არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა შემთხვევაშია გამართლებული თავდაცვა?

რა შემთხვევაშია გამართლებული თავდაცვა?

ბიბლიის თვალსაზრისი

რა შემთხვევაშია გამართლებული თავდაცვა?

შუაღამისას მოულოდნელად ნაბიჯების ხმა გაღვიძებთ. თქვენს სახლში ვიღაცაა შემოპარული. შიშისგან გულს ბაგაბუგი გააქვს. გახევებული ხართ და არ იცით, როგორ მოიქცეთ.

ასეთ სიტუაციაში შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს. დანაშაული, იქნება ეს ადამიანზე თავდასხმა თუ სხვა რამ, მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყანაში ან დიდ ქალაქებში არ ხდება. დანაშაულის შიშით შეპყრობილი მრავალი ადამიანი თავის დასაცავად ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობს ან საბრძოლო ხელოვნებას ეუფლება. ზოგ ქვეყანაში ისეთი კანონებიც კია შემოღებული, რომ თუ მოქალაქეს თავდაცვის დროს თავდამსხმელი შემოაკვდება, ის პასუხისგებაში არ მიეცემა. რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე? შეიძლება გამართლება მოუძებნო ადამიანს, რომელიც ძალის გამოყენებით იცავს საკუთარ თავს ან თავის ოჯახს?

ღმერთს სძულს ძალადობა

ბიბლია განსჯის ძალადობას და მათ, ვინც ძალადობას სჩადის. იეჰოვა ღმერთის შესახებ ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 11:5). ძალადობისა და სისხლის ღვრის გამო ღმერთმა ძველ დროს განაჩენი გამოუტანა რამდენიმე ერს, მათ შორის თავის ხალხს (იოელი 3:19; მიქა 6:12; ნაუმი 3:1). ისრაელისთვის მიცემული კანონის თანახმად, ისიც კი სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა, თუ ვინმეს დაუდევრობის გამო ადამიანი სიცოცხლეს დაკარგავდა, თუნდაც ეს წინასწარი განზრახვის გარეშე მომხდარიყო (კანონი 22:8).

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ყოველდღიურად ვისწრაფოთ მშვიდობისკენ და მოვერიდოთ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც შეიძლება კონფლიქტებში გადაიზარდოს. ხშირად დანაშაული სიტყვიერ შეხლა-შემოხლას მოყვება ხოლმე. ბიბლიაში ნათქვამია: „შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ცილისმწამებლის გარეშე შუღლი დაცხრება“ (იგავები 26:20). სიმშვიდე ხშირად რისხვას აცხრობს და დაძაბულ სიტუაციას მუხტავს. პავლე მოციქულმა დაწერა: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18).

თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება . . .

მშვიდობისკენ სწრაფვა იმის გარანტია არ არის, რომ არასოდეს გახდებით ძალადობის მსხვერპლი. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ (დაბადება 4:8; იობი 1:14, 15, 17). როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას თავს შეიარაღებული მძარცველი დაესხმება? იესომ თქვა: „ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს“ (მათე 5:39). მან აგრეთვე აღნიშნა: „ვინც მოსასხამს გართმევს, ტანსაცმელიც მიეცი“ (ლუკა 6:29). იესო არ იწონებდა იმას, რომ ადამიანს საკუთრების დასაცავად იარაღი გამოეყენებინა. გონიერი ადამიანი ძვირფასეულობის გამო შეიარაღებულ თავდამსხმელს წინააღმდეგობას არ გაუწევს. სიცოცხლე ხომ ყველანაირ ძვირფასეულობაზე ღირებულია!

მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას თავს ესხმიან და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება? ამ საკითხს გარკვეულწილად ნათელს ჰფენს ღვთის მიერ ძველი ისრაელისთვის მიცემული კანონი. თუ ვინმე დღისით ქურდს დაიჭერდა და მოკლავდა, მას მკვლელობაში დაედებოდა ბრალი. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ ქურდობისთვის კანონი ადამიანს სიკვდილით კი არ სჯიდა, არამედ მას სხვა შესაბამის სასჯელს აკისრებდა. მაგრამ, თუ ვინმე სახლში ღამე შეიპარებოდა და მას სახლის პატრონი მოკლავდა, სახლის პატრონს ბრალი არ მოეკითხებოდა, რადგან მისთვის ძნელი იქნებოდა იმის განსაზღვრა, თუ რას აკეთებდა შემოპარული და რა განზრახვა ჰქონდა მას. სახლის პატრონს ექნებოდა საფუძველი დაესკვნა, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომაც მას შეეძლო, მიეღო თავდაცვითი ზომები (გამოსვლა 22:2, 3).

ამგვარად, როგორც ბიბლიიდან ჩანს, ადამიანს შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი ან თავისი ოჯახი, თუ მას ან მისი ოჯახის წევრებს თავს ესხმიან. მას შეუძლია მოიგერიოს დარტყმები, შეაკავოს თავდამსხმელი ან დაარტყას კიდეც, რომ ის გააბრუოს ან გათიშოს. მისი მიზანი ის უნდა იყოს, რომ საფრთხე აირიდოს ან თავდამსხმელი შეაჩეროს. თუ ასეთ დროს თავდამსხმელი სერიოზულად დაშავდება ან მოკვდება, მისი სიკვდილი იქნება შემთხვევითი და არა წინასწარ განზრახული.

საუკეთესო დაცვა

ნათელია, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც თავდაცვა გონიერების ფარგლებში გამართლებულია. ადამიანებს აქვთ უფლება, დაიცვან საკუთარი თავი და თავიანთი ახლობლები, როდესაც მათ თავს ესხმიან ან როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუ გაქცევა შეუძლებელია, ბიბლია არ კრძალავს თავდაცვის ზომების მიღებას გონიერების ფარგლებში. და მაინც, ყველაზე გონივრული ის იქნებოდა, რომ ყველანაირად ავრიდებოდით ისეთ სიტუაციებს, სადაც შეიძლებოდა ძალადობის მსხვერპლი გავმხდარიყავით (იგავები 16:32).

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ‘მშვიდობა ვეძიოთ და მისკენ ვისწრაფოთ’ (1 პეტრე 3:11). ეს კი ხელს შეუწყობს იმას, რომ ნამდვილად მშვიდობიანად ვიცხოვროთ.

გიფიქრიათ?

▪ რატომ უნდა მოვერიდოთ ძალადობას? (ფსალმუნი 11:5).

▪ როგორი მოქმედება იქნება გონივრული, თუ გძარცვავენ? (იგავები 16:32; ლუკა 12:15).

▪ რა დაგვეხმარება საფრთხის თავიდან არიდებაში? (რომაელები 12:18).

[ჩანართი 11 გვერდზე]

ბიბლიიდან ჩანს, რომ ადამიანს შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი ან თავისი ოჯახი, თუ მას ან მისი ოჯახის წევრებს თავს ესხმიან