„რა ემართება ჩემს შვილს?“
„რა ემართება ჩემს შვილს?“
სკოტი და სანდრა * გაოგნდნენ, როდესაც მათი 15 წლის ქალიშვილი ოთახში შემოვიდა. ქერა თმა მას ღაჟღაჟა წითლად ჰქონდა შეღებილი! იმ საუბარმა, რომელიც ამას მოჰყვა, კიდევ უფრო შეაცბუნა მშობლები.
„როდის დაგრთეთ ნება, რომ თმა შეგეღება?“
„კი, მაგრამ თქვენ არასოდეს გითქვამთ, რომ არ შემეღება“.
„რატომ არ გვკითხე არაფერი?“
„იმიტომ, რომ დამიშლიდით!“
სკოტი და სანდრა ალბათ დაეთანხმებიან იმ აზრს, რომ გარდატეხის ასაკი რთული პერიოდია არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. მართლაც, მრავალი მშობელი სრულიად მოუმზადებელია იმ დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოულოდნელად იჩენს თავს მაშინ, როცა მათი შვილები ამ ასაკს აღწევენ. „უეცრად ჩვენი ქალიშვილი სრულიად სხვა ადამიანად იქცა, — იხსენებს კანადაში მცხოვრები ბარბარა. — ვერ გამეგო, რა ემართებოდა მას. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, როცა გვეძინა, ვიღაც მოვიდა და შვილი შეგვიცვალა!“
ბარბარას გრძნობები ბევრისთვის ნაცნობია. აი, რა უთხრეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა მშობლებმა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს.
„როცა ჩემი ბიჭი წამოიზარდა, ის მოულოდნელად შეიცვალა. ის უფრო თავდაჯერებული გახდა და მას ნაკლებად აინტერესებდა ჩვენი აზრი“ (ლია, ბრიტანეთი).
„ჩვენი ქალიშვილები კრიტიკულები გახდნენ საკუთარი თავის მიმართ. ისინი განსაკუთრებით თავიანთი გარეგნობით იყვნენ უკმაყოფილო“ (ჯონი, განა).
„ჩემს ბიჭს უნდოდა, რომ თავად მიეღო გადაწყვეტილებები. მას არ სიამოვნებდა, როდესაც ვეუბნებოდით, როგორ მოქცეულიყო“ (სელინი, ბრაზილია).
„ჩვენი ქალიშვილი ვეღარ იტანდა, როცა ვეფერებოდით ან ვკოცნიდით“ (ენდრიუ, კანადა).
„ბიჭები აგრესიულები გახდნენ. ისინი ჩვენს რჩევებს არაფრად აგდებდნენ და გვეკამათებოდნენ კიდეც“ (სტივი, ავსტრალია).
„ჩემი გოგონა თავის თავში იკეტებოდა და ღიზიანდებოდა, როცა ვთხოვდი, ჩემთვის გული გადაეშალა“ (ჯოანი, მექსიკა).
„შვილები გვიმალავდნენ, რას ფიქრობდნენ და რას აკეთებდნენ. მათ უფრო მეტად სურდათ განმარტოება. ხშირად, ის უფრო ერჩივნათ, რომ მეგობრებთან ერთად ყოფილიყვნენ, ვიდრე ჩვენთან“ (დანიელი, ფილიპინები).
თქვენთვისაც ნაცნობია ის, რასაც ზემოთ მოხსენიებული ზოგიერთი მშობელი ამბობს? თუ ასეა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ბიბლიას შეუძლია დაგეხმაროთ, გაუგოთ ამ ერთი შეხედვით „უცხო ადამიანად“ ქცეულ მოზარდ შვილს. როგორ დაგეხმარებათ ბიბლია ამაში?
სიბრძნე და გაგების უნარი
ბიბლიური იგავი ამბობს: „შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგების უნარი“ (იგავები 4:5). ეს ორივე თვისება ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებთან ურთიერთობაში. გაგების უნარი გჭირდებათ იმისთვის, რომ შვილის ქცევის მიღმა დაინახოთ, თუ რა რთული პერიოდი აქვს მას ამჟამად. გარდა ამისა, თქვენ გესაჭიროებათ სიბრძნე, რათა დაეხმაროთ მას, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
ნუ იფიქრებთ, რომ თქვენსა და თქვენს შვილს შორის გაჩენილი ბზარი იმის ნიშანია, რომ მას აღარ სჭირდება თქვენი თანადგომა. ფაქტია, რომ მოზარდებს სჭირდებათ — და სურთ კიდეც — მშობლების მხარდაჭერა ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე. როგორ დაგეხმარებათ გაგების უნარი და სიბრძნე, რომ გვერდში ამოუდგეთ შვილებს?
[სქოლიო]
^ აბზ. 2 სტატიათა ამ სერიაში სახელები შეცვლილია.