაინც არ ჰყოფნის. 16 წლის თიკა ამბობს: „სადაც არ უნდა ვაპირებდე წასვლას, მშობლები კითხვას კითხვაზე მისვამენ. მათ აინტერესებთ, სად მივდივარ, ვისთან ერთად მივდივარ, რის გაკეთებას ვაპირებ და როდის დავბრუნდები სახლში. მესმის, რომ მშობლები ზრუნავენ ჩემზე, მაგრამ ასეთი კითხვები მაღიზიანებს!“

გინდა, რომ მშობლები უფრო მეტად გენდობოდნენ? თუ ასეა, რა უნდა გააკეთო? თავდაპირველად ვნახოთ, რატომ უჭირთ მშობლებს შვილების ნდობა.

როცა მდგომარეობა იძაბება

ბიბლიაში ვკითხულობთ: „მიატოვებს კაცი მამას და დედას“ (დაბადება 2:24). ამ მუხლში ქალიც იგულისხმება. ყველა მოზარდი უეჭველად შეაბიჯებს ზრდასრულობის ასაკში. ეს ცხოვრების ის მნიშვნელოვანი ეტაპია, როცა ადამიანი მზადაა, დატოვოს სახლი და შექმნას საკუთარი ოჯახი.

მაგრამ მოზარდი უცბად ვერ გახდება მოწიფული. ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ კიბეზე ასვლას, რომელზეც მოზარდობიდან ზრდასრულობამდე ნელ-ნელა ადიხარ. შეიძლება შენ და შენს მშობლებს ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი გქონდეთ იმის თაობაზე, თუ ამ „კიბის“ რომელ საფეხურზე იმყოფები. „20 წლის ვარ, მაგრამ მშობლები ჯერ კიდევ არ მენდობიან, — გვიზიარებს მარი, რომლის მეგობრებიც მის მშობლებს თვალში არ მოსდით. — ჩემი მშობლები ფიქრობენ, რომ ვერ შევძლებ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. ვცადე, ამეხსნა, რომ მსგავს სირთულეებს უკვე არაერთხელ გავართვი თავი, მაგრამ მაინც ვერ დავიმსახურე მათი ნდობა“.

მარის სიტყვებიდან ჩანს, რომ უნდობლობამ მშობლებსა და შვილებს შორის შეიძლება დაძაბულობა წარმოშვას. თუ შენს ოჯახშიც ასეთი სიტუაციაა, როგორ უნდა დაიმსახურო მშობლების ნდობა? და, თუ არაგონივრული საქციელის გამო მშობლების თვალში ნდობა დაკარგე, როგორ უნდა დაიბრუნო?

იყავი სანდო ადამიანი

პავლე მოციქულმა პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისწერა: „გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5). რასაკვირველია, პავლე ამ მუხლში უშუალოდ მოზარდებს არ მიმართავს. მაგრამ პრინციპი, რომელიც აქ არის მოცემული, ყველას ეხება. ნდობის მოპოვება ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სანდო ადამიანი ხარ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენგან სრულყოფილება მოითხოვება. შეცდომებს ყველა უშვებს (ეკლესიასტე 7:20). მაგრამ შენ მიმართ მშობლების უნდობლობა შენი საქციელით ხომ არ არის გამოწვეული?

პავლემ დაწერა: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). ჰკითხე საკუთარ თავს: „ხომ არ ვუმალავ ხოლმე მშობლებს, სად მივდივარ და რის გაკეთებას ვაპირებ?“ დავფიქრდეთ რამდენიმე ახალგაზრდის სიტყვებზე, რომლებიც ერთ დროს არ იყვნენ გულახდილნი საკუთარ თავთან.

ლორი: „მშობლებს ვუმალავდი, რომ ელექტრონული ფოსტით მიმოწერა მქონდა ერთ ბიჭთან, რომელიც მომწონდა. მშობლებმა რომ გაიგეს, მასთან ურთიერთობა ამიკრძალეს. დავპირდი, რომ აღარ მივწერდი, მაგრამ პირობა არ შევასრულე. ასე გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში: ვაგრძელებდი წერილების წერას, ამის შესახებ მშობლები იგებდნენ, შემდეგ ბოდიშს ვუხდიდი მათ, ვპირდებოდი, რომ აღარ მივწერდი, მაგრამ ჩემსას მაინც არ ვიშლიდი. საბოლოოდ ამის გამო მშობლების ნდობა დავკარგე“.

შენი აზრით, რატომ დაკარგა ლორიმ მშობლების ნდობა და როგორ უნდა მოქცეულიყო მას შემდეგ, რაც მშობლები პირველად დაელაპარაკნენ ამ პრობლემის შესახებ? პასუხი ქვემოთ დაწერე.

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

ბევერლი: „მშობლები ბიჭებთან ურთიერთობის ნებას არ მრთავდნენ, მაგრამ ახლა მესმის, რა იყო ამის მიზეზი. ჩემზე ორი წლით უფროს ბიჭებს ერთდროულად ვაწონებდი თავს. ამ ბიჭებთან ტელეფონით საათობით ვსაუბრობდი და წვეულებებზე მათ გარდა სხვას ვერავის ვამჩნევდი. მშობლებმა ერთი თვით ტელეფონი წამართვეს და არ მაძლევდნენ იქ წასვლის უფლებას, სადაც ეს ბიჭები იქნებოდნენ“.

შენი აზრით, რატომ დაკარგა ბევერლიმ მშობლების ნდობა და როგორ უნდა გამოესწორებინა მდგომარეობა?

