არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საჰაერო ნავიგაციის სისტემა თქვენს უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს

საჰაერო ნავიგაციის სისტემა თქვენს უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს

საჰაერო ნავიგაციის სისტემა თქვენს უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ფილიპინებიდან

თვითმფრინავით მგზავრობისას თუ გიფიქრიათ, საიდან იცის პილოტმა, რა მიმართულებით უნდა იფრინოს? ალბათ, შიშნარევი გრძნობა დაგეუფლებოდათ იმის გაფიქრებაზე, რომ ასობით თვითმფრინავი ცას ერთდროულად სერავს. თუ იცით, რატომ არ ეჯახებიან თვითმფრინავები ერთმანეთს?

ბუნებრივია, თუ მგზავრებს ასეთი კითხვები უჩნდებათ. თუმცა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თვითმფრინავი გაცილებით უსაფრთხო ტრანსპორტია *, ვიდრე მოტოციკლი ან ავტომობილი. თვითმფრინავით მგზავრობის უსაფრთხოებას საჰაერო ნავიგაციის სისტემა უზრუნველყოფს.

უსაფრთხო ფრენის უზრუნველყოფა

საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენაზე, ძირითადად, კაპიტანია პასუხისმგებელი. თუმცა ხშირ შემთხვევაში მას არ შეუძლია, დაინახოს ირგვლივ მფრენი თვითმფრინავები. ამიტომ ბევრ ქვეყანაში არსებობს საჰაერო ნავიგაციის სისტემა. დისპეტჩერები მიწისზედა პუნქტებიდან თვითმფრინავის ფრენის რეჟიმს სპეციალური პროგრამის მიხედვით აკონტროლებენ.

სამუელი, რომელიც 13 წელია დისპეტჩერად მუშაობს კალიფორნიის საჰაერო ნავიგაციის სისტემაში, ამბობს: „მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო ნავიგაციის სისტემის მუშაკები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. მათი მთავარი ამოცანაა თვითმფრინავებს შორის დადგენილი დისტანციის დაცვა“. საჰაერო სანავიგაციო სისტემის უფროსი, მელბა, აღნიშნავს: „ყველაზე მთავარი უსაფრთხოებაა, თუმცა, უსაფრთხოების გარდა, ჩვენ თვითმფრინავების სწრაფ და მოწესრიგებულ გადაადგილებას უზრუნველვყოფთ“. საჰაერო ნავიგაციის სისტემის თანამშრომლები არა მხოლოდ იცავენ თვითმფრინავებს ავიაკატასტროფისგან, არამედ ხელს უწყობენ მათ გადაადგილებას დადგენილი მარშრუტით.

იმ დროს, როცა კაპიტანი კაბინაშია და თავის მოვალეობას ასრულებს, მიწისზედა მართვის პუნქტებიდან ასი თვალი და ასი ყური აკონტროლებს თვითმფრინავის გადაადგილებას. პილოტს რადიოგადამცემის საშუალებით მუდმივი კავშირი აქვს არა მარტო იმ აეროპორტების დისპეტჩერებთან, საიდანაც უნდა აფრინდეს და სადაც უნდა დაფრინდეს, არამედ იმ რადიოსადგურებთანაც, რომლებსაც გადაუფრენს.

რამდენადაც ავიალაინერები ძალიან დიდი სიჩქარით დაფრინავენ, შეუძლებელია, პილოტმა ყველაფერი აკონტროლოს. წარმოიდგინეთ, რომ ორი ავიალაინერი ერთმანეთს უახლოვდება. როცა პილოტი შემხვედრ თვითმფრინავს შეუიარაღებელი თვალით შეამჩნევს, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. ავიაკატასტროფის თავიდან აცილების პასუხისმგებლობა საჰაერო ნავიგაციის სისტემას აკისრია. საჭირო დისტანციის დასაცავად პილოტს, ვიდრე შემხვედრ თვითმფრინავს დაინახავდეს, დიდი ხნით ადრე ეძლევა მითითებები.

