თვალწარმტაცი ყურე
თვალწარმტაცი ყურე
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან
მექსიკის კონტინენტსა და ქვედა კალიფორნიის ნახევარკუნძულს შორის მდებარეობს კალიფორნიის ზურმუხტისფერი ყურე (სურათი ქვემოთ არის მოცემული), რომელიც თავიდან „კორტესის ზღვის“ სახელით იყო ცნობილი. მისი სანაპირო ზოლი და მასში მდებარე დანაოჭებული კუნძულები გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიერ მსოფლიო საგანძურში იქნა შეტანილი. რატომ მიიქცია ამ ადგილმა ასეთი განსაკუთრებული ყურადღება?
1 000 კილომეტრზე მეტი სიგრძისა და საშუალოდ 153 კილომეტრი სიგანის კალიფორნიის ყურე და მისი მიმდებარე ტერიტორია საუცხოოა და ცოცხალ ორგანიზმთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ ყურეში მოქცევის დროს ტალღის სიმაღლეც უდიდესია და ის 9 მეტრს აღწევს. იმის გამო, რომ ყურე მუდამ მზის სხივებშია გახვეული და ჩამდინარე წყალს უხვად მოაქვს საკვები ნივთიერებები, იქაურობა ცოცხალ არსებათა საოცარი მრავალფეროვნებითა და პლანქტონის სიუხვით გამოირჩევა. ყოველივე ამისა და კამკამა წყლის შემყურე ერთმა ოკეანოგრაფმა ამ ყურეს „მსოფლიოს აკვარიუმი“ უწოდა.
აქ 890 სახეობის თევზი ბინადრობს, რომელთაგან დაახლოებით — 90 მხოლოდ ამ რეგიონში გვხვდება, რის გამოც ყურე ზღვის ცხოველების შესასწავლი ბუნებრივი ლაბორატორიაა. მაგრამ სამწუხაროდ, მრავალ სახეობათა რაოდენობა კლებულობს; მათ შორისაა ზღვის ღორი, რომელსაც ესპანურად „ვაკეტა“ ეწოდება; „ვაკეტა“ პატარა ძროხას ნიშნავს.
ზღვის ღორისებრთა გვარის ეს ყველაზე პატარა წარმომადგენელი „ვაკეტა“ ზრდასრულ ასაკში სიგრძით დაახლოებით მეტრ-ნახევარია. მისი სხეულის გარეგანი საფარველის შეფერილობა ღია ნაცრისფრიდან მუქში გადადის, თვალის გარშემო კი შავი კონტური აქვს შემოვლებული. ეს ცხოველი, რომელიც მდინარე კოლორადოს ესტუარის თავთხელ, მღვრიე წყლებში ბინადრობს, ძალიან მორცხვია და მას იშვიათად ხედავენ, რის გამოც მისი ქცევები ნაკლებად არის შესწავლილი. მის შესახებ მეცნიერებმა 1958 წლამდე არაფერი იცოდნენ. ამ წელს ქვედა კალიფორნიის
სანაპიროზე ორი „ვაკეტას“ თავის ქალა იპოვეს.ზღვის ღორების ამ წარმომადგენლიდან რამდენიმე ასეული ინდივიდია დარჩენილი, რის გამოც ის გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სიაშია შეტანილი. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად მრავალი მათგანი ებმება ადგილობრივ მეთევზეთა ბადეებში. ამ იშვიათი ძუძუმწოვრის გადასარჩენად მექსიკის მთავრობამ ნაკრძალად გამოაცხადა ტერიტორია, სადაც ეს ცხოველი ბინადრობს. ამ ყურეში ბინადრობენ და მიგრაციის დროს ხვდებიან სხვადასხვა სახეობის ვეშაპი, გიგანტური სკაროსი, ტყავიანი ზღვის კუ, ზღვის ლომი, მარლინი, აფროსანი და თინუსთა ქარავანი.
ყურის სამხრეთი ნაწილის სიღრმეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს სიცოცხლის ეგზოტიკური ფორმები, რომლებიც ცოტას თუ უნახავს. მიზეზი კი ის არის, რომ ეს ცოცხალი ორგანიზმები დაახლოებით 2 000 მეტრი სიღრმის გუაიმას ღრმულში ბინადრობენ. ოკეანის ფსკერზე ჰიდროთერმული წყლები ცოცხალ ორგანიზმთათვის ხელსაყრელ საარსებო გარემოს ქმნის; ეს ორგანიზმები ენერგიას მზის სინათლისგან კი არ იღებენ, არამედ გოგირდწყალბადისგან. აქ მობინადრე ცოცხალ ორგანიზმთაგან ერთ-ერთნი ვესტიმენტიფერები არიან, რომლებსაც არც პირი აქვთ და არც ანალური ხვრელი; ეს მოწითალო შეფერილობის ორგანიზმები კოლონიებად ცხოვრობენ; მათი ძაფისებრი სხეული ერთი ბოლოთი ოკეანის ფსკერზეა მიმაგრებული, ხოლო მეორე ბოლო თბილი და ცივი დინების ზემოქმედებით გამუდმებით ირხევა. თითოეული ვესტიმენტიფერი მისი სხეულის ღრუში მობინადრე ბაქტერიასთან სიმბიოზის წყალობით არსებობს. საცეცები ამ ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასუნთქი ორგანოები ანუ გარეგანი ლაყუჩებია.
მართალია, აქ მობინადრე მრავალფეროვან ცოცხალ ორგანიზმებს გადაშენების საფრთხე ემუქრება, მაგრამ მათი მდგომარეობა უიმედო არ არის. როგორ? მათზე შემოქმედი ზრუნავს. ის ზრუნავს მთელ დედამიწაზე. ღმერთი მალე ყველა ქმნილებას დაიცავს საზიანო გავლენისგან და შეასრულებს თავის თავდაპირველ განზრახვას (დაბადება 1:26—28; გამოცხადება 11:18). ძნელი წარმოსადგენია, რამდენად ლამაზი იქნება მაშინ კალიფორნიის ყურე, როცა დღეს ეს ადგილი ასეთი თვალწარმტაცია!
[სურათი 25 გვერდზე]
ფინვალი
[სურათი 25 გვერდზე]
ვესტიმენტიფერი
[სურათის საავტორო უფლებები 24 გვერდზე]
Satellite view: NASA/The Visible Earth (http://visibleearth.nasa.gov/); reef: © Dirscherl Reinhard/age fotostock
[სურათის საავტორო უფლებები 25 გვერდზე]
Beach: Mexico Tourism Board; whale: © Mark Jones/age fotostock; tube worms: © Woods Hole Oceanographic Institution