რატომ არის ამდენი ადამიანი უიმედოდ?
რატომ არის ამდენი ადამიანი უიმედოდ?
მსოფლიოში განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენების შემხედვარე ადამიანს მომავლის შიში ეუფლება. იზრდება იმ ქალაქთა რიცხვი, სადაც სამეთვალყურეო ვიდეო კამერებია დამონტაჟებული. ტერორისტების შიშით ბევრი ხალხმრავალი აეროპორტი სამხედრო ბანაკს დაემსგავსა. გამოუცდელი მსხვერპლის დასაჭერად სულ უფრო და უფრო მეტი ქურდი და პედოფილი მიმართავს ინტერნეტს. რაც შეეხება გარემოს — დაბინძურება, ტყის გაჩეხვა, სახეობათა გადაშენება და გლობალური დათბობა საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს ჩვენს პლანეტაზე.
სულ რამდენიმე თაობის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იარსებებდა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები, რომლებიც დღეს ასე მასშტაბურია. ხალხს, არცთუ უსაფუძვლოდ, აფიქრებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ის, თუ როგორი მომავალი ელით მათ და მათ შვილებს. ხომ არ მოდის ისეთი დრო, როცა ხალხს ავტობუსით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობის შეეშინდება? ფასების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების სულ უფრო მეტი რაოდენობით მოხმარების ფონზე, შეძლებს კი მომავალი თაობა კარგი სამედიცინო მომსახურებისთვის, ჯანსაღი საკვებისა და საკმარისი საწვავისთვის საჭირო ხარჯების დაფარვას?
სამედიცინო მომსახურების ხარჯების ზრდის გამო კანადის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა: „მომავალი ძალიან შემაშფოთებელია“. საგანგაშოა საკვებისა და საწვავის პრობლემაც. რატომ? საწვავ წიაღისეულზე ნაკლებად რომ იყვნენ დამოკიდებული, ზოგი ქვეყანა უამრავ ფულს ხარჯავს ბიოსაწვავის მისაღებად, მაგალითად, ეთანოლის, რომელიც მცენარისგან მიიღება. ამიტომ პირველად ისტორიის განმავლობაში მიწის ნაყოფი სჭირდება ადამიანსაც და მანქანასაც, რაც ინფლაციას იწვევს; ეს კი საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდაში აისახება.
იმავდროულად იზრდება მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობა, რაც სოციალურ დაპირისპირებას ამწვავებს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში აღინიშნა: „XXI საუკუნის პირველ ათწლეულში, მაშინ, როცა სამედიცინო სფეროში უდიდეს წინსვლას მიაღწიეს, არსებობს ხალხი, რომელიც ელემენტარული სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობს“. „მდიდარ ქვეყნებთან შედარებით ღარიბ ქვეყნებში ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განახევრებულია“. ამის ძირითადი მიზეზია ავადმყოფობა, სოციალური და ეკონომიკური არასტაბილურობა ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის ძლიერი მთავრობა.
ამ პრობლემებს ემატება გლობალური დათბობა, რამაც შეიძლება გაუდაბნოება და ამინდის ხშირი და მკვეთრი ცვალებადობა გამოიწვიოს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ამ საკითხებში გათვითცნობიერებული ადამიანები წუხან ხვალინდელ დღეზე. „ატომმცოდნეთა ბიულეტენში“, რომელშიც მოცემულია ეგრეთ წოდებული „განკითხვის საათი“, აღნიშნული იყო, რომ მომავალი შიშის საფუძველს გვიქმნის, რადგანაც „მეცნიერების დაკვირვებით უფრო და უფრო იზრდება დედამიწის რთულ ეკოსისტემებზე [გლობალური დათბობის] საზიანო შედეგები“.
მართლაც ისეთი საშიშია მომავალი, როგორიც ჩანს? წამყვანი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, რელიგიური წინამძღოლები და მეცნიერები არიან მომავლის იმედის ერთადერთი წყარო? ზოგი ამბობს: „განა არსებობს ალტერნატივა? ჩვენ თვითონ ჩავიგდეთ თავი ამ მდგომარეობაში და თვითონვე უნდა ვიპოვოთ გამოსავალი“. ზოგი ფიქრობს, რომ გამოსავლის პოვნა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, და უსაფრთხო მომავალს მხოლოდ ღვთისგან ელის. თუ ჩვენც ასე ვფიქრობთ, რის საფუძველზე გვჯერა, რომ ღმერთი დაინტერესებულია ჩვენით, და დაგვიცავს ჩვენი მოქმედებების საზიანო შედეგებისგან? ამ კითხვებზე მომდევნო სტატიები გაგვცემს პასუხს.
[ჩანართი 3 გვერდზე]
წამყვანი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, რელიგიური წინამძღოლები და მეცნიერები არიან მომავლის იმედის ერთადერთი წყარო?