მომთაბარე აზიელები, რომლებმაც იმპერია შექმნეს
მომთაბარე აზიელები, რომლებმაც იმპერია შექმნეს
შიშმა და დაბნეულობამ მოიცვა რუსეთი. მებრძოლ ცხენოსანთა ურდო აღმოსავლეთიდან მოყოლებული კალიებივით შეესია სტეპებს, სპობდა და ძარცვავდა, ანადგურებდა ყველა ჯარს, რომელიც წინ ეღობებოდა. მთელ რუსეთში მხოლოდ და მხოლოდ ნოვგოროდის სამთავრო გადაურჩა მათ. გაოგნებულმა თვითმხილველმა მემატიანემ ამ თავდასხმას „უცნობ ტომთა შემოსევა“ უწოდა, რომლებიც უცნაურ ენაზე ლაპარაკობდნენ.
ეს დამპყრობლები მონღოლები იყვნენ, რომლებიც დღევანდელი ცენტრალური და ჩრდილოეთი აზიის (დღევანდელი მონღოლეთი) სტეპებში ცხოვრობდნენ. ახ. წ. XIII საუკუნის დასაწყისში მათ დამპყრობლური ომები წამოიწყეს, რამაც აზიისა და ნახევარი ევროპის ისტორია შეცვალა. 25 წლის განმავლობაში მონღოლებმა იმაზე მეტი ტერიტორია დაიპყრეს, ვიდრე რომაელებმა ოთხი საუკუნის განმავლობაში. დიდების ზენიტში ყოფნისას მათი იმპერია კორეიდან უნგრეთამდე და ციმბირიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული; ის ერთ კონტინენტზე არსებულ იმპერიათაგან უდიდესი იყო!
მონღოლეთის იმპერიის შესახებ მატიანე ნათელს ჰფენს აზიისა და ევროპის ისტორიას; გარდა ამისა, კიდევ ერთი დასტურია იმ მრავალი ბიბლიური სწავლებისა, რომლებიც ადამიანის ბუნებასა და ადამიანის ადამიანზე ბატონობას ეხება; ის იმაზეც მოწმობს, რომ ადამიანის დიდება ამაო და წარმავალია (ფსალმუნი 62:9; 144:4). „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). და, როგორც ბიბლიაშია სიმბოლურად ნაჩვენები, ძლიერი სამეფოები მხეცებივით აგრესიულად იქცევიან და სხვებზე ბატონობას ცდილობენ *.
ვინ იყვნენ მონღოლები?
მონღოლები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ; ისინი კარგი ცხენოსნები იყვნენ და მეჯოგეობით, ვაჭრობითა და ნადირობით ირჩენდნენ თავს. სხვა ხალხებისგან განსხვავებით, — რომელთა ძალიან მცირე ნაწილი იყო საომრად გაწვრთნილი და აღჭურვილი, — თითქმის ყველა მონღოლი ბიჭი, რომელსაც ცხენი ჰყავდა და მშვილდ-ისარი ჰქონდა, იწვრთნებოდა და სასტიკი მეომარი ხდებოდა. თითოეული ტომი ერთგული იყო თავისი მმართველის, რომელსაც ყაენს უწოდებდნენ.
ოცი წლის ბრძოლის შემდეგ ერთმა ყაენმა, თემუჩინმა (დაახლოებით 1162—1227 წწ.), მონღოლთა დაახლოებით 27 ტომი გააერთიანა და თავისი მმართველობის ქვეშ მოაქცია. მოგვიანებით მონღოლებთან ერთად იბრძოდნენ თურქი მუსლიმანები, რომლებსაც თათრებს უწოდებდნენ. როდესაც მონღოლთა ურდოებმა დასავლეთს შეუტიეს, შეშინებულმა ევროპელებმა დამპყრობლებს თათრები უწოდეს *. 1206 წელს 40 წელს გადაცილებულ თემუჩინს მონღოლებმა ჩინგიზ-ყაენი უწოდეს; ეს ტიტული შეიძლება ნიშნავდეს „ძლიერ მმართველს“ ან „მსოფლიოს მმართველს“. ის დიდი ყაენის სახელითაც იყო ცნობილი.
