არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეუძლიათ ადამიანებს, შეგვიქმნან ბედნიერი მომავალი?

შეუძლიათ ადამიანებს, შეგვიქმნან ბედნიერი მომავალი?

შეუძლიათ ადამიანებს, შეგვიქმნან ბედნიერი მომავალი?

წარმოიდგინეთ, რომ ახლახან გადახვედით ახალაშენებულ აგურის სახლში, რომელიც მყარად დგას და ლამაზად გამოიყურება. ასეთ სახლზე ყოველთვის ოცნებობდით. ამ სახლში თქვენი მომავალი საუკეთესოდ წარმოგიდგენიათ! მაგრამ რამდენიმე წელიწადში სახლი სერიოზულად ზიანდება და დასანგრევი ხდება. გული გიტყდებათ. მაგრამ ამ მდგომარეობაში მარტო თქვენ არა ხართ, დანგრევის საშიშროება თქვენი მეზობლების სახლებსაც ემუქრება. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ამის მიზეზი მშენებლობისას დაშვებული შეცდომები და უხარისხო აგურის გამოყენება იყო.

ამ სახლის მსგავსად დღევანდელი მსოფლიოც რთულ მდგომარეობაშია. უამრავი სოციალური და პოლიტიკური მცდელობის, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში თითქმის სასწაულებრივი მიღწევების მიუხედავად, საზოგადოებრივი სტრუქტურები ირღვევა. დღეს მრავალ ქვეყანაში უკანონობა და ქაოსი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეძლებენ სასოწარკვეთილი ადამიანები თავიანთი პრობლემების გადაჭრას და ბოლოს და ბოლოს კარგი მთავრობის შექმნას? ვნახოთ, როგორ აფასებს კაცობრიობის ისტორიას ზოგი საზოგადო მოღვაწე.

„ჩვენ . . . ყველა გზა მოვსინჯეთ“

დედამიწა კარგი საცხოვრებელი რომ ყოფილიყო, მოაზროვნეებმა, პლატონიდან (ბერძენი ფილოსოფოსი) მოყოლებული კარლ მარქსის (გერმანელი ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, სოციალისტი) ჩათვლით, არაერთი პოლიტიკური იდეოლოგია ჩამოაყალიბეს. რა შედეგით? „ნიუ სტეიტსმენში“ დაბეჭდილ ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნული იყო: „ჩვენ ვერც სიღარიბეს მოვუღეთ ბოლო და ვერც მსოფლიო მშვიდობა დავამყარეთ. როგორც გამოჩნდა, სრულიად საპირისპირო შედეგი მივიღეთ; და არა იმიტომ, რომ მიზნის მისაღწევად რაღაც არ გავაკეთეთ. ჩვენ კომუნიზმიდან კაპიტალიზმამდე ყველა გზა მოვსინჯეთ; ბევრჯერ ვიომეთ იმისათვის, რომ ომი მოგვესპო. გვეგონა ვიცოდით, როგორ მოგვეღო ბოლო ომისთვის, მაგრამ, როცა ჩვენს ქალაქებს გადავხედავთ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ომი დღემდე გრძელდება“. სტატიაში აგრეთვე აღნიშნული იყო: „[მე-20] საუკუნეში იმ რწმენით შევაბიჯეთ, რომ მეცნიერება გვიხსნიდა, თუმცა დღეს მეცნიერთა არც ერთი სიტყვის არ გვჯერა“.

2001 წელს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა და ისტორიკოსმა, ერიკ ჰობსბანმა დაწერა, რომ დღევანდელი მთავრობები „დროის იმ მონაკვეთში არსებობს, როცა ადამიანების ქმედებები დიდ გავლენას ახდენს დედამიწასა და ბუნებაზე“. ამ პრობლემის გადასაჭრელად ან შესამსუბუქებლად „გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო, მაგრამ, თუ მომხმარებელთა მოთხოვნილებებს გავითვალისწინებთ, ამ ზომების მიღებას თითქმის არავინ დაუჭერს მხარს. ეს კი მომავლისთვის არანაირი იმედის საფუძველს არ ქმნის; ამით იზარალებს დედამიწა და შესაბამისად დემოკრატიაც“.

