არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთმა მუსიკა საჩუქრად უბოძა ჩვენს გულს

ღმერთმა მუსიკა საჩუქრად უბოძა ჩვენს გულს

ღმერთმა მუსიკა საჩუქრად უბოძა ჩვენს გულს

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან

მუსიკას დიდი ძალა აქვს. მას შეუძლია დაგვამშვიდოს, ძალა შეგვმატოს და კარგ ხასიათზე დაგვაყენოს. მუსიკა გვეხმარება როგორც სიხარულის, ისე მწუხარების გამოხატვაში. წარსულსა თუ აწმყოში მუსიკა თითქმის ყველა ხალხისთვის გონებისა და გულის ენა იყო. მუსიკა მართლაც ღვთისგან ბოძებული საჩუქარია (დაბადება 4:21).

ალბათ, დაბადებიდანვე გვესმოდა მუსიკა. შეიძლება ძილის წინ დედა იავნანას გვიმღეროდა. მოზარდობის ასაკში, შესაძლოა, მუსიკის რომელიმე ჟანრი განსაკუთრებით შეგვიყვარდა. მრავალი ზრდასრული ადამიანი დატვირთული დღის ბოლოს სახლში მანქანით დაბრუნებისას სიამოვნებით უსმენს წყნარ მუსიკას.

სიმღერების ტექსტები შეიძლება ქვეყნის კულტურასა და ისტორიაზე მოგვითხრობდეს. ძველ ისრაელში მრავალ ღონისძიებას სიმღერებით აღნიშნავდნენ (გამოსვლა 15:1—21; მსაჯულები 5:1—31). წინასწარმეტყველმა მოსემ შექმნა სიმღერა, რომელშიც მოკლედ აღწერა ისრაელის ისტორია და გულითადად შეაგონა ხალხი (კანონი 32:1—43). რასაკვირველია, ამგვარი სიმღერები მსმენელს სათქმელის დამახსოვრებაში ეხმარებოდა.

თქვენ შეგიძლიათ იმღეროთ!

შეიძლება ფიქრობთ, რომ მუსიკალური ნიჭი არ გაქვთ. მაგრამ, ერთი წუთით დაფიქრდით თქვენს ხმაზე. ამ საოცარი ფენომენის წყალობით თითქმის ყველას შეუძლია აკომპანიმენტის თანხლებით ან მის გარეშე ასე თუ ისე იმღეროს. სიმღერისთვის საჭიროა, გამბედაობა მოიკრიბოთ და იმღეროთ. აუცილებელი არ არის, რომ სიმღერით საყოველთაო აღიარება მოიპოვოთ. ვარჯიშით ხმის დამუშავება შესაძლებელია.

„ხმასა და ჩვენს ღრმა ემოციებს შორის უშუალო კავშირია; ხმაში საუკეთესოდ ჩანს ჩვენი გრძნობები“, — ნათქვამია ესპანურ ჟურნალში „ფსიქოლოგია“. „[მღერა] გვახალისებს, — ამბობს სოპრანო ეინოა არტეტა. — ყველას, ვისაც მღერა უნდა, ვურჩევ, თავი არ შეიკავოს და იმღეროს“.

ვინაიდან მუსიკა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გულზე, საჭიროა სიფრთხილე. მაგალითად, შესაძლოა მელოდიური სიმღერის ტექსტებში უმღეროდნენ და ამართლებდნენ კიდეც სიძულვილს, უზნეობასა და ძალადობას; ღვთის კეთილგანწყობის მოპოვების მსურველი არ მოუსმენს ასეთ სიმღერებს (ეფესოელები 4:17—19; 5:3, 4). ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავები 4:23). ასე რომ, მუსიკის შერჩევა სერიოზული საკითხია *.

სიმღერა წამალია

ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „თითქმის ყველა ხალხს აქვს თავისი მუსიკა, და ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მუსიკა ცხოველმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე“ (Principles and Practice of Stress Management). სხვა წიგნში ვკითხულობთ, რომ მღერის დროს მთელი სხეული ირხევა სიმღერის ჰანგებზე. თავის მხრივ, ეს ნაზი რხევა სხეულს ადუნებს და, შესაბამისად, ტკივილს ამსუბუქებს.

ზოგი მკურნალი პაციენტს ურჩევს, რომ სტრესის შესამსუბუქებლად უსმინოს წყნარ მუსიკას, რომელიც მას კარგ ხასიათზე დააყენებს. ზოგი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის პალატებშიც მუსიკა ისმის. სასიამოვნო მუსიკა დადებითად მოქმედებს დღენაკლულ ბავშვებზე და პაციენტებზე, რომლებსაც ოპერაცია გაუკეთდათ. ზემოთ ხსენებული წიგნის თანახმად, გამოკვლევები ცხადყოფს, რომ წყნარი მუსიკის მოსმენა „მნიშვნელოვნად ამცირებს ქირურგიული ოპერაციის დროს სტრესული ჰორმონების გამოყოფას“.

მუსიკა მშობიარობის წინა პერიოდში და მშობიარობის დროს დაძაბულობას ხსნის და სიმშვიდეს ჰგვრის მშობიარეებს. ზოგ სტომატოლოგიურ კაბინეტშიც რთავენ წყნარ მუსიკას დაძაბული პაციენტებისთვის სტრესის მოსახსნელად და მშვიდი გარემოს შესაქმნელად. მაგრამ, მუსიკასა და სიმღერას ბევრად მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ისინი ღმერთთან დაახლოებაში გვეხმარება.

„სიმღერით ხოტბას შევასხამ“ ღმერთს

იცოდით თუ არა, რომ ბიბლიის ერთი მეათედი სიმღერის ტექსტია? ამის საუკეთესო მაგალითებია: ფსალმუნები, ქებათა ქება და გოდება. გასაკვირი არ არის, რომ ბიბლიაში მოხსენიებული დაახლოებით სამასამდე სიმღერიდან უმრავლესობა ღვთის თაყვანისმცემლობასთან არის დაკავშირებული. „იეჰოვაა ჩემი ძალა . . . ჩემი სიმღერით ხოტბას შევასხამ მას“, — წერდა ისრაელის მეფე დავითი, რომელიც ნიჭიერი მუსიკოსი და კომპოზიტორი იყო (ფსალმუნი 28:7).

დავითმა 4 000 ლევიანი დანიშნა იერუსალიმში მუსიკოსებად და მომღერლებად. მათგან 288 ლევიანი „იეჰოვასთვის განსწავლული მგალობელი“ იყო (1 მატიანე 23:4, 5; 25:7). რა თქმა უნდა, მიზნის მისაღწევად ისინი ბევრს იშრომებდნენ. ღვთის თაყვანისმცემლობაში მუსიკას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, რომ მომღერლები ტაძარში სხვა დავალებების შესრულებისგან თავისუფლდებოდნენ, რათა მთელი ყურადღება თავიანთ საქმეზე ჰქონოდათ გადატანილი (1 მატიანე 9:33).

იესოს სიკვდილის წინა ღამეს ის და მისი მოციქულები ღვთის განმადიდებელ სიმღერებს, ალბათ, 113—118-ე ფსალმუნებს, მღეროდნენ. იესოს დროს ამ ფსალმუნებს, რომლებსაც იეჰოვას განმადიდებელ ფსალმუნებს უწოდებდნენ, პასექის დღესასწაულის აღნიშვნისას ასრულებდნენ (მათე 26:26—30). ამ სიმღერებს განმადიდებელი იმიტომ ჰქვია, რომ მათში არაერთხელ მეორდება შეძახილი „ალილუიაჰ“, რაც ნიშნავს „დიდება იაჰს“. „იაჰ“ უზენაესი ღვთის, იეჰოვას, სახელის პოეტური შემოკლებაა.

სიმღერა ქრისტიანული თაყვანისმცემლობის ნაწილიც გახდა. წიგნში „მუსიკის ისტორია“ ნათქვამია: „თაყვანისმცემლობის მიზნით პირველი საუკუნის ქრისტიანებიც მღეროდნენ როგორც მარტო, ისე სხვებთან ერთად. გაქრისტიანებული იუდეველებისთვის ეს იუდეველთა ჩვეულების გაგრძელება იყო . . . გარდა იმისა, რომ ებრაულ ფსალმუნებს მღეროდნენ . . . ახალი სარწმუნოება მათ ახალ-ახალი სიმღერების შესაქმნელად აღძრავდა“. დღესაც იეჰოვას მოწმე ქრისტიანები, ცალკე თუ ქრისტიანულ შეხვედრებზე, მღერით სიამოვნებით ასხამენ ხოტბას თავიანთ შემოქმედს.

მუსიკა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გულზე, გონებასა და სხეულზე; მუსიკა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ თითქმის ყველანაირი გრძნობა გამოვხატოთ; ამიტომ მთელი გულით უნდა დავაფასოთ ეს „ზემოდან“ მიღებული „სრულყოფილი საბოძვარი“ და დავტკბეთ გონივრულად შერჩეული მუსიკით! (იაკობი 1:17).

[სქოლიო]

^ აბზ. 9 სიძულვილის, უზნეობისა და ძალადობის განმადიდებელი სიმღერების გარდა, ღვთისა და მოყვასის მოყვარული ადამიანები არც ისეთ სიმღერებს უსმენენ, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობას, ნაციონალიზმსა თუ ცრუ რელიგიურ სწავლებას ეძღვნება (ესაია 2:4; 2 კორინთელები 6:14—18; 1 იოანე 5:21).