ფრენის მარშრუტის გაკონტროლება

ხმელეთზე არსებული რადიოგადამცემი სადგურები სიგნალების მეშვეობით ფრენის კურსს განსაზღვრავს. პილოტი კი სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით იჭერს გადაცემულ სიგნალს და ზუსტად ადგენს თვითმფრინავის ადგილმდებარეობას. ვიდრე დანიშნულების ადგილზე ჩაფრინდება, თვითმფრინავი იმ პუნქტებს გადაუფრენს, სადაც რადიოგადამცემი სადგურებია განლაგებული. სწორედ ამ რადიოსადგურების მეშვეობით იქმნება საჰაერო ხაზები.

დისპეტჩერები თვალყურს ადევნებენ ფრენის მარშრუტს. თვითმფრინავის აფრენამდე პილოტებმა ფრენის გეგმა უნდა შეავსონ, სადაც მითითებული იქნება ფრენის მარშრუტი. ფრენის გეგმის ასლს კი დისპეტჩერი იტოვებს. საჰაერო ნავიგაციის სისტემის უფროსი სალვადორ რაფაელი ამ გეგმის დანიშნულების შესახებ ამბობს: „საჰაერო ხაზებზე გვხვდება გადამკვეთი წერტილები. თითოეული წერტილის გადაკვეთის შესახებ პილოტი ინფორმაციას გადასცემს დისპეტჩერს. ამის შემდეგ დისპეტჩერი ფრენის გეგმაში აღნიშვნას აკეთებს“. ახლა უკვე შეუძლია დისპეტჩერს ფრენის სრული მარშრუტის დანახვა.

ინფორმაციის მისაღებად დისპეტჩერს აქვს სხვა მოწყობილობაც — რადიოგადამცემი. მისი საშუალებით მას შეუძლია თვითმფრინავის ადგილმდებარეობის განსაზღვრა. ამიტომ მის მიერ მიცემული მითითებები პილოტს ეხმარება, დაიცვას საჭირო დისტანცია და არ დაეჯახოს შემხვედრ ავიალაინერს. დისპეტჩერსა და პილოტს სხვადასხვა სიხშირის რადიოგადამცემები აქვთ. თუ ერთი გამოვიდა მწყობრიდან, მეორეს გამოიყენებენ.

როგორ ხორციელდება საერთაშორისო რეისები მაშინ, როცა დისპეტჩერი და პილოტი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ? გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის დადგენილებით საავიაციო ენად ინგლისური ენა ითვლება. ზოგიერთი სიტყვა, ბგერა თუ რიცხვი რადიოგადამცემის მეშვეობით შეიძლება არასწორად იქნას აღქმული, ამიტომ დისპეტჩერებს პილოტებისთვის მითითებების მისაცემად წინასწარ შემუშავებულ სტანდარტულ ფრაზებს და მათ სწორად წარმოთქმას ასწავლიან. იმაში დასარწმუნებლად, რომ პილოტმა ყველაფერი ზუსტად გაიგო, დისპეტჩერი ხელმეორედ ამეორებინებს გადაცემულ ინფორმაციას.

რადარი კიდევ ერთი ხელსაწყოა, რომელსაც დისპეტჩერები იყენებენ. თვითმფრინავიდან წამოსულ რადიოტალღებს რადარის ანტენა იჭერს. ამის შედეგად რადარის ეკრანზე დისპეტჩერს შეუძლია დაინახოს თვითმფრინავის აღმნიშვნელი ნიშანი. მრავალი ავიალაინერი აღჭურვილია მეორადი რადარით, რომელიც საიდენტიფიკაციო სიგნალს უბრუნებს რადარს. ამის შემდეგ კომპიუტერი იღებს ინფორმაციას და რადარის ეკრანზე ფიქსირდება თვითმფრინავის ტიპი, სიჩქარე, სიმაღლე და რეისის ნომერი.