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

ანი: „ერთხელ მე და ჩემმა კლასელმა წვეულებიდან ლუდი წამოვიღეთ, რომ სხვა დროს ერთად დაგველია; ვიცოდით, რომ ეს მშობლებს არ მოეწონებოდათ, მაგრამ მაინც ისე მოვიქეცით, როგორც გვინდოდა. ჩემს მეგობარს დედამ სახლში ლუდი უპოვა და მოგვიანებით, ჩემმა მშობლებმაც გაიგეს, რომ სახლში მეც მქონდა ლუდი. ყველაზე საშინელება იმედგაცრუებელი დედის სახის დანახვა იყო!“

ანი შენი უმცროსი და რომ ყოფილიყო, რას ურჩევდი, დედის თვალში ნდობა რომ მოეპოვებინა?

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

მოიპოვე მშობლების ნდობა

რა შეგიძლია გააკეთო, თუ ზემოთ მოხსენიებული მოზარდების მსგავსად, მშობლები არც შენ გენდობიან? ასეთი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს.

მშობლები ნდობას იმ შემთხვევაში გამოგიცხადებენ, თუ დაინახავენ, რომ მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები შენს საქციელს. მაგალითად, წარმოიდგინე მამაკაცი, რომელსაც ბანკიდან სესხი გამოაქვს. თუ ის ყოველთვის ფარავს გამოტანილ სესხს, უეჭველად მოიპოვებს ბანკის ნდობას, და შეიძლება მომავალში უფრო დიდი სესხიც მისცენ. იმავეს თქმა შეიძლება ოჯახზეც. თუ უმნიშვნელო საკითხებსაც კი პასუხისმგებლობით ეკიდები, მშობლებს ალბათ უფრო მეტი ნდობა ექნებათ შენ მიმართ.

ანიმ ეს საკუთარი გამოცდილებიდან დაინახა. ის ამბობს: „როცა მოზარდი ხარ, ვერ აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გენდობოდნენ. ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა ისე მოვიქცე, რომ არ გავუცრუო მშობლებს იმედი“. რა შეგიძლია ისწავლო აქედან? ნუ განაწყენდები, თუ მშობლები არ გენდობიან, პირიქით, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდე შენს საქციელს, რომ მოიპოვო მათი ნდობა.

შეამოწმე, რამდენად სანდო ადამიანი ხარ. აღნიშნე, რაში გჭირდება გაუმჯობესება.

□ იმ დროს ვბრუნდები სახლში, როცა მშობლები მელოდებიან?

□ ვარ პუნქტუალური?

□ ბოლომდე მიმყავს საქმე?

□ ვალაგებ ჩემს ოთახს?

□ გონივრულად ვიყენებ ტელეფონს?

□ ვასრულებ პირობას?

□ ყაირათიანად ვხარჯავ ფულს?

□ ვდგები დილით მშობლების ჩიჩინის გარეშე?

□ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ?

□ ვაღიარებ შეცდომებს და ვიხდი ბოდიშს?

□ სხვა ვარიანტი ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

ახლავე დაიწყე მუშაობა იმაზე, რაშიც გაუმჯობესება გჭირდება. გაითვალისწინე ბიბლიური რჩევა: ‘მოიშორეთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია და ირყვნება მაცდუნებელი სურვილებით’ (ეფესოელები 4:22). „თქვენი დიახ იყოს დიახ“ (იაკობი 5:12). „თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25). „დაემორჩილეთ მშობლებს ყველაფერში“ (კოლოსელები 3:20). დროთა განმავლობაში შენს წარმატებას სხვებიც დაინახავენ, მათ შორის მშობლებიც (1 ტიმოთე 4:15).

მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, მშობლები მაინც არ გენდობიან? დაელაპარაკე მათ ამის შესახებ. ნუ მოითხოვ მათგან, რომ გენდონ, პირიქით, პატივისცემით ჰკითხე, კიდევ რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მათი ნდობა მოიპოვო. აუხსენი, რის გაკეთებას აპირებ მათი ნდობის მოსაპოვებლად.

ნუ მოელი, რომ მშობლები დაუყოვნებლივ შეიცვლიან თვალსაზრისს. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ შენ შეასრულებ მიცემულ პირობას. დაამტკიცე, რომ სანდო ადამიანი ხარ. დროთა განმავლობაში მშობლები შესაძლოა უფრო მეტად გენდონ. სწორედ ასე მოხდა ზემოთ მოხსენიებული მარიკას შემთხვევაში. ის ამბობს: „ნდობის მოპოვება გაცილებით რთულია, დაკარგვა კი ძალიან ადვილი. ვგრძნობ, რომ მშობლები ახლა უკვე მენდობიან. ეს მართლაც სასიამოვნოა!“

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე: www.watchtower.org/ype

დაფიქრდი

▪ რატომ ვერ გენდობიან მშობლები მაშინაც კი, როცა ყველაფერს აკეთებ მათი ნდობის მოსაპოვებლად?

▪ რატომაა გონივრული, დაელაპარაკო მშობლებს, თუ მათი ნდობის მოპოვება გინდა?

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

[ჩანართი 29 გვერდზე]

მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდე შენს საქციელს, რომ მოიპოვო მშობლების ნდობა

[დიაგრამა⁄სურათი 28 გვერდზე]

ზრდასრულობის ასაკში შებიჯება შეიძლება შევადაროთ კიბეზე ასვლას, რომელზეც მოზარდობიდან ზრდასრულობამდე ნელ-ნელა ადიხარ

[დიაგრამა]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ზრდასრულობა

მოზარდობა

ბავშობა