ჩინგიზ-ყაენის მშვილდით შეიარაღებული გააფთრებული ცხენოსნები ელვისებური სისწრაფით ესხმოდნენ ხალხს თავს; ხშირად ბრძოლის ველი ათასობით კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ენციკლოპედია „ენკარტას“ თანახმად, როგორც მხედართმთავარი, „ის ალექსანდრე მაკედონელს ან ნაპოლეონ I-ს უტოლდებოდა“. ჩინგიზ-ყაენის თანამედროვე ერთ-ერთმა სპარსელმა ისტორიკოსმა მას „ენერგიული, გამჭრიახი, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და გონიერი“ კაცი უწოდა. მაგრამ მან ჩინგიზ-ყაენი „ყასაბადაც“ მოიხსენია.
მონღოლეთის საზღვრებს გარეთ
ჩრდილოეთ ჩინეთში მკვიდრობდნენ მანჯურიელები, რომლებიც თავიანთ დინასტიას „ცინის“, ანუ „ოქროს“, დინასტიას უწოდებდნენ. მანჯურიაში მოსახვედრად მონღოლებმა გაიარეს გობის უდაბნო; მას დიდი დაბრკოლება არ შეუქმნია ამ მომთაბარე ხალხისთვის, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში ცხენის რძითა და სისხლითაც ადვილად გაიტანდნენ თავს. თუმცა ჩინგიზ-ყაენის მმართველობამ შეაღწია ჩინეთსა და მანჯურიაში, მათ დაპყრობას ყაენმა დაახლოებით 20 წელი მოანდომა. ჩინგიზ-ყაენმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა ჩინელი სწავლულები, ხელოსნები და ვაჭრები; აგრეთვე ინჟინრები, რომლებსაც შეეძლოთ საალყო მოწყობილობისა თუ კატაპულტების აგება და დენთიანი ბომბების დამზადება.
დასავლეთისკენ მიმავალ აბრეშუმის სავაჭრო გზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ ჩინგიზ-ყაენმა თურქეთის სულთან მუჰამედთან სავაჭრო ურთიერთობა სცადა. სულთანის ვრცელი იმპერია დღევანდელი ავღანეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, თურქმენეთისა და ირანის უდიდეს ნაწილს მოიცავდა.
1218 წელს მონღოლთა ქარავანი, როგორც ჩანს, სავაჭროდ სასულთნოს საზღვარს მიადგა. ადგილობრივმა მმართველმა ისინი სიკვდილით დასაჯა, ეს კი მუსლიმანურ ტერიტორიაზე მონღოლთა პირველი ლაშქრობის მიზეზი გახდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჭიანჭველებივით მრავალრიცხოვანი მონღოლები გამუდმებით ძარცვავდნენ და წვავდნენ ქალაქებსა და მინდვრებს, ხოცავდნენ სულთან მუჰამედის ხალხს და მხოლოდ ხელმარჯვე ოსტატებს ინდობდნენ.
როგორც ამბობენ, მონღოლებს დაახლოებით 20 000 მებრძოლი ჰყავდათ. ისინი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შეიჭრნენ ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში; გაანადგურეს ყველა, ვინც გზად შეხვდათ, მათ შორის 80 000 რუსი მებრძოლი. ერთ-ერთი ომის დროს მონღოლები მთელი კასპიის ზღვის სანაპიროზე იბრძოდნენ და ბრძოლის ველი დაახლოებით 13 000 კილომეტრზე იყო გადაჭიმული; ზოგი ამ ბრძოლას ქვეითი ჯარის ისტორიაში უდიდეს გმირობად მიიჩნევს. ჩინგიზ-ყაენის გამარჯვებებმა მონღოლეთის შემდგომ მმართველებს გზა გაუხსნა აღმოსავლეთ ევროპის დასალაშქრად.
