არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„არსებობს ევოლუციის თეორიის დამადასტურებელი მრავალი მეცნიერული მტკიცება და ეს სიცოცხლის შესახებ ჩვენს ცოდნას ამდიდრებს“ (პაპი ბენედიქტე XVI).

„შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მოხელეები ეძებენ . . . თანხებს, რომ გამოიკვლიონ და შეაკეთონ დეფექტის მქონე დაახლოებით 74 000 ხიდი, მას შემდეგ, რაც 40 წლის მინეაპოლისის [მინესოტა] ხიდი, რომელზეც გზატკეცილი იყო გაყვანილი, პიკის საათებში 60 ფუტის სიმაღლიდან მდინარე მისისიპიში ჩავარდა და [13 ადამიანის] სიცოცხლე იმსხვერპლა“ (THE WEEK, აშშ).

უმრავლესობა კანონს არღვევს

„ტაიმი“ იუწყება: „კანონმორჩილი ადამიანების არსებობის შესახებ იდეა მხოლოდ მითია. ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ აღიარა, რომ ისინი იმ კანონს იცავენ, რომლის დაცვაც უნდათ, და მაშინ იცავენ, როცა უნდათ“. ლონდონში სამეფო კოლეჯთან არსებული ბოროტმოქმედებისა და იუსტიციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კანონდამრღვევთა უმრავლესობა იმ საზოგადოების წარმომადგენლები არიან, რომელსაც პატივს სცემენ. გამოკითხულთა ერთი მესამედი ქრთამს იხდის იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს გადასახადები; ერთი მესამედი უკან არ აბრუნებს ზედმეტ ხურდას, და ერთი მეხუთედი აღიარებს, რომ სამსახურში იპარავს. გამოკვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მსგავსი ქმედებები „უფრო მეტად არის საზოგადოების ზნეობრივი მდგომარეობის მაჩვენებელი, ვიდრე ძალადობა და ქუჩის ბოროტმოქმედება“.

ბირთვული იარაღი „ღვთის ხელში“?

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აკურთხა იმ ადამიანთა საქმიანობა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რუსეთის ბირთვული იარაღის შენახვაზე. მოსკოვში მაცხოვრის კათედრალურ ტაძარში გამართულ ცერემონიალზე წარმოითქვა და შემდეგ გაზეთ „კრასნაია ზვეზდაში“ დაიბეჭდა რუსეთის პატრიარქის ალექსეი II-ს სიტყვა: „ლოცვას აღვავლენ ღვთის მიმართ . . . რომ თქვენი შექმნილი ბირთვული იარაღი ყოველთვის ღვთის ხელში იყოს, და ის მხოლოდ სხვების დასაშინებლად და თავდასხმის მოსაგერიებლად გამოიყენებოდეს“.

თაფლი ძველ ისრაელში

„არქეოლოგიური გათხრების შედეგად დასტურდება ბიბლიური ცნობა იმის შესახებ, რომ ისრაელი . . . ‘რძისა და თაფლის ქვეყანაა’ (ან, სულ მცირე, თაფლის ქვეყანა)“, — იუწყება იერუსალიმის არქეოლოგიის ინსტიტუტი. ისრაელში თელ რეხობთან ბეთ შევანის დაბლობზე აღმოაჩინეს სამ რიგად განლაგებული, სულ მცირე, სამიარუსიანი ცილინდრული ფორმის თიხის სკები. ისინი დათარიღებულია „ძვ. წ. X—IX საუკუნეებით“ და „მათში დაახლოებით 100 სკა იყო“, — ნათქვამია ცნობაში. მეფუტკრეთა ვარაუდით, ყოველწლიურად ამ სკებიდან „ნახევარი ტონა“ თაფლის ამოღება შეიძლებოდა.

უპირატესობა შინაურ ცხოველებს ენიჭება

ინტერნეტით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „ყოველი მეოთხე ავსტრალიელი ამბობს, რომ ოჯახის ყველაზე დასაფასებელი წევრი, მეუღლეზე და მშობელზე ძვირფასიც კი, შინაური ცხოველია“ („სიდნეი მორნინგ ჰერალდ“ ონლაინი). ყოველი მესამე რესპოდენტი „მეტ დროსა და თანხებს ახმარდა შინაურ ცხოველებს, ვიდრე პირად სამედიცინო მომსახურებას“. ცხოველების სამკურნალოდ მიმართავენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ლაპარასკოპიას, ძვლის, ბარძაყისა და შინაგანი ორგანოების გადანერგვას, ქიმიოთერაპიას და ტვინზე ოპერაციებსაც კი.