ავიაკატასტროფის თავიდან აცილების მიზნით დისპეტჩერს შეუძლია რამდენიმე საშუალებას მიმართოს: 1) კურსის ცვლილებას; 2) სიჩქარის ცვლილებას იმ შემთხვევაში, როცა ერთი ავიალაინერი ეწევა და უსწრებს მეორეს; 3) სიმაღლის ცვლილებას ავიალაინერებს შორის საჭირო დისტანციის დასაცავად.

უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების შედეგად დისპეტჩერი რადარის საშუალებით წინასწარ იგებს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მაგალითად, ვიზუალური და ხმოვანი სიგნალები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, როცა ორი თვითმფრინავი ერთმანეთს მიუახლოვდება. სხვა გამაფრთხილებელი სიგნალი მაშინ ჩაირთვება, თუ თვითმფრინავი ხმელეთთან ძალიან ახლოს აღმოჩნდება.

ყველაფერი თქვენი უსაფრთხოებისთვის

დღესდღეობით მიმდინარეობს მთელი რიგი სამუშაოები საჰაერო ნავიგაციის სისტემის გასაუმჯობესებლად. ხშირ შემთხვევაში საჰაერო ნავიგაციის სისტემა თვითმფრინავს მხოლოდ კონკრეტული მარშრუტით და გარკვეულ სიმაღლეზე ფრენის საშუალებას აძლევს. ეს კი განაპირობებს იმას, რომ თვითმფრინავს უფრო გრძელი მარშრუტის გავლა უწევს, მაშინ როცა შეეძლო მარშრუტის დამოკლება. მომავალში ფრენის მარშრუტის გაკონტროლება თანდათანობით გადავა სატელიტური კონტროლის სისტემაზე, როგორიცაა მაგალითად, ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემა. ეს კი საჰაერო ნავიგაციის სისტემას უფრო მოქნილს გახდის და ტრანსოკეანური რეისების შესრულებას ბევრად გააადვილებს.

როგორც საჰაერო ნავიგაციის სისტემის მოკლე მიმოხილვიდან დავინახეთ, მხოლოდ პილოტმა როდი იცის, სად იმყოფება თქვენი თვითმფრინავი დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. ფრენის მარშრუტს მიწისზედა პუნქტებიდან დისპეტჩერებიც აკონტროლებენ. ეს სისტემა სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხოება. ამიტომაც არის, რომ ავიაკატასტროფების რიცხვი ძალიან მცირეა.

ასე რომ, თუ თვითმფრინავით გამგზავრებას დააპირებთ, ნუ შეგეშინდებათ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენს უსაფრთხოებას საჰაერო ნავიგაციის უამრავი თანამშრომელი უზრუნველყოფს. გადაიჭირეთ უსაფრთხოების ღვედები და თავისუფლად იგრძენით თავი. გისურვებთ კეთილ მგზავრობას!

[სქოლიო]

^ აბზ. 4 მხოლოდ შეერთებულ შტატებში ერთი წლის განმავლობაში თვითმფრინავებმა 11 მილიარდი კილომეტრი დაფარეს და ყოველ 334 448 საათში ერთი ავიაკატასტროფა ფიქსირდებოდა.

[დიაგრამა 14, 15 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ფრენის მარშრუტის კონტროლი

ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემა

 

 

 

 

 

 

 

საჰაერო ნავიგაციის სისტემა მიწისზედა მართვის რადიოგადამცემები რადიოსადგური რადარის ანტენა

[სურათი 15 გვერდზე]

სამეთვალყურეო პუნქტი

[სურათი 15 გვერდზე]

დისპეტჩერები

[სურათი 15 გვერდზე]

ფრენის კონტროლის ცენტრი

[სურათის საავტორო უფლებები 15 გვერდზე]

Tower and controllers: NASA Ames Research Center; control center: U. S. Federal Aviation Administration