ჩინგიზ-ყაენის მემკვიდრეები
ჩინგიზ-ყაენის შემდეგ დიდებული ყაენი გახდა მისი მთავარი ცოლის ოთხი ვაჟიდან მესამე —
უგედეი. უგედეი დაპყრობილ ქვეყნებზე მმართველობას შეუდგა — ვასალებისგან ხარკს იღებდა და ჩრდილოეთ ჩინეთში ცინის დინასტია საბოლოოდ დაიპყრო.იმპერიისა და სიმდიდრის შესანარჩუნებლად უგედეიმ ომის წამოწყება გადაწყვიტა, მაგრამ ამჯერად ახალი ქვეყნების დასაპყრობად გაემართა. მან ბრძოლა ორი მიმართულებით წარმართა — დასავლეთით ევროპის ქვეყნებისა და სამხრეთით ჩინეთში სუნის დინასტიის დასაპყრობად. უგედეიმ ევროპაში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ჩინეთში მარცხი განიცადა. გარკვეული წარმატებების მიუხედავად, მონღოლებმა სუნის ძირითადი ტერიტორია ვერ დაიპყრეს.
დასავლეთის დაპყრობა
1236 წელს დაახლოებით 150 000 მონღოლი გაემართა ევროპის დასაპყრობად. თავიდან მდინარე ვოლგის სანაპიროზე მდებარე რეგიონებს შეუტიეს, შემდეგ რუსეთის ქალაქ-სახელმწიფოებს, კიევი კი ფერფლად აქციეს. მონღოლებმა მოსახლეობას აღუთქვეს, რომ თუ ყველაფრის მეათედს გადაუხდიდნენ, ქალაქებს არ გაანადგურებდნენ. რუსეთმა ბრძოლა ამჯობინა. მონღოლებმა მტერს კატაპულტებით დაუშინეს ქვები, ცეცხლმოკიდებული ლიგროინი და ფეთქებადი ნივთიერებები. დამპყრობლები კედლების ჩამონგრევისთანავე შეიჭრნენ ქალაქში და მოსახლეობა განსაკუთრებული სისასტიკით ამოხოცეს. როგორც ერთი ისტორიკოსი ამბობს: „დახოცილთა დამტირებელიც კი აღარავინ იყო“.
მონღოლებმა გაანადგურეს პოლონეთი, უნგრეთი და ახლანდელი გერმანიის საზღვარს მიუახლოვდნენ. დასავლეთ ევროპა საბრძოლველად გაემზადა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. 1241 წლის დეკემბერში უგედეი გარდაიცვალა, როგორც ჩანს, მთვრალ მდგომარეობაში. ამიტომ, მონღოლები ახალი მმართველის ასარჩევად საჩქაროდ თავიანთ დედაქალაქში, ყარაყორუმში დაბრუნდნენ, რომელიც 6 000 კილომეტრით იყო დაშორებული
უგედეის მემკვიდრე მისი ვაჟი გუიუკი გახდა. გუიუკის გამეფებას შეესწრო იტალიელი ბერი, რომელმაც 15 თვე იარა მონღოლეთის ტერიტორიაზე, რათა მისთვის პაპ ინოკენტ IV-ს წერილი გადაეცა. პაპს იმის გარანტიის მიღება სურდა, რომ ევროპას ახალი შემოსევები აღარ დაემუქრებოდა; ამიტომ მონღოლების გაქრისტიანებას შეეცადა. გუიუკი მას არაფერს დაჰპირდა. ნაცვლად ამისა, მან პაპი მეფის დელეგაციასთან ერთად იხმო, რათა მისთვის პატივი მიეგოთ.