კატასტროფის წინაშე მდგარი კაცობრიობის შემხედვარე, მსოფლიოში ცნობილმა ასტროფიზიკოსმა და მწერალმა სტივენ ჰოკინგმა დასვა კითხვა: „შესაძლებელია კაცობრიობამ კიდევ 100 წელი იარსებოს მსოფლიოში, სადაც პოლიტიკური, სოციალური, კლიმატური თუ ეკოლოგიური მდგომარეობა არეულია?“

რატომ ვერ აგვარებს კაცობრიობა პრობლემებს?

მხოლოდ ბიბლიას შეუძლია დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რატომ არის კაცობრიობა უსაშველოდ წარუმატებელი საკუთარი თავის მართვისას. პირველ რიგში, ბიბლია დაუფარავად აღწერს ადამიანის მდგომარეობას. განვიხილოთ ოთხი უტყუარი ფაქტორი.

ყველანი არასრულყოფილები ვართ. „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). როგორც უხარისხო აგური შეიძლება სახლის დაზიანებისა და დანგრევის მიზეზი გახდეს, ისე მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილება შეიძლება იყოს არამდგრადი საზოგადოების არსებობის მიზეზი. ამ არამდგრადობას კი საზოგადოებაში უზნეობის, უპატიოსნობის, სიხარბისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიდრეკილება იწვევს. ამაში ახალი არაფერია. დაახლოებით სამი ათასი წლის წინათ ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, ბრძენმა ადამიანმა, თქვა: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).

ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არ უარყოფენ ჩვენს არასრულყოფილებასა და სისუსტეებს და ამ დაბრკოლების გადალახვას უამრავი კანონის მიღებით ცდილობენ. მაგრამ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ კანონი ვერც ერთმანეთის სიყვარულს აიძულებს ვინმეს და ვერც თვით კანონის მორჩილებას.

სიკვდილი გარდაუვალია. „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა. ამოსდის სული [სასიცოცხლო ძალა], თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:3, 4). ერთ-ერთმა ყველაზე ბრძენმა მმართველმა, ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა დაინახა, რამდენად ამაო შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ჯაფა: „შემძულდა მთელი ჩემი ნაღვაწი, რისთვისაც ვირჯებოდი მზის ქვეშ და რომელიც ჩემ შემდეგ მომავალს უნდა დავუტოვო. ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ უგუნური? მის ხელში აღმოჩნდება მთელი ჩემი ნაღვაწი . . . ესეც ამაოებაა“ (ეკლესიასტე 2:18, 19).

ადამიანი ვერ იქნება კარგი მმართველი. „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ბიბლია გვასწავლის, რომ ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ადამიანს სრულყოფილების შემთხვევაშიც კი არ ჰქონდა მიცემული საკუთარი თავის ბატონ-პატრონად ყოფნის უფლება და არც იმის უნარი, რომ ეს წარმატებით ეკეთებინა. მაგალითად, რატომ აღიზიანებთ ადამიანებს ის, რომ სხვა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა მიუთითოს, რა გააკეთონ ან დაუდგინოს მორალური და ეთიკური ნორმები? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს თანდაყოლილი სურვილი იმისა, რომ ცხოვრებაში ხელმძღვანელობა ადამიანზე აღმატებულმა მმართველმა გაგვიწიოს. ეს მმართველი ღმერთია (ესაია 33:22; საქმეები 4:19; 5:29).

ადამიანებზე გავლენას ახდენს უხილავი მმართველი. „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის“ — სატანა ეშმაკის — ხელშია (1 იოანე 5:19). თუ კომპანიის ხელშეუხებელი დირექტორი მექრთამეა, რის გაკეთება შეუძლია მის ქვეშევრდომს საქმის გამოსასწორებლად? ალბათ, ბევრი არაფრის. იმავეს თქმა შეიძლება იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ამ ქვეყნიერების უხილავი მმართველები იწვევენ, უხილავი ბოროტი სულიერი ქმნილებები, რომლებიც სატანის ქვეშევრდომები არიან. ბიბლია ამ მმართველებს უწოდებს: „მთავრობებს“, „ხელისუფლებებს“, „ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელებსა“ და „ზეციერ ბოროტ სულებს“ (ეფესოელები 6:12).