ისევ ორ ფრონტზე
1251 წელს სამეფო ტახტზე ყაენი მუნქე ავიდა. მისმა ძმამ ყუბილაიმ სამხრეთ ჩინეთში სუნის დინასტიის წინააღმდეგ გაილაშქრა, ხოლო მონღოლთა ჯარის მეორე ნაწილი დასავლეთისკენ გაემართა, რომლებმაც ბაღდადი მიწასთან გაასწორეს და დამასკო აიღეს. ეგრეთ წოდებული ქრისტიანები, რომლებიც მუსლიმანთა წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობას აწარმოებდნენ, ამით ხარობდნენ; ბაღდადში მცხოვრები „ქრისტიანები“ კი ძარცვავდნენ და ხოცავდნენ თავიანთ მუსლიმან მეზობლებს.
გადამწყვეტ მომენტში, როდესაც მონღოლებს ის-ის იყო მიწასთან უნდა გაესწორებინათ მუსლიმანური
სამყარო, ისტორია გამეორდა. მებრძოლებმა მუნქეს გარდაცვალების ამბავი გაიგეს. დამპყრობლები ისევ სამშობლოში დაბრუნდნენ და საზღვარზე მხოლოდ 10 000 მეომარი დატოვეს. მალე ეს მცირერიცხოვანი ჯარი ეგვიპტელმა მებრძოლებმა გაანადგურეს.სამხრეთ ჩინეთში სუნის მდიდარი დინასტიის წინააღმდეგ ომში მონღოლებმა გაიმარჯვეს. ყუბილაი-ყაენმა საკუთარი თავი ახალი ჩინური დინასტიის, იუანის, დამფუძნებლად გამოაცხადა. მან თავის სატახტო ქალაქად გამოაცხადა ქალაქი, რომელიც დღეს პეკინის სახელით არის ცნობილი. სუნის დინასტიიდან დარჩენილ მოწინააღმდეგეთა დამარცხების შემდეგ, XIII საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, ყუბილაი მთელ ჩინეთზე მმართველობდა; მისი მმართველობის პერიოდში, 907 წელს ტანის დინასტიის დაცემის შემდეგ, ჩინეთი პირველად გაერთიანდა.
დაქუცმაცება და დაცემა
დაახლოებით XIV საუკუნის გარიჟრაჟზე მონღოლეთის ძლევამოსილმა იმპერიამ მრავალი მიზეზის გამო რღვევა დაიწყო. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით ანთებულმა ჩინგიზ-ყაენის მემკვიდრეებმა იმპერია სახანოებად დაყვეს. გარდა ამისა, მონღოლები დაპყრობილ ერებში გაითქვიფნენ. ყუბილაის მემკვიდრეთა შორის ძალაუფლებისთვის გამუდმებულმა ბრძოლამ ჩინეთში მათი ძალაუფლება შეასუსტა. უვარგისი, გახრწნილი მმართველებითა და მაღალი გადასახადებით შეწუხებულმა ჩინელებმა 1368 წელს თავიანთი იუანელი ბატონები ქვეყნიდან გააძევეს და იძულებული გახადეს, მონღოლეთში დაბრუნებულიყვნენ.
მონღოლები ძლიერი ქარიშხალივით უცებ „მოვარდნენ“, მცირე ხანს „იბობოქრეს“ და „ჩაწყნარდნენ“. და მაინც, მათ მნიშვნელოვანი სიტყვა თქვეს ევროპისა და აზიის ისტორიაში; აგრეთვე გააერთიანეს მონღოლეთი და ჩინეთი. დღეს მონღოლები თავიანთ დიდ ყაენს, ჩინგიზ-ყაენს, ერის მამად მიიჩნევენ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 მხეცებისა და პოლიტიკური მმართველების შესახებ საუბარია შემდეგ ბიბლიურ მუხლებში: დანიელი 7:6, 12, 17, 23; 8:20—22; გამოცხადება 16:10; 17:3, 9—12.
^ აბზ. 7 ევროპელებისთვის თათრები „ტარტაროზიდან“ მოვლენილი ეშმაკები იყვნენ (2 პეტრე 2:4). მათ ამიტომ უწოდეს დამპყრობლებს თათრები (ევროპელების ენაზე ტარტაროზი და თათარი ერთნაირად ჟღერს).
[ჩარჩო⁄სურათი 13 გვერდზე]
დამპყრობლები ვაჭრობას იწყებენ
დიდების ზენიტში ყოფნის დროს, ყუბილაი-ყაენის დაარსებულმა იუანის დინასტიამ წამოიწყო ვაჭრობა და მოგზაურობა, რამაც „ევრაზიის ისტორიაში ვაჭრობის არნახულ აყვავებას“ შეუწყო ხელი. ამ დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დიდი ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო (1254—1324 წწ.) *. არაბი, სპარსი, ინდოელი თუ ევროპელი ვაჭრები მოგზაურობდნენ საზღვაო და სახმელეთო გზებით, მიჰყავდათ ცხენები, მიჰქონდათ ხალიჩები, ძვირფასი ქვები, სანელებლები, რომლებსაც კერამიკულ ნაკეთობებში, გალაქულ ნივთებსა და აბრეშუმში ცვლიდნენ.
დასავლეთ ევროპიდან 1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბი, რომელიც მარკო პოლოს ჩანაწერებით ხელმძღვანელობდა, მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად გავიდა ზღვაში. მან არ იცოდა, რომ მონღოლეთის იმპერია უკვე ერთი საუკუნე იყო, რაც აღარ არსებობდა. იმპერია დაეცა, შედეგად მის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებს შორის კავშირი გაწყდა და მუსლიმანებმა ევროპიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს.
[სქოლიო]
^ აბზ. 33 ჩინეთში მარკო პოლოს მოგზაურობის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ 2004 წლის 8 ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ში.
[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]
მონღოლები რელიგიური შემწყნარებლობით გამოირჩეოდნენ
მართალია, ძველი მონღოლები ანიმისტები იყვნენ, მაგრამ ისინი რელიგიური შემწყნარებლობით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთი წიგნის თანახმად, როდესაც ევროპელები მონღოლეთის დედაქალაქ ყარაყორუმს ესტუმრნენ, გაოცდნენ, არა მარტო იქაური სიმდიდრით, არამედ მათი რელიგიური თავისუფლებითაც — ეკლესიები, მეჩეთები და აღმოსავლური ტაძრები ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ (The Devil’s Horsemen).
ეგრეთ წოდებული ქრისტიანობა მონღოლეთში ნესტორიანელებმა შეიტანეს (ნესტორიანელობა ბიზანტიური, ანუ აღმოსავლური, ეკლესიის განშტოებაა). ნესტორიანელებმა თავიანთ რწმენაზე მოაქციეს მონღოლების მიერ დაპყრობილი აზიაში მცხოვრები თურქები. მოქცეულებს მონღოლთა სამეფო ოჯახის წევრებიც კი ირთავდნენ ცოლად.
თანამედროვე მონღოლეთში მრავალი რელიგიაა გავრცელებული. მოსახლეობის 30 პროცენტი ტრადიციული რელიგიის მიმდევარია, 23 პროცენტი — ლამაიზმის (ბუდიზმის სახესხვაობა; წარმოიშვა ტიბეტში), 5 პროცენტი — ისლამის. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი არარელიგიურია.
[რუკა 15 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მონღოლთა გავლენის არეალი
უნგრეთი
რუსეთი
კიევი
მდინარე ვოლგა
ციმბირი
კასპიის ზღვა
დამასკო
ირანი
ბაღდადი
უზბეკეთი
მონღოლეთი
ყარაყორუმი
გობის უდაბნო
კორეა
ჩინეთი
პეკინი
ინდოეთი
ნოვგოროდი
[სურათი 15 გვერდზე]
ცხენების ჯოგი (მონღოლეთი)
[სურათი 15 გვერდზე]
ჩინგიზ-ყაენი
[სურათის საავტორო უფლება 12 გვერდზე]
Bildarchiv Preussischer Kulturbesitz/Art Resource, NY
[სურათის საავტორო უფლებები 15 გვერდზე]
Scenic: © Bruno Morandi/age fotostock; Genghis Khan: © The Stapleton Collection/The Bridgeman Art Library