ბიბლია არა მარტო კაცობრიობის წარუმატებლობის და ქვეყნიერების უხილავი მმართველების შესახებ მოგვითხრობს, არამედ გვიმხელს სასიხარულო ცნობას იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ყველა პრობლემა გადაიჭრება, და საფუძვლიან იმედს გვაძლევს.

ჩვენი შემოქმედი მხსნელია!

მიტოვებულნი რომ ვყოფილიყავით, ვერასოდეს შევძლებდით პრობლემებიდან გამოსავლის პოვნას. ყველაზე გონიერ, ძლიერ და მდიდარ ადამიანსაც კი არ შესწევს იმის ძალა, რომ ამ სტატიაში აღნიშნულ ოთხ ფაქტორთაგან ერთი მაინც შეცვალოს *. მაგრამ შემდეგი სტატია დაგვანახვებს, რომ ჩვენს შემოქმედს არც დავვიწყებივართ და არც მივუტოვებივართ. ჩვენი შემოქმედი, დედამიწის სამართლიანი მმართველი, აღმოფხვრის ყველა იმ დაბრკოლებას, რომლებიც ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება (1 იოანე 4:8). უფრო მეტიც, ღმერთი მალე იმოქმედებს ადამიანთა სასარგებლოდ. საიდან ვიცით ეს?

როგორც ამ ჟურნალის წინა გამოცემაში იყო ახსნილი, მსოფლიო მოვლენები და სოციალური მდგომარეობა ნათელს ჰფენს იმას, რომ თანამედროვე ქვეყნიერების „ბოლო დღეების“ მიწურულში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1; მათე 24:3—7). ქვეყნიერების აღსასრულის მიზეზი არ იქნება ბირთვული კატასტროფა, არც ასტეროიდების ჩამოვარდნა და არც სხვა რამ, რაც განურჩევლად გაანადგურებდა კარგსაც და ცუდსაც. ამის საპირისპიროდ, ეს იქნება მიზანმიმართული ბრძოლა ბოროტებისა და იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც თავგამოდებით უჭერენ მხარს ადამიანთა მმართველობას (ფსალმუნი 37:10; 2 პეტრე 3:7). ამავე დროს, ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას, რომლის მიზეზიც ღვთის მოწინააღმდეგეები არიან * (2 თესალონიკელები 1:6—9).

ამის შემდეგ შემოქმედი გადაჭრის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იმით, რომ დედამიწაზე აბსოლუტურ უფლებამოსილებას გადასცემს მმართველობას, რომელსაც „ღვთის სამეფო“ ჰქვია (ლუკა 4:43). დავინახავთ, რომ ეს ხელისუფლება ხვალინდელ დღეს სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგენს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 17 ამავე ჟურნალის მე-19 გვერდზე იხილეთ სტატია „გადაჭრის ქველმოქმედება ადამიანთა პრობლემებს?“

^ აბზ. 18 პასუხი კითხვაზე, „რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?“ მოცემულია წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ გვერდი 106; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]

ადამიანთა საზოგადოების უხარისხო „აგური“

▪ ყველანი არასრულყოფილები ვართ

▪ სიკვდილი გარდაუვალია

▪ ადამიანი ვერ იქნება კარგი მმართველი

▪ ადამიანებზე გავლენას ახდენს უხილავი მმართველი

[ჩარჩო 6 გვერდზე]

ადამიანები ვერ გაანადგურებენ დედამიწას!

ბიბლიაში არაერთხელ ვკითხულობთ ღვთის განზრახვის შესახებ, რომ დედამიწა ღვთისმოშიში ადამიანებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი ადგილი ყოფილიყო. დავფიქრდეთ ქვემოთ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებზე:

„მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5).

„მყარად დაგიფუძნებია დედამიწა, რომ იდგეს“ (ფსალმუნი 119:90).

„თაობა მიდის, თაობა მოდის, დედამიწა კი მარადიულად რჩება“ (ეკლესიასტე 1:4).

„დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).

„[იეჰოვაა] დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც განამტკიცა იგი